|
“ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად, პოლიტიკური გავლენებისგან, ცენტრალიზებისგან გაეთავისუფლებინა ის სფეროები, სადაც “მეტი დემოკრატიაა” საჭირო”
“პრემიერის” კითხვებს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა უპასუხა:
- მოგესალმები, ჩვენი საუბარი ზოგადი კითხვით დავიწყოთ - რამდენად ანგარიშგასაწევი ძალაა საქართველოში სამოქალაქო სექტორი?
- ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, სადაც სახელმწიფოებრიობისა და კანონის უზენაესობის გარანტი არა სახელმწიფო ინსტიტუციები, არამედ კვლავ ამ ინსტიტუციების პირველი პირები არიან, სწორედ სამოქალაქო სექტორია ის საპირწონე, რომელიც მიუკერძოებლად პოპულარიზებას უწევს, იცავს და ახორციელებს ადამიანის სხვადასხვა უფლებას. ასე რომ, ამ სექტორის მნიშვნელობა განუზომელია. ცენტრალური მედიის პოლიტიკური დღის წესრიგისა და რეგიონული მედიის სისუსტის ფონზე, სამოქალაქო სექტორი რჩება ინდივიდი მოქალაქის ინტერესების სადარაჯოზე.
განვლილი 20 წლის განმავლობაში, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძინა ამ სექტორმა. საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა 2012 წლის არჩევნებამდე გარემოს ფორმირებაზე კამპანიამ “ეს შენ გეხება!”, რომელიც, სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ განახლდა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რომელიმე ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ არიან, არამედ იმ საკითხების დარეგულირებაზე გავლენას ცდილობენ, რომელიც სასიცოცხლოა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპების რეალიზებისთვის.
- როდესაც ანგარიშგასაწევი ძალა ვახსენე, პირველ რიგში, ვიგულისხმე ჩვენი რეალობა, “ქვეყნის უმთავრესი “მოქალაქის” პოზიცია, რომელსაც მეტწილად არც სამოქალაქო სექტორის მიერ დანახული რეალობა მოსწონს, მედიაზე ხომ საუბარი არც ღირს. შევეცადოთ, ვიყოთ გულწრფელები - რა პრობლემებია სამოქალაქო სექტორში და რამდენად ნეგატიურ გავლენას ახდენს ეს ქვეყნის განვითარებაზე?
- სამწუხაროდ, სამოქალაქო სექტორის პრობლემებზე თავად ამ სექტორში ნაკლები ინიციატივით საუბრობენ. არადა ბუნებრივია, რომ ისევე როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ეს სექტორიც დიდი ხანი არ არის, რაც ვითარდება და მის განვითარებას, ბუნებრივია, ხარვეზებიც ახლავს. ამ პრობლემების ერთ-ერთი პირველი ინდიკატორი სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებია, რომლებიც აჩვენებს, რომ საკმაოდ დაბალია საზოგადოების ნდობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: 1. ამ ორგანიზაციებს დღემდე კარგად არ იცნობს ქვეყნის მოსახლეობა; 2. მედიაში ნაკლებად ჩანს ის საქმე, რასაც ეს ორგანიზაციები აკეთებენ. თუ ჩნდებიან არასამთავრობოების წარმომადგენლები, ისევ მედიის პოლიტიკურ დღის წესრიგთან დაკავშირებით და უფრო როგორც ინდივიდები, ექსპერტები; 3. არასამთავრობოები ხშირად დონორებზე უფრო არიან ორიენტირებულები, ვიდრე ბენეფიციარებზე/მოქალაქეებზე, რაც იწვევს იმას, რომ მათი საქმიანობა, ცალკეულ შემთხვევებში, დაშორებულია საზოგადოების საჭიროებებს; 4. არის სფეროები, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციების კვალიფიკაცია არც ისე დიდია და ა.შ. ყველაფერი ეს ბუნებრივი, არასათანადო კონსოლიდაციის პირობებში, უარყოფითად აისახება სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობაზე.
- ჩვენ ხშირად ვაპელირებთ დემოკრატიულ ფასეულობებზე, პრინციპებზე. განვლილი პერიოდის მაგალითები ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ცალკეულ კომპრომისებზე საკმაოდ რთულად მოდის. მეტიც, დიამეტრალურად განსხვავებულია ხოლმე მათი პოზიციები ოპოზიციაში ყოფნისას და აბსოლუტურად სხვა არის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. რადგან ეს ქრონიკულ დაავადებად იქცა, ამას მიზეზიც უნდა ჰქონდეს. რა არის ამის უმთავრესი მიზეზი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას?
- ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის ამოცანაა, მოვიდეს ხელისუფლებაში, მოსვლის შემდეგ კი ეს გადაიქცევა ამოცანად - შეინარჩუნოს ხელისუფლება. თუ ეს “თამაშის წესების”, კანონის დაცვით ხდება, - კანონზომიერებაა, თუმცა სამწუხარო სწორედ ისაა, რომ, როგორც წესი, წინასაარჩევნოდ “მეტ დემოკრატიას” გვპირდებიან და არჩევნების შემდეგ, ამ დანაპირების შესრულება არავის სურს.
მაგალითისთვის მოვიყვანდი, თვითმმართველობის რეფორმისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შერჩევის პროცესებს. ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი ორი საკითხი, რომელთა აქტუალიზება ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა, რისთვისაც ქების სიტყვებს არ დავიშურებდი. თუმცა, ინიცირება საკმარისი არ არის და აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება მზად არის, პოლიტიკური გავლენებისგან, ცენტრალიზებისგან გაათავისუფლოს ის სფეროები, სადაც ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, სადაც სწორედ “მეტი დემოკრატიაა” საჭირო.
რაც შეეხება კითხვას, როგორ უნდა ვუმკურნალოთ? უნდა ვუმკურნალოთ პროცესში მონაწილეობით, მხოლოდ კრიტიკით არ უნდა ვიყოთ დაკავებულები და უნდა შევეცადოთ, მონაწილეობითაც ვიქონიოთ გავლენა პროცესზე. თუმცა, პარალელურად, მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ მოსახლეობის, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ინფორმირება და მობილიზება, რათა გადაწყვეტილების მიმღებები მიხვდნენ, რომ ამ საკითხების უკან არა ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის, არამედ საზოგადოების ინტერესი დგას.
- განვლილი ორი ათეული წლის განმავლობაში დასავლეთმა სხვადასხვა ფონდებისა თუ პროგრამების მეშვეობით საკმაოდ დიდი სახსრები დახარჯა ჩვენთან იმისთვის, რომ მნიშვნელოვან საკითხებში გავრკვეულიყავით. სხვა თუ არაფერი, ფასეულობითი შედარებების საშუალება მოგვცა. მაგრამ ამ ყველაფერში უმთავრესი იყო მუდმივი მესიჯი - ადამიანის უფლებები. როგორ ფიქრობ, რატომ ხდება, რომ ნებისმიერი ტრიბუნიდან, ნებისმიერი პერსონა, ხაზგასმით დეკლარირებს ადამიანის უფლებებზე, ხოლო ქვეყანაში, ვისაც გაუხარდება, ყველა ცდილობს, სხვადასხვა ხერხებითა და ფორმებით შეილახოს ეს უფლებები?
- მთავარი პრობლემა, ალბათ, მაინც ინფორმაციის არქონა და განათლების პრობლემაა. ხშირად არ ვიცით და სწორედ ეს ხდება იმის მიზეზი, რომ სხვის უფლებას ვლახავთ. თუმცა, ეს არაა ერთადერთი მიზეზი. ხელისუფლებებს რომ თავი დავანებოთ, საყოფაცხოვრებო დონეზეც კი, ნაკლებად ვცდილობთ სხვისი უფლების აღიარებას. უმეტესწილად საკუთარი თავის ირგვლივ ვტრიალებთ. არ ვუთმობთ გზას სხვა ავტომობილს, ვაჩერებთ ტრანსპორტს ფეხით მოსიარულეთა სივრცეში, ვაკეთებთ უკანონო მიშენებებს და სულ არ გვაინტერესებს მეზობლების აზრი, ვჭრით მწვანე ნარგავებს და ვაბინძურებთ გარემოს. რა გასაკვირია, რომ, როცა რიგითი მოქალაქეები ასე ვიქცევით, ამ ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომაც არ იცვლება პრინციპულად ჩვენი საქციელი. ჯერ არ გვახასიათებს შემდგარი სახელმწიფოს საზოგადოების თვისებები, ჯერ ისევ პოსტსაბჭოთა საზოგადოების მახასიათებლებით ვართ სავსე.
თუმცა, მახარებს, როდესაც ვხედავ, იგივე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ინდივიდები, როგორ იცავენ უმცირესობების უფლებებს და არ ერიდებიან, რომ გარკვეულწილად რისკზეც წავიდნენ. რაც უფრო მეტი იქნება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც გაცნობიერებული ექნებათ, რომ მხოლოდ საკუთარი უფლებებისთვის კი არა, სხვისი უფლებისთვისაც ღირს ბრძოლა, ვფიქრობ, ამ უფლებების გარანტირებისთვის ხელისუფლებაც მეტს გააკეთებს.
- დაბოლოს, როგორ ფიქრობ, რა არის იმის მიზეზი, რომ ნებისმიერი სახელისუფლებო ცვლილების შემდეგ ცალკეული საზოგადოებრივი ორგანიზაციები ძალისხმევას არ იშურებენ ხელისუფლებასთან დასამეგობრებლად და არიან მის ქება-დიდებაში. თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ, თუ საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწიეს შემდეგ იწყება ომი ხელისუფლების წინააღმდეგ. არსებობს სტანდარტი, რა “მანძილზეა” დასაშვები ასეთი ორგანიზაციების ხელისუფლებასთან მიახლოება?
- ყველა ხელისუფლების პირობებში არიან სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც მეტად ან ნაკლებად არიან ხელისუფლებასთან “დაახლოებულები”, არიან მიუკერძოებლებიც. არიან ისეთებიც, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლებაზე მუშაობენ. ამის გარჩევა რთული არაა და საქართველოს ტიპის პატარა ქვეყანაში ეს ადვილად იდენტიფიცირებადია. როგორც წესი, დონორები დამოუკიდებელ ორგანიზაციებს უჭერენ მხარს, ვინაიდან ისინი სამოქალაქო ორგანიზაციებში სწორედ ხელისუფლების მაკონტროლებლებს ხედავენ და არა ხელისუფლების ლობისტებს.
ცალკე საკითხია ის, რომ ხშირად ხელისუფლებასთან დაახლოება-არდაახლოება ეშლებათ სამოქალაქო ორგანიზაციების ტიპებში. არსებობენ სერვისის მიმწოდებლები, კვლევით/ანალიტიკური და ე.წ. მეთვალყურე ორგანიზაციები (WATH DOG). ბუნებრივია, ეს მეთვალყურეები უფრო ჩანან კიდეც და უფრო მეტ ოპონირებაში არიან ხელისუფლებასთან, ვინაიდან ძირითადად უფლებების სფეროში საქმიანობენ. და ის, რომ სერვისის მიმწოდებელი, ან ანალიტიკური ორგანიზაციები ნაკლებად ჩანან, ან ნაკლებ ოპონირებაში არიან ხელისუფლებასთან, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელისუფლებასთან არიან დაახლოებულები. სამივე ამ ტიპის ორგანიზაციის არსებობა აუცილებელია, რომ მოქალაქეების საჭიროებების სფერო სრულად იყოს დაფარული სამოქალაქო სექტორის მხრიდან.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |