![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
"დასავლეთის უმოქმედობა მადას უხსნის პუტინს. რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის"
"ისტორია ადასტურებს, რომ რუსეთთან ურთიერთობას მხოლოდ ის სახელმწიფოები "ალაგებენ", რომლებიც გაბედულად მოქმედებენ და არა შიშის ქვეშ"
"პუტინი "ალაგებს" რუსეთის "უკანა ეზოს", ეს "უკანა ეზო" ჩვენი სახლია, ჩვენს სახლს კი ჩვენ უნდა მოვუაროთ"
"ახლა შიშისა და Wishful thinking-ის დრო არ არის, გათვლილი და გაბედული ნაბიჯების დროა"
"პრემიერის" კითხვებს დიპლომატმა გია ჯაფარიძემ უპასუხა:
_ მოგესალმები, რატომ შეაყარა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო საზოგადოებას თვალში ნაცარი, როდესაც ყირიმზე საუბრისას კოსოვოს საკითხი წამოსწია? რეალურად, ხომ თავადაც ახსნა, მხოლოდ მისთვის სასურველ კონტექსტში, რომ დიამეტრალურად განსხვავებულ ვითარებასთან გვაქვს საქმე?
_ მოგესალმებით. უნდა აღინიშნოს, რომ ვლადიმირ პუტინი ამას პირველად არ აკეთებს, ის ყოველთვის მოიშველიებდა კოსოვოს მაგალითს, როცა საერთაშორისო სამართალს უხეშად და თავხედურად არღვევდა და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ხელყოფდა. რასაკვირველია, კონტექსტსაც ყოველთვის თვითონ არჩევს და ვითარებასაც საკუთარი ინტერესების მიხედვით წარმოადგენს. კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და დასავლეთის სახელმწიფოთა მხრიდან მისი აღიარების შემდეგ პუტინმა გააძლიერა აშშ-სა და ევროკავშირის უმეტესი ქვეყნების დადანაშაულება ორმაგი სტანდარტებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების სელექციურ გამოყენებაში. მიმაჩნია, რომ კოსოვოსა და ყირიმს შორის პარალელების გავლება აბსოლუტურად უსაფუძვლოა, ისევე როგორც კოსოვოსა და აფხაზეთის შედარება. გრძელი პასუხი გამომივა, მაგრამ უნდა ვთქვა. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვახსენებთ კოსოვოს, მაგრამ საკითხის რეალური ცოდნის ნაკლებობა გვაქვს. არც არის გასაკვირი, წინა საუკუნის 90-იან წლებში, როცა ბალკანეთზე ევროპის უკანასკნელი ყველაზე სისხლიანი მოვლენები ვითარდებოდა, საქართველო აფხაზეთით და შიდა დაპირისპირებით იყო დაკავებული და ბალკანეთის მოვლენებმა თითქოს გვერდით ჩაიარა. ზოგადად, ბალკანეთი თითქოს ჩვენი ყურადღების მიღმაა, რაც შეცდომაა. წელს 100 წელი სრულდება პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან, რომელიც სწორედ ბალკანეთიდან დაიწყო და რომლის შედეგის გამოძახილსაც გარკვეულწილად კოსოვოც წარმოადგენს. კოსოვო შეიძლება ისტორიულად სერბეთის მიწაა, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა, დღევანდელი მსოფლიოს მოწყობა ეფუძნება არა ტერიტორიების ისტორიული კუთვნილების პრინციპს, არამედ საერთაშორისო სამართალს.
_ ანუ, რას გულისხმობთ?
_ გავიხსენოთ, რა უძღოდა წინ კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. 1999 წელს იუგოსლავიის მაშინდელმა პრეზიდენტმა, სლობოდან მილოშევიჩმა, კოსოვოს ეთნიკურად ალბანური მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი აგრესია განახორციელა. იმ მომენტისთვის ეთნიკურად ალბანელები კოსოვოს ავტონომიური ერთეულის 85-90%-ს წარმოადგენდნენ. როდესაც მილოშევიჩმა პრობლემის პოლიტიკური დარეგულირება ვერ შეძლო, მან სამხედრო ძალადობას მიმართა. საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერთო, რომ შეეჩერებინა ალბანური მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. რუსულენოვანი მოსახლეობა ყირიმის უმრავლესობას წარმოადგენს, რაც გარკვეული ისტორიული პროცესებისა და ხელოვნური დემოგრაფიული ცვლილების შედეგია, მაგრამ უკრაინელი და ყირიმელი თათრების უმცირესობა ერთად 40%-ს აჭარბებს. დემოგრაფიული ბალანსი განსხვავებულია, ამასთანავე, რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები არათუ ყირიმში, არამედ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა. მეტიც, სწორედ ყირიმელი თათრები აღმოჩნდნენ ეთნიკური ნიშნით დევნისა და ციმბირში გადასახლების ობიექტი სტალინიზმის დროს და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ "პერესტროიკის" პერიოდში შეძლეს. არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ ყირიმში მცხოვრებ უკრაინელებსა და თათრებს რუსეთის ფედერაციის უღელქვეშ ახალი საფრთხეები არ ემუქრებათ. სერბებსა და კოსოვარებს შორის მოლაპარაკებები თითქმის 10 წელი მიმდინარეობდა, მასში ჩართული იყო საერთაშორისო თანამეგობრობა, მხოლოდ მოლაპარაკებებში შედეგის არარსებობის შემდეგ მიიღო კოსოვოს დემოკრატიულად არჩეულმა პარლამენტმა სერბეთისგან გამოყოფის გადაწყვეტილება, მესამე მხარის ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.
_ ყირიმში ჩვენ ვნახეთ ძალადობა...
_ დიახ, ყირიმის სამთავრობო შენობები და რადა რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების სამსახურის სპეციალური დანიშნულების შენაერთებმა აიღეს, დემოკრატიულად არჩეულ რადაზე და ადგილობრივი მთავრობის მეთაურზე პირდაპირი სამხედრო ძალადობა განახორციელეს, 4%-იანი მხარდაჭერის მქონე მარგინალი პოლიტიკოსი მთავრობის მეთაურად კალაშნიკოვის ლულების ქვეშ დანიშნეს, გამოუცხადებელი სამხედრო ოკუპაციის პირობებში სრულად არალეგიტიმური და გაუმჭვირვალე რეფერენდუმი ჩაატარეს და მის შედეგებზე დაყრდნობით პუტინმა განახორციელა ის, რაც განახორციელა. მსგავს ფაქტებსა და ძალადობას ადგილი არ ჰქონია კოსოვოში. ამას გარდა, განსხვავებით ყირიმისგან, კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო ყირიმის რეფერენდუმის მიზანი რუსეთთან შეერთება იყო. რაც შეეხება კოსოვოში სამხედრო ინტერვენციას, კოსოვოსთან მიმართებაში არსებობდა გაერო-ს რეზოლუცია, რუსეთი კი აბსოლუტურად უკანონოდ მოქმედებს ყირიმში _ არღვევს გაერო-ს ქარტიას, ჰელსინკის ფინალურ აქტს, ბუდაპეშტის ხელშეკრულებას, უკრაინასთან ორმხრივ ხელშეკრულებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კოსოვოში ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას, საერთაშორისო ჩარევა მოხდა ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად, ინტერვენცია იყო ლეგიტიმური _ გაეროს სანქცია _ დამოუკიდებლობა გამოაცხადა კოსოვოს დემოკრატიულად არჩეულმა ორგანომ მესამე მხარის სამხედრო მუქარის გარეშე, დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ უძღოდა უშედეგო მოლაპარაკებების თითქმის 10 წელი. არც ერთ ზემოჩამოთვლილს ყირიმის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. პირიქით, ყირიმში მოხდა ძალაუფლების ძალადობრივი უზურპაცია რუსეთის მხრიდან პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის გზით, უკანონო რეფერენდუმის გამოცხადება და მისი საეჭვო ვითარებებში ჩატარება, რასაც მოჰყვა ყირიმის ანშლუსი საერთაშორისო სამართლის სამაგალითოდ ფეხქვეშ გათელვის გზით. ამას გარდა, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისას დასავლეთმა ცალსახად განაცხადა, რომ კოსოვო წარმოადგენდა Sui generis, ანუ უნიკალურ შემთხვევას და მისი განზოგადება არ უნდა მომხდარიყო.
_ მაშინ რატომ აპელირებს პუტინი კოსოვოზე?
_ კოსოვოს მაგალითის მოყვანა ყირიმის ანექსიის კონტექსტში არის აბსურდი, ცინიზმი და პუტინის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის "გათეთრების" მცდელობა. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ კოსოვო ყელში გაჩხერილი ძვალივით აწუხებს პუტინს, რუსეთს ერთმორწმუნე სერბეთის ბედი ნაკლებად აღელვებს, მოსკოვის ინტერესი კოსოვოში კონფლიქტის გახანგრძლივება და გაყინული კონფლიქტის საშუალებით ბალკანეთზე ყოფნის შენარჩუნება იყო. აქვე არ შემიძლია, გულისტკივილით არ აღვნიშნო, რომ ხშირად პუტინის ლოგიკასა და ნარატივს იმეორებენ საქართველოშიც, კოსოვოსა და აფხაზეთს შორის პარალელების არათუ გავლება, არამედ ძებნაც კი შეუძლებელია. ეს ან მავნებლობაა ან უმეცრება, ორივე შემთხვევა კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ სჯობს, თავი შევიკავოთ ისეთი პარალელიზმებისგან, რომლებსაც საფუძველი არ გააჩნია და ერთიერთზე ემთხვევა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის პოზიციას
_ ერთი თვის წინ წარმოუდგენელიც იყო, მოვლენების ასეთი სახით განვითარება. კრემლი კვლავინდებურად ადასტურებს, რომ умом россию не понять. და მაინც, შევეცადოთ, გავჭვრიტოთ კრემლის ყველაზე ცუდი ნაბიჯები. ვინ იქნება შემდეგი? თუ საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს რუსეთის, კერძოდ კი ვლადიმერ პუტინის იმპერიული ამბიციების მოთოკვას?
_ თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის, ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას უკვე რამდენიმე კვირაა არამარტო ნაცარს აყრის და არამარტო თვალში. მიმაჩნია, რომ მოვლენების განჭვრეტა შეიძლებოდა უკვე ნოემბერში, როცა რამდენიმე ათეული სტუდენტი და ინტელექტუალი გამოვიდა კიევში იანუკოვიჩის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, ნათელი იყო, რომ პროცესი დაიწყო და ის მალე და უმტკივნეულოდ არ დამთავრდებოდა. მაიდანის ლიდერების პოლიტიკურმა სიჭრელემ, გამოუცდელობამ და გაუბედაობამ, ასევე რუსეთის ჩარევამ პროცესი დროში გაახანგრძლივა. იანუკოვიჩსა და პუტინს, როგორც ჩანს, უკრაინული ზამთრისა და უკრაინელი ხალხის გულგრილობის იმედი ჰქონდათ, თუმცა ისინი შეცდნენ. პოლიტიკური გამჭრიახობა სწორედ ის გახლავთ, რომ მოვლენების განვითარების პერსპექტივა გრუშევსკის ქუჩის იქით დაინახო, ვერ გეტყვით, რამდენად აღმოაჩნდა ეს პოლიტიკური გამჭრიახობა დასავლეთსა და რუსეთს, მაგრამ ნამდვილად არ აღმოაჩნდა ვიქტორ იანუკოვიჩს. კიევში პუტინი დამარცხდა, მაგრამ ის, ალბათ, ფიქრობს, რომ მან მხოლოდ ბრძოლა წააგო და ომი მოსაგები აქვს. პირველი "ცუდი" ნაბიჯი მან უკვე გადადგა ყირიმის მიერთებით. უნდა გავითვალისწინოთ, რას წარმოადგენს ყირიმი, ზოგადად, და რა არის მისი ფასი რუსეთისთვის. მაკინდერის სტილში რომ ვთქვათ, ვინც აკონტროლებს ყირიმს, ის აკონტროლებს შავ ზღვას. როგორც დიმიტრი როგოზინმა ანშლუსის პირველ დღეებში "ტვიტერზე" დაპოსტა, ყირიმი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სახლია. ყირიმზე კონტროლის დაკარგვით, რუსეთი დაკარგავს ე.წ. "თბილ წყლებზე" გასასვლელს, რაც ხმელთაშუა ზღვის აუზიდან და ფართო რეგიონიდან მის გაქრობას ნიშნავს. ზემოაღნიშნული საკმარისია, რომ ვივარაუდოთ _ რუსეთი ყირიმისთვის დაუნდობლად იბრძოლებს. პრეზიდენტ პუტინის 18 მარტის გამოსვლა, რუსეთის პოლიტიკური ელიტის საჯარო "სთეითმენტები" და მათი განცხადებები სოციალურ ქსელებში, დიდი ალბათობით უშვებს იმ ვარაუდს, რომ რუსეთი ყირიმზე არ გაჩერდება. მოსკოვი შეეცდება, გააძლიეროს გავლენა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსულენოვან რეგიონებზე და ეს ფაქტორი გამოიყენოს უკრაინაში ძალაუფლების გადანაწილების თუ უკრაინის სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ მოლაპარაკებებში სავაჭროდ. პუტინს სურს, რეჟიმის შეცვლა კიევში. ახალი სამიზნეები პუტინს უკვე, ალბათ, მონიშნული აქვს, ერთ-ერთი სამიზნე, ალბათ, დნესტრისპირეთი და დიდი ალბათობით საქართველოა, მაგრამ შეძლებს თუ არა საკუთარი ევრაზიული ოცნების ასრულებას რუსეთის პრეზიდენტი, დამოკიდებულია დასავლეთზე.
_ არ ვიცი, დამეთანხმები თუ არა, მაგრამ დასავლეთის პოზიცია მთელ ამ პროცესებში საკმაოდ არაგაბედულად გამოიყურებოდა.
_ დღეს ბევრი გაღიზიანებულია დასავლეთის დაგვიანებული რეაქციებით და არარადიკალური სანქციებით, მიიჩნევენ, რომ დასავლეთში ქარიზმატული ლიდერების ნაკლებობაა, არ არსებობს ერთსულოვნება და სახელმწიფოები მხოლოდ საკუთარ ინტერესს ითვალისწინებენ, აშშ-მ დაკარგა თავისუფალი სამყაროს წინამძღოლის ფუნქცია და ასე შემდეგ, რაც ბევრში ფრუსტრაციას იწვევს. ეს ყველაფერი შეიძლება ნაწილობრივ მართალია, მაგრამ მე მაინც ფრთხილი ოპტიმიზმით ვაკვირდები მოვლენებს და მიმაჩნია, რომ დასავლეთი ამოწურავს ყველა რესურსს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გზით მიაღწიოს სასურველ შედეგს და მხოლოდ ამის შემდეგ აამოქმედებს მძლავრ ფინანსურ-ეკონომიკურ სანქციებს. მიმაჩნია, რომ დასავლეთმა არამარტო "რბილ ძალას" უნდა მიმართოს, ის არ უნდა მოერიდოს სამხედრო ელემენტის გამოყენებისთვის მზადყოფნის დემონსტრირებას. ლიდერის როლი უნდა იკისროს აშშ-მ, მით უმეტეს, რომ დღეს არავის ეპარება ეჭვი 2008 წლიდან წარმოებული "გადატვირთვის" პოლიტიკის მარცხში და მის გამოსასწორებლად მოქმედ ადმინისტრაციას დიდი დროც არ რჩება. აშშ-მ უნდა განათავსოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, გამოვიდეს ახალი ინიციატივებით ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის ასამაღლებლად, დააჩქაროს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას და მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი და სხვა. დასავლეთის უმოქმედობა მადას უხსნის პუტინს. რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის.
_ როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩინეთმა თავი შეიკავა უკრაინის რეზოლუციისთვის ხმის მიცემაზე, ანალიტიკოსებმა ეს გადაწყვეტილება პროგრესად ჩათვალეს და აღნიშნეს, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, მარტო დარჩა. პუტინი კი მადლობას უხდის ჩინეთს და ინდოეთს თავიანთი პოზიციის გამო უკრაინასთან მიმართებაში. ანუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე?
_ მე არ მგონია, რომ ჩინეთის პოზიცია, ვგულისხმობ უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე თავშეკავებას, ან პროგრესი იყოს, ან ის რუსეთის მხარდაჭერად უნდა აღვიქვათ. ჩინეთს, ზოგადად, ახასიათებს ძალიან "ნელი რეაქცია", ის მტკივნეულად იღებს და ეწინააღმდეგება სტატუს კვოს ნებისმიერ ცვლილებას, პეკინს აწუხებს ნებისმიერი სეპარატიზმი თუ ირედენტიზმი, ის ეჭვით უყურებს საზღვრების რევიზიას, აქვს საკუთარი პრობლემები დაკავშირებული ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან. აქედან უნდა გამოვიდეთ, როდესაც ჩინეთის პოზიციას ვაფასებთ. ამდენად, ვფიქრობ, ჩინეთი ტიპურად მოიქცა. ის აქტი, რომ რუსეთი მარტო დარჩა, თავისთავად ნიშანდობლივი და დადებითია. რასაკვირველია, რუსეთი, რომელიც იზოლაციაში მოექცა უშიშროების საბჭოს ამ კენჭისყრაზე და გრძნობს საშიშროებას, რომ ზოგადად საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება, ცდილობს, საერთაშორისო არხები დაიტოვოს. პუტინი უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ ჩინეთიც ვეტოს დაადებდა რეზოლუციას, მაგრამ დღეს მას მადლობის გადახდა უწევს ჩინეთისთვის. სხვათა შორის, პუტინმა მადლობა გადაუხადა ინდოეთსაც. რუსეთის პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით, ერთი მხრივ, "გახსნა" გააკეთა აღმოსავლეთისკენ და ე.წ. BRICH-ის ქვეყნებისკენ, მეორე მხრივ, აშშ-ს და ევროკავშირს ალტერნატიული არჩევანის არსებობა დაანახა. თუ დასავლეთი თანმიმდევრულ და ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს, ვფიქრობ, პუტინის მადლობა ისეთივე იდეალისტურ-ანაქრონისტული ჟესტი გამოდგება, როგორი ანაქრონისტულიც სსრკ-ს აღდგენის იდეაა.
_ ამ პოლიტიკური პროცესების დროს საკმაოდ ყურადსაღები აღმოჩნდა ყაზახეთისა და ბელორუსის პოზიცია, რომლებმაც ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ გამოუცხადეს პუტინის პოლიტიკას. რამდენად არის მოსალოდნელი, რომ პირველ ეტაპზე უკრაინამ და შემდგომ სხვა ქვეყნებმაც გადახედონ დსთ-ში საკუთარ წევრობას?
_ ძნელია ამ ეტაპზე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვფიქრობ, უკრაინისთვის ეს არჩევანი უფრო მალე დადგება და მოვლენების განვითარებამ დსთ-ს დატოვების საკითხი თავისთავად შეიძლება მოიტანოს. საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომმა და უკრაინის მიმართ მიმდინარე აგრესიამ, დსთ-ში რუსეთის ყველა პარტნიორი შეაშინა, რუსეთი არა მარტო არასანდო პარტნიორია, არამედ დსთ-ს ნებისმიერი ქვეყნისთვის სხვადასხვა დონის საფრთხის შემცველი. აღნიშნულ თემაზე ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გია ვაშაძემ ინტერნეტ-გაზეთ "ივერია"-ში. ბელორუსისა და ყაზახეთის ლიდერებმა საფრთხე ძალიან ახლოს იგრძნეს, რუსულენოვანი უმცირესობის უფლებების დაცვა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პუტინისეული პრინციპი ხვალ შესაძლოა, მათ მიმართაც ამოქმედდეს და ბელორუსის თუ ყაზახეთის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს შეეხოს. ძნელი სათქმელია, როდის მოხდება დსთ-ში თუ ევრაზიის საბაჟო კავშირში მათი მხრიდან წევრობის გადახედვა, ან მოხდება თუ არა ეს საერთოდ, მაგრამ ერთი რამ სავსებით ცხადია _ ნაზარბაევისა და ლუკაშენკოს ურთიერთობები პუტინთან უკვე გადაიხედა. პუტინმა ბელორუსისა და ყაზახეთის პრეზიდენტებისგან ვერ მიიღო უკრაინასთან დაკავშირებით მხარდაჭერა, უფრო მეტიც, ლუკაშენკომ ღიად დაუჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. აზიური დიპლომატიის ტიპური ნიმუშია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, ერთი მხრივ, ასტანა აცხადებს, რომ რეფერენდუმი ყირიმის მოსახლეობის თავისუფალი ნების გამოხატვაა და გაგებით ეკიდება შექმნილ ვითარებაში რუსეთის გადაწყვეტილებას, მეორე მხრივ, იგივე განცხადებაშია ნათქვამია, რომ ყაზახეთი ერთგული რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და მხარს უჭერს უკრაინაში კრიზისის მოლაპარაკების გზით გადაჭრას, რომელიც გაერო-ს ან სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით უნდა გაიმართოს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ რუსეთს უფლება აქვს, აკონტროლოს, რა ხდება საკუთარი ეზოს ღობესთან, პირველ რიგში სწორედ ბელორუსსა და ყაზახეთს ეხება და ეს გზავნილი სათანადოდ გაიგეს და შეაფასეს მინსკშიც და ასტანაშიც. მეეჭვება, რომ ლუკაშენკომ ან ნაზარბაევმა დსთ-ს თუ კუხო-ს დატოვება გადაწყვიტონ, მაგრამ რუსეთთან ერთად ევრაზიულ კავშირში ახალი თავგადასავლების ენთუზიაზმი მათში უდავოდ ნაკლებია. ვფიქრობ, ბელორუსი და ყაზახეთი რუსეთთან მოკლე დისტანციაზე დარჩებიან. საინტერესოა, რომ დღეს და ხვალ ბელორუსისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები იმართება. არ ვიცი, ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, თუ უკრაინის მოვლენებს უკავშირდება.
_ საქართველოს არც ერთი ოფიციალური პირი ამ დღეებში კიევში არ ჩასულა. უცნობია, ხელისუფლების სახელით ჰქონდა თუ არა რაიმე სახის შეხვედრები ჩვენს ელჩს უკრაინაში. გასაგებია, რომ ხელისუფლებას არ სურს რუსეთის გაღიზიანება, რომელიც არსებული ვითარების გათვალისწინებით, არასოდეს გახდება ჩვენი მოკავშირე, მაგრამ ეს დიპლომატიური და პოლიტიკური უყურადღებობა ხომ არ გვაკარგვინებს უკრაინასთან წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, ანუ ამ დამოკიდებულებით ხომ არ ვკარგავთ პარტნიორს?
_ მიმაჩნია, რომ სადღაც დეკემბრის ბოლოს-იანვარში ხელისუფლებაში დაიჯერეს, რომ კიევში მოვლენები წყნარდებოდა და იანუკოვიჩი ძალაუფლებას შეინარჩუნებდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ ფლობდა სრულ ინფორმაციას, რაც ცუდია და დააკლდა პოლიტიკური გამოცდილება და გამჭრიახობა _ რაც, ასევე ცუდია. მხოლოდ აქედან გამომდინარე, შეიძლება ვინმესთვის გასაგები იყოს ის სიფრთხილე, რაც იმ მომენტისთვის საქართველომ გამოიჩინა. თუმცა, უნდა გავიხსენოთ უკრაინის პრეზიდენტის საქციელი, როდესაც ის არ მოერიდა რისკებს და 2008 წლის აგვისტოში თბილისში, რუსთაველის გამზირზე დადგა. ვერ გეტყვით, რა ინსტრუქციები ჰქონდა საქართველოს დიპლომატიურ მისიას კიევში, მაგრამ გარწმუნებთ, დიპლომატია იმისთვის არსებობს, რომ ის მანევრირების დამატებით სივრცეს იძლევა, თუნდაც სცენის უკან, და ის აუცილებლად უნდა გამოიყენო. ხელისუფლების სიფრთხილის უკან, ალბათ, რუსეთის გაღიზიანების შიში იდგა, რომ რუსეთთან "დალაგების" პროცესი არ დაზიანებულიყო. ისტორია ადასტურებს, რომ რუსეთთან ურთიერთობას მხოლოდ ის სახელმწიფოები "ალაგებენ", რომლებიც გაბედულად მოქმედებენ და არა შიშის ქვეშ. საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია, რას "ვალაგებთ" პუტინის რუსეთთან, არ მგონია, ნორმალურ ადამიანს, ვინც 18 მარტს პუტინის კრემლში გამოსვლას უყურა, სჯეროდეს, რომ დღევანდელ რუსეთთან საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ ურთიერთობის დალაგება შეიძლება. მე არც მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის დემოკრატიზაციის მჯერა. "გადატვირთვის" ერთ-ერთი ავტორი, პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი, პრეზიდენტ ობამას ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში და აშშ-ს უკანასკნელი ელჩი მოსკოვში, მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელებსა და მედიაში აღიარებს, რომ მას შეცდომით სწამდა რუსეთთან კეთილი ურთიერთობების შესაძლებლობის და რუსეთის დემოკრატიზაციის, ის ახალი "ცივი ომის" დაწყებაზე საუბრობს და სხვებსაც მოუწოდებს, გააცნობიერონ შეცდომა. დასავლეთში ნელა, მაგრამ ხვდებიან, რომ რუსეთთან მიმართებაში პრაგმატიზმს უნდა დაუბრუნდნენ და იდეალიზმი გვერდზე გადადონ. ასეთ დროს გაუგებარია, რას "ვალაგებთ" ჩვენ. უკრაინას არ უშველა არც ერთმორწმუნეობამ, არც საერთო ისტორიამ, არც საუკეთესო ეკონომიკურმა და სავაჭრო ურთიერთობებმა, არც კულტურულმა კავშირებმა, არც დსთ-ში ყოფნამ, რუსეთი ყირიმში მაინც შეიჭრა და მის ყაჩაღურად მითვისებას ცდილობს. პუტინი "ალაგებს" რუსეთის "უკანა ეზოს", ეს "უკანა ეზო" ჩვენი სახლია, ჩვენ სახლს კი ჩვენ უნდა მოვუაროთ. აქ არის სწორედ ურთიერთობების დაულაგებლობის პრობლემა. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, ხელისუფლების ერთგვარი "გულგრილობა" უკრაინის მიმართ, რასაც რუსეთის არგაღიზიანების სურვილი იწვევს. მიმაჩნია, რომ მთავრობის ერთი მინისტრი და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელი მუდმივად კიევში უნდა იმყოფებოდეს, ჩვენ უნდა გვქონდეს უკრაინასთან მოქმედებების მაქსიმალური კოორდინაცია, უნდა შევეცადოთ გუამ-ის ფორმატის ეფექტურ ამოქმედებას, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ ბრიუსელსა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოთა დედაქალაქებში, რათა პრაქტიკულად განხორციელდეს 2008 წელს ბუქარესტში მიღებული დაპირება, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინასთან ტანდემში უნდა შევეცადოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების გატანას. საქართველო უნდა შეერთებოდა ეუთოს სამხედრო სადამკვირვებლო მისიას, რომელიც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უკრაინის თხოვნით ჩამოყალიბდა, ეს ჩვენი უფლებაც იყო და ვალდებულებაც. მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ყველა იმ სანქციას, რომელსაც დასავლეთი რუსეთს უწესებს. ახლა შიშისა და Wishful thinking -ის დრო არ არის, გათვლილი და გაბედული ნაბიჯების დროა.
გოჩა მირცხულავა, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |