|
“რეალური საფრთხე, რის წინაშეც დგას საქართველოს ეკონომიკა, არის მისი ფულად-საკრედიტო სისტემის არაეფექტური მართვა”
საქართველოში არსებობს არა მონოპოლიური ბაზარი, არამედ ოლიგოპოლიური ბაზარი
“პრემიერს” ესაუბრა ექსპერტი ლია ელიავა:
- ქ-ნო ლია ხელისუფლება საუბრობს ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესზე, რეალურად თუ შეინიშნება გაჯანსაღების პროცესი და სად?
- ხელისუფლება ვალდებულია, ისაუბროს ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე. ეს მიღებული ფორმაა ყველა ქვეყანაში, რადგან მაღალჩინოსნების მიერ საზოგადოებისადმი მოწოდებულ ინფორმაციას დიდი დატვირთვა აქვს. ალბათ, ყველას გვახსოვს გასული 2013 წლის პირველი თვეები, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპები ყოველთვიურად იკლებდა. მაშინ მთავრობის წარმომადგენლები ჯიუტად იმეორებდნენ, რომ წლის ბოლოს დაგეგმილ 6-პროცენტიან ზრდას ექნებოდა ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ყველა ჩვენგანზე კარგად იცოდნენ, რომ დაგეგმილი ტემპები ვერ შესრულდებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ინსტიტუტებმა ზრდის პროგნოზები შეამცირეს, ხელისუფლების რიხიანი მტკიცება დაგეგმილი ზრდის ტემპების შესახებ შესუსტდა. მეტიც, ზოგიერთმა მისმა წარმომადგენელმა ზრდის უფრო დაბალი ტემპები შესთავაზა საზოგადოებას. ასე ხდება გარდამავალ ქვეყნებში, განსაკუთრებით იქ, სადაც მწვავე შიდაპოლიტიკურ წინააღმდეგობას აქვს ადგილი. დამთავრდა 2013 წელი და 6-პროცენტიანი ზრდის სანაცვლოდ მივიღეთ 3.2-პროცენტიანი ზრდა.
მთავრობას ამჟამად ნამდვილად აქვს საფუძველი, ისაუბროს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე. ამის საფუძველს იძლევა “საქსტატის” მიერ გასული წლის დასასრულსა და მიმდინარე წლის პირველი ორი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის წინასწარი შეფასება. კერძოდ, 2014 წლის იანვარში ზრდამ 7.8% შეადგინა. ამ ციფრის გაანგარიშებას საფუძვლად დაედო სამომხმარებლო და მწარმოებელთა ფასების ინდექსების ზრდა (0.8% და 2.3% შესაბამისად), საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა (14.5%), დღგ-ს ბრუნვის მაჩვენებლის ზრდა (14.9%), ახლად რეგისტრირებული ბიზნესის ზრდა (9.9%), საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა (3.8%). როგორც ვხედავთ, მაჩვენებლები საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება. როგორც ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკა უფრო მაღალი ტემპებით გაიზარდა. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცხადებული ციფრები საბოლოო არაა, მათში შეიტანება კორექტივები მატების ან კლების მიმართულებით.
“საქსტატი” ოფიციალურად აცხადებს, რომ “რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან”. ეს განმარტება სრულიად სამართლიანია, ვინაიდან ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება რეალური ზრდისგან შეიძლება განსხვავდებოდეს 4-6 პროცენტული პუნქტით. თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლის იანვარში ზრდამ 2.4% შეადგინა და ეს ციფრი მეტ-ნაკლებად უკვე დაზუსტებულია, მიმდინარე წლის 7.8%-იანი ზრდა, კორექტირებული ცდომილებაზე, არ შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკურ ზრდაში მიღწეულ განსაკუთრებულ წარმატებად.
რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლებს, გასული 2013 წელი არც ისე წარმატებული იყო. ბიუჯეტს 600 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა, თუმცა წლევანდელი სასტარტო მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. იანვარში საბიუჯეტო შემოსავლები 3%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გადაჭარბებით შესრულდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი და იანვარ-თებერვალში თითქმის 100 მილიონ ლარამდე ზეგეგმური თანხაა მობილიზებული. ეს არის ბიზნესის გააქტიურების ერთგვარი პოზიტიური სიგნალი.
იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, მართალია, გაიზარდა 2013 წლის იანვართან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად იკლო წინა წლის დეკემბერთან შედარებით. იმპორტი შემცირებულია 33.7%-ით, ხოლო ექსპორტი - 23.6%-ით. ასეთი მნიშვნელოვანი კლების მიზეზად შეიძლება დასახელდეს იანვრისთვის დამახასიათებელი დაბალი ბიზნესაქტივობა, თუმცა წინა წლებში ამ უკანასკნელს არ ჰქონია ასე აშკარად გამოხატული სახე. შეიძლება ვივარაუდოთ, აგრეთვე, ძირითადი სავაჭრო პარტნიორის - უკრაინის ფაქტორის გავლენაც.
ბიზნესაქტივობის ერთ-ერთ მაჩვენებლად მიიჩნევენ ახლად რეგისტრირებული ბიზნესის რაოდენობას. ვფიქრობ, ის ვერ გამოდგება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლად. 2013 წლის მონაცემებით, დარეგისტრირებული ბიზნესის მხოლოდ 20 პროცენტი ეწევა აქტიურ საქმიანობას, ხოლო ამ 20%-დან 53%-ის საქმიანობა “საქსტატისთვის” უცნობია. გამომდინარე აქედან, დარეგისტრირებული ბიზნესის მხოლოდ 9.5%-ს შეაქვს წვლილი მთლიანი შიგა პროდუქტის ფორმირებაში. ბიზნესის დარეგისტრირება საქართველოში ადვილია და ამ მაჩვენებლით ჩვენ მსოფლიოს პირველ ათეულში ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ პიარის ატრიბუტია. დარეგისტრირებული ბიზნესის მხოლოდ მცირე ნაწილი აგრძელებს საქმიანობას. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. დღეისათვის დარეგისტრირებული ბიზნესის რაოდენობა 557 ათასია, ხოლო, ფაქტობრივად, ფუნქციონირებს მხოლოდ 113 ათასი ერთეული. ასე რომ, ბიზნესის დარეგისტრირების მაჩვენებლით ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.
ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მშპ-ს ზრდის, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის კუთხით თუ განვიხილავთ ქვეყნის ეკონომიკას უკანასკნელი 3-4 თვის განმავლობაში, აშკარად აღმავლობის პროცესთან გვაქვს საქმე წინა თვეებთან შედარებით. თუმცა ჯერჯერობით ტენდენციაზე საუბარი ზედმეტია. მთავრობას კი იმედი არ მოუშალოს ღმერთმა და ამ იმედის პრაქტიკული რეალიზაცია უთუოდ წაადგება ქვეყანას.
- ანტიმონოპოლიური კანონპროექტი მზადაა და ის პარლამენტს გადაეგზავნა განსახილველად. რა შედეგს მოგვცემს ეს კანონმდებლობა? ექსპერტთა ნაწილი ამ კანონმდებლობაზე დიდ იმედებს ამყარებს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ მთავარია პოლიტიკური ნება. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ეკონომიკის მონოპოლიზაციას მთელი მსოფლიო ებრძვის, რადგან ის ზღუდავს საბაზრო ეკონომიკის უმთავრეს პრინციპს - თავისუფალ კონკურენციას. საქართველოს ეკონომიკისთვის რომ ყოფილიყო დამახასიათებელი მონოპოლიური კონკურენცია, ეს იქნებოდა ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე კონკურენციასთან დაკავშირებული დღეს შექმნილი ვითარება. მონოპოლიური კონკურენცია გულისხმობს ბაზარზე დიდი ოდენობით მსხვილი მწარმოებლების არსებობას, მათ შორის კარტელური გარიგების დადების სირთულესა და მონოპოლიური ბრძოლის შედეგად წარმოებულ საქონელზე ფასების ვარდნას.
სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს არა მონოპოლიური ბაზარი, არამედ ოლიგოპოლიური ბაზარი. ოლიგოპოლია გულისხმობს რამდენიმე მსხვილი მეწარმის არსებობას ბაზარზე, მათ შორის მჭიდრო კავშირს და ბაზარზე ახალი პოტენციური კონკურენტების შესვლის შეუძლებლობას. ოლიგოპოლიები ადვილად შედიან კარტელურ გარიგებებში ერთმანეთთან და, მონოპოლისტური ბაზრისგან განსხვავებით, დაინტერესებულნი არიან მაღალი ფასების დაწესებაში მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე. ასეთ სფეროებზე დიდი ხანია საუბარია ექსპერტების, მეცნიერებისა და თვით ხელისუფლების მხრიდანაც. ასეთია, მაგალითად, საქართველოს ფარმაცევტული და ნავთობპროდუქტების ბაზრები, სადაც ოლიგოპოლიები ადგენენ იმპორტირებული საქონლის მოცულობასა და მასზე ფასებს. ამათ რიცხვშია აგრეთვე საბანკო ბაზარი, სადაც ოლიგოპოლიები, ანუ სისტემაწარმომქმნელი ბანკები, რომლებსაც ბაზრის 80% უკავია, ადგენენ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს კრედიტებზე. ეს კი მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს, მოსახლეობას, მთლიანად ეკონომიკას და, საბოლოო ჯამში, მოსახლეობის ცხოვრების დონეს.
კონკურენციის დაცვის შესახებ როგორი სახის კანონმდებლობაც არ უნდა იყოს მიღებული, ყველაფერს ეკარგება აზრი, თუ ისევ იქნება შენარჩუნებული ოლიგოპოლიური ბაზარი. მხედველობაში მაქვს ერთი ეკონომიკური სუბიექტის მიერ ბაზრის 40% წილის ფლობის უფლება. პრაქტიკულად, კანონმდებლობით დასაშვებია, რომ ბაზარზე სამი ოლიგოპოლია მართავდეს ეკონომიკის ერთ დარგს. ასეთი მძიმე ვითარებაა შექმნილი საბანკო ბაზარზე, სადაც ორი ოლიგოპოლია განსაზღვრავს საკრედიტო პროდუქტის ფასს და ქმნის ისეთ ვითარებას, რომ ბაზრიდან განიდევნება იაფი საკრედიტო პროდუქტების მიმწოდებლები.
საქართველოს საბანკო სისტემაში კომერციული ბანკების არათანაბარ პირობებში ჩაყენებას ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებდა. ამის მკაფიო მაგალითია ის, რომ მთავრობა მხოლოდ ცალკეულ 2-3 მსხვილ ბანკში ახდენდა თითქმის მთელი სამთავრობო და მუნიციპალური მიზნობრივი დანიშნულების საბიუჯეტო თანხების აკუმულირებას, რაც ამ ბანკებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა.
ოლიგოპოლიური ბაზრის პრობლემასთან ერთად არსებობს, აგრეთვე, სახელმწიფოს მიერ მათი რეგულირების პრობლემაც. დიდი ხანია დამკვიდრდა მავნე ტრადიციად არასპეციალისტების დანიშვნა იმ თანამდებობებზე, რომლებიც მოითხოვენ სპეციფიკურ კვალიფიკაციას. უცოდინარი პირი ვერ გაერკვევა ოლიგოპოლიების საქმიანობის ნიუანსებში, ოლიგოპოლიის არგუმენტებს ვერ დაუპირისპირებს თავის არგუმენტებს, რის შედეგადაც კონკურენციის დაცვის კანონმდებლობა იქნება პრაქტიკულად უმოქმედო.
აქვე მინდა შევეხო კონკურენციასთან დაკავშირებულ მეტად მნიშვნელოვან საკითხს. ეს არის მომხმარებლების დაცვა არაკეთილსინდისიერი მეწარმეებისაგან. და პრობლემა არამარტო უხარისხო საქონელშია. მეწარმეები თავის საქონლისა და მომსახურების გასაყიდად იყენებენ მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისა და აშკარად მოტყუების მეთოდებს. შედეგად ზარალდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის როგორც ჯანმრთელობა, ასევე მატერიალური კეთილდღეობა. რაც დრო გადის, მით უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ხდება ბაზარზე გამოტანილი საქონელი და მომსახურება. ასეთ პირობებში მომხმარებელი თავად ვერ იცავს თავის უფლებებს და, სამწუხაროდ, არც სახელმწიფო ზრუნავს მის დაცვაზე. მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ფაქტობრივად, გაუქმებული მექანიზმისა და ამ საკითხის ბაზრისთვის მინდობის შედეგად მონოპოლიებმა და ოლიგოპოლიებმა ფეხქვეშ გათელეს მომხმარებელთა უფლებები.
- პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკური გუნდი დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს რეალისტურს უწოდებენ. თუ გასული წლის მაგალითს მოვიყვანთ ლამის ბოლო თვემდე არ აღიარებდა ხელისუფლება იმას, რომ ეკონომიკური ვარდნა იყო. ამის გათვალისწინებით, რამდენად რეალისტურია ეკონომიკური ზრდის პროგნოზი?
- როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-ს 5-პროცენტიანი ზრდით, გასულ წელთან შედარებით ერთი პროცენტით ნაკლები. თუ გამოვალთ დღეისთვის ჩამოყალიბებული მაჩვენებლებიდან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაგეგმილი მაჩვენებელი მიღწევადია. მხედველობაში მაქვს გასული წლის ნოემბერ-დეკემბრისა და მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მშპ-ს ზრდის მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ თქმა იმისა, რომ ამ პროგნოზის ცდომილების ალბათობა ერთის ტოლია, შეუძლებელია სხვადასხვა გარემოებების გამო.
უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკა იმპორტის კუთხით საკმაოდ ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკაში. ასეთი ინტეგრაციის ვექტორი უფრო ცალმხრივია, ვინაიდან მსოფლიო ეკონომიკიდან ჩვენ უფრო მეტს ვიღებთ, ვიდრე გავცემთ. ფაქტი სახეზეა - იმპორტი 4-ჯერ აჭარბებს ექსპორტს. ამასთანავე, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიური რყევები უარყოფითად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე. ანუ ეს უნდა ჩაითვალოს ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად.
მეორე, ფრიად დამაფიქრებელი ფაქტორი ასევე უკავშირდება საგარეო სფეროს. უკანასკნელ დროს ჩვენი ქვეყნის საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში მოხდა სერიოზული გადაადგილებები. საგარეო სავაჭრო უმსხვილეს პარტნიორებს შორის, თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, მესამე და მეოთხე ადგილს იყოფენ უკრაინა და რუსეთი. ამ ორ დიდ ქვეყანას შორის წარმოქმნილი დაპირისპირება უთუოდ ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე.
ამ ორ საგარეო ფაქტორთან ერთად გასათვალისწინებელია შიდა ფაქტორებიც. კერძოდ, ბოლო არ უჩანს პოლიტიკურ დაპირისპირებას მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ამ ჭიდილში მმართველ პარტიას ნაკლები დრო რჩება ეკონომიკისთვის. ამას ემატება მოახლოებული ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებიც. არავისთვის არაა უცხო, რომ ასეთი მცირე ზომის ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, არჩევნები ნეგატიურად ზემოქმედებს ეკონომიკაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღევანდელი ჩვენი საზოგადოება ზედმეტადაა პოლიტიზებული, რაც ნაკლებ დროს ტოვებს ეკონომიკაზე საფიქრელად. პირველი ნიშნები უკვე სახეზეა. დაიწყო გაფიცვების ახალი ტალღა: ჭიათურის მაღაროელები, ბოლნისის ოქროს მომპოვებლები, მძღოლები, მეხანძრეები და ა.შ. ეს კი ეკონომიკური ზრდის რისკ-ფაქტორებია.
საერთოდ პროგნოზირება უმადური საქმეა, მით უმეტეს ეკონომიკური პროგნოზირება. მიმაჩნია, რომ თუ გამოვალთ ჩამოყალიბებული რეტროსპექტული მაჩვენებლებიდან და თუ ის მიიღებს ტენდენციის სახეს, 5-პროცენტიანი ზრდა გარანტირებულია. მაგრამ, თუ საგარეო და საშინაო ნეგატიური რისკ-ფაქტორების ნეიტრალიზაცია არ მოხდა, ზრდის დაგეგმილი მაჩვენებლის პრაქტიკული რეალიზება შეუძლებელი იქნება. ხოლო პროგნოზირება იმისა, როგორ განვითარდება გლობალური, უფრო სწორად, სამეზობლო რეგიონული მოვლენები და როგორი პოლიტიკური წონასწორობა დამყარდება ქვეყნის შიგნით, მხოლოდ ღმერთს შეუძლია.
აქვე მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება. საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციები ხშირად ვარჯიშობენ ცალკეული ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგნოზირებაში. საკმარისია აღინიშნოს, რომ შარშან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სამჯერ შეცვალა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, სხვა ორგანიზაციებმა - 4-ჯერ და ყველა პროგნოზი შემცირების ვექტორით ხასიათდებოდა. ამ წლის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა კიდეც და გვიწინასწარმეტყველა 6-პროცენტიანი ზრდა. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ამ ორგანიზაციების მიმართ, მინდა ვთქვა, რომ მათ დაუძველდათ პროგნოზირების მეთოდოლოგია და მეთოდიკა და უფრო პოლიტიკური მანიპულაციებით იწონებენ თავს. აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ მათი პროგნოზების დაბალი ხარისხი?
- გასული წლის 2-მილიარდიანი საინვესტიციო გეგმა ჩავარდა, მთავრობა მთელ იმედებს 2014 წლის მეორე ნახევარზე ამყარებს. როგორც წესი, კაპიტალი მიისწრაფვის იქით, სადაც გამოყენების საუკეთესო პირობებია. იგულისხმება ჯანსაღი ბიზნესგარემო. გამოითქვა მოსაზრება, რომ ხელისუფლებას ინვესტორებთან ურთიერთობა უჭირს. რას უკავშირებთ კაპიტალის შემოდინების შემცირებას?
- ახალმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პროგრამაში გააკეთა განცხადება საინვესტიციო პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესახებ. მთავარი აქცენტი აღებული იყო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და საინვესტიციო ფონდების შექმნაზე. თუმცა ყოველგვარი შელამაზების გარეშე უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ სწორად ვერ დააპროგნოზა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინების პარამეტრები. თავიდანვე იყო საუბარი 2-მილიარდიანი ინვესტიციების მოზიდვაზე. ჯერჯერობით გასული წლის უცხოური ინვესტიციების მოცულობა არ არის განსაზღვრული, მაგრამ “საქსტატის” მონაცემებით იანვარ-სექტემბერში მან 698 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.8%-ით არის გაზრდილი, თუმცა ჩვენი ეკონომიკის ფინანსური უკმარისობის პირობებში ეს ზრდა ძალიან მცირეა.
დროში გაიწელა საინვესტიციო ფონდების შექმნა. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ფონდების გამჭვირვალობა. ამ გარემოებას ხაზს უსვამს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საინვესტიციო ფონდების მიზნების, მოცულობისა და საქმიანობის დეტალური განმარტება.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ჩვენისთანა პატარა და არასტაბილურ ქვეყანაში საკმაოდ რთული საქმეა. უცხოელ ინვესტორებს ჯერ კიდევ ახსოვთ სახელმწიფოს მიერ რეიდერული შეტევები, ქონების წართმევა ადგილობრივი მეწარმეებისთვის და უცხოელი მეწარმეების დევნა. ამიტომაც ის უცხოელი ინვესტორები, რომლებიც რისკავენ საქართველოში კაპიტალის დაბანდებას, ძირითადად ოპერირებენ ქართველი არაოფიციალური მილიონრებისა და მილიარდერების თანხებით. ამიტომაც მიმაჩნია სასიცოცხლოდ აუცილებელ გარემოებად ხელი შეეწყოს არაოფიციალური მილიონრების სტატუსების გარანტირებას და მათ ნება დაერთოთ საკუთარი სახელით ინვესტიციების სახით შემოიტანონ საქართველოში აქედან წაღებული კაპიტალი. ამით იხეირებს, პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკა.
- როდესაც საუბარია ძირითად საფრთხეებზე, რის წინაშეც დგას დღეს საქართველოს ეკონომიკა, მათ შორისაა ინფლაცია და საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტურობის საკითხი. საუბარია იმაზე, რომ განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ინფლაციის ზღვრული 6%-იანი მაჩვენებლის “დაჭერა” იქნება, თანაც ისე, რომ არც სავალუტო რეზერვი შემცირდეს სახიფათო ზღვრამდე და არც ზედმეტად მოხდეს ფულის “გაძვირება”. თქვენი შეფასებით, რა არის დღეს ეკონომიკის მთავარი საფრთხე?
- საფრთხეები და მუქარები საქართველოს ეკონომიკის მუდმივი თანმხლები გარემოებებია. მათ თავს ვერ არიდებენ ვერც განვითარებული ქვეყნები, თუმცა ჩვენთან საფრთხეების რეალიზებას უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმუშევრობა და მასთან დაკავშირებული სიღარიბის საფრთხე. ამ პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით ნაბიჯები პრაქტიკულად არ გადადგმულა, თუ არ ჩავთვლით სოფლის მეურნეობის დაფინანსების პროგრამას. არადა საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ იმპორტირებული საქონლის ნახევარზე მეტი, განსაკუთრებით სასურსათო საქონელი, ჩაანაცვლოს ადგილობრივი წარმოების საქონლით.
მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული ღონისძიებები, რომლებმაც ვერ მიიღო სრულყოფილი პოლიტიკის სახე და სულ ახლახან უბრალოდ დეკლარირდა როგორც სტრატეგია. არადა ქვეყანას სჭირდება სწორედაც მეცნიერულად არგუმენტირებული მონეტარული პოლიტიკა და, ამასთანავე, გასაჯაროებული და პროგნოზირებადი პოლიტიკა. ყველა მეწარმეს, ინვესტორსა და, უბრალოდ, ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს ცხადი წარმოდგენა იმის შესახებ, რა ზომებს მიიღებს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ.
არაადეკვატური მონეტარული ღონისძიებების შედეგია, რომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი ხან ორნიშნა ხდება, ხან კი უარყოფითი და ქვეყანა ექცევა დეფლაციაში. ეროვნული ბანკის არაეფექტიანი საქმიანობის შედეგად უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ინფლაციის 6%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა ან მასთან მიახლოებაც კი. საზოგადოებისთვის საერთოდ უცნობია, რატომ ჩათვალა ეროვნულმა ბანკმა, რომ ინფლაციის 6%-იანი მაჩვენებელი ოპტიმალური იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, არც ის იცის, ვინ უკარნახა, ეს ნიშნული გამოეყენებინა მიზნობრივ მაჩვენებლად. და არც ის იცის, რატომ უნდა იყოს ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ის დონეზე 2015 წლიდან.
ოპტიმალური მონეტარული პოლიტიკის არქონისა და ეპიზოდური მონეტარული ზომების გატარების პირობებში ეროვნული ბანკი ადვილად კარგავს სავალუტო რეზერვებს, რომლებიც არა ეროვნული ბანკის, არამედ სახელმწიფოს საკუთრებაა. ცალკე სასაუბრო თემაა ამ რეზერვების მართვის პრობლემა, ვინაიდან საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენად სანდო ფასიან ქაღალდებშია განთავსებული ეროვნული სიმდიდრე და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მათ, კერძო ფონდების გაკოტრების შემთხვევაში. ასევე, გაკვირვებას იწვევს იმ თანხების სიმწირე, რომლებსაც შემოსავლის სახით იღებს, ეროვნული ბანკი რეზერვების განთავსებიდან.
რაც შეეხება ლარის ზედმეტად გამყარების პრობლემას, ლარი უკვე არის ზედმეტად გამყარებული, რაც ზღუდავს ბიზნესს, ზრდის საკრედიტო რესურსების ფასს და ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რეალური საფრთხე, რის წინაშეც დგას საქართველოს ეკონომიკა, არის მისი ფულად-საკრედიტო სისტემის არაეფექტური მართვა.
ლაშა ნოდია, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |