|
რუსული სპეცსამსახურები სალომე ზურაბიშვილისა და გია მაისაშვილის “დავერბოვკებას” ცდილობენ?
იმის შესახებ, რა გავლენას მოახდენს ყირიმის რუსული ოკუპაცია საქართველოზე, ბევრს მსჯელობენ. ექსპერტები და ანალიტიკოსები მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარზე საუბრობენ და ხელისუფლებას ურჩევენ, ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზად იყოს, თუმცა ის ინფორმაცია, რომელიც “პრემიერს” ექსკლუზიურად მოაწოდეს, ექსპერტებს ჯერ არ გაუანალიზებიათ. არადა, ინფორმაცია, მართლაც, საგანგაშოა, თუმცა მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ:
რამდენიმე კვრის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთში მცხოვრებმა ვინმე მიხეილ ხუბუტიამ, რომელიც იმთავითვე პუტინის ქვეშევრდომია, მძიმე სენით დაავადებულ ქართველ გოგონას მკურნალობისთვის სოლიდური თანხა ჩაურიცხა. სოციალური ქსელის ქართველ მომხმარებელთა ნაწილი ოკუპანტების ნდობით აღჭურვილ ხუბუტიას ქება-დიდებას ასხამდა და ლამის მესიადაც ნათლავდა.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძე, რომელსაც ე.წ. აჭარის რევოლუციამდე ბათუმის მერის პოსტი ეკავა, მეგობრების დაჟინებული მოთხოვნით, საქართველოში დაბრუნდა. გიორგი აბაშიძემ თბილისის აეროპორტში განაცხადა, რომ საქართველოში ათ დღე დარჩებოდა და ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური ინტერესები არ აქვს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს მედიის ყურადღების ცენტრშია: ხულოს რაიონის სოფელ ღურტის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და ხმაურიან აქციებს მართავს...
“პრემიერის” კონფიდენტის თქმით, ყველაფერი ზემოთქმული ერთმანეთთან კავშირშია. მეტიც, წყარო ამბობს, რომ “მეგობრები”, ვისზეც აქცენტი გიორგი აბაშიძემ თბილისის აეროპორტში გააკეთა, არც მეტი, არც ნაკლები, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინია!
“ყირიმის მოვლენების პარალელურად, პუტინმა რუსეთში მცხოვრები ქართველები თავისთან იხმო და, პრაქტიკულად, აგინა, აღარ ვაპირებ, თქვენზე ფული დავხარჯო, სასწრაფოდ საქართველოში წადით და ძლიერი პრორუსული პარტია შექმნით, თორემ ყველაფერს, რაც თქვენთვის გამიკეთებია, ცხვირიდან ძმრად გადენთო. ქართველები მამა-მარჩენალს უსიტყვოდ დაემორჩილნენ და საქართველოში წამოვიდნენ”, _ ამბობს “პრემიერის” კონფიდენტი, რომელიც უშიშროების სამსახურის სპეციფიკაში გადასარევად ერკვევა.
კონფიდენტის ინფორმაციითვე, პუტინის ქართველმა მსტოვრებმა საქართველოში დიდძალი ფული ჩამოიტანეს და პუტინის დავალებას ზედმიწევნით ასრულებენ, ანუ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებიან და მათ “დავერბოვკებას” ცდილობენ. პარალელურად, პუტინის მსტოვრები ურთიერთობის დამყარებას ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებთანაც გეგმავენ და, როგორც “პრემიერის” წყარო ამბობს, ესეც პუტინის გეგმის ნაწილია.
“მსტოვრებს, რადაც უნდა დაუჯდეთ, “ოცნების” რომელიმე წარმომადგენელს, განსაკუთრებით, მას, რომელსაც რუსული ბეგრაუნდი არ აქვს, უნდა შეხვდნენ და ხელი ჩამოართვან, თან ეს შეხვედრა აუცილებლად მედიით უნდა გაშუქდეს. ამ “გაშუქების” მიზანი ერთადერთია _ დასავლეთს შეკითხვები გაუჩნდეს, რა საერთო აქვს “ოცნებას”, მაგალითად, ხუბუტიასთან”, _ ამბობს წყარო, რომლის ვერსიითაც, ეს სცენარი კრემლში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტისა და ბარაკ ობამასთან შეხვედრის მერე ამუშავდა.
მაინც, ვინ არიან პუტინის მსტოვრები? _ ამ შეკითხვაზე “პრემიერის” წყარო მიანიშნებს მიხეილ ხუბუტიაზე, ალექსანდრე ებრალიძეზე, მამა-შვილ აბაშიძეებსა და ვინმე ხომერიკზე. ამასთანავე, ლაპარაკია მათ ადგილობრივ ისეთ თანამოაზრეებზე, მაგალითად, როგორიც ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელიაა.
“პრემიერის” წყაროს მონაცემებითვე, ზემოხსენებული ადამიანების ადგილობრივი შემსრულებლები კონკრეტულ ბიზნესმენებთან მიდიან და ბიზნესპარტნიორობას სთავაზობენ. ერთი შეხედვით, ბიზნესპარტნიორობაში ცუდი არაფერია, მაგრამ ძაღლის თავი სწორედ აქაა დამარხული _ თუ ბიზნესმენები, რომლებიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევების შემდეგ არცთუ კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ცდუნებას ვერ გაუძლებენ და პუტინის ფულს აიღებენ, მაშინ კრემლის მიზანი შესრულებული იქნება, ანუ პუტინს ქართველი მეწარმეები ყურებით ეყოლება დაჭერილი და რასაც უნდა, იმას გაკეთებინებს, თუმცა “პრემიერის” წყაროს თქმით, “ბიზნესდავერბოვკება” არცთუ წარმატებით მიდის და კონკრეტულ ბიზნესმენებსაც ასახელებს, რომლებმაც პუტინის ქართველი მსტოვრები საკუთარი ოფისებიდან სულ კინწისკვრით გაყარეს (“პრემიერი” ეთიკური მოსაზრებით, ამ ბიზნესმენთა ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებს).
რაც შეეხება ზემოხსენებულ ხულოს რაიონის სოფელ ღურტას, ღურტის მოვლენებამდე ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სარფის საბაჟოზე სპეცსამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი. ითქვა ისიც, რომ თურქეთის მხრიდან საქართველოს საზღვარი შესაძლოა, ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილ უფროსს, ვინმე “ქელფეთას” გადმოეკვეთა. “პრემიერის” წყაროს თქმით, სოფელ ღურტის მოვლენები სწორედ “ქელფეთას” მიერაა ორგანიზებული და ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის აგორებას ისახავს მიზნად. საგულისხმოა, რომ ღურტის ამბოხი და გიორგი აბაშიძის საქართველოში დაბრუნება დროში ერთმანეთს დაემთხვა...
რატომ აძლევს ხელისუფლება პუტინის ქართველ მსტოვრებს საქართველოში შემოსვლის უფლებას, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ, როგორც “პრემიერის” წყარო ამბობს, სიტუაცია ფეთქებადსაშიშია. მისივე განმარტებით, კარგი იქნება, თუ ქართული სპეცსამსახურები საქართველოში მოღვაწე ისეთი რუსული კომპანიების საქმიანობით დაინტერესდებიან, რომლებიც ე.წ. კომუნალურ და საყოფაცხოვრებო ბაზარზე არიან გამაგრებულნი. “პრემიერის” კონფიდენტი ერთ-ერთ რუსულ კომპანიას ხელს ადებს და აცხადებს, რომ ის, პრაქტიკულად, რუსეთის დაზვერვის შტაბია საქართველოში!
“მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახური ადამიანის გადაბირებას სამი მოტივით ახდენს _ კომპრომატების, იდეურ-პატრიოტული და ფინანსური ანაზღაურების საფუძველზე. საქართველოში მოღვაწე რამდენიმე კომპანიის დახმარებით, რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოში ნებისმიერ მოქალაქეზე სრული დოსიე აქვს, ანუ იცის მისი ფინანსური შემოსავალი, სად, ვისთან ერთად ცხოვრობს, როდის იხდის გადასახადებს და ასე შემდეგ, ეს კი, პრაქტიკულად, ოპერატიული დაკვირვების ბარათია”, _ ამბობს “პრემიერის” კონფიდენტი.
მისივე თქმით, პუტინისთვის ამჟამად ყველაზე საინტერესო ორი ქართველი პოლიტიკოსია. შესაბამისად, ვლადიმეროვიჩის ქართველი მსტოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, თურმე, ისაა, რომ როგორმე სალომე ზურაბიშვილისა და გია მაისაშვილის გარემოცვაში შეაღწიონ და თუ ეს არ გამოუვიდათ, მაშინ ახალი პოლიტიკური ძალა ისეთი სეგმენტისგან შექმნან, მაგალითად, როგორიც ვეტერანები არიან.
რატომ კეთდება აქცენტი მაინცდამაინც ზურაბიშვილსა და მაისაშვილზე? _ “პრემიერის” ინფორმატორს თუ დაეჯერება, ამ ორი პერსონის გარდა, ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე, პრინციპში, არ არსებობს პოლიტსუბიექტი, რომელიც ე.წ. რუსული წარსულისგან თავისუფალია.
სხვათა შორის, თავის დროზე, გაერო-ში მოღავწეობისას სალომე ზურაბიშვილს ლავროვთან კარგი ურთიერთობა ჰქონია, მაგრამ, როგორც “პრემიერის” კონფიდენტი მიანიშნებს, ზურაბიშვილს ლავროვი გარკვეული კომპრომატებით ჰყავს გამოჭერილი და სწორედ ამით აიხსნება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობისას ზურაბიშვილმა ლავროვი საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანაზე უმტკივნეულოდ დაითანხმა. ისე, წყარო ამბობს, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად არ დანიშნა.
“პრემიერის” წყაროს დაკვირვებით, რუსეთის მთავარი მიზანი თვითმმართველობის არჩევების წინ, ხალხის ქუჩაში გამოყვანაა. ქუჩაში გამოყვანილ ხალხთან დაკავშირებით, კრემლს მწარე გამოცდილება აქვს, ნინო ბურჯანაძის სახით. სხვათა შორის, პუტინს კატეგორიულად უთქვამს, რომ ბურჯანაძეს აღარ გაეკარება...
ვინ გახდება ვოვას ახალი ბურჯანაძე? _ ამას დრო გაარკვევს. ისე, მსურველი, ალბათ, ბევრი კი არა, ძალიან ბევრია. ბოლოს და ბოლოს, ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს!
P.S. რამდენიმე წელია, საქართველოში ალექსანდრე ებრალიძის ე.წ. ფონდი ფუნქციონირებს, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ და წარმატებულ ქართველებს სოლიდური პრემიებით აჯილდოებს. ებრალიძე თავს იწონებს, რომ პუტინთან მეგობრობს. ცნობილი ქართველები ოკუპანტი პუტინის მეგობრისგან ჯილდოებს სიამოვნებით იღებენ! “პრემიერის” ინფორმაციით, ერთადერთი, ვინც რამდენიმე წლის წინათ ებრალიძის ჯილდოზე უარი განაცხადა, სახალხო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანია!
ალექსი ნოზაძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |