

|
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არა ყირიმის კრიზისი, არამედ მალაიზიური თვითმფრინავის იდუმალი გაუჩინარებაა. ერთი შეხედვით თითქოს უცნაურია: უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები ხომ პლანეტას ლამის ბირთვული ომით ან, როგორც მინიმუმ, ახალი ფინანსური კრიზისით ემუქრება, რაკი რუსეთის ასე იოლად "ამოგლეჯა" გლობალური ფინანსურ-ეკონომიკურ-ენერგეტიკული კონტექსტიდან აღარ გამოვა.
მაგრამ ვერაფერს გავაწყობთ, ასეთია დასავლელი ადამიანის მენტალობა: მისთვის "თვითმფრინავის მისტერია" უფრო ჟრუანტელისმომგვრელია, ვიდრე თუნდაც თერმობირთვული ომის თეორიული პერსპექტივა, ან "იალტის მსოფლიო წესრიგის" გაუგებარი დარღვევა, რაკი ათიდან ცხრას ერთხელ მაინც უმგზავრია თვითმფრინავით ან აპირებს მგზავრობას.
არადა, ის, რაც მალაიზიის კუნძულებისა და ინდოეთის ოკეანის ზეცაში მოხდა, მართლაც შემაძრწუნებელია თავისი იდუმალებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შუაღამე ოდნავ გადაცილებული იყო, როდესაც მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით Boeing-777 აფრინდა 227 მგზავრით. ამგვარი რეისების სპეციფიკა ისაა, რომ აფრენიდან ნახევარ საათში შუქს აქრობენ და მგზავრები უბრალოდ იძინებენ... უზარმაზარ თვითმფრინავში სრული სიჩუმე და სიწყნარე სუფევს. სწორედ ამიტომ იგეგმება რეისი შუაღამისას, რათა მგზავრებმა მომქანცველი დღის შემდეგ, უბრალოდ, გზაში დაისვენონ და დანიშნულების ადგილზე გაიღვიძონ.
მგზავრთა უმრავლესობა მალაიზიელი და ჩინელი ბიზნესმენია, ანუ "კრეატიული კლასის" წარმომადგენელი... მათთვის ეს რეისი ჩვეულებრივი, რუტინული მგზავრობაა, ამიტომ მშვიდად სძინავთ, რაკი არ იციან, რომ 11 კილომეტრის სიმაღლეზე, სინამდვილეში, არა ჩინეთისკენ, არამედ სულ სხვა მიმართულებით მიექანებიან ღამის წყვდიადში _ წყნარი ოკეანიდან მომავალი შორეული განთიადისგან საპირისპიროდ.
აფრენიდან რამდენიმე საათში სამგზავრო ლაინერი, როდესაც ის უკვე გამოდიოდა მალაიზიის სადისპეტჩერო სამსახურთა პასუხისმგებლობის ზონიდან და შედიოდა ვიეტნამის სარადარო ზონაში, მოულოდნელად გაქრა რადარებიდან. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავზე დამონტაჟებული ტრანსპონდერი აღარ აგზავნიდა სიგნალს დედამიწაზე საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ. გამოირთო სხვა კომუნიკაციებიც.
თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ თვითმფრინავი, უბრალოდ, ჩამოვარდა საჰაერო ტურბულენტობის შედეგად. ასეთი რამ ხდება ხოლმე. მაგალითად, 2009 წელს AirFrance, რომელიც ბრაზილიიდან საფრანგეთში მიფრინავდა, ქარიშხალში მოხვდა და ოკეანეში ჩავარდა, რაკი უმცროსმა მფრინავმა საჭე ინსტინქტურად თავისკენ მოსწია (მიმართულებით "დაბლა") და არა პირიქით (მიმართულებით "მაღლა"). მაგრამ მალაიზიური ლაინერის ეკიპაჟისგან არანაირი წინასწარი სიგნალი რომ არ ყოფილა რაიმე პრობლემის შესახებ?
ლაინერი უბრალოდ გაქრა. გაქრა უკვალოდ, მისტიკურად...
რა თქმა უნდა, განიხილებოდა მყისიერი აფეთქების ვერსიაც. თუმცა, ამერიკულმა თანამგზავრებმა არანაირი აფეთქება მსოფლიოს ამ ნაწილში არ დააფიქსირეს. ისინი კი მეტად მგრძნობიარე ხელსაწყოებით არიან აღჭურვილნი. თუ არც აფეთქება ყოფილა და არც ტურბულენტობის შედეგად წარმოშობილი პრობლემები, მაშინ რა? მაშ, რატომ გამოირთო ტრანსპონდერი? გამოდის, ის ვიღაცამ წინასწარგანზრახულად გამორთო, რათა დედამიწაზე ვეღარავის შეენიშნა, საით მიფრინავდა Boeing 777!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Triple Seven ერთ-ერთი საუკეთესო თვითმფრინავია, რომელიც კი ოდესმე მსოფლიოში აუგიათ _ ყველაზე სანდო, ყველაზე სტაბილური, ყველაზე უსაფრთხო და ტექნოლოგიურად გამართული... ჯერ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ის მექანიკური(!), ანუ მოწყობილობის, პრობლემების გამო ჩამოვარდნილიყო.
რჩება ერთადერთი ვერსია: ვიღაცამ, ესე იგი, ისევ და ისევ ვინმე "იდუმალმა უცნობმა" გამორთო კომუნიკაციები, რათა ლაინერის მარშრუტი ვეღარავის დაედგინა. ეს ვერსია მას შემდეგ გამყარდა, რაც სამხედრო რადარებმა დაადასტურა უცნობი თვითმფრინავის ბუნდოვანი გამოსახულება თავდაპირველი გეზიდან შორს _ დასავლეთისკენ. ამგვარ რადარებს ტრანსპონდერი არ სჭირდება, რაკი მათი მუშაობის პრინციპი ანარეკლის დამუშავებაა. სამხედრო თვითმფრინავები ხომ, სამგზავრო ლაინერებისგან განსხვავებით, ტრანსპონდერებით არ არიან აღჭურვილნი.
შემდეგ კიდევ უფრო დიდი უცნაურობა მოხდა: კომპანია "როლს-როისმა", რომელიც ბოინგის ძრავებს ამზადებს, დაადასტურა, რომ ამ ძრავებზე დამონტაჟებული მოწყობილობის თანახმად, ისინი კიდევ რამდენიმე საათს მუშაობდნენ! "როლს-როისის" მოწყობილობა იმისთვის მონტაჟდება ძრავებზე, რათა მუდმივად გადასცემდეს კომპანიას მონაცემებს ძრავის ნორმალურად ფუნქციონირების შესახებ, თუმცა მათ, რასაკვირველია, არ შეუძლიათ და არც ევალებათ დაადგინონ, საით მიემართებოდა ამ დროს თვითმფრინავი: დასავლეთით, ჩრდილოეთით, სამხრეთით თუ აღმოსავლეთით.
ეს საერთოდ საოცრებაა: თვითმფრინავი უდიდესი სისწრაფით მოძრაობს, ძრავები ნორმალურად მუშაობს, მაგრამ საით, როგორ, არავინ იცის, რადგან ტრანსპონდერები გამორთულია. მგზავრებს კი სძინავთ, რაკი არ იციან, რომ ბედისწერა უკუნში მიაქანებთ...
საწვავის მარაგი Boeing -777-ს კიდევ 5-6 საათი ეყოფოდა. ხოლო რაკი ზუსტად დადგენილია, რომ ბოლოს დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ინდოეთის ოკეანის შუაგულისთვის მიეღწია დასავლეთით, ავსტრალიის სანაპიროსთვის სამხრეთით და... ყაზახეთის სტეპებისთვის ჩრდილოეთით.
შემდეგ ცამ უყო პირი თუ ოკეანემ, არავინ იცის. ან იქნებ სადმე საიდუმლო აეროდრომზე დასვეს? ამ ლაინერს წყალზე დაშვებაც შეუძლია, "რამე რომ იყოს". მაგრამ, რატომ? როგორ? რისთვის? და, რაც მთავარია, ვინ?!!!
მფრინავთა სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. მალაიზია ხომ მუსლიმანური ქვეყანაა. იქნებ მფრინავმა იმავე ინტენციით გაიტაცა ლაინერი, როგორითაც არაბმა ტერორისტებმა 2001 წელს? მაგრამ საწვავის ამ მარაგით ის დასავლეთის ქვეყნებამდე ვერ მიაღწევდა. მძევლების ასაყვანად? მაგრამ ევრო-ამერიკელები ბორტზე თითქმის არ იმყოფებოდნენ. ან იქნებ თავი მოიკლა და ამდენი ადამიანი ბოღმის გამო წაიყოლა? ძალიან უცნაურია მალაიზიური მენტალობისთვის. ყოველ შემთხვევაში, წერილს მაინც დატოვებდა ან რაიმე საფუძველი ხომ უნდა ყოფილიყო: ოჯახური პრობლემები, ფინანსური სირთულეები, ვალი და ა.შ. არაფერი მსგავსი, არავითარი პრობლემა, არავითარი საფუძველი...
არადა, სპეციალისტები სულ უფრო და უფრო მეტად არიან დარწმუნებულნი: "იდუმალმა ხელმა" ტრანსპონდერი წინასწარგანზრახულად გამორთო. სხვა ვარიანტი უკვე გამორიცხულია.
თვითმფრინავში დამონტაჟებულ "შავ ყუთებს", რომლებიც ინფორმაციას ინახავენ რეისის შესახებ, მხოლოდ 1 თვის განმავლობაში შეუძლია სიგნალის გამოცემა. ესე იგი, თუ მძებნელები რაღაც მანძილზე მაინც მიუახლოვდებიან ადგილს, სადაც თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა (თუ ჩავარდა!), ამ ყუთებს აღმოაჩენენ და საიდუმლოც გაიხსნება, ოღონდ რა და როგორ გინდა ეძებო უკიდეგანო ოკეანეში?
ამიტომ, საიდუმლო შესაძლოა, ვერც ოდესმე გაიხსნას, ხოლო დედამიწის ყველა მაცხოვრებელს, ვინც მომქანცველი დღის შემდეგ, კომფორტულ ლაინერში მშვიდად თვლემს, ნერვიულად წიწკნიდეს შიში, რომ ამ დროს შეიძლება შეუცნობადი სიკვდილისკენ მიექანებოდეს.
და... წყეულიმც იყოს ყოველი კონსპიროლოგია, მაგრამ... რა ვქნა, მაინც არ მეშვება აბეზარი ეჭვი, რომ რაღაც ძალიან უცნაურად დაემთხვა ეს "იდუმალი რეისი" ევრაზიის დასავლეთ ნაწილში განვითარებულ მრისხანე გეოპოლიტიკურ მოვლენებს, რის გამოც ევრო-ამერიკელ ობივატელს უკრაინა აღარ აინტერესებს, ანუ გლობალური მედიისგან ინფორმაციას, ძირითადად, შორეული ოკეანის თავზე გათამაშებული მისტერიის თაობაზე ითხოვს და მოელის.
ნიკა იმნაიშვილი, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |