

|
ინგა გრიგოლიას გადაცემაში ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი “სენსაციური განცხადება” (პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ), მიუხედავად სენსაციურობისა, მოულოდნელი მაინც არ ყოფილა. ეს იშვიათი თვისებაა - სენსაციურობა მოულოდნელობის გარეშე - და განსაკუთრებით სკანდალურ სუბიექტებს ახასიათებთ. მაშინ, როდესაც ადამიანი თვითონ არის სკანდალი თავისთავად! ანუ “ცოცხალი სკანდალი”. ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რომ მისი არათუ განცხადება, გამოჩენაც კი უკვე სკანდალი და სენსაციაა.
ასევე, მიშაც თავის დროზე: ყველა მისი ჩართვა “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” ეთერში სკანდალი იყო. მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილთან შედარებით მიშა (მიშაც კი!) ღვთიური სასოებითა და სიმშვიდით აღსავსე უმანკო ბეკეკაა. აი, დაახლოებით ისეთი, მამა აბრაამმა რომ შესწირა უფალს შვილის ნაცვლად.
ხუმრობა იქით იყოს და ირაკლი ოქრუაშვილის მძვინვარე ვნებასთან მიშაც ვერ მოვა მართლა და თუ “ეს” ქართულ პოლიტიკაში რეალურად დაბრუნდა, “საინტერესო ცხოვრება” მერე ვნახოთ: ყველაფერი სხვა, წარსული თუ გადატანილი, მოსაწყენ ვოდევილად მოგვეჩვენება.
ოქრუაშვილს ერთი თვისება აქვს, რომელსაც მისი ჟამთააღმწერელნი რატომღაც უგულებელყოფენ და, უფრო მეტად, დაურწყულებლად მძვინვარე ხასიათის სხვა წახნაგებზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს: ესაა ჭკუა!
დიახ, ოქრუაშვილს ჭკუა არ აკლია. ამიტომაც შეძლო ისე გამომძვრალიყო ბოლო 8 წლის განმავლობაში თავსდამტყდარი ფათერაკებიდან, რომ ბევრი არც არაფერი დაეკარგა თვითონ. იმ ბიზნესმენებმა იკითხონ, 6 მილიონი დოლარი რომ ჩარიცხეს ბიუჯეტში, რათა 2007 წელს ციხიდან გამოეხსნათ, თორემ თვითონ ირაკლის ნამდვილად არ უჭირდა პარიზში. მან ზუსტად გათვალა, რომ სააკაშვილს მისი ციხეში ჩასმა, სინამდვილეში, არ აწყობდა (თორემ 60 მილიონიც ვერ უშველიდა) და შემდეგაც ათიანში გაარტყა, როცა უკვე “ოცნების” მმართველობისას, უხიფათო საფრანგეთიდან პირდაპირ გლდანის ციხეში დაბრუნდა.
გარისკა. სერიოზულად გარისკა. თუმცა, გარისკა მაინც გონივრულად: სწორად განსაზღვრა, რომ მისი ყოფილი კოლეგა-ადვოკატი, არჩილ კბილაშვილი, “სროკზე” არ გაუშვებდა ერთდროულად რამდენიმე მიზეზის გამო და არც, მთლიანობაში, ახალ ხელისუფლებას აწყობდა ექსპრეზიდენტის ყველაზე შეურიგებელი და მოსისხლე მტრის ციხეში გამწესება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დაახლოებით იგივე გათვლა აქვს დღესაც: ხელისუფლება აშკარად (ძალიან მალავენ, არ იმჩნევენ, მაგრამ მაინც აშკარად!) შეშინებულია სააკაშვილის რეანიმაციით, რაც უკრაინული ორომტრიალის ერთ-ერთ უცილობელ შედეგად იქცა. არ არის გამორიცხული, მიშამ და მისმა გუნდმა კიდევ სცადონ “კუდის მოქნევა” და მძლავრადაც მოიქნიონ. მით უმეტეს, თუკი რუსეთი ყირიმში დამარცხდა (ამის ალბათობა არსებობს, თუნდაც მცირე) და პროდასავლური ტრენდი საქართველოში კვლავ აქტუალური გახდა. მაშინ მიშასა და “ნაციონალთა” პოზიციები შესამჩნევად გაძლიერდება და ოქრუაშვილის მძვინვარე ვნებაც ისევ აქტუალური გახდება.
მას აქვს მნიშვნელოვანი რესურსი: ქარიზმა ე.წ. “უბრალო ხალხში”, რომელიც მუდამ ძალისკენ მიიწევს, როგორც პეპელა - ალისკენ. “ოქრუაშვილი მაგარია!” - ხშირად გაიგონებ და არა მხოლოდ გორში, თუმცა გორიც ძალიან მნიშვნელოვანია. აგვისტოს ომმა იქაურ მოსახლეობას განსაკუთრებული აგრესია და პასიონარობა შესძინა და ოქრუაშვილის მაგვარ დაბადებით პოპულისტს (მიშას არც აქ ჩამოუვარდებოდა, პროვინციელი რომ არ იყოს, ენები იცოდეს და ოდნავ მეტი ორატორული ნიჭი ჰქონდეს), ამ აგრესიის მართვა და კონცენტრაცია არ გაუჭირდება.
როგორ ჩანს, ხსენებულ თვისებათა კალკულაცია მიმდინარეობდა “ოცნებაში”, როდესაც ჯერ მიიღეს კანონი, რომლითაც მას შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა, შემდეგ შესწორება შეიტანეს (აშკარად მის საწინააღმდეგოდ) და ახლა, ზოგიერთი სიმპტომით, თავიდან იხილავენ, როგორ დაეხმარონ, რათა მაინც დაბრუნდეს დიდ პოლიტიკაში.
თუმცა, ოქრუაშვილთან დაკავშირებით, ეს პირველი შემთხვევა როდია. “მეოცნებე ხელისუფლება” ჯერ კიდევ მაშინ იღებდა წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებებს, როდესაც ის პარიზიდან ბრუნდებოდა: ეკა ბესელიამ “პოლიტდევნილთა” სიაში არ შეიყვანა (არადა, კობა დავითაშვილის წინააღმდეგობის გადალახვას იოლად შეძლებდა, მართლა რომ მოენდომებინა), თუმცა სხვა დონეებზე, ანუ ბიძინა ივანიშვილთან უფრო ახლოს, მისი ციხეში ჩასმა მაინც მიზანშეუწონლად ჩაითვალა, თორემ აბა, ვინ დაიჯერებს, რომ “ჯეოსელის” საქმეში მთავარი მოწმე - დიმიტრი ქიტოშვილი - წინასწარი, უმტკიცესი გარანტიების გარეშე შეცვლიდა ჩვენებას? ალბათ, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, ეს დაიჯერო. მით უმეტეს, როდესაც დაზარალებულ ბიზნესმენს (ვისაც წილი “აახიეს”) თავდაპირველი ჩვენება არ შეუცვლია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ირაკლი ოქრუაშვილმა ზედმიწევნით იცის მასის ფსიქოლოგია, რაკი, ნაციონალთა “სვეტსკი ელიტისგან” განსხვავებით, თავად მისი წიაღიდანაა: განა ვინ შეახსენებს მონანიებას, ან ჟვანიას მკვლელობის შესახებ სენსაციურ განცხადებას? ან ზღაპარს “ცხინვალის გავლით საქართველოში დაბრუნების შესახებ” 2011 წლის აქციებისას? არავინ! აღარავის ახსოვს - დარჩა მხოლოდ “მაგარის” იმიჯი და, ყველა სოციოლოგიური გათვლით, ხვალ რომ გორში არჩევნები ჩატარდეს, უეჭველად მოუგებს ნებისმიერ კონკურენტს!
გორის მერობა კი შესანიშნავი ტრამპლინი გახდება თბილისისკენ. მით უმეტეს, რომ გორელი ძალოვნები აქტიურად წინაურდებოდნენ დედაქალაქში ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ოქრუაშვილი “ცვეტში” იყო და ბევრმა შეინარჩუნა კიდეც ინერცია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დარწმუნებით შეიძლება ითქვას: თუ ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერი გახდა, საქართველოს პოლიტიკური და მედიააქტივობის ცენტრი თბილისიდან და ქუთაისიდან გორში გადაინაცვლებს! ისევე, როგორც თბილისის საკრებულო იქცა მთავარ “ნიუსმეიკერად”, როდესაც იქ მიშა სააკაშვილმა დასცა ბანაკი.
დღევანდელ “მოსაწყენ და უღიმღამო” პოლიტიკურ ცხოვრებაში, “ახალი ირაკლი” - “ძველი მიშას” ალტერეგოდ იქცევა, ანუ... მტრისას და ავისას, აქ ამბავი დატრიალდება ისევ!
ზოგადად, უნდა ითქვას, საქართველო ტყუილად როდი ითვლება “ჭკვიანი გიჟების” ქვეყნად. როგორც ჩანს, სწორედ ესაა ამ ქვეყნის ბედისწერა, რომელსაც მოსვენება არ უწერია.
ზოგჯერ საშინლად “არაპოლიტკორექტული” აზრიც გაგიელვებს: ნუთუ ამას გულისხმობდა ის დალოცვილი ილია ჭავჭავაძე, როცა გვეუბნებოდა: “მოძრაობა და მოძრაობააო...” მერედა, მაინცდამაინც ასეთი სუბიექტები რატომ უნდა “გვამოძრავებდნენ?” რატომ არ შეიძლება ცოტა “დალაგებულმა” გვამოძრაოს დალაგებულად?
ყველაზე კარგად “მძვინვარე ირაკლის” იცნობს მისი ყოფილი ხელქვეითი და ყოფილი მაღმერთებელი: საცოდავი, გულუბრყვილო და ალალ-მართალი გორელი ბიჭი, მიშა ქარელი, რომელმაც რამდენჯერმე გამოაქვეყნა წერილი ოქრუაშვილის საწინააღმდეგოდ: “მაგ მანიაკს არაფერი დაეჯერება და ნურავინ აჰყვებითო”. როგორც ჩანს, პარიზში ერთობლივი ემიგრაციისას “მოხარშა”, თუმცა უკვე გვიან იყო.
კიდევ ბევრისთვის იქნება “გვიან”.
გელა კალანდაძე, გაზეთი "პრემიერი"
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |