![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“ხელისუფლებაშიც არიან ძალები, რომლებიც პრორუსული არჩევანის შემთხვევაში, არ იქნებიან წინააღმდეგნი, ფლაგმანის როლის შესრულება ითავონ”
“ჩვენთან ძირითადად მხოლოდ დევნილებს ან იქ ნაომარ გმირებსა და მათი ოჯახის წევრებს სტკივათ აფხაზეთი და სამაჩაბლო”
“რაც გადავიტანეთ და რასაც დღემდე ვიტანთ, არაა საკმარისი, დავინახოთ, რომ დღესაც კი უკრაინაზე ბევრად გამწვავებულ საომარ ვითარებაში ვიმყოფებით?!”
“პრემიერის” კითხვებს დიპლომატმა, საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელმა მამუკა ჟღენტმა უპასუხა.
- მოგესალმებით, საუბარი ერთი მნიშვნელოვანი საკითხით დავიწყოთ - ხშირად ვისმენთ საყვედურებს, რომ მედია და ცალკეული ინსტიტუტები რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. თუმცა პირდაპირ არც ერთი მედიასაშუალება არ წერს, რომ რუსეთს უნდა შევუერთდეთ, დავემონოთ და ასე შემდეგ. ძალიან იშვიათად შეიძლება შევხვდეთ ასეთი სურვილის მქონე სამოქალაქო ინსტიტუტებსაც. მაშინ რა განაპირობებს ამ საყვედურებს? რა რეალური ფაქტების მეშვეობის კეთდება ასეთი დასკვნები?
- თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მარგინალურ მედიასტრუქტურას, ღია პრორუსულ აგიტაციას საქართველოში, მგონი, არავინ ეწევა. ის, რაზეც ზემოხსენებულ კითხვაშია საუბარი, უფრო სხვა სამწუხარო ფაქტორებითაა განპირობებული. არ მინდა საკუთარი ერის არასამართლიანი კრიტიკა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პლუსები და ასევე, გაგვაჩნია მინუსებიც, ისევე როგორც ყველა ერს დედამიწის ზურგზე. ჩვენ არც ყველაზე საუკეთესონი ვართ და არც არავისზე უარესნი. თუმცა ჩვენ, სამწუხაროდ, გვახასიათებს ზედმეტი ინდივიდუალიზმი, რაც ხშირ შემთხვევაში ეგოიზმში გადაიზრდება ხოლმე. ჩვენ, ქართველები, საკმაოდ რთულად ვიღებთ სხვის წარმატებას და საკმაოდ ადვილად - სხვის უბედურებას. ეს “სხვა” რომ მართლა სხვა იყოს, იმდენად პრობლემატური არ იქნებოდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ისე, როგორც აზერბაიჯანელს სტკივა მთიანი ყარაბახი, როგორც კვიპროსელს - ჩრდილოეთი კვიპროსი ან თუნდაც სერბს - კოსოვო და მეტოჰია, კარგად ვიცნობ რა მოლდოვას, აქ სპეციალურად არ მომყავს დნესტრისპირეთის მაგალითი - ჩვენთან ძირითადად მხოლოდ დევნილებს ან იქ ნაომარ გმირებსა და მათი ოჯახის წევრებს სტკივათ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ამას სუფრაზე შესმული სადღეგრძელოების სტატისტიკური მონაცემებით არ ვასკვნი. ჩვენთან, სანამ “ჩემს” საკუთარ ოჯახში არ შემოვარდებიან, სანამ ჩემი საკუთარი ოჯახის წევრებს არ მიაყენებენ შეურაცხყოფას, სანამ ჩემი საკუთარი საპირფარეშოდან არ მოიპარავს რუსი სალდათი უნიტაზს, ეს ყველაფერი მხოლოდ ცინცხლად მოსმენილზე ნემსის გაკეთების ტოლფასი ან სუფრაზე კაცისთვის ცრემლის მომდენი სადღეგრძელოს წარმოთქმის საბაბია. მტკივა, მაგრამ ფაქტია, რომ, როდესაც გაჟღერდა რეკომენდაცია ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთა უკრაინაში ვიზიტის შესახებ - მიმდინარე მოვლენების ფონზე და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად - უმალ გამოჩნდნენ “ფრთხილი პაციფისტები”, რომლებიც გვაფრთხილებდნენ და გვმოძღვრავდნენ, რომ აღნიშნულით რუსეთს გავაღიზიანებთ და მივიღებთ უარყოფით შედეგებს. ნუთუ, ის, რა შედეგიც დღეს გვაქვს, არ მეტყველებს უკვე გაღიზიანებულ რუსეთზე და ნუთუ ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია და ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ სერიოზულ ნაწილს წართმეული აქვს საკუთარი მიწა, წყალი და კერა, რომ არაფერი ვთქვა იმ შეურაცხყოფაზე, რაც გადავიტანეთ და რასაც დღემდე ვიტანთ, არაა საკმარისი, რომ დავინახოთ, რომ დღესაც კი უკრაინაზე ბევრად გამწვავებულ საომარ ვითარებაში ვიმყოფებით?!
- მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოვახდინეთ, ყველა საუბრობდა, რომ აგვისტომდე პერიოდი საქართველოსთვის საკმაოდ დაძაბული იქნებოდა. როგორც იტყვიან, ხილული დაძაბულობა უკრაინის პროცესებმა გადაავადა, თუმცა რამდენი ხნით, ეს უცნობია. ამავდროულად, არაერთი წყარო საუბრობს, რომ რუსეთმა საქართველოს გამალებული “ჰუმანიტარული და ეკონომიკური” ექსპანსია დაიწყო. რამდენად თვალშისაცემია ეს ფაქტი. თქვენთვის რა არის ცნობილი ამის შესახებ და რატომ აირჩია კრემლმა ეს გზა?
- კრემლის მხრიდან საქართველოზე ზეწოლა არ შემცირებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში. აღნიშნული ზეწოლა პირდაპირპროპორციული იყო იმისა, თუ რა ვითარება იყო საქართველოში. ზეწოლა იზრდებოდა, როდესაც საქართველო თვალშისაცემად ძლიერდებოდა (2008 წელი), ან მაშინ, როდესაც საქართველო უახლოვდებოდა რაიმე კონკრეტულ მიზანს - სტამბულის ეუთო-ს სამიტი და ხელშეკრულება წინა საუკუნის მიწურულს და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მოახლოება უკვე 21-ე საუკუნეში. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ თვით საქართველოს ხელისუფლება აკნინებს საქართველოს არსებულ თუ შესაძლო პოტენციალს - მაგალითად, ხელისუფლების თეზა, რომ საქართველოს არ გააჩნია ამბიცია, იყოს თუნდაც რეგიონული ლიდერი - ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შევედით იმ სტადიაში, როდესაც საუბარი მიდის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. არ არის გამორიცხული შემდგომი ხელშესახები პროგრესი საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობებშიც. შესაბამისად, რუსეთის მხრიდანაც გაიზარდა ზეწოლა - მავთულხლართების აგების გაორმაგებული ტემპები, საქართველო-რუსეთის საზღვრის გადმოწევა და ა.შ. უკრაინის მოვლენებმა, სადაც რუსეთმა ფსონი დადო იანუკოვიჩზე, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა დამაგნიტებულ ზეროზე არ დაუსვა ბურთი პუტინს, გარკვეულწილად აარიდა ან გადაუვადა საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას რუსეთის ფორსირებული შემოტევა. თუმცა, კრემლი მის “დაინტერესებას” ამ ორი სახელმწიფოს მიმართ ვერ დაივიწყებს და მაშინ, როდესაც უკრაინასთან უწევს მისი ძირითადი ნოუ-ჰაუს გამოყენება - სამხედრო ძალა, შანტაჟი, ბულდოზერული დიპლომატია - საქართველოსა და მოლდოვას წილად ერგო ე.წ. რუსული “ Soft- power”-ის (რბილი ძალა. - ავტ.) უკეთ გაცნობა.
- ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს რუსეთიდან “გამოგზავნილი” ქართველების მიერ ქართული ბიზნესით დაინტერესებაში, ქართულ ეკონომიკაში შესაძლო ინვესტირებაში და ცალკეული პერსონებისთვის “ხელის გამართვაში”. შესაძლოა, ამაში ცუდი არც არაფერი არ არის, მაგრამ საზოგადოების ეს ნაწილი არ სვამს კითხვას - აქვთ კი ამ ადამიანებს იმდენი კაპიტალი, რომ ის ქართულ ეკონომიკაში დააბანდონ და რეალურად ვისი ფულით “ბრუნდებიან” სამშობლოში. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
- თავისთავად საქართველოს ეკონომიკაში უცხოური, თუნდაც ეს რუსული იყოს, ინვესტიციების შემოდინება ცუდი ნამდვილად არაა. ისევე როგორც არანაირად არაა ცუდი ის, რომ საქართველოში წარმოებულმა გარკვეულმა პროდუქტებმა პირდაპირი გზით შეაღწია რუსულ ბაზარზე. თუმცა, არის კონკრეტული საშიშროებაც. უდავოა, რომ საშიშია ქართული ეკონომიკის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულად ქცევა და რუსული ბაზრის გახსნით დაკმაყოფილება. რუსეთი მსოფლიოში ყველაზე არასანდო და არაპროგნოზირებადი ბიზნესპარტნიორია და არამც და არამც არ უნდა დავუშვათ ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ ჩაკეტილმა რუსულმა ბაზარმა ჩვენი ქვეყნის ისედაც დასუსტებულ ეკონომიკას ფატალური დარტყმა მიაყენოს. შესაბამისად, იგივე შეიძლება ითქვას რუსული კაპიტალისა და ინვესტიციების შემოდინებაზე საქართველოში. თუ აღნიშნულ ეკომონიკურ ექსპანსიას რუსეთის მხრიდან ჩვენთან დავახვედრეთ უაღრესად დასუსტებული სახელმწიფო ინსტიტუტები, არაპროფესიონალიზმისა თუ გადაწყვეტილებების მიღების უუნაროების გამო შესუსტებული მაკონტროლებელი, მათ შორის საზედამხედველო, აპარატი, გაუგებრობაში მყოფი ქართული კაპიტალი და ა.შ., ამ შემთხვევაში ქართულად შეფუთული რუსული კაპიტალის მოზღვავება, რა თქმა უნდა, კონკრეტული და სერიოზული საფრთხეების მატარებელია.
- როგორ ფიქრობთ, რომელია ქვეყანაში ყველაზე მძლავრი ინსტიტუტი, რომელსაც აშკარად რუსული შეფერილობა აქვს?
- რომელიმე ცალკე აღებულ ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატულ რუსულ შეფერილობას ვერ დავწამებ. მეორე მხრივ, საქართველოში ყოველთვის იყო და დღეს განსაკუთრებით აქტიურია ე.წ. მეხუთე კოლონა. ამ მეხუთე კოლონის პოლკოვნიკები თუ პრაპორშიკები სხვადასხვა რაოდენობითა და გავლენით არიან წარმოდგენილნი საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუტებში. მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით გადაჭარბებული იქნებოდა საუბარი იმაზე, რომ მათ გააჩნიათ გადამწყვეტი ბერკეტები, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დროთა განმავლობაში არ არის გამორიცხული, მეხუთე კოლონის საქმიანობამ უფრო კონკრეტული და ხელშესახები შედეგები გამოიღოს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ევროპული კურსის, თუნდაც დეკლარირების დონეზე, მომხრე პოლიტიკური სპექტრისა და პირველ ყოვლისა, სახელისუფლებო ძალების რეიტინგის ობიექტურ დაცემას საზოგადოებაში.
- დღეს ხელისუფლება ადეკვატურად რეაგირებს რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე და რამდენად არის ქვეყანა მზად ნებისმიერი, ამ დროისთვის გათვლილი თუ ჯერაც უცნობი საფრთხეებისადმი?
- საქართველოს ხელისუფლება ხან ადეკვატურია და საკმაოდ ხშირად არაადეკვატური და დროს ჩამორჩენილი საკუთარ ქმედებებში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რეაქცია ხელისუფლების მხრიდან ქაოსური და არაპროგნოზირებადია. ეს იმაზეც მეტყველებს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია კონკრეტული სტრატეგია და არც ტაქტიკა ამა თუ იმ გამოწვევასთან გასამკლავებლად. ვეჭვობ, არც შესაძლო საფრთხეებია ჯეროვნად იდენტიფიცირებული და გაანალიზებული. შესაბამისად, ის, რომ მე პირადად ვერ დავწამებ ამ ხელისუფლებას პრორუსულობას, ვერაფერი ბედნიერებაა. არაკომპეტენტურობა, ქაოსურობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინვალიდობა, კოორდინაციის არარსებობა ან თუნდაც შეფერხებული ეფექტურობა, განსხვავებული აზრისა თუ კონსტრუქციული კრიტიკისადმი უაღრესად ანტაგონისტური დამოკიდებულება ისევე საზიანოა სახელმწიფოსთვის, როგორც მეხუთე კოლონა.
- ცხადია, რომ რუსეთის თემა დღემდე ვერ გახდა პოლიტიკური სპექტრისთვის კონსოლიდაციის, ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბების საკითხი. ოპოზიცია და ქართველი ხალხის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი აგრესორია, ხელისუფლებამ ეს სიტყვა საერთოდ ამოიღო საკუთარი პოლიტიკური ლექსიკიდან. ექსპერტების მიერ არის თუ არა ამ არჩევანის მოდელირება გაკეთებული და რამდენად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ეს გზა ქვეყნისთვის?
- დღიდან დღევანდელი მმართველი ძალების ხელისუფლებაში მოსვლისა, ვაცხადებდი, რომ ხელისუფლებას აქვს იმის უფლება, რომ სცადოს ესა თუ ის ვარიანტი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისა. მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ასეთი მცდელობის შედეგისადმი, დღესაც მჯერა, რომ მმართველ ძალებს აღნიშნული მცდელობის საშუალება უნდა მისცემოდათ. თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი და უკვე დღეს იმის არაღიარება, რომ აღნიშნული მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა ანდა შედეგის დადგომისთვის მცდელობა ჯერ კიდევ უნდა გაგრძელდეს, ვერ იქნება შეფასებული, როგორც მხოლოდ იდეალისტურ-ილუზორული სიბრმავე. ეს უკვე სხვა შეფასებით კატეგორიაშია. ასეთი მცდელობა ჰქონდა წინა ხელისუფლებასაც. თუმცა, წინა ხელისუფლებამ მოახერხა ან მას მოუწია დროულად იმის რეალურად აღქმა, რომ პუტინის რუსეთთან ე.წ. win-win game ელემენტარული აბსტრაქციაა. დღევანდელ ხელისუფლება თუ დროზე მოახერხებს იმ რეალობის აღიარებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, უკვე მშვენივრად აქვს გათვითცნობიერებული და გათავისებული, უკეთესი იქნება სახელმწიფოსთვისაც და ამ ხელისუფლებისთვისაც. ვიმეორებ, მცდელობის უფლება მათ ჰქონდათ და ის, რომ რაღაცა არ გამოვიდა, საქართველოს ხელისუფლების ბრალი ნამდვილად არაა. საქმე გვაქვს რუსეთთან და ეს საქართველოს მოსახლეობას ან მშვენივრად ესმის ან ამის ახსნა ჩვენი საზოგადოებისთვის სავსებით რეალისტური ამოცანაა. შესაბამისად, არსებული რეალიების აღიარებით ხელისუფლება არ დაზარალდება და ქვეყანა კი, სერიოზულ საფრთხეებს აიცილებს თავიდან. მეორე მხრივ, თუ ხელისუფლებამ გააგრძელა რუსეთის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, უსუსური, არაადეკვატური და მლიქვნელობითი პოლიტიკის განხორციელება, თუ იმის მაგივრად, რომ გამოვიყენოთ დღეს უკრაინის ხარჯზე შექმნილი პერსპექტივები, გავაგრძელებთ არათუ უმოქმედობას, არამედ განზრახ მცდელობას საქართველო-რუსეთის ომის შედეგების საკითხის საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგიდან გასაქრობად, შედეგები გვექნება სავალალო.
- იმ პირობებში, თუ რუსეთმა შეძლო, თუნდაც მცირედი, მაგრამ ხელშესახები “ჰუმანიტარული და ეკონომიკური” ანკლავების შექმნა, რა იქნება მისი მხრიდან შემდეგი ნაბიჯი და რისთვის უნდა ვემზადოთ? მოდით, შესაძლო ვარიანტებიც განვიხილოთ, რა შედეგი შეიძლება დადგეს ამ ექსპანსიით და რეალურად როგორი იქნება ზემოქმედების ფორმები, რუსეთის მიზნებიდან გამომდინარე?
- რუსეთის მეხუთე კოლონის გაძლიერება, ე.წ. ანკლავების დაფუძნება რუსეთს მიანიჭებს არჩევანის უფრო ფართო არეალს საქართველოსთან დაპირისპირებაში. მე პირადად მიმაჩნია, რომ რუსული “Soft- power” არასდროს არ ყოფილა და ვერც ახლა იქნება იმდენად მიმზიდველი, რომ მოხერხდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ანდა თუნდაც სერიოზული ნაწილის მოსყიდვა ან გადაბირება. შესაბამისად, პრორუსული ძალების მიერ საქართველოში რეგულარულ არჩევნებში წარმატების მიღწევასა და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლას გამოვრიცხავ. თუმცა, თუ ასეთი ანკლავების ზეგავლენის ქვეშ მოექცა თუნდაც ჩვენი მოსახლეობის 10%, ამ სეგმენტის აქტიურობის შემთხვევაში ეს სავსებით საკმარისი იქნება უკვე არაკონსტიტუციური გზებით სასურველი შედეგის მისაღწევი მცდელობისთვის. ასეთ შემთხვევაში, არც ე.წ. პრორუსულად განწყობილი “მოძმე ერის” დასახმარებლად კრემლიდან გამოგზავნილი ტანკის გამორიცხვა იქნებოდა სწორი. მით უმეტეს, რომ ამ ტანკის ლულა სულ რაღაც ორმოცი კილომეტრიდან შემოსცქერის ჩვენს დედაქალაქს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვით დღევანდელ ჩვენს უაღრესად ეკლექტურ ხელისუფლებაშიც არიან ძალები, რომლებიც პრორუსული არჩევანის, როგორც რეალური სამოქალაქო პოზიციის, აღორძინების შემთხვევაში, არ იქნებიან წინააღმდეგნი, ფლაგმანის როლის შესრულება ითავონ.
გოჩა მირცხულავა, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |