|
“ეჭვი მაქვს, “ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მეორე ადგილზე გავა”
“ბუნებრივია, “ქართული ოცნების” ყველა პოლიტიკური სუბიექტი ოცნებობს, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს მინისტრთა კაბინეტში”
მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ცოტა დრო დარჩა. კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა უკვე არაერთხელ შეიკრიბა, დანიშნულია მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც, თუმცა, უკვე გამოკვეთილია ისიც, რომ მმართველი კოალიციის ერთობა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლის მესამე ეტაპამდე საკმაოდ მყიფე გახდა. მიმდინარე კვირაში კოალიციის შემადგენელი სუბიექტის “ “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელთა მხრიდან დახურული შეხვედრის დეტალებიც გახმაურდა, სადაც დაუფარავად გამოიხატა პრეტენზიები, როგორც საკუთარი პოლიტიკური გაერთიანების, ასევე მინისტრთა კაბინეტის მისამართით. ამ დროისთვის ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციულ სიებში კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების თანაფარდობაც. კოალიციის პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, 50% პარტია “ქართულ ოცნება “ დემოკრატიულ საქართველოს” ექნება, დანარჩენ 50%-ს კი კოალიციაში შემავალი 5 პოლიტიკური ძალა გაინაწილებს “ “რესპუბლიკელები”, “კონსერვატორები”, “თავისუფალი დემოკრატები”, “მრეწველები” და “ეროვნული ფორუმი”.
რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, მათ ის პარტია დააყენებს, რომელსაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან, შიდაპოლიტიკური ვითარების ანალიზისა და მოსალოდნელი შედეგების საკითხებთან დაკავშირებით, “პრემიერი” პოლიტიკური საკითხების ექსპერტს, კახა კახიშვილს ესაუბრა:
“ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება საპარლამენტო და საპრეზიდენტო დონეზე შეცვალა, თუმცა, ადგილობრივ სტრუქტურებში “ნაციონალური მოძრაობა” მმართველობას დღემდე ინარჩუნებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ დაშვებული შეცდომები ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე უარყოფითად იმოქმედებს?
“ კოალიცია “ქართული ოცნება” არის ეკლექტური ორგანიზაცია, სადაც გაერთიანდნენ მხოლოდ ის ძალები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა შეარჩია. ფაქტია ისიც, რომ აქ გაერთიანებული არიან ისეთი ძალები, რომლებიც წლების განმავლობაში მუდამ სხვადასხვა პლატფორმაზე იდგნენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სახელმწიფოს განვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა გეგმები ჰქონდათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონტრასტული, რომელიც მიდიოდა ლოზუნგით “ “მე მინდა მიშა და მე არ მინდა მიშა”. ფაქტობრივად, ამან განაპირობა დღევანდელი პარლამენტის სახე, სადაც მხოლოდ “ქართული ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” წარმოდგენილი. ის ამომრჩეველიც კი, რომელსაც, შესაძლოა, ნორმალურ ვითარებაში “ქართული ოცნებისთვის” ხმა არ მიეცა იმ მიზეზით, რომ მისი შემადგენლობა არ მოსწონდა, მივიდა და “ქართულ ოცნებას” დაუჭირა მხარი. ალბათ, გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ “შუა უნდა გაკრეფილიყო”. ეს ნიშნავდა იმას, რომ ყველა დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც “ქართულ ოცნებაში” არ შევიდა, ხელი არ უნდა შეეშალა ამ კოალიციისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებიდან გასტუმრების გეგმაში. ფაქტობრივად, ეს რეალობაშიც აისახა და ყველა დანარჩენმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელიც არ მოხვდა “ქართულ ოცნებაში”, მაგრამ ამავდროულად, მაშინდელი სახელისუფლებო პარტიის მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას ჩამოშორდა, მოსახლეობაში გაჩნდა მოლოდინი, რომ უნდა დანიშნულიყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რათა, ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მისცემოდა თანაბარი სასტარტო პირობები არჩევნებში მონაწილეობისთვის. პარლამენტში უნდა ყოფილიყო დეპუტატების ისეთი ფაქტობრივი დემონსტრირება, როგორი მხარდაჭერაც რეალურად ჰქონდათ საზოგადოებაში. ამის მიუხედავად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, “ქართულმა ოცნებამ” ძირითად ოპონენტად დაიტოვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მხოლოდ ეს პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს, “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობისგან” ხელოვნურად გამოკვეთა ერთადერთი ოპოზიციური პარტია და ალბათ, ახლაც ასეთი გეგმა გაგრძელდება. ეჭვი მაქვს, “ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მეორე ადგილზე გავა და რეალურად ყველგან ორ პოლიტიკურ სუბიექტს მივიღებთ: თვითმმართველობაშიც და საპარლამენტო ცხოვრებაშიც.
“ არსებობს ორგვარი მოსაზრება, რომ პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების ამგვარი ფორმა მმართველი პარტიის წევრთა არაკომპეტენტურობის ბრალია, ანდა ეს ყოფილი და ამჟამინდელი სახელისუფლებო პარტიების შეთანხმებული მოქმედების შედეგია. როგორია თქვენი აზრი?
“ შემიძლია ორივე მოსაზრება ერთად დავასახელო. რა თქმა უნდა, ის ხალხი, ვინც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა, ბოლომდე კომპეტენტური ყველა ვერ აღმოჩნდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი გამოცდილი პოლიტიკური ძალაა, რომელიც 20 წელია, ხელისუფლებაშია. უბრალოდ, სხვადასხვა სახელი ერქვა და ბუნებრივია, ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. ისინი გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და მათთან ოპონირება “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის რთული აღმოჩნდა. მაგრამ მეორეა, რომ “ქართულ ოცნებას” აწყობს კიდეც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ძირითად ოპონენტად, რადგან ის მოსახლეობაში დისკრედიტებული პარტიაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ ტოქშოუში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დღეს სამართლიანად რომ აკრიტიკოს სახელისუფლებო პარტიის მუშაობა, ყველა შემთხვევაში დისკრედიტებული მაინც “ნაციონალი” გამოდის, რადგან წლების განმავლობაში ცუდად იქცეოდა და საზოგადოების თვალში მის სიტყვას ფასი არ აქვს. აქედან გამომდინარე, “სამ დურაკის” პრინციპი მაინც მოქმედებს, რადგან “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ყოველთვის მართალი აღმოჩნდება. ჩემი აზრით, დღეს ხელისუფლებას აკლია ზუსტი ოპონირება იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა მიმართაც “სამ დურაკის” პრინციპს ვერ გამოიყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის განვითარებას ასე სჭირდება, როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” აწყობს, მის ძირითად ოპოზიციურ პარტიად “ნაციონალური მოძრაობა” დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველ კოალიციას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილების შედეგად, გაეძლიერებინა არასაპარლამენტო ოპოზიცია, მისთვის მიეცა საშუალება, ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნისა და ოპონირების გაწევისა, მაგრამ ვნახეთ, რომ საარჩევნო კოდექსშიც შევიდა ისეთი ცვლილებები, რომელიც მხოლოდ “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. ვხედავთ, რომ რეალურად არაფერი გაკეთდა სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ პოლიტიკური სუბიექტების გასაძლიერებლად, ვინც თავის დროზე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მაშინ “შუა ნამდვილად უნდა გაკრეფილიყო”, რადგან იმ არჩევნებს კონტრასტი სჭირდებოდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
“ კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები კულუარულად “ნაციონალების” “ქართულ ოცნებაში” გადაბარგებასთან დაკავშირებით საუბრობენ. უკმაყოფილების მიუხედავად, კოალიციის შიგნით ამ პროცესს რატომ ვერ არეგულირებენ?
“ საქართველოს სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. გვახსოვს, ხელისუფლების არაერთხელ ცვლილების შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ისევ ჩნდებოდნენ ახალ სახელისუფლებო პარტიებში. თვითონ “ნაციონალური მოძრაობა” თავის დროზე შევარდნაძის ხელისუფლების ერთ-ერთ სერიოზულ დასაყრდენად ითვლებოდა, მაგრამ მის გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე, თითქოს ძირითად ოპოზიციად გადავიდნენ. სამწუხაროდ, ანალოგიური პროცესი გაგრძელდება. ჩვენთან მოსახლეობა იმდენად პოლიტიზებულია და იმდენად კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ სამსახურში ვერ მოხვდება, თუ არა პოლიტიკური პარტია. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი პარტიას იცვლის მხოლოდ იმის გამო, რომ სამსახური არ დაკარგოს. ხვალ რომ “ქართული ოცნება” აღარ იყოს, იგივე ხალხი იქნება იმ პოლიტიკური პარტიის რიგებში, რომელიც მოვა ხელისუფლებაში.
“ მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების პროპორციულ სიებთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ თავად ამ გაერთიანების სუბიექტებს. “ეროვნული ფორუმის” დახურული შეხვედრის გახმაურებულ სტენოგრამაში გუბაზ სანიკიძე ამ საკითხზე პირდაპირ საუბრობს. ხომ არ ფიქრობთ, რომ კვოტების საკითხი, შესაძლოა, კოალიციის დაშლის მიზეზი გახდეს?
“ კოალიცია “ქართული ოცნების” ფლაგმანი იყო და არის თავად პარტია “ქართული ოცნება”, კვოტები ასეთივე ჰქონდა მას საპარლამენტო არჩევნების დროსაც. კვოტების საკითხი ნამდვილად არ სიამოვნებთ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს. უბრალოდ, ჯერჯერობით ხმამაღლა ვერ საუბრობენ. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და მისი ნება ამ პოლიტიკური სუბიექტების “ქართულ ოცნებაში” გაერთიანებისა, დღეს ისინიც, არასაპარლამენტო ოპოზიციის მსგავსად, თამაშგარე მდგომარეობაში იქნებოდნენ. ვიდრე კოალიციის შემადგენელი სუბიექტებიდან თითოეული მათგანი გრძნობს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გარეშე ხელისუფლებაში ვერ იქნებიან, ისინი ყოველთვის დაემორჩილებიან “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს. როგორც კი რომელიმე პარტია იმდენად გაძლიერდება და გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებლობა აქვს, ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” გარეშეც დარჩეს, მერწმუნეთ, კოალიციის დაშლის პროცესი აუცილებლად დაიწყება. კოალიციის ერთიანობა იმას არ ნიშნავს, რომ მის შიგნით სრული იდილიაა ყველა გადაწყვეტილების მიმართ, ან ძალიან უყვართ ერთმანეთი, უბრალოდ, სხვა გზა არ აქვთ. პოლიტიკური სუბიექტები კარგად ხვდებიან, რომ კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში, მათი რეიტინგი იგივე პროცენტებში იქნება გამოსახული, როგორშიც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე ჰქონდათ. ამიტომაც ისინი დღეს დე ფაქტო იღებენ თამაშის წესებს. ჩემი აზრით, თვითმმართველობის არჩევნების დროს, იქნება ძალთა გადათამაშება. გარდა იმისა, რომ იმ კვოტებში, რომელიც მათ ერგებათ, ჩასვამენ საკუთარ ხალხს, ასევე, შეეცდებიან, “ქართული ოცნების” კვოტაშიც ჩასვან საკუთარი მომხრეები.
“ კოალიციაში, მთავარი პარტიის შემდეგ, ყველაზე მსხვილი სუბიექტები “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები” არიან. დაპირისპირებაც ყველაზე მეტად მათ შორის შეიმჩნევა...
“ ბიძინა ივანიშვილამდე არსებობდა “რვიანი”, სადაც გაერთიანებული იყვნენ “დემოკრატები”, “რესპუბლიკელები” და სხვა პოლიტიკური სუბიექტები. ეს “რვიანი” გადაიქცა “ექვსიანად” და ისიც დაიშალა, იმის გამო, რომ “რესპუბლიკელებსა” და “დემოკრატებს” გაუჩნდათ გარკვეული უთანხმოება. ფაქტობრივად, ამ პოლიტიკური ძალების გამაერთიანებელი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, სხვა შემთხვევაში, რთულად წარმოსადგენი იყო, რომ ეს ორი ძალა ოდესღაც ერთ კოალიციაში აღმოჩნდებოდა. ბუნებრივია, “რესპუბლიკელებსა” და “თავისუფალ დემოკრატებს” კოალიციის შიგნით დაპირისპირება აქვთ, მაგრამ ეს დაპირისპირება არამხოლოდ მათ შორისაა. ყველა პოლიტიკური სუბიექტი ცდილობს, რაც შეიძლება მეტად გამოიყენოს სახელისუფლებო ბერკეტები, რათა საკუთარი პარტია მეტად გააძლიეროს. ამას აკეთებენ “რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები”, თავად “ქართული ოცნების” პარტიის წევრები და სხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებიც. მმართველი კოალიციის ერთიანობა არ დგას იმ საფუძველზე, რომ ისინი ერთი იდეის გარშემო არიან გაერთიანებული. “ქართული ოცნების” ყველა სუბიექტის ხელმძღვანელს კარგად ესმის, რომ ხელისუფლებაში დარჩებიან კი არა, შესაძლოა, ბარიერიც ვერ გადალახონ. დღევანდელი კოალიცია მათ ხელს უწყობს მხოლოდ იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტად გამოიყენონ ხელისუფლებაში ყოფნის დრო, რათა კოალიციის ნაცვლად, საკუთარი პარტია გააძლიერონ. ამიტომაც ხდება, რომ ყველა თანამდებობაზე ცდილობენ საკუთარი პარტიის წარმომადგენელი დაანიშვნინონ, ან რომელიმე კვოტაში მიავლინონ. ვიდრე ეს გამოსდით, კოალიცია არ დაიშლება.
“ მმართველი კოალიციის სუბიექტები დიდი სიმპათიით განწყობილი არც მთავრობის შემადგენლობის მიმართ არიან. გუბაზ სანიკიძემ ღიად განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ეფექტური მინისტრია, სერგეენკოსა და ნარმანიას სახით. ასევე, ცნობილია “რესპუბლიკელების” დამოკიდებულება თეა წულუკიანის მიმართ...
“ სამწუხაროდ, ისეთი ვითარებაა, რომ ეჭვი მაქვს, არა მხოლოდ პარლამენტის უმრავლესობას არ მოსწონს მინისტრთა კაბინეტი, არამედ თავად მინისტრებს შორისაც არ არის კოორდინაცია. რეალურად, მინისტრთა კაბინეტიც პოლიტიკური კვოტებით არის დაკომპლექტებული და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სუბიექტებს სულაც არ მოსწონთ ზოგიერთი მინისტრი. მათ მოსაწონი რომ ჰქონოდათ, მაინც არ მოეწონებოდათ, რადგან კონკრეტული მინისტრის სავარძელში ხედავენ ან საკუთარ თავს, ან საკუთარი პარტიის წარმომადგენელს. ბუნებრივია, “ქართული ოცნების” ყველა პოლიტიკური სუბიექტი ოცნებობს, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს მინისტრთა კაბინეტშიც. ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, რათა თავად მთავრობა და მისი ხელმძღვანელი არ გააღიზიანონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ უკმაყოფილებას კულუარებშიც მალავენ. მაგალითად, მთავრობის წევრები უმრავლესობის მიმართ საკუთარ უკმაყოფილებას სულაც არ მალავენ და ერთმანეთის მისამართით წინააღმდეგობრივი განცხადებები გახშირდა. ჩვენ გვაქვს საქმე არა ერთიან გუნდთან, როგორიც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობა” იყო, არამედ ისეთ კოალიციასთან, რომელთა ლიდერებსაც საკუთარი ინტერესები აქვთ. რაც მეტი დრო გავა და მეტად გაძლიერდებიან კოალიციის შიგნით, მით მეტად გავიგებთ მკვეთრ განცხადებებს იგივე მთავრობის მუშაობის წინააღმდეგ, ან პირიქით.
“ როგორ აისახება სახელისუფლებო ძალების შიდა დაპირისპირება მის რეიტინგზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საგრძნობლად დაეცა?
“ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოლოდინი დიდი აქვს და ეს მოლოდინი ჰქონდათ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ შეიცვლებოდა მათი სოციალური მდგომარეობა. ის ადამიანები, რომელთა უფლებებიც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში შეილახა, ფიქრობდნენ, რომ მათი შელახული უფლებები აღდგებოდა. ფაქტობრივად, ისმის უკმაყოფილება, რომ ეს პროცესი არ დაიწყო. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კარგად ესმის “ქართულ ოცნებასაც”, ამიტომ ის ყოველი არჩევნების წინ კრიტიკული და მკაფიო განცხადებების კეთებას უმატებს. კახი კალაძე უკვე მკვეთრ განცხადებებს აკეთებს სამართლიანობის აღდგენისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. “ქართული ოცნება” შეეცდება, რომ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს, გამოუვა თუ არ გამოუვა, ეს აისახება არჩევნების შედეგებზე. დღეს არ საუბრობენ, რომ არჩევით თანამდებობაზე მონაწილეობის მიღებისა და გამარჯვებისთვის საჭიროა რესურსი და ამ რესურსის მიმართ წვდომა არ გაუხსნეს არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს. დღეს ამ არჩევით თანამდებობებზე ბრძოლის უნარი და საშუალება აქვს მხოლოდ ორ პოლიტიკურ სუბიექტს, “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”.
“ კოალიციის რომელიმე სუბიექტის გაძლიერების შემთხვევაში, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანება “ოცნებისა” და “ნაციონალების” ბაზაზე შეიქმნას?
“ ყველაფერი შესაძლებელია. “ნაციონალურ მოძრაობას” სერიოზული პრობლემა აქვს შიგნით. გარეთაც ხშირად ჩანს, რომ პარტიის ლიდერთა აზრები და ინტერესები ერთმანეთს კვეთს. ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა” მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში ბოლომდე დისკრედიტებულია, არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს მასთან ღია თანამშრომლობა არ აწყობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის დრო თავისთავად არ მომწიფდება. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთი წლის განმავლობაში მოახერხა, რომ, ფაქტობრივად, მეორე პოლიტიკურ ძალად დარჩა, რაც თავის დროზე წარმოუდგენელი იყო. დღეს წინა პლანზე წამოწეული არიან ის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში ძალადობასთან პირდაპირ არ ასოცირდებოდნენ. დღეს მიმდინარეობს ისეთი მუშაობა, რომ თითქოს, ის უკანონობა, ხისტი პოლიტიკა, რასაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს კონკრეტულ, რამდენიმე პირს. ყველაფერი მათ უნდა დაჰბრალდეთ, დანარჩენები კი სუფთად უნდა გამოვიდნენ. შეძლებენ თუ არა ამის გაკეთებას ამ პარტიის წარმომადგენლები და მოახდენენ თუ არა პოლიტიკური პარტიის რებრენდინგს, ისევ “ნაციონალურ მოძრაობაზეა” დამოკიდებული. “ნაციონალური მოძრაობა” რომ ძლიერი ორგანიზაციაა, ეს ფაქტია, გარკვეული დროის შემდეგ, კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები თუ იგრძნობენ, რომ მათი რესურსი “ქართულ ოცნებაში” იწურება, შესაძლებელია, მათი ინტერესები გადაიკვეთოს.
ხათუნა ხატიაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |