|
“ამ ხელისუფლების დიდი შეცდომაც არის ის, რომ მხოლოდ ამბობენ, უნდა დაბრუნდნენ ქართველები უცხოეთიდანო, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებენ.. რამდენიც უნდა იძახონ, არ დაბრუნდებიან ასეთ პირობებში”
საფრანგეთში მცხოვრებმა უფლებადამცველმა კოკა კვინიკაძემ "პრემიერს" ექსკლუზიურად აცნობა, რომ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ხელისუფლებამ იქ მაცხოვრებელი ქართველები, რომლებიც ამ ქვეყანას თავშესაფარს, ან მკურნალობას სთხოვენ, გააფრთხილა, დახმარებებს ვეღარ მიიღებთ, საქართველოში დაბრუნდითო.
კოკა კვინიკაძე:
-საფრანგეთმა დაიწყო ქართველი ემიგრანტების გაყრა თავისი ქვეყნიდან. ეს, ალბათ, სხვა ქვეყნებსაც გადაედება, რადგან ასეთი რამ შემთხვევითობის ბრალი არ არის. ზოგი ქართველი აქ სამკურნალო საბუთით არის ჩამოსული, ზოგი სოციალური თუ პოლიტიკური თავშესაფრის მოლოდინშია, მაგრამ დახმარებაზე ყველას უარს უცხადებენ. ეუბნებიან, თქვენს ქვეყანაში წადითო. ეს პროცესები ორი თვეა, რაც დაიწყო, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების წინა ხელშეკრულებას. ასოცირების ხელშეკრულებას რომ მოეწერება ხელი, ალბათ, კიდევ უფრო გართულდება ქართველი ემიგრანტების მდგომარეობა უცხოეთში.
-ასოცირებისწინა ხელშეკრულებამ ემიგრანტების მდგომარეობაზე უარყოფითად რატომ იმოქმედა?
-ასოცირებისწინა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საფრანგეთმა საქართველო ჩასვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. აქამდე ჩვენი ქვეყნიდან ჩასული ადამიანი თავშესაფარს, ან სოციალურ დახმარებას თუ მოითხოვდა, მას საემიგრაციო სამსახური განიხილავდა. რეალური მიზეზი ვისაც ჰქონდა, თავშესაფარს აძლევდნენ. ახლა კი უარით ისტუმრებენ და პირდაპირ ეუბნებიან, თქვენს ქვეყანაში პრობლემები უკვე გადაჭრილია და თავშესაფარიც აღარ გჭირდებათო. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები არ აქვთ, მაგრამ, როცა ასეთ ხელშეკრულებას აწერს ხელს ქვეყანა, ის უკვე სხვა ვალდებულებებს იღებს. ამ შემთხვევაში საქართველოს სხვა ვალდებულებები აქვს ევროპის წინაშე და რა თქმა უნდა, რაც უფრო ვუახლოვდებით მას, თავის ხარკს გვახდევინებს. ჩვენი მოქალაქეები მას აღარც სამკურნალოდ სჭირდება და არც დასახმარებლად. სამწუხაროდ, ეს პროცესები შეეხო ევროპას ავადმყოფობის გამო ჩაბარებულ ხალხს. აი, ეს არის ყველაზე პრობლემატური. რადგან საქართველოში მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იდგა, ისინი ჩამოდიოდნენ საფრანგეთში, იკეთებდნენ გამოკვლევებს და თუ სერიოზული ავადმყოფობა აღმოაჩნდებოდათ, უტარებდნენ მკურნალობის კურსს, რომელსაც დაზღვევა იხდიდა. დაზღვევას კი ამ თანხას სახელმწიფო ურიცხავდა. ამ ადამიანებს, მკურნალობის გარდა, პენსიასაც აძლევდნენ. ალბათ, ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. ახლა კი ამ მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებსაც ეუბნებიან, დატოვეთ ქვეყანაო. ევროპას აქვს ასეთი წესი და სხვადასხვა ევროკონვენციებით ვალდებულება, თუ ჩამოდიხარ და გაქვს ავადმყოფობა, რომელიც შენს ქვეყანაში ვერ იკურნება, გაძლევს ცხოვრების საბუთს, ბინის შოვნაშიც თავად გეხმარება და პენსიასაც გინიშნავს. სანამ არ გამოგაჯანმრთელებს ყველანაირად გეხმარება, მაგრამ ახლა ამ საბუთების გაცემის შეწყვეტა დაიწყო. დოკუმენტით, რომელსაც ხელი მოეწერა, საქართველო ვალდებულია, თავად უმკურნალოს ამ ადამიანებს, რადგან ითვლება, რომ ჩვენთან მკურნალობა სხვადასხვა დონეზე ყველასთვის უკვე ხელმისაწვდომია.
-ხო, მაგრამ რეალურად რომ ასე არ არის, ვინ ატყუებს ევროპას?! თუ ასოცირების ხელშეკრულება ხალხს პრობლემებს გაუასმაგებს, მაშინ რა საჭიროა ასეთი ხელშეკრულებები?
-ევროპას მილიონობით ევრო უჯდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მკურნალობა. ამაზე არაერთი გადაცემა მომზადდა ფრანგულ ტელევიზიებში. აქედან გამომდინარე, თუ მათ რაიმე ხელმოსაჭიდი ექნებათ, უარი რომ თქვან სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ავადმყოფების მკურნალობაზე, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებს. საქართველო დღეს საბუთების დონეზე უახლოვდება ევროპას, შესაბამისად კი, გარკვეულ ვალდებულებებს ევროპაც აკისრებს, თუნდაც საკუთარი მოქალაქეების პატრონობას. ყველა ავადმყოფს ჯერ არ შეხებია ეს, თუმცა დიდ ნაწილს უკვე შეეხო.
სიტუაცია ორმა რამემ გააფუჭა: როგორც გითხარით, ერთი იყო ევროპისკენ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯი, მეორე კი აქ ჩამოსული კრიმინალები. სხვათა შორის, ფრანგულ არხებზე ხშირად არის ქართულ მაფიაზე საუბარი. რადგან ჩვენ ვამბობთ -ევროპული სტანდარტების ქვეყანა ვართ და ასე ვვითარდებითო, ისიც გვეუბნება, თქვენს მოქალაქეებს მე რატომღა ვუმკურნალო, წაიყვანე და თავად უმკურნალეო. ყველა ქვეყანა ვალდებულია, თავის ხალხს უმკურნალოს. აქამდე საქართველოდან საფრანგეთში ჩამოსულებს იმიტომ მკურნალობდნენ, რომ ოფიციალურ დონეზე იყო ცნობილი, საქართველოში ამის პირობები არ იყო. არ ვამბობ რომ ახლა არის, მაგრამ ოფიციალურ დონეზე ახლა სხვაგვარად ლაპარაკობენ. ვინც უარს იღებს, სასამართლოში გარბის და ახლა იქ ხდება გარჩევა, ვინ უნდა დატოვოს საფრანგეთი და ვინ -არა. ფაქტი ერთია, რომ ქართველების გაცხრილვა დაიწყო.
-მაინც ვერ გამიგია, რატომ აჯერებს ქართული მხარე ტყუილად ევროპას, რომ აქ ყველაფერი კარგადაა? ამით ხომ უცხო ქვეყანაში წასულ ავადმყოფ ადამიანებს სიკვდილისთვის სწირავს და ეს დასაშვებია?
-"ც" ჰეპატიტზე სამკურნალოდ აქ ჩამოდიოდნენ ქართველები. ახლა ამ ავადმყოფობის მკურნალობაზე ბევრმა უარი უკვე მიიღო. საქართველოში 2016 წლიდან აპირებენ "ც" ჰეპატიტის პროგრამის ამუშავებას, ახლა კი მხოლოდ პატიმრებისთვის დაიწყეს ეს პროგრამა. ვინც უკვე მკურნალობდა აქ "ც" ჰეპატიტზე, შეტყობინება მიიღეს, დატოვეთ ქვეყანა, თქვენ ფსიქოლოგიური დახმარება არ გჭირდებათო. პირდაპირ არ ეუბნებიან, "ც" ჰეპატიტზე აღარ გიმკურნალებთო და სხვა მიზეზით უნდათ, რომ გამოუშვან. კარგი წერილი გამოუგზავნა საფრანგეთის მთავრობას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ასევე, საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა კოტე სურგულაძემ. ისინი წერენ, რომ საქართველოში "ც" ჰეპატიტის მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომი ვერ არისო, თუმცა ამით დაწყებული კამპანია არ შეწყვეტილა. უცხოეთში ბევრი არალეგალია, საბერძნეთში 200 ათასი ქართველი ცხოვრობს და მათი 70-80 პროცენტი არალეგალია. ახლა ევროპას შეუძლია, თუ არალეგალს ნახავს, ჩასვას თვითმფრინავში და გამოუშვას თბილისში ამის ხარჯებს საქართველო აანაზღაურებს. საქართველოს უკვე ეს ვალდებულებაც აქვს.
-გამოდის, რომ ეს ხელშეკრულება ჩვენს ხალხს მდგომარეობას უუარესებს. საქართველოში კვლავ არ არის სამუშაო ადგილები, უფასოდ სამედიცინო დახმარებას არავინ უტარებთ, თუ მომაკვდავი არ არის. აქ სიცოცხლის უფლება დარღვეულია, თუმცა მათ მიერ დადებული ხელშეკრულებები და ფორმალობები ხალხს უცხოეთში უფასოდ მკურნალობის საშუალებასაც უსპობს და ეს რას ნიშნავს?!
-ახლა ცოტა თემიდან გადავუხვევ. არსებობს სამსახურები, რომლებიც თითქოს მიგრანტებთან უნდა მუშაობდნენ. ჩვენი ხელისუფლებებისგან ხშირად გაგვიგია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი მიგრანტები რომ დაბრუნდნენო. საქართველოში რომ დაბრუნდეს ემიგრანტი თავისი ნებით, ქვეყანა უნდა გახდეს იმ დონის, რომ საკუთარი ხელფასით ოჯახის შენახვა მაინც შეძლოს. თუ თავად საქართველო არ განვითარდა, მიგრანტებთან მუდარას აზრი არ აქვს. ყველამ იცის, რომ ამდენ მიგრანტს საქართველოში ვერ დაასაქმებენ, თუ ჯერ ქვეყანა არ გაიმართა წელში. საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ემიგრანტებისთვის რაიმე უნდა გააკეთოს, მაგრამ არ აკეთებს. ყველა ქვეყანაში, სადაც ქართველი ემიგრანტები არიან, უნდა შექმნან თუნდაც იმის პირობა, რომ მათ ქართული ენა არ დაავიწყდეთ, ქართული სკოლები გახსნან, ქართული ცეკვის ჯგუფები ჩამოაყალიბონ, რადგან აქ იზრდებიან ბავშვები ქართულ ოჯახებში და ქართული არ იციან. ეს ბავშვები იზრდებიან ფრანგებად, გერმანელებად, ბერძნებად და ისინი საქართველოში დამბრუნებლებიც აღარ არიან. მილიონ-ნახევარი ქართველი მაინც არის საქართველოდან წამოსული და მათი შვილები საქართველოს დაკარგული ჰყავს, რადგან მათ ქართული არ იციან. ილიამ ტყუილად კი არ თქვა, "მამული, ენა და სარწმუნოებაო". ამ ბავშვებმა მამული ხომ დაკარგეს, ახლა ენას კარგავენ და რა თქმა უნდა, ალბათ, სარწმუნოებასაც დაკარგავენ, რაც არის ტრაგედია. უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს არც ჩვენი წინა ხელისუფლება უწყობდა ხელს და არც ამჟამინდელი. ნებისმიერს დავუჯდები დებატებში და მითხრან ერთი, რა ხელშეწყობა ხდება. აქ რომ ადამიანი მოკვდება და გადასვენებაში დაეხმარებიან ოჯახს, ეს არის მხოლოდ ხელშეწყობა?! უმთავრესია, ის პრობლემა მივაგვაროთ, რომლითაც არ დავკარგავთ ქართველებს უცხოეთში. საუბარია მილიონ-ნახევარი ქართველისა და მათი შვილების დაკარგვაზე და ეს ქვეყნის ხელისუფლებას უნდა აწუხებდეს. არის ადგილები, სადაც ქართველებმა მოახერხეს და შექმნეს ქართული სკოლა. პარიზში არის ქართული სკოლა და ქართული ცეკვის წრე, მაგრამ ორივე კონკრეტული ბიზნესმენისგან ფინანსდება. ეს ადამიანი თავისი კეთილი ნებით აფინანსებს მას. ასევე, არის მამა ანტონი, რომელიც სათავეში უდგას ქართულ ასოციაციას და ყველაფერს აკეთებს ამ ხალხის ქართველებად ჩამოსაყალიბებლად. ქალაქ ლიონში ჩემს მეუღლეს ჰქონდა ჩამოყალიბებული ასოციაცია, რომელმაც გახსნა ქართული სკოლა. იქ ტარდებოდა ხატვის, ცეკვის გაკვეთილებიც. ქართველები ყოველკვირა იკრიბებოდნენ და ქართულს სწავლობდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან. ამ ხალხის დიდ ნაწილს იქ ისედაც უჭირს. ერთი სამსახურიდან მეორეში გადადიან და ამ თანხების გადახდას ვეღარ ახერხებენ. ასოციაცია სკოლას რომ ხსნის, საფრანგეთის სახელმწიფო ამისთვის ცალკე გადასახადს აკისრებს. ეს სკოლა იმიტომ დაიხურა, რომ არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისგან. ჩემი მეუღლე შეხვდა საქართველოს შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს და დახმარება სთხოვათ, მაგრამ მათი დახმარება რამდენიმე წიგნით, დროშითა და საცეკვაო ფორმით შემოიფარგლა. ახალი ხელისუფლების პირობებშიც, ამ მხრივ, არანაირი წინსვლა არ არის. ასოციაციის მუშაობა გაჩერდა უფინანსობის გამო, მაგრამ, როცა რაიმე კულტურული დღეებია, რამდენიმე ადამიანი ჩვენი სახსრებით მივდივართ და ვცდილობთ, ქართული კულტურა წარმოვაჩინოთ.
-საქართველოს საელჩო რას აკეთებს, აბა, მათი ფუნქცია რა არის, თუ არა იქ მაცხოვრებელი ემიგრანტების თანადგომა?!
-ცხადია, შევხვდით ელჩს და ამ პრობლემებზეც ვესაუბრეთ. დახმარებას დაგვპირდა. როცა ვინმე დაიღუპება, მხარში დგომა საელჩოდან აქვთ, მაგრამ საელჩოს არ აქვს თანხები. სანამ ეს ყველაფერი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე არ მოგვარდება, არაფერი ეშველება. ყველა ქვეყნისთვის უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები, რომ საელჩომ მისი განკარგვა მოახდინოს. წინა და ამ ხელისუფლების დიდი შეცდომაც არის ის, რომ მხოლოდ ამბობენ, უნდა დაბრუნდნენ ქართველები უცხოეთიდანო, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებენ. რამდენიც უნდა იძახონ, არ დაბრუნდებიან ასეთ პირობებში. მართალია, ახლა ემიგრანტებს აგდებენ, მაგრამ ასევე ბევრი ქართველია უცხოეთში, ვინც წლებია, იქ ცხოვრობს და საფრანგეთის მოქალაქეცაა. ამ ხალხის შვილებს უნდათ, ქართული ისწავლონ, მაგრამ ვერ სწავლობენ. მათ მცირედი მხარში დგომა სჭირდებათ, მაგრამ ესეც არ გააკეთეს.
-რადგან ასეთი უმოქმედობაა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ემიგრანტების მიმართ და ახლა მასობრივად გამოყარეს ქართველი ემიგრანტები ევროპის ქვეყნებიდან, ეს ხომ ჩვენი ხელისუფლების მიმართ მათ უკმაყოფილებას გამოიწვევს?
-რა თქმა უნდა, ასე მოხდება. ზოგს სახლი აქვს გაყიდული და ისეა წამოსული საფრანგეთში. ზოგი კიდევ ისეთი ავადმყოფია, რომ საქართველოში რომ ჩამოვა, დიდხანს ვერ იცოცხლებს. ათასობით ჩვენი მოქალაქის მდგომარეობას დაამძიმებს ევროპის ხელისკვრა. ისინი, ცხადია, ჩვენს ხელისუფლებას მიუბრუნდებიან.
რაც შეეხება კრიმინალებს. საკმაოდ ბევრი კრიმინალი ქართველია ჩამოსული ევროპაში. ყველა კატეგორიის კრიმინალია აქ -ავტორიტეტებიც და უბრალო მომპარავებიც. საფრანგეთის არხებზე ხშირად არის ქართველ კრიმინალებზე საუბარი, რადგან ისინი ტეხენ და ქურდავენ ფრანგების ბინებს. უკვე აღარაფერს ამბობენ, მაღაზიებიდან ტანსაცმელსა და სხვა ნივთებს რომ იპარავენ. ევროპაში კონტროლის მექანიზმი მაღაზიებსა და სხვა სავაჭრო ადგილებში ნაკლებია. ევროპელი ვერასდროს წარმოიდგენს, რატომ უნდა მოიპარო ტანსაცმელი. თან სასჯელი ასეთ დანაშაულზე აქ უფრო მცირეა, არაერთი გადაცემა მიეძღვნა ამ თემას. ასეთი კატეგორიის ხალხის გამო, ბევრ პატიოსან ემიგრანტს შეექმნა პრობლემა მხოლოდ იმიტომ, რომ ისიც ქართველი იყო. ისე გაგვიტყდა სახელი, პოლიციელი რომ იგებს, ქართველი ხარ, უკვე სხვანაირად გიყურებს. ათასჯერ გჩხრეკენ და გიმოწმებენ საბუთებს. საფრანგეთის ციხეებშიც ბევრი ქართველია. ფრანგები ყველაზე მტკივნეულად მაინც სახლების გატეხას მიიჩნევენ. ქართველების განსაკუთრებული შემოწმება მიდის, რადგან ყველაში ქურდს ეძებენ. ამ ფაქტორმაც გამოიწვია ემიგრანტების გამოყრის კამპანიის დაწყება. ამ საკითხშიც ხელისუფლებას მართებდა კარგი მუშაობა. მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე კი არ უნდა წყდებოდეს ყველაფერი, ქართული ასოციაციების, საელჩოს მიერ არის დიდი სამუშაო ჩასატარებელი. მხოლოდ ქურდობა კი არა, ჩვენი კულტურაც უნდა დავანახოთ ევროპელებს. ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ მომპარავები და ბინის ქურდები არა ვართ და კარგი რამეების გაკეთებაც შეგვიძლია.
-არ შეიძლებოდა ევროპისკენ მიახლოების პროცესი ისე მოგვარებულიყო, რომ ხალხი არ დაზარალებულიყო?!
-შეიძლებოდა. ხელისუფლებამ ხომ იცოდა, ასეთ ვალდებულებებსა და ხელმოწერებს რაც მოჰყვებოდა, ამიტომ მანამდე უნდა გადაედგა ისეთი საჭირო ნაბიჯები, რომელიც ხალხს გარკვეულწილად ამ პროცესების გადატანას შეუმსუბუქებდა. კარგია, ახლა მაინც რომ გამოგზავნა სერგეენკომ ეს წერილი, მაგრამ ამჯერად მას შედეგი აღარ მოჰყვა. სჯობდა მანამდე გაეკეთებინათ და დაერწმუნებინათ ევროპა, რომ ასეთ გარკვეულ ავადმყოფ ადამიანებს აქ ვერ ეხმარებიან და თუ ისინიც აღარ გაუწვდიან ხელს, ისინი სიკვდილისთვის იქნებიან განწირულნი. თუმცა მათ ეს არ გააკეთეს და ეს აუცილებლად გამოიწვევს ხალხის უკმაყოფილებას.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |