![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
პარადოქსების ქვეყანა ვართ. იმას, რასაც აქ, ჩვენთან მოისმენ და ნახავ, სხვაგან იშვიათად გადაეყრები, ან თუ შეეჩეხე სადმე, არა მგონია, ასეთი სისულელითა და სიბრიყვით გაკეთებული ნახო. თუმცა იმას, რაც ქვემოთ უნდა მოვყვე _ სისულელესა და სიბრიყვესთან არანაირაი კავშირი არ აქვს და სიხარბის კლასიკური გამოვნილებაა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავასკვენი და სხვა დასკვნის გაკეთება მკითხველისთვის მიმინდვია.
გახსოვთ, ალბათ, 2008 წლამდე რა საბანკო ბუმი იყო საქართველოში. გამარჯობის სანაცვლოდ, გაძლევდნენ კრედიტს. მაშინ არავინ ფიქრობდა იმის შესახებ, რომ მალე შეიძლებოდა ბევრი უსახლკაროდ დარჩენილიყო. მთავარი იყო, რომ ადამიანებს ჰქონდათ სტიმული და ცდილობდნენ, რაღაც ეკეთებინათ. ბანკები კი, რა თქმა უნდა, სულაც არ იყვნენ ორიენტირებულნი ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე. მათთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი საკუთარი გამორჩენა და სარგებელი იყო. ამას თუნდაც ის გარემოება ადასტურებს, რომ ამჟამად ქართული ბანკების საცავებში მილიარდობით ჭარბი თანხაა და თავს არავინ იწუხებს კრედიტის პროცენტის დაწევაზე. თუმცა ეს მაინც სხვა თემაა. ვისაც ბანკიდან სესხი აუღია, ყველამ იცის, რა რთული პროცედურა უნდა გაიაროს. სახლის შესაძენად სესხი რომ აიღო სამმაგი ქონება უნდა გქონდეს და კაბალურ ხელშეკრულებასაც მოაწერო ხელი. სამომხმარებლო სესხის დროს, იმასაც გიმოწმებენ, დღეში რამდენ კალორიას მიირთმევ და რა ჰაერით სუნთქავ, არაფერს ვამბობ თავხედურ მოთხოვნაზე, _ შავი ბუღალტერიის ჩანაწერები გვაჩვენეთ. იმის ჩამოთვლა, რა შეუაცხყოფას გაყენებენ დატრენინგებული, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე გოგო-ბიჭები, შორს წაგვიყვანს. მაგრამ ამათაც რა ქნან, ზემდგომები ასე ითხოვენ. ყველაზე რთული მაინც ბანკიდან მიწის უზრუნველყოფით მისაღები კრედიტია. მით უფრო, თუ მიწა მინიმუმ შემოღობილი არ გაქვს და არც სახნავ სათესად იყენებ. მოკლედ, ზედ არაფერი არ არის, არ სარგებლობ და მხოლოდ დოკუმენტი გიკავია ხელში, რომ ხარ მესაკუთრე. თუმცა სირთულე ამ საქმეში შესაძლოა, რიგითი ადამიანისთვის დადგეს და არა თავად ბანკის ან მისი შვილობილი კომპანიისთვის. მაგალითისთვის, როგორ ფიქრობთ, ვის ეკუთვნის ის მიწები, რომელიც ქართველი იუნკრების სისხლით არის მორწყული _ ტაბახმელა, წავკისი და მისი შემოგარენი? ლოგიკურად უნდა ვიცოდეთ კიდეც, ვის, რადგანაც, სხვა თუ არაფერი, წელიწადში ერთხელ ჩვენი პატრიოტული პოზის წარმოსაჩენად და ალალი თუ ყალბი პათეტიკის დემონსტრირებისთვის, პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი მოქალაქით დასრულებული, დაღუპულ იუნკრებს მიაგებს პატივს. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს _ “საქართველოს ბანკს”.
მოკლედ, ამბავი ასეთია, ერთ მშვენიერ დღეს ბანკს მოქალაქეები დ.ო და გ.თ მიადგნენ, რომლებმაც სესხის აღება მოისურვეს. ბანკმა უზრუნველსაყოფად ტაბახმელის მიწები ჩაიდო, 2,99 ჰა საერთო ფართით, 120 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 5-20%-ით და არც მეტი, არც ნაკლები, 1 500 000 აშშ დოლარად. მითხარით ახლა, სამ ჰექტარ მიწაში, რომელზეც დღესაც არაფერი დგას, ვინ მოგცემთ ამდენ თანხას? მერე ოპოთეკარებმა სესხი ვერ დაფარეს, არც უცდიათ და ფორსირებული პროცედურების გავლის შემდეგ ეს მიწები აღსრულებაზე გაიტანეს და ისევ “საქართველოს ბანკმა” იყიდა. მიწების შეძენისადმი “ლტოლვა” ბანკს, ეტყობა, პარალელურ რეჟიმშიც ჰქონდა, რადგან ამ პერიოდისთვის ბანკის შვილობილ კომპანიას სს “სბ უძრავი ქონება” საკმაოდ ბევრ მიწას ფლობდა წავკისსა და ტაბახმელაში. ზოგს იპოთეკით დატვირთულს, ზოგსაც იპოთეკის გარეშე. მაგალითისთვის ბანკმა 2008 წლის 4 ივლისს წავკისში მთელ რიგ მიწებს, რომლის მესაკუთრე მისი შვილობილი სს “სბ უძრავი ქონება” იყო, ოპოთეკა საერთოდ მოუხსნა. საინტერესოა, ალბათ, რატომ? 2008 წლის 16 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება “სბ უძრავ ქონებასა” და სს “კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას” შორის. გაითვალისწინეთ, რომ სს “კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა” იმ პერიოდისთვის “საქართველოს ბანკის” შვილობილ კომპანიად ითვლებოდა. მართალია, ამჟამად საჯარო რეესტრის ამონაწერში ვერც კი იპოვი, ვინ არიან სააქციო საზოგადოების დამფუძნებლები და ვინ რა წილს ფლობს, მაგრამ იმ დროისთვის რომ კომპანიას “საქართველოს ბანკი” განკარგავდა, ყველა დაინტერესებული პირისთვის ცნობილია. ჰოდა, ერთმა შვილობილმა მერე შვილობილისგან ისესხა. მსესხებელმა კი ძმას თუ დას, როგორც გენებოთ, სესხის უზრუნველსაყოფად წავკისი ტაბახმელის მიწები ჩაუდო. გარიგების თანხამ კი _ სამი მილიონი დოლარი, ვადა _ 6 თვე და თან 24%-ად. არ დაგავიწყდეთ, ეს ის პერიოდია, როდესაც ბანკმა არ იცის, საკუთარი ფული სად წაიღოს და საქართველოს მოსახლეობის “ორანჯი ბარათით” გაუბედურების გამალებული აქცია მიმდინარეობს. ბევრი რომ არ გავაგრძელო და თავიც არ მოგაწყინოთ, სს “სბ უძრავი ქონებამ” და “საქბანკმა” ამ მიწებით იმდენი მანიპულაცია აკეთეს, დოკუმენტებში გავიხლართეთ. ხან სესხი გასცა “საქბანკმა” თავის შვილობილზე მიწების “გარანტიით”, ხან დატვირთვა იპოთეკით, ხანაც მოუხსნა ეს იპოთეკა. შემდეგ ადგა და 2010 წელს თავად იყიდა თავისი ქონება. თუმცა ამ ყველაფერში საინტერესო უფრო სხვა რამ არის. თავის დროზე ვისგან შეიძინა ეს მიწები “საქართველოს ბანკმა”. ანუ რეალურად ვინ იდგა ამ გარიგებების უკან და ვინ იყო მიწების მფლობელი? როგორც “პრემიერს” საკითხში ჩახედულმა ადამიანმა განუცხადა, მიწის პირველმა მფლობელებმა არც კი იციან, რომ მიწები მათ სახელზე იყო გაფორმებული და ეს საკმაოდ რთული კომბინაცია კუდ-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ვაჟა ლელუაშვილმა და ამჟამინდელმა პარლამენტარმა გიორგი (თემურ) ფეიქრიშვილმა ააწყვეს. სწორედ აქედან იღებს დასაბამს მათი მილიონები. “საქართველოს ბანკი” თავიდან აიძულეს, ამ თამაშში ჩართულიყო და მერე უკვე რაც აკეთეს, ეგ მათი საქმეა”, _ ამბობს ინფორმირებული პირი და დასძენს, _ მთავარია, რომ სწორედ ამ პერიოდში გამდიდრდნენ ლელუაშვილი და ფეიქრიშვილი, რომლებმაც ქონება ადამიანების უბედურებაზე დააგროვეს და ახლა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აქვთ თავიანთი კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ახლა სხვა მიმართულებითაც გავიხედოთ, რამდენი ადამიანი გეგულებათ ისეთი, ვინც თბილისის შემოგარენში, სააგარაკო ზოლში კუთვნილ მიწაზე უარს იტყვის და უსასყიდლოდ სახელმწიფოს გადასცემს? რომ არ დაგაბნიოთ, კონკრეტულ ადგილებსაც გეტყვით _ თბილისის ზღვის მიმდებარედ, ბაგებში სატყეო უბანში, წყნეთის სატყეო ტერიტორიაზე, გარდაბანში _ ბაგების სატყეო ტერიტორიაზე, ვარკეთილში, აღმაშენებლის ხეივანში, გლდანში, კოჯორში, კოჯორი _ კეკეთში, კოჯორი _ კვესეთში, შინდისში, გარდაბანი _ ფონიჭალაში, ტაბახმელაში, გარდაბანი _ მარტყოფში, გარდაბანი _ ახალ სამგორში და ა.შ. რამდენი იქნება ასეთი ადამიანების რიცხვი, რომელსაც სახელმწიფომ უსასყიდლოდ გადასცა მიწა და ამ ადამიანებმა ასევე უსასყიდლოდ დაუბრუნეს სახელმწიფოს? დაუჯერებელია, მაგრამ რამდენიმე ასეული. მაგრამ მთავარი ამ ყველაფერში ის არის, რომ სახელმწიფო ამ მიწებს “მიტოვებულს” უწოდებს და უპატრონოდ მიიჩნევს. გჯერათ თქვენ, რომ რომელიმე ჭკუათმყოფელი ადამიანი ასე ნაჩუქარ ქონებას მიატოვებს და თან სად? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თბილისის შემოგარენში და მეტწილად სააგარაკო ზოლში? მაგრამ მთავარია, ხელისუფლებას “სჯეროდა” ამის და 2011 წლის 13 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ აბესალომ კეკელიამ მიმართა კიდეც საჯარო რეესტრის სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს წერილით, რომელშიც აღნიშნულია: გთხოვთ, დაარეგისტრიროთ სახელმწიფო საკუთრებაში მიტოვებული უძრავი ქონება დანართი #1-ის მიხედვით და გასცეთ ამონაწერები. წერილს 18 ფურცელიც დაურთეს და ათასამდე ადამიანის მიერ “მიტოვებული” მიწა სახელმწიფოს ეფეშქაშა.
შემდეგი ფაქტი, რატომ შეიძლებოდა მიეტოვებინათ ასე მასობრივად ადამიანებს საკუთარი ქონება? და რა შუაშია ამ ყველაფერთან კუდ-ის ყოფილი უფროსი ვაჟა ლელუაშვილი? როგორც “პრემიერს” საკითხში ჩახედულმა ადამიანმა განუცხადა, ამ მიწების უმეტესობა სწორედ რომ ლელუაშვილისა და ამჟამინდელი პარლამენტარის გიორგი (თემურ) ფეიქრიშვილის საკუთრებაა. მიწები სხვადასხვა ადამიანებზე იყო გაფორმებული ისე, რომ ამის შესახებ მფლობელებმაც კი არაფერი იცოდნენ. თუმცა როდესაც წინა ხელისუფლებისთვის ამ დუეტის თავზეხელაღებული საქმიანობის შესახებ გახდა ცნობილი, მიწების დაბრუნების პირობაც დაიდო, მით უფრო, რომ საკმაოდ ბევრი მიწა “მიტოვებული” აღმოჩნდა, ან კიდევ მიატოვებინეს. როგორ? აი, ასე, მაგალითად. მე-8 საპყრობილეში მყოფი მსჯავრდადებული გ.შ. 2010 წლის 13 ივლისს წერს განცხადებას საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის სახლზე: “ს. კოჯორში კერძო საკუთრებაში მაქვს მიწის ნაკეთი, რომლის საკადასტრო კოდია 81.01.06.330. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ვერ ვიყენებ, რის გამოც გადავწყვიტე მისი მიტოვება”. ჯერ ერთი, ციხეში მყოფი კაცი როგორ გამოიყენებდა მიწის ნაკვეთს, მაგრამ ციხეს რომ დიდი მუცელი აქვს, ყველამ იცის და ამ ადამიანს სურვილიც კი არ გაუჩნდა, რომ თუნდაც მინიმალურ ფასად გაეყიდა ეს მიწის ნაკვეთი და საკუთარი ოჯახისთვის ან საკუთარი თავისთვის მოეხმარებინა. სხვა თუ არაფერი, ციხიდან რომ გამოვიდოდა, მინიმალური კაპიტალი ხომ დახვდებოდა გარეთ? არა, ადგა და მიატოვა. ზემონახსენები, საქმეში ჩახედული ადამიანის განმარტებით, ციხეში მყოფთაგან ასეთი განცხადების მიღება ლელუაშვილისთვის ძალიან ადვილი იყო. ისევე, როგორც გარეთ მყოფთა დაშინება ციხეში ჩასმით, თუ ქონებას არ მიატოვებდნენ. ამ სახელმწიფოებრივი ქმედების სანაცვლოდ, ფეიქრიშვილსა და ლელუაშვილს სხვა მიწები შერჩათ, _ აცხადებს იგივე პერსონა.
შემდეგი ფაქტი _ ჩვენ მივეჩვიეთ, რომ გარდაცვლილები “მონაწილეობდნენ” არჩევნებში, მივეჩვიეთ მიცვალებულების სახელებით მანიპულირებას. მაგრამ ჩემი არც საჯარო სამსახურში საქმიანობის გამოცდილება და არც მედიაში მოღვაწეობის პერიოდში ამგვარი რამ არსად შემხვედრია. ანუ გინახავთ მოსიარულე მიცვალებული? თან უკვე დასაფლავებული რომ არის, მაგრამ დადის, საქმეებს აგვარებს და არც მეტი, არც ნაკლები საჯარო რეესტრში დოკუმენტებიც დააქვს. კი, ხდება თურმე ასე _ 2006 წელს 29 დეკემბერს ტაბახმელის საკრებულოს გამგეობის სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე კ. კაკაჩია გასცემს ცნობას, რომელშიც სიტყვასიტყვით წერია: ცნობა ეძლევა აწ გარდაცვლილ რომან გაგნიძეს მასზე, რომ მიწის მესაკუთრეთა და სიების მონაცემებით საკუთრებაში სოფელ წავკისში, გარდაბნის რ-ნი, დღეის მდგომარეობით ირიცხება 1,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1998 წლიდან. აქედან 0,17 ჰა მიწის ფართზე დგას საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით. ცნობა ეძლევა საჯარო რეესტრში წარსადგენად”. მოკლედ, გასცეს ცნობა მიცვალებულზე, რომელსაც ის უნდა წაეღო საჯარო რეესტრში. მთავარი აქ მაინც ის არის, რომ გარდაცვლილს ცნობა სჭირდება დაკანონებისთვის, ხოლო ცოცხალი უარს ამბობს საკუთარ ქონებაზე. არ არის ეს პარადოქსი? ისე ნუ იფიქრებთ, რომ ტაბახმელაში ცნობებს მხოლოდ მიცვალებულებზე გასცემდნენ, სულაც არა, მაგალითისთვის, იმავე 2006 წლის 8 თებერვალს ანალოგიური ცნობა კიდევ ერთ მოქალაქეზე გაიცა, მაგრამ მას ხელს კაკაჩია კი არა, ამჟამინდელი დეპუტატი ფეიქრიშვილი აწერს.
წინა წერილებში საკმაოდ დიდი ადგილი დავუთმეთ ბატონი ფეიქრიშვილის მიერ საკუთარ ნათესავებსა და ახლობლებზე მიწების გაფორმების ფაქტებს და იმასაც, რომ საკმაოდ ბევრმა გარდაბნის რაიონში დღემდე არ იცის, რა ქონებას ფლობს. ასევე, იმას, რომ თითქმის არავის, ფეიქრიშვილ-ლელუაშვილის გარეშე, მიწის გასხვისების უფლება არ აქვს.
და მაინც, მორალი აქ სხვა რამეშია. გასაგებია, რომ ბანკს აქვს თავისი ბიზნესამბიცები. ისიც გასაგებია, რომ ბანკსაც ადამიანები მართავენ, რომელთა დაყოლიება, დაშანტაჟება და გნებავთ წიხლქვეშ გაგდებაც შესაძლებელია. მაგრამ იუნკრების სისხლით მორწყული მიწა რომ შემოგატენათ ლელუაშვილმა და ფეიქრიშვილმა საქართველოს წამყვან ბანკს და ახლა თქვენი კაპიტალიზაციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ეს ადგილები, თქვენ როგორ აპირებთ მის გამოყენებას? ეს გასაგებია, რომ ამ მიწებზე დიდი ფულები აკეთებინეთ დასახელებულ ორ პერსონას და თქვენც არაფერი დაგიკლიათ, იქნებ პრემიებიც გამოიწერეთ ისტორიული მიწების დასაკუთრებისთვის. მაგრამ შემდეგ რა ხდება? ანუ რას აპირებთ? იმის გარანტია მაინც მიეცით საქართველოს მოსახლეობას, რომ მინიმუმ რუსეთიდან ჩამოსულ ინვესტორს არ მიჰყიდით სამომავლოდ ამ მიწებს. იმის გარანტია მაინც მოგვეცით, რომ ლელუაშვილი-ფეიქრიშვილის სიხარბე და ვნებები, რომლის დაკმაყოფილებასაც თქვენ დაუდეთ სათავე, საბოლოოდ არ გახდება ჩვენი პირტიტველა ისტორიული წინაპრების საფლავში ჩაფურთხების ტოლფასი.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |