![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
უცნაურია ადამიანი, რაღაც თანდაყოლილი თვისება აქვს თვითკმაყოფილებისა და თავმოწონებისა. ასეთ შემთხვევაში ძნელია მას რაღაც უთხრა ისეთი, რომ მიანიშნო ცუდზე, ნაკლზე, გამოსასწორებელზე. ქართული ანდაზა: მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო - ცუდად მუშაობს. არ გვაქვს შინაგანი მზაობა, მოვისმინოთ და შევიწყნაროთ განსხვავებული მოსაზრება, კრიტიკული აზრი, რადგანაც მას პირად შეურაცხყოფად ვიღებთ. რისი ბრალია? - დაბალი კულტურისა და სუსტი ნერვების. თუ თეა თუთბერიძეს დავუჯერებთ, ქართველი ერი სენსიტიური ერია და მძაფრად განიცდის ყველაფერს! ხშირად გვგონია, რომ, რასაც ვაკეთებთ, რასაც ვამბობთ, საუკეთესო, შეუმცდარი და ერთადერთია. რადიკალიზმი და ხასიათის სიხისტე ბევრ რამეში აბრკოლებს ადამიანს, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადო მოვლენაზე ვსაუბრობთ, იმაზე, რამაც უკეთესი უნდა გახადოს ხვალინდელი დღე. ასეთ შემთხვევაში პროგრესი შეუძლებელია პროფესიული კრიტიკის გარეშე. ამასთანავე, კრიტიკა ნაცნობობა-მეგობრობას უნდა გამორიცხავდეს და სერიოზულ რეფლექსურ მიუკერძოებლობას უნდა ეფუძნებოდეს, თორემ ძმაბიჭური კრიტიკით რა ვარსკვლავებიც ვწყვიტეთ, ეტყობა ჩვენს დედასამშობლოს!
“კრიტიკული აზრი ვერ დაგვიდგენია ჩვენის ვითარების შესახებ, სამართლიანად ვერ დაგვიფასებია ჩვენი წარსული და აწმყო. კრიტიკულის აზრის უქონლობა იმოდენად შესამჩნევია ჩვენში, რომ არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ, თუ ცოტათი მაინც ჩაუკვირდებით ჩვენს აზროვნებასა. ყოველ დაწინაურებულ საზოგადოებაში აზრის სხვადასხვაობა, მრავალგვარობა კრიტიკის შედეგია და სხვადასხვა აზრისა და მიმართულების მიმდევართ აქვთ ისეთი წერტილი, რომელიც ყველასათვის საერთოა. ჩვენში - კი სხვადასხვაობა აზრისა კრიტიკულის აზრის უქონლობის ბრალია და ჩვენის გაუფრთხილებლობისა. ჩვენში ხშირად ერთისა და იმავე საგნის შესახებ იმდენად შეუთანხმებელს და წინააღმდეგს აზრს გაიგონებთ, მერე ისეთ საგნებზე, რომელთა შესახებ მორიგებულნი უნდა ვიყვნეთ, რომ სწორედ გასაოცარია... ნუთუ ამ გვარი უთანხმოება აზრისა, ერთმანეთის გაუგებლობა სამწუხარო არ არის? განა ყოველივე ესე შესაძლებელი იქნებოდა, ჩვენში რომ კრიტიკული აზრი მუშაობდეს? განა ეგ შესაძლებელი იქნებოდა, თუ რომ ჩვენ შეჩვეულნი ვიყვნეთ სამართლიანს მსჯელობას და ყოველსავე საქმის რიგიანად დაფასებას და აწონ-დაწონვას? ცხადია, რომ ზემოთხსენებული გარემოება ხელს უშლის ყოველ საზოგადო საქმის წარმატებას, რადგანაც ყოველივე უსაფუძვლო შეტაკება აზრისა მოითხოვს გარდამეტებულს ლაპარაკს, მითქმა-მოთქმას, რომელიც სრულიად წარმოუდგენელია იქ, სადაც კრიტიკული აზრი მუშაობს. ასე და ამ რიგად ხშირად მრავალს სიტყვასა ვხარჯავთ იმისათვის, რაიცა სრულიად უეჭველი უნდა იყოს”, - წერდა ილია ჭავჭავაძე.
თანამედროვე საქართველოში კრიტიკული აზრის დეფიციტია, თანაც არ დაგვავიწყდეს, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელშიც სამი რამ ყველამ იცის: ლიტერატურა, ფეხბურთი და პოლიტიკა. ზოგადად, კრიტიკა მტკივნეულად აღიქმება, რადგანაც ის აპრიორი ცუდის თქმასთან ასოცირდება. “კრიტიკა” გაკრიტიკების გაგებით იხმარება, რეალურად კი, როგორც ლექსიკონებშია განმარტებული, იგი ძველბერძნული ზმნა “კრინეინიდან” მოდის (ლათ. ცერნო), რომლის თავდაპირველი მნიშვნელობაც გაყოფას, გარჩევას უკავშირდება; ფრანგულ ენაზე ის შეფასებას გულისხმობს, ე.ი. კრიტიკის უმთავრესი დანიშნულება ანალიზია.
ახლა დეკონსტრუირებულ ეპოქაში ვცხოვრობთ და, კრიტიკის ნაცვლად, კრიზისი გვიდგას (თუმცა, როდის ვყოფილვართ ამის გარეშე?!). როგორც ჩანს, ქართველებს კრიტიკის შეჩვევის ტრადიცია არა გვაქვს, სიმართლეს ყალბი რიტუალი - დითირამბები, სადღეგრძელოები გვირჩევნია. ასეთ დროს ბედნიერიც ვართ და ცხოვრებაც საამური გვეჩვენება, არადა, გვავიწყდება ოთარაანთ ქვრივისეული ტკბილი სიტყვის ფილოსოფია: “ამ გამწარებულ წუთისოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს... თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი!”
თავის დროზე, საბჭოთა საქართველოში კრიტიკა ხშირად იყო პარტიის იდეოლოგიის განუყრელი ნაწილი და ერთგვარი ჯალათის როლს ასრულებდა. ამის საუკეთესო მაგალითია ქართული კრიტიკა 20-30-იან წლებში (და შემდეგაც), რა სიბინძურეს ავრცელებდა, როგორი სისასტიკითა და დაუნდობლობით ებრძოდა “პარტიის გენერალური ხაზიდან” გადაცდომილ “მტრებს”. როგორც აკაკი ბაქრაძე “მწერლობის მოთვინიერებაში” წერდა: “სკკპ-ის მისწრაფება - ერთხელ და საბოლოოდ გაეხადა ლიტერატურული კრიტიკა მწერლობის დამსჯელ რაზმად, კალმით ჯალათად - დამარცხდა და ჩაფლავდა”, მაგრამ “საბჭოთა პარანოია” დარჩა - რომ თითქოს გებრძვიან, შენი ჩაძირვა უნდათ, ყველაფერი დაკვეთილია და ა. შ. საბჭოური სტილისტიკის ეს უწყვეტი სიმი, მწვავე აგრესიაში გადასული, “ჟღერს” დღესაც თავისი ყალბი პათოსით, ფარისევლურ-იდეოლოგიური სულისკვეთებითა და ფსევდოინტელექტუალიზმით. ახლა ასეა მოდაში: რაც უფრო ბუნდოვნად საუბრობ და წერ, რაც უფრო მეტ უცხო სიტყვას გამოიყენებ, უფრო განათლებულისა და “წონიანის” სახელი გექნება!
ილია ჭავჭავაძის ზემოთ ციტირებული ნაწყვეტი აშკარად ანახვებს იმასაც, რომ ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხანია არაა გაცნობიერებული და გააზრებული, ზოგადად, კრიტიკის როლი და მნიშვნელობა. დღეს ამას ისიც ემატება, რომ მძიმე და დანგრეულ სოციალურ ყოფაში, რომელშიც ასეთი მომატებული და გამძაფრებულია აგრესია, სრულიად შეუძლებელი ხდება განსხვავებული აზრის შემწყნარებლობა. თუ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ვფიქრობთ (ან ვოცნებობთ), მაშინ მოგვიწევს შეგუება განსხვავებულ (თუნდაც მიუღებელ) აზრთან, მოგვიწევს გაცნობიერება იმისა, რომ შეუძლებელია, ყველას ერთნაირად მოსწონდეს, ფიქრობდეს, აღიქვამდეს და აფასებდეს ფაქტსა თუ მოვლენას! ისე, ჯერ კიდევ როდის თქვა ქართველმა ადამიანმა: სიმართლის მთქმელს ენა მოჭრესო (ან ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო)?! თუმცა ისმის კითხვა, ვინაა სიმართლის მთქმელი?
ახლა ჩვენ მივადექით პროფესიონალი კრიტიკოსისა (შეუვალი, პრინციპული და ზედმიწევნით კომპეტენტური) და პროფესიული კრიტიკის პრობლემას. ერის, პიროვნების თავმოყვარეობის საკითხია ის, რომ იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და მართალი, რადგან “ტყუილად ქებულმა კაცმაც ისე უნდა იწყინოს, როგორც ტყუილად დაწუნებულმაც” (ილია). მიკერძოება გამორიცხავს ობიექტურ კვლევას, ჯანსაღი კრიტიკა კი განაპირობებს პროფესიულ ზრდას, რადგანაც, ზოგადად, კრიტიკა ემსახურება პროგრესს. ისეთ კონსერვატორულ საზოგადოებაში კი, როგორშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ბევრი რამ პარადოქსია. არსებობს სტერეოტიპები, რომელთა გავლენის გამო ვეღარ გაგვირჩევია ავი და კარგი, ვერ მიგვიღია ახალი და ვერ გვიპოვია რეალური სახე ჩვენი ყოფისა. იცვლება კრიტიკის სტილი და ფორმატი, მაგრამ საბჭოური გადმონაშთის რებრენდინგია ისიც, რომ მივიღეთ “ტუსოვკური” კულტურის შემფასებელი კრიტიკა. მოგეხსენებათ, ვისაც არ ეზარება დღეს ყველა წერს (პოეტობს, პროზაიკოსობს), ბეჭდავს წიგნებს (სინამდვილეში მაკულატურას), აწყობს ე.წ. პრეზენტაციებს, ეპატიჟება ნაცნობ-ახლობლებს, სადაც აუცილებლად შეაქებენ, ფურშეტზე დალევენ, ხაჭაპურსაც დააყოლებენ და, შესაძლოა, წიგნი არც წაიკითხონ! მერე რა, ჩვენ ხომ ქართველები (მაშასადამე, ევროპელები) ვართ და გვიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნაც და “კაი ცხოვრებაც”!
კრიტიკა ქმნიდა საზოგადოებრივ აზრს. ახლა ასეთი აზრის შემქმნელი უნიჭო ჟურნალისტიკაა: ტელევიზიები ქმნიან ფსევდოგმირებს, პროპაგანდას უწევენ ისეთ ლიტერატურას, რომელსაც არა აქვს არავითარი ქვეტექსტი, სიღრმე, ესთეტიკა. როცა საყვედურები გაისმის, პროფესიული კრიტიკა არ გვაქვსო, პროფესიონალი კრიტიკოსები (საბედნიეროდ, ცოტა, მაგრამ მაინც გვყავს) უპასუხებენ: თუ მხატვრულ ნაწარმოებს ღირებულება არ ექნა, მისი კრიტიკა აზრს კარგავსო. ასეთ შემთხვევაზე წერდა მერაბ მამარდაშვილი: “ლიტერატურის კრიტიკოსი ვერ შეძლებს ტექსტიდან ვერაფრის ექსპლიცირებას ისე, რომ თან თავად განვითარდეს და, ამავდროულად, გააფართოოს წიგნისა და მკითხველის გამოცდილებაც”. ამიტომ, ფაქტობრივად, მიმდინარე ლიტერატურული პროცესი დაულაგებელია, უფრო სწორად, შეუფასებელია. არადა, რამდენს ჰგონია, რომ, რასაც წერს და ქმნის, ლიტერატურის ისტორიისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. მეგობრებისგან ლამის გენიოსად შერაცხილი ქართველი მწერალი როგორ უნდა დაარწმუნო, რომ უმნიშვნელოსა და უხარისხოს ქმნის! მოგისმენს? შეისმენს? - მიდი და დააჯერე!!! ერთხელ ოთარ ჭილაძემ თქვა: კარგი კრიტიკოსი უფრო დიდი იშვიათობაა, ვიდრე კარგი მწერალიო. პროფესიული კრიტიკის გარეშე ლიტერატურა კი შეიქმნება, დაიწერება ბევრი რამ, მაგრამ ვერ განვითარდება.
ისიც სათქმელია, რომ კრიტიკა ხშირად მოკლებულია პასუხისმგებლობის გრძნობას და ჩასაფრებულის პოზიციიდან დანახულს აღწერს (რატომღაც ვერ გიტან და არ ვიღებ შენსას). კრიტიკოსს უჭირს ეთიკური ნორმების დაცვა, მოშლილია მიჯნები და ზღვარი იკარგება, პიროვნულ შეურაცხყოფამდე მივდივართ (დაბალი კულტურისა და კვალიფიკაციის დეფიციტის გამო) და გაკრიტიკებულიც ჩასაწიხლად ემზადება! ხშირია სიძულვილი, დაუნდობლობა და სისასტიკე. კრიტიკოსმა უნდა მოძებნოს ზღვარი, სად იწყება პიროვნული და სად მთავრდება მისი ნაქნარი. ესენი გამიჯნული უნდა იყოს, ერთმანეთს არ უნდა ფარავდეს, მაგრამ ამას საზოგადოების მაღალი შეგნებაც სჭირდება. ფსევდოინტელექტუალები და ფსევდოკულტურული ნაწილი იმუქრება, მუშტებზე იყურება... “თავდასხმისა” და, შესაბამისად, “თავდაცვის” ტექნოლოგიები ისე კარგად გვაქვს ათვისებული, მტერსაც კი გაეცინება! როგორ უნდა აკადროს გაკრიტიკებულმა გამკრიტიკებელს ისეთი რამ, რაც ორივეს ღირსებას შელახავს?! კრიტიკის ფუნქცია უკეთესობის პერსპექტივაზეა აქცენტირებული და არა ვიღაცის ტკივილსა და ინსულტამდე მისულ განცდებზე. ადამიანი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის. ამიტომ, რამეს თუ ქმნი, კრიტიკის მისაღებად (მოსასმენად მაინც) უნდა განეწყო.
თანამედროვე ლიტკაფეების რეალობამ გამახსენა სტუდენტობის წლები: უნივერსიტეტის მწერალთა კლუბი მორიგ შეხვედრას აწყობდა, დარბაზი სავსე იყო “პოეტის” მეგობრებითა და ახლობლებით, არადა, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, იმდენად მდარე ხარისხის პოეზია ისმოდა ტრიბუნიდან და თანაც, ისეთი მყვირალა ხმითა და პათეტიკით. ავდექი და ვთქვი, ეს არ არის კარგი პოეზია-მეთქი. ვაიმე, იქ ამბავი ატყდა... ან როგორ გამომიშვეს ცოცხალი დარბაზიდან, ან მე რა მრჯიდა... მერე გავიდა რამდენიმე კვირა და ის პოეტი ტრანსპორტში შემხვდა, თანაც ირონიულად ასე მომესალმა: დიდ კრიტიკოსს ვახლავარო. ვუპასუხე: რამხელა პოეტიც ხარ, იმოდენა კრიტიკოსი ნამდვილად ვარ-მეთქი. ასეა დღესაც, ერთმანეთის არ გვჯერა და ისიც გვავიწყდება, რომ თანამედროვე ლიტერატურა არ შეიქმნება მეგობრული პრეზენტაციებით.
კრიტიკას განვითარება სჭირდება, ხელშეწყობა. ამისთვის აუცილებელია პროფესიული ცოდნა, მაღალი კვალიფიკაცია. თანამედროვე სტატიები უფრო მიმოხილვითია. მაგალითად, თუ თეატრმცოდნე წერს, ეს უფრო თეატრალური ჟურნალისტიკაა, თუ მუსიკისმცოდნის ნააზრევს ვკითხულობთ, ის მუსიკალური ჟურნალისტიკაა და არა ფორმისა და სტრუქტურის სიღრმისეული კვლევა და ანალიზი. ახლა ტოტალური და აგრესიული ჟურნალისტიკის დროა, ყველაფერი მიმოხილვა და ზედაპირზე ტივტივია.
ერთი უმთავრესი დამაბრკოლებელი განათლების დაბალი დონეცაა. 2006-2007 წლებში ორგანიზაციებმა PIRLS და PISAM-მა საქართველოში ჩაატარეს კვლევა ბავშვებში წიგნიერების დონის შესახებ. დაადგინეს, რომ საქართველოში მოსწავლეთა წიგნიერების დონე ძალიან დაბალია და მკვეთრად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების მონაცემებს. ჩვენ ვდგავართ ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიც არიან სამხრეთ აფრიკა, ირანი და კატარი - აი, თუ არ მივიღეთ განათლების მიზანმიმართული ნგრევის შედეგი! გარდა ამისა, უმაღლეს სასწავლებლებში მოიშალა და დაინგრა აკადემიური ცოდნის გადაცემისა და მიღების ტრადიცია. ეს ქვეყანა ხელახლაა ასაწყობი თავის განათლების სისტემიანად, სკოლიდან მოყოლებული მეცნიერების ჩათვლით.
ჩამოვყალიბდეთ (როგორც ახლა იტყვიან) და შევთანხმდეთ, რომ პროფესიული კრიტიკა განიხილავს ავსა და კარგს, ალაგებს პროცესებს, თავის ადგილს მიუჩენს ყველასა და ყველაფერს, არგუმენტირებულად იმსჯელებს და დაასაბუთებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, მიგვანიშნებს მოვლენათა განვითარების შინაგან კანონზომიერებაზე, გეზსა და მიმართულებას მისცემს ცნობიერს, გემოვნებას, ენასა და ცხოვრების სტილს. ამასთანავე, ის უნდა გულისხმობდეს მეთოდოლოგიურ სიმკაცრეს, მისი მეცნიერული საფუძველი უნდა იყოს აშკარა და გასაგები. კრიტიკა გვჭირდება, როგორც ინდიკატორი იმისა, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით, მიღწეულით, რომ მუდმივ განვითარებასა და დინამიკაში ვიყოთ.
კრიტიკა აზროვნების თავისუფლებაცაა, პიროვნული სტატუსია და ამიტომ არ მოგერიდოთ, არ დამზოგოთ, არ დამინდოთ, ჩამწიხლეთ, გადამიარეთ, ოღონდ იყავით კონსტრუქციულნი და ობიექტურნი.
და კიდევ ერთი, ალბათ, უმთავრესი - კრიტიკოსის პროფესიონალიზმი უნდა ეფუძნებოდეს იმ სფეროსა და იმ ადამიანის სიყვარულს, რომელთა შესახებაც წერს. სიყვარული შობს კეთილგანწყობას. უფრო პრიმიტიულად თუ ვიტყვით, ებრძვი ცოდვას და არა ცოდვილს!
არჩევნის საქმეა: თუ გვინდა აზროვნება უკრიტიკო, შაბლონური; ცნობიერება - მითოლოგიური; მენტალობა - ბატონყმური, მონური, მაშინ განვერიდოთ კრიტიკასა და კრიტიკულს, დაველოდოთ, ვინ გვეტყვის საამურს, საქებარს და ერთად ვიცეკვოთ დოლ-გარმონზე!
საბა მეტრეველი, გაზეთი "პრემიერი"
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |