|
“სახელმწიფოს სამედიცინო დაწესებულებების მიმართ მილიონობით დავალიანება აქვს”
“ოცნების” ხელისუფლება ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად საყოველთაო ჯანდაცვას, ანუ, როგორც ხალხი ეძახის, უფასო დაზღვევას მიიჩნევს, თუმცა საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რომ უფასო დაზღვევა დიდი ფინანსური ბლეფია და მეტი არაფერი.
სხვათა შორის, სპეციალისტები ჯერ კიდევ 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ანუ მაშინ, როცა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ამ თემაზე ლაპარაკი პირველად დაიწყო, თქვეს, რომ უფასო დაზღვევა ვერ გაამართლებდა, უფრო სწორად, ეს პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვებოდა, თუმცა “ოცნებამ” თავისი მაინც არ დაიშალა და ხელისუფლებაში მოვიდა თუ არა, საყოველთაო ჯანდაცვა აამოქმედა.
ერთი შეხედვით, რასაკვირველია, კარგია, რომ მშიერმუცელა მოსახლეობა ექიმთან ვიზიტსა თუ მკურნალობა-ოპერაციაში ფულს არ იხდის, მაგრამ ხომ იცით, მედალს მეორე მხარეც აქვს. ამ შემთხვევაში კი მედლის მეორე მხარე სამედიცინო დაწესებულებებია, რომელთა მფლობელებიც პრივატულ საუბრებში ამბობენ, რომ, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, შესაძლოა, საავადმყოფო-პოლიკლინიკები დაიხუროს და ქვეყანა, პრაქტიკულად, სამედიცინო ობიექტების გარეშე დარჩეს.
“ოცნების” მართლმორწმუნე მხარდამჭერები საყოველთაო ჯანდაცვით უკმაყოფილოებს, რასაკვირველია, ქოქოლას მიაყრიან და სულ “ნაცისტებად” მონათლავენ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: სახელმწიფოს სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, საერთო ჯამში, მილიონობით დავალიანება აქვს, რის გამოც საავადმყოფოებისა თუ პოლიკლინიკების მფლობელები, ელემენტარულად, მედიკამენტებსაც ვეღარ ყიდულობენ.
საქმე იმანაც გაართულა, რომ კერძო სადაზღვევო კომპანია “არქიმედე გლობალ ჯორჯია” გაკოტრდა და ის თანხები, რომლებიც “არქიმედეს” კლინიკებისთვის უნდა გადაეხადა, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო.
ნათქვამია, ეშმაკები დეტალებში სხედანო. ჰოდა, “არქიმედეს” შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი დეტალი ისაა, რომ ეს გაკოტრებული სადაზღვევო კომპანია, როგორც “პრემიერის” კონფიდენტები ამბობენ, “ოცნების” უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით საგანელიძის ძმისშვილის საკუთრება იყო.
“პრემიერთან” პრივატული საუბრისას, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელიც ქართულ სამედიცინო ბაზარზე ოპერირებს, მიანიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ “არქიმედეს” დავალიანების საკუთარ თავზე აღება სწორედ საგანელიძის ფაქტორმა გადაწყვიტა.
სხვათა შორის, “არქიმედე” სამედიცინო ობიექტების, ასე ვთქვათ, კონტრაქტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო. შესაბამისად, ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში მხოლოდ დედაქალაქის კი არა, რეგიონებისა და რაიონების საავადმყოფო-პოლიკლინიკებიც არიან.
ამ მხრივ, გამონაკლისი არც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მშობლიური რაიონია _ დედოფლისწყაროს საავადმყოფოს შესახებ “პრემიერი” ადრეც წერდა, თუმცა მას შემდეგ სასიკეთო არაფერი მომხდარა: მედპერსონალი კუთვნილ ხელფასს, რომელიც 2013 წლის აპრილიდან არ გაცემულა, ისევ ამაოდ ელის. ახლა, ვიღაცას უთქვამს, მოდით, საქმე სასამართლოში შევიტანოთო, მაგრამ ადგილობრივ იურისტებს უხელფასო ექიმ-ექთნებისთვის განუმარტავთ, ჩივილს რა აზრი აქვს, სასამართლო სარჩელს 200 დღის მერე განიხილავს, თან ბაჟიც თქვენი გადასახდელი იქნებაო...
რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, არსებული წესით, როგორც “პრემიერს” უხსნიან, თვის განმავლობაში გახარჯული ხარჯების შესახებ, სამედიცინო დაწესებულებებმა თვის ბოლოს ინფორმაცია სპეციალურ საიტზე უნდა ატვირთონ. დიდი საავადმყოფოების თვიური დანახარჯი, თურმე, 500 ათას ლარსაც აღწევს. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო, ანუ ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას გადაამუშავებს, საავადმყოფოს ბიუჯეტიდან კუთვნილი თანხა ანგარიშზე დაუჯდებათ, თუმცა ყველაფერი ეს, თურმე, ტკბილი ოცნებაა...
ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური საიტზე ატვირთული ინფორმაციის დამუშავებას, თურმე, ერთი თვე უნდება. შესაბამისად, მაგალითად, თებერვლის კუთვნილი ფული სამედიცინო დაწესებულებამ, შესაძლოა, აპრილში ან მაისის დასაწყისში მიიღოს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ უფასო დაზღვევაში უამრავი ნაზოლოგიაა შეტანილი, ანუ თითქმის ყველა დაავადების მკურნალობას სახელმწიფო თავის თავზე იღებს, სამედიცინო დაწესებულებებს ფულის ხელზე აღება ეკრძალებათ. შესაბამისად, საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების სალაროები გამოცარიელებულია.
სხვათა შორის, არსებობს ცალკეული ინფორმაცია, რომ უხელფასობით გაწამებული მედპერსონალი ცდუნებას ვერ უძლებს და ხანდახან პაციენტს მიანიშნებს, პატივი სცეს. ასეთი “პატივისცემა” კი, მოქმედი კანონმდებლობით, ქრთამად ითვლება. შესაბამისად, ექიმი, რომელიც ავადმყოფისგან ფულს ქეშად აიღებს, მკაცრად დაისჯება, თან გასათვალისწინებელია, რომ ყველა თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებაში ვიდეოკამერაა დამონტაჟებული.
რაც შეეხება სპეციალურ საიტს, რომელზეც წეღან ვსაუბრობდით, როგორც “პრემიერთან” კერძო სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, საიტი უმეტესად გათიშულია, რაც პრობლემას კიდევ უფრო დრამატულს ხდის.
“ცოტა ხანს კიდევ ვუყურებთ და თუ არაფერი შეიცვალა, იძულებული გავხდებით, ობიექტები გავაჩეროთ, ან ქუჩაში გამოვიდეთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, მოგვხედოს. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ექიმი უხელფასოდ მუშაობდეს!” _ აღნიშნა “პრემიერთან” პრივატული საუბრისას ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა.
შეკითხვას, რატომ არ სურს ვინაობის გამჟღავნება, “პრემიერის” ინფორმატორი ასე პასუხობს:
“კი, ბატონო, “ნაციონალების” დრო წარსულს ჩაჰბარდა და ხმა რომ ამოვიღო, ამის გამო ციხეში თავს არავინ მიკრავს, მაგრამ ახლა დასჯის სხვა მექანიზმები მოქმედებს. მაგალითად, საგადასახადო დამადგება და ისეთ რაღაცებს ამომიქექავს, ციხე სანატრელი გამიხდება. ამასაც თავი რომ დავანებოთ, სახელმწიფოს ჩემი რამდენიმე ასეული ათასი მართებს და თუ ვიხმაურებ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს თანხა საერთოდ დავკარგო. ახლა იმედი მაინც მაქვს, რომ, ადრე თუ გვიან, სერგეენკო მოწყალებას გაიღებს და ფულს ჩამირიცხავს!”
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სამედიცინო ობიექტების მესვეურები “პრემიერთან” საუბრისას ყურადღებას ამახვილებენ, ე.წ. “ემერჯენსებია”, ანუ მოქმედი კანონმდებლობით, ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს უფლება, ერთ ოთახში “ემერჯენსი”, პოპულარული ენით რომ ვთქვათ, მიმღები მოაწყოს და ეს მაშინ, როცა თბილისში რამდენიმე ევროსტანდარტების შესაბამისი მიმღები ფუნქციონირებს.
კუსტარულ მიმღებებში, როგორც “პრემიერს” უხსნიან, ჟანგბადის რამდენიმე ბალიშის მეტი არაფერი აქვთ. მიუხედავად ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს პაციენტები მაინც ასეთ კუსტარულ მიმღებებში მიჰყავთ. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს სასწრაფოს ზოგიერთი ექიმისა და “კუსტარული მიმღების” მფლობელის გარიგებაა.
ამასობაში კი, თანამედროვე “ემერჯენსების” უმეტესობა პაციენტების გარეშეა დარჩენილი, რაც მის ფინანსურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს.
“სერგეენკო კარგი მენეჯერი მაშინ იქნებოდა, როცა ამ კუსტარულ მიმღებებს გააუქმებდა, მაგრამ იცით, რა გააკეთა? _ ადგა და ამ კუსტარულ “ემერჯენსებს” მეორე ხარისხის სტატუსი მიანიჭა, რითიც სერიოზულ სამედიცინო დაწესებულებებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამასთანავე, ადამიანების სიცოცხლეც საფრთხის ქვეშ დააყენა, რადგან კუსტარულ მიმღებში მოხვედრილ ადამიანს შეიძლება, გულის პრობლემა ჰქონდეს, იქ მომუშავე არაკვალიფიციურმა ექიმმა კი, შარდის ბუშტის ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები მისცეს”, _ აღნიშნა “პრემიერთან” საუბრისას კონფიდენტმა.
კიდევ ერთი მეტად საყურადღებო მომენტი, რომელზეც დედაქალაქის ერთ-ერთი კლინიკის მენეჯერმა “პრემიერთან ყურადღება გაამახვილა, სამინისტროს მიერ გაწეული მომსახურებისთვის ანაზღაურებას ეხება.
როგორც ირკვევა, ცალკეული სამედიცინო დაწესებულებები, მეტწილად ისეთები, რომლებსაც მყარი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, კუთვნილ თანხებს სამინისტროსგან ურიგოდ იღებენ. აღნიშნული პერსონა შევარდნაძისდროინდელ კორუფციულ სქემაზე საუბრობს, რომლის საფუძველზეც _ “ყველა კმაყოფილია”.
“იმათიც მესმის, ნახევარ მილიონს რომ აღწევს მომსახურების ღირებულება და თვეები გიგვიანებენ, მზად ხარ, მისცე ასი ათასი, რათა კვალიფიციური პერსონალი არ დაკარგო და ელემენტარულად პრეპარატების შეძენა შეძლო ავადმყოფის გადასარჩენად. სხვა რომ არაფერი ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას კოლოსალური კომუნალური ხარჯი აქვს. უშუქოდ, უწყლოდ და გათბობის გარეშე ხომ არ დატოვებ დაწესებულებას”, _ ამბობს “პრემიერთან” საუბარში მენეჯერი.
იგივე პერსონა აცხადებს, რომ თანხის მისაღებად გადახდილ თანხასაც “მოვლა სჭირდება” _ “100 ათასი და თუნდაც ამის ნახევარი პატარა ფული არ არის. სადღაც ხომ უნდა გაწერო, რაღაც ხარჯი ხომ უნდა აჩვენო. მოკლედ, ყველა მხრიდან რისკია. რისკია ბიზნესისთვის, პაციენტისთვის, ექიმისთვისაც და დაწესებულების ადმინისტრაციისთვისაც”.
ამ მეტად მცირე ინფორმაციის, ჩვენს ხელთ არსებული ფაქტების, მონათხრობისა თუ დოკუმენტების, რომლის დამუშავებაც მიმდინარეობს, საფუძველზე ადვილია ვარაუდი, რომ ერთადერთი ვინც ამ პროცესში კარგად გრძნობს თავს, ჯანდაცვის მინისტრია, რომელსაც მიაჩნია, რომ რეფორმას ატარებს, ამ დროს კი ჯანდაცვის სისტემას საბოლოოდ აცამტვერებს.
თემურ კალანდაძე, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |