|
რუსეთმა ყირიმი "ნაზად წაიღო": "პუტინ-ტავრიელი"; დასავლეთის Fake-სანქციები; რევოლუციის ფასი და რუსეთის ისტორიული მისია; უკრაინელთა ეროვნული ტრავმა; ქართული რეაქცია და "ნულოვანი ვარიანტის" გახსენება; ოსური ვნებები ყირიმის გამო; ახალაია-კოდუა-ქარდავა; ებრაული საჩუქარი საქართველოს;
ყოფილხართ ყირიმში? თუნდაც დიდი ხნის წინათ, საბჭოთა ეპოქაში? არაერთს უთქვამს: აფხაზეთსაც (კი!) ჯობიაო. ამას ბევრი არ დაეთანხმება, რაკი აფხაზეთის მიმართ სამშობლოს შეგრძნება და შესაბამისი განწყობა არ გაგვნელებია, მაგრამ თუ მაინც შევეცდებით, ობიექტურნი ვიყოთ... მართლა სამოთხეა. თანაც, აფხაზეთზე ბევრად მასშტაბური და ყოველმხრივ მდიდარი. ნამდვილი მარგალიტია, რომელიც, თუ თანამედროვე საზომით მივუდგებით, აშკარად სჯაბნის, მაგალითად, სოჭს, რომელიც ბოლო დრომდე რუსეთის ერთადერთი კურორტი იყო.
რუსეთმა კი ყირიმი უომრად, რაიმე განსაკუთრებული პრობლემებისა და გართულებების გარეშე წაიღო. ვლადიმერ პუტინს უკვე უწოდებენ "ტავრიელს". ანუ პუტინ-ტავრიელი. გრიგორი პოტიომკინის ("Потёмкин-тавричесский") ანალოგიით, ვისაც ეს ტიტული ეკატერინა მეორემ მიანიჭა ყირიმის დაპყრობის შემდეგ. ამ ქალბატონს განსაკუთრებული ვნება თავისი საყვარლის მიმართ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პოტიომკინმა ყირიმი (ტავრია) იმპერიას შემოუერთა 1783 წელს. ესე იგი იმავე წელს, რაც საქართველომ გააფორმა პეტერბურგთან გეორგიევსკის ტრაქტატი.
მას შემდეგ ყირიმი რუსული იდენტობის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. ყირიმის ომი (1853-1856), როდესაც ევროპამ რუსეთს "თავში ჩაარტყა", რუსებს დღესაც მწარედ ახსოვთ; სევასტოპოლი კი ნამდვილად "რუსული სამხედრო დიდების ქალაქია", რომელსაც, კაცმა რომ თქვას, უკრაინულ სახელმწიფოსთან (ისევე, როგორც, მთლიანად ყირიმს) საერთო არასდროს ჰქონია.
ამიტომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსები ყველაზე მეტად და ყველაზე მწვავედ სწორედ ყირიმის დაკარგვას განიცდიდნენ, ხოლო პუტინის ეს გამარჯვება (თანაც ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ, უომრად და უსისხლოდ) მის რეიტინგს ზეცისკენ მიაქანებს. იმდენად, რომ არათუ მეოთხე, არამედ მეექვსე საპრეზიდენტო ვადაც გარანტირებული ექნება. აფხაზეთის, მით უმეტეს სამხრეთ ოსეთის შემოერთება ამგვარ ეიფორიას არ გამოიწვევდა. მაგრამ ყირიმი სულ სხვაა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ დროს კი, რაო დასავლეთმა? არც არაფერი! ევროკავშირმა და ამერიკამ, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, როგორც იქნა, დაამტკიცეს სანქციები რუსეთის მიმართ. თუმცა, ჯერჯერობით, ისინი პუტინს სასაცილოდ არ ეყოფა: თითებზე ჩამოსათვლელ ჩინოსნებს გაუყინეს არარსებული ანგარიშები და აუკრძალეს დასავლეთში მოგზაურობა. მაგრამ, ჯერ ერთი, ამ თანამდებობის პირებს არავითარი ანგარიშები დასავლურ ბანკებში არა აქვთ. სავიზო შეზღუდვები კი (6 თვის ვადით შემოღებული) მხოლოდ მათ ეხებათ და არა ოჯახის წევრებს.
ხოლო ვისაც ნამდვილად აქვს ანგარიშები, ანუ რუს ოლიგარქებს, მილიარდერებსა და მმართველი ისტებლიშმენტის ათასობით წარმომადგენელს, რომელთაც ეყრდნობა პუტინის რეჟიმი, ჯერჯერობით ვერაფერი გაუბედეს.
ცხადია, შენგენის უვიზოდ ეს რამდენიმე ჩინოსანი არ დაიღუპება, ხოლო უფრო ფართო სპექტრს (რაც მთავარია, ოჯახის წევრებს) შეზღუდვები არ ეხება. ანუ დასავლეთმა, უნდა ვაღიაროთ, მხოლოდ სიმბოლური და სასაცილო პასუხი გასცა "პუტინ-ტავრიელის" გაუგონარ აგრესიას და 21-ე საუკუნეში ადოლფ ჰიტლერის სტილში მოქმედებას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
"თუ სიტუაცია გართულდა და რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა, იარაღის ემბარგოს დავუწესებთო". ეს ხომ უკვე მართლა საოცრებაა! რა ოხრად უნდა რუსეთს თქვენი იარაღი? იარაღი აკლია და წარმოება არ შეუძლია? უამრავს და ზოგჯერ თქვენზე ბევრად უკეთესსაც აწარმოებს.
გამოდის, უკრაინის პატრონი მართლა არავინაა, მისი ხალხის გარდა, და მის გამო თავსაც არავინ შეიწუხებს.
ძალიან ძნელია აუხსნა, გააგებინო, შეაგნებინო იმ დასავლელ ობივატელს, რომელიც ფლორიდის ან "ლაჟვარდოვანი სანაპიროს" სანახებში მშვიდად თვლემს, ანუ სულ "კიდია", რა ხდება ევროპული სახლის მიღმა, რომ მისი კომფორტი, მისი პიროვნული ბედნიერება, მისი სიმშვიდე, მყუდროება და ფუფუნება ევროპული ცივილიზაციის მსოფლიო ლიდერობას ეფუძნება. ეს ლიდერობა კი, თავის მხრივ, იმას, რომ დღემდე დასავლეთი ადგენდა "თამაშის წესებს" დედამიწაზე. "პუტინ-ტავრიელი" ამ წესებს ცვლის, დასავლეთს ამცირებს, ამერიკას აჩმორებს, საკუთარ წესებს ამკვიდრებს და ამით ძალიან სერიოზულად არყევს ევროპული ცივილიზაციის ლიდერობას, მის ხატს მსოფლიოს თვალში.
ამგვარი რყევა, საბოლოოდ, აუცილებლად (აუცილებლად!) აისახება ყველაფერზე, მათ შორის ცხოვრების დონესა და კომფორტზე, რაც ხსენებულ ობივატელს უმთავრესად მიაჩნია.
უკრაინა და ყირიმი თუ შერჩა, პუტინი ბალტიის ქვეყნებს მიადგება: ლატვიაში, სადაც მოსახლეობის ნახევარი რუსია, ხოლო სამი მეოთხედი – რუსულენოვანი, უკვე იმართება მიტინგები თავხედური ლოზუნგით: "ყირიმი რუსეთია".
რა დაუშლით, ორიოდე წლის შემდეგ ჩაატარონ აქციები სლოგანით: "ლატვია რუსეთია"?
ჯერ არა: პუტინი საკმარისად ჭკვიანია, ზუსტად დაადგინოს ზღვარი სასურველსა და შესაძლებელს შორის, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ამის დროც მოვა. მთავარია მისი ისტორიული ინტენცია "მშობლიური დერჟავის" პირველყოფილი სახით აღდგენისა. და... რომ გასდის?!!! თუ "ისტორიის არასწორ მხარეზეა", როგორც პრეზიდენტი ობამა ამუნათებს ხშირად, მაშინ რატომ გასდის? რაკი გასდის და "ყურებზე ხახვსაც ვერავინ აჭრის", მაშ ვინ ყოფილა ისტორიულად წარმავალი?
ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს გეგმა შეცვალოს და შეაფერხოს, უკრაინელთა წინააღმდეგობაა, მაგრამ "მაიდანით" დაღლილი უკრაინელები ჯერჯერობით შესაბამის პასიონარულობას ვერ ამჟღავნებენ.
თუ მაინც გამოამჟღავნებენ და თუ რუსეთისკენ კუბოები დაიძვრება, მაშინ იქნება საინტერესო, რამდენი მოსკოველი გამოვა ქუჩებში შოვინისტური ლოზუნგებით. ახლა გამოდიან და ანტისაომარი მიტინგებიც მარგინალიზდება, რაკი "ფასი", რომლის გადახდაც ყირიმის სამოთხეში უწევთ, მეტისმეტად მცირეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთი საოცარი სიზუსტით იმეორებს მე-19 საუკუნის ისტორიულ როლს, როდესაც ევროპაში აგორებულ რევოლუციათა ჩახშობისას "ევროპის ჟანდარმსაც" უწოდებდნენ: ვარდების რევოლუციის შემდეგ პოსტსაბჭოურ სივრცეზე განვითარებული მოვლენებიც იმავეს ადასტურებს.
მოსკოვი არ შეურიგდებოდა ანტირუსული მოდერნიზაციის პროექტებს არც საქართველოში, არც უკრაინაში და არც სხვაგან. რა თქმა უნდა, ის ყოველნაირად შეეცდებოდა, ეს პროექტი ჩაეშალა, ხოლო სხვადასხვა "მაიდანთა" თუ "თავისუფლების მოედანთა" ავტორებს უნდა გაეთვალათ, იყო თუ არა რეალურად მზად იგივე დასავლეთი (რომლის მოდელითაც უნდოდათ ქვეყნის მოდერნიზება), რეალური მხარდაჭერა აღმოეჩინა ქვეყნისთვის რუსული რეაქციის საპასუხოდ.
არ აღმოჩნდა მზად!
როდესაც "ვარდების რევოლუციისა" და გეოპოლიტიკურ კოორდინატთა შეცვლის მცდელობისთვის მოსკოვმა ხუთდღიანი ომითა და ორი ტერიტორიის დე იურე ანექსიით დაგვსაჯა, დასავლეთმა საერთოდ არ შემოიღო არანაირი სანქცია, _ აქაოდა თქვენ ხომ პირველებმა ისროლეთო. თანაც საქართველო ბევრად შორსაა, ვიდრე უკრაინა. მაგრამ უკრაინა ხომ უფრო ახლოა? უკრაინის დასაცავად რა გააკეთეს? სასაცილო Fake-სანქციები შემოიღეს, რომლებიც ისევე შეაწუხებს რუსეთს, როგორც კოღო მარტორქას.
მაგრამ ასეთ შემთხვევაში, უკრაინელმა და ქართველმა რევოლუციონერებმაც უნდა გასცენ პასუხი კითხვას: ღირდა თუ არა ვირტუალური მოდერნიზაცია (რაც რეალურად ვერც განხორციელდა) ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვად და ისტორიულ ტრავმად, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს ეროვნულ ცნობიერებაზე, ესე იგი საუკუნეებსა და შვილთაშვილებს გაჰყვება?
არც ისე იოლი კითხვაა, როგორც მათ სურთ, წარმოაჩინონ. იმავე ვიტალი კლიჩკოსა და გაუთავებელი უკრაინული "მაიდანის" სხვა ლიდერებს ვერაფრით შეაგნებინებდი, რომ ერთადერთი, რაც დღემდე უშლიდა ხელს რუსეთს, ყირიმი "წაეღო", უკრაინული ხელისუფლების ლეგიტიმურობა იყო.
უკრაინაში, 1991 წლიდან დღემდე, ხელისუფლება მხოლოდ ლეგიტიმურად და მხოლოდ არჩევნებით იცვლებოდა. სწორედ და მხოლოდ ეს უშლიდა ხელს მოსკოვს, დიდი ხნის წინათ ჩაფიქრებული გეგმა განეხორციელებინა. მაგრამ პრეზიდენტ იანუკოვიჩის დამხობამ, ესე იგი ხელისუფლების თუნდაც დროებითმა დელეგიტიმაციამ მას ამის საბაბი და საშუალება მისცა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახლა საქართველოშიც ბევრს კამათობენ პრეცედენტების თაობაზე. დავით საგანელიძემ პირველმა თქვა სიმართლე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას ხელი შეუწყო დასავლეთის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო (დიახაც, ბრიყვულმა!) გადაწყვეტილებამ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. რომ არა ეს პრეცედენტი, მოსკოვი ბევრ რამეს იკადრებდა, ბევრზე წავიდოდა, დე ფაქტო იგივეს გააკეთებდა, მაგრამ დე იურე არც ჩვენს ტერიტორიებს აღიარებდა და არც ყირიმს. მით უმეტეს, არ შემოიერთებდა.
მოსკოვმა ისევ და ისევ კოსოვოს პრეცედენტით ისარგებლა და ისარგებლა (ვაღიაროთ) ძალიან ოსტატურად. ისე, რომ პირველ შემთხვევაში, სულ რაღაც, "ხუთდღიანი ომი" დასჭირდა მინიმალური დანაკარგით, ხოლო ყირიმი ჯერჯერობით საერთოდ უომრად "აწაპნა" მეზობელ ქვეყანას. ახლა თუ უკრაინის რევოლუციური ხელისუფლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასაც ვერ გაბედავს, სიტუაცია საერთოდ ანეკდოტურ და ტრაგიკომიკურ იერს შეიძენს, რაც აღარავის მიერ სერიოზულად არ იქნება აღქმული და სულ მალე ყირიმი საერთოდ ყველას დაავიწყდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩვენში მიმდინარე დისკუსიის საინტერესო გაგრძელებაა ე.წ. "ნულოვანი ვარიანტის" გახსენება უკრაინულ მოვლენებთან კავშირში: კიევმა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობიდან საკუთარი წილი მოითხოვა. საქართველომ ამ წილზე ჯერ კიდევ 2001 წელს თქვა უარი. აქაოდა, "ჩვენც არ უნდა გვეთქვა უარი და ბერკეტი გვექნებოდაო". არადა, იმდროინდელი ხელისუფლება მოიქცა აბსოლუტურად სწორად, რაკი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებდა მკვდარ აქტივებს და რეალურ ვალებს: საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირს არა მხოლოდ აქტივები დარჩა, არამედ უზარმაზარი ვალები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია იმ პირობით იხდიდა, ყველა სხვა მოკავშირე რესპუბლიკის ნაცვლად, რომ აქტივებიც მას დარჩებოდა.
ხოლო თუ საქართველო "ნულოვან ვარიანტზე" უარს იტყოდა, დაგვრჩებოდა მკვდარი აქტივები (ესე იგი, აფრიკული ქვეყნების ფინანსური ვალდებულებები სსრკ-ს მიმართ) და რეალური ვალები დასავლური ბანკებისადმი. სასაცილოა იმის იმედად ყოფნა, რომ რუსეთი საელჩოთა შენობებს ვინმეს გაუყოფდა. ვისაც ამის სჯეროდა მაშინ და ახლაც სჯერა, ზუსტად ასევე სჯეროდა და სჯერა, რომ მოსკოვი ვერ გაბედავდა იმას, რაც 2008 წელს გაბედა, ან რასაც ახლა ბედავს ყირიმში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შეიძლება თუ არა რუსეთმა "სამხრეთ ოსეთიც" შეიერთოს? აფხაზეთზე საუბარი არ არის, რაკი აფხაზები, ოსებისგან განსხვავებით, "პუტინის ფედერაციაში" შესვლას არ ცდილობენ და არ მოითხოვენ.
საინტერესო კითხვაა, რაკი ზუსტად ასახავს რუსულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. თუ უახლოეს მომავალში მოსკოვი დაეთანხმება ცხინვალის ინიციატივას ვლადიკავკაზთან გაერთიანების შესახებ, იმის უტყუარი მაჩვენებელი იქნება, რომ კვლავ გვთავაზობს ჩვეულ კომპრომისს _ არჩევანს "ცუდსა და უარესს შორის": თუ ჭკვიანურად მოვიქცევით და ნატო-ზე უარს ვიტყვით, "სამხრეთ ოსეთს" არ შეიერთებენ დე იურე და ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩება. ხოლო თუ "ოცნება" იგივე პოლიტიკას გაატარებს, მაშინ ვერც ნატო-ში შევალთ და ეს ტერიტორიაც სამუდამოდ რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდება.
ჯერჯერობით სხვა ალტერნატივა არ ჩანს და არც დასავლეთი გვთავაზობს რაიმეს, გარდა ლიტონი დეკლარაციებისა. მაგრამ ქართული პოლიტიკური კლასის თვისობრიობიდან, აგრეთვე, ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე (რომლის ზუსტი ანარეკლია აშკარად პათოლოგიური გამოთქმა: "სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს"), მეტად სავარაუდოა, მეორე ვარიანტი იქნას არჩეული, როგორც ამ კლასისთვის უფრო კომფორტული და ნაკლები პრობლემების შემქმნელი. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას "სათქმელი" არ ექნება, ხოლო ქართული პოლიტიკის უმთავრესი მანტრაა 25 წლის განმავლობაში: "თუნდაც ქვეყანა დაიქცეს, მთავარია, მოწინააღმდეგეს სათქმელი არ მისცე".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მით უმეტეს, როდესაც გრძელდება "შიდაჭმა" და მმართველი ძალა მიზანმიმართულად ანადგურებს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებს: ლევან ქარდავა დააპატიმრეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქტიურად "თანამშრომლობდა" პროკურატურასთან სხვა საქმეების გამოძიებისას. მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის გაუჩინარების თაობაზე (აი, "კრავასმეშანიე... ალბინოსები" და ა.შ.), მაგრამ ამან არ უშველა, რაკი ნებისმიერ პროცესს თავისი ლოგიკა აქვს.
ვაი დამარცხებულთ!
ნეტავ, იმის ტვინში ჩაგვახედა, ვინც უიარაღო ადამიანს ავტომატის საკონტროლო გასროლით კლავდა ნავთლუღში? ან ახალთახალი იაპონური ჯიპი გამოჰყავდა გამოძალვით? ნეტავ, რაზე ფიქრობდა ეს ხალხი?
სააკაშვილი გვიმტკიცებდა: "ჩემი თანაგუნდელები, – ვისაც ძალისმიერი სტრუქტურები ჩავაბარე, – იდეალისტები იყვნენო". გულისხმობდა, რომ ის რადიკალიზმი, რაც მათ ახასიათებდათ, სწორედ იდეალისტური წარმოდგენებით იყო განპირობებული. არადა, რეალურად, ეს "თვალებანთებული ბიჭუნები", როგორი "მაგარი" პროფესიონალებიც არ უნდა ყოფილიყვნენ, უბრალოდ, ვერ აცნობიერებდნენ საფრთხეს, რაშიც თავს იგდებდნენ, როცა ისე იქცეოდნენ, თითქოს მათი სიცოცხლე და ძალაუფლება მარადიული იქნებოდა, სხვა ვერავინ მოვიდოდა და მათზე ვერ გაიმარჯვებდა.
ალბათ, უფრო ამითაა განპირობებული ეს რადიკალიზმი "რეფორმების" გატარებისას, ვიდრე იდეალიზმითა და თავშეწირვისთვის მზადყოფნით.
ერეკლე კოდუას "გმირობა", რამაც ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება გამოიწვია, აღარავის ემახსოვრება, ბადრის ოჯახის წევრთა გარდა. "ტოიოტა" კი წინასაარჩევნოდ კარგად "იყიდება". ისევე, როგორც ოდესღაც ყოვლისშემძლე ჩინოსანთა ციხეში გამომწყვდევა ან საზღვარგარეთ გადახვეწა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მთელ ამ ორომტრიალში, შეუდარებლად ნაკლები რეზონანსი მოჰყვა ისრაელის სენსაციურ გადაწყვეტილებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. სულ ცოტა ხნის წინ, მედია აქტიურად აშუქებდა ათეულობით ქართველის დაპატიმრებისა და ექსტრადირების ისტორიებს, რომლებიც ეგვიპტის ან იორდანიის გავლით ცდილობდნენ სამუშაოდ ისრაელში მოხვედრას. ლამის იმავე გვირაბებით, რითაც არაბი ტერორისტები.
ამ ადამიანებს სამუშაო უნდოდათ მხოლოდ. ძნელი წარმოსადგენია, ისრაელის ხელისუფლება ვერ აცნობიერებდეს, რომ ვიზების გაუქმების შემდეგ ათიდან შვიდი ქართველი ისრაელში იმავე მიზნით წავა და არა მოსალოცად.
მაინც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ისრაელი პირველ "დასავლურ ქვეყნად" იქცა, რომელმაც ვიზები გააუქმა, რაც ქართული დიპლომატიის და, მთლიანად, ხელისუფლების სერიოზული წარმატებაა. იმავე რანგისა (არცთუ მრავალრიცხოვან, თუმცა მნიშვნელოვან წარმატებებს შორის), როგორიცაა, აგრეთვე, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა.
ზურაბ ღოღობერიძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |