|
“ერთადერთი, რაც რესპუბლიკელებსა და ნაციონალებს საერთო აქვთ, ეს ანტიეკლესიური განწყობაა”
უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას საქართველოს პარლამენტი ერთობლივი რეზოლუციით გამოხატავს, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა შტეფან ფულემ კი, საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას კვლავ გამოხატა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მისი მოსალოდნელი შედეგები რომ საქართველოზე აუცილებლად აისახება, ამ საკითხზე თითქმის არავინ დაობს, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მაინც დასჭირდა კოლეგებისთვის შეეხსენებინა, რომ ერთიანობის დემონსტრირება სწორედ მაშინ არის საჭირო, როდესაც ქვეყანას საერთო მტერი ჰყავს და საერთო პრობლემა აქვს. მისი თქმით, უკრაინა-საქართველო გათავისებული უნდა გვქონდეს, როგორც ერთი მთელი, რომელიც ერთ საფრთხეს უმკლავდება. “სწორედ მოწინააღმდეგემ და მტერმა უნდა დაინახოს ჩვენი ერთიანობა იმაში, რაშიც ერთიანი უნდა ვიყოთ”. მიუხედავად იმისა, რომ სულ მალე საქართველო ნატოსგან მაპ-ის მინიჭებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის რეალური შანსის წინაშე დგას, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, ქართველ ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გაზაფხულის ბოლომდე შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს. უახლესი პოლიტიკური მოვლენების პროგნოზის მიზნით, “პრემიერი” პოლიტიკური საკითხების ექსპერტს, სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
_ როგორც ვიცით, მაპ-ის მოლოდინით იმედგაცრუებული საქართველო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა, ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის აუცილებელი შანსი კვლავ მოგვეცა. რა მსგავსება და განსხვავება შეიძლება იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით მაშინდელი და ამჟამინდელი მსოფლიოს დამოკიდებულებაზე?
_ პირველი განსხვავება ის არის, რომ რუსეთის მორიგმა აგრესიამ ცოტა სხვა ხასიათზე დააყენა დასავლეთი, მეორე _ ის, რომ მაშინ თავად მსოფლიოში სულ სხვა განწყობა იყო, რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობა თითქოს ნორმალურად მიმდინარეობდა, თანმიმდევრულად იმართებოდა რუსეთისა და ნატოს საბჭოს სხდომები, მათ შორის მწვავე კონფლიქტის ნიშნები არ იკვეთებოდა. ახლა რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ავტომატურად მოგვეცა მაპ-ის მიღების პერსპექტივა. არ გამოვრიცხავ და დიდი ალბათობით, ვაშინგტონი მხარს დაგვიჭერს, ისე, როგორც 2008 წელს გვიჭერდა მხარს, მაგრამ უკანასკნელი მოვლენები, პირველ რიგში, გერმანიის პოზიცია, პირადად ჩემში ეჭვს იწვევს. არ მგონია, რომ გერმანია მაპ-ის მიღებაზე დაგვთანხმდება, მაგრამ მომავალი წინ არის, ახლა მთელ მსოფლიოში ძალიან საინტერესო ფაზა იწყება, მიმდინარეობს რუსეთისა და დასავლეთის დიალოგი უკრაინასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, რუსეთი მოითხოვს მთელ რიგ გარანტიებს იმის სანაცვლოდ, რომ ის უკრაინასა და ყირიმს ხელს არ ახლებს და მშვიდ ვითარებაში დატოვებს იქაურობას.
_ კერძოდ, რა შეიძლება რუსეთმა მოითხოვოს, რაზეც შესაძლებელი იქნება, რომ დასავლეთისგან თანხმობა მიიღოს?
_ ამის სანაცვლოდ რუსეთი მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. რადგან ყირიმი შავი ზღვის რაიონია და გეოგრაფიულად საქართველოსგან ძალიან დაშორებული არ არის, რასაკვირველია, ამ გარანტიებში რუსეთი საქართველოსაც ჩართავს. პირველი, რაც იქნება, საქართველოს გადაეკეტოს გზა მაპ-ისკენ კი არა, საერთოდ ნატოსკენ. არ არის გამორიცხული, რომ შეთანხმება ვერ შედგეს და რუსეთის დაქირავებულმა ბანდებმა, ის ძალებმა, ვინც სიმფეროპოლში ხელისუფლებაში მოვიდა, რადიკალური მოქმედებები დაიწყონ. ესენი კრიმინალები არიან, იგივე ყირიმის ახალი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი აქსიონოვი ცნობილი კრიმინალია, “კანონიერი ქურდების” მეგობარი და მათი პარტნიორი.
_ საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებულია შეთანხმებით, სადაც ვალდებულება, რუსეთის გარდა, აშშ-სა და ბრიტანეთსაც აქვთ. თუკი რუსეთი დასავლეთს დათმობას მოსთხოვს, გამოდის, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ დაუცველი დარჩება?
_ ვაშინგტონის 1948 წლის ხელშეკრულებით, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული მუხლი ჩვენში, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რატომღაც გაყალბებულად აღიქმება. ვინაიდან იქ გარკვევით წერია, რომ ნატოში მიღებულ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს მოუგვარებელი სასაზღვრო დავა თავის მეზობლებთან. ჩვენ, ახლა, მოუგვარებელი სასაზღვრო დავა საერთაშორისო სამართლის ნორმებით არავისთან არ გვაქვს. რუსეთთან ჩვენ სულ სხვა პრეტენზიები გვაქვს. რაც შეეხება სასაზღვრო ზოლს, იქ გარკვევით წერია, რომ მსოფლიოს საზოგადოებრიობა და ნატოს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს საზღვარს ფსოუზე და როკის გვირაბზე და არავინ არ აღიარებს ენგურსა და ახალგორზე. მართალია, ჩვენ ჯერ კიდევ დაუდგენელი სასაზღვრო ზოლები გვაქვს აზერბაიჯანთან და ნაწილობრივ სომხეთთან, მაგრამ ეს არ განიხილება როგორც კონფლიქტური ვითარება. ვთქვათ, თავის დროზე, უნგრეთს, იმისთვის, რომ ნატოში შესულიყო, მოუწია მთელი რიგი ტერიტორიების დათმობა თავისი მეზობლებისთვის, რადგან იქ სასაზღვრო დავა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიშვა. ჩვენ ასეთ მდგომარეობაში არ ვართ და ამიტომ სასაზღვრო-ტერიტორიული პრობლემა, როგორც არგუმენტი, თითიდან გამოწოვილია. ეს არის ვაშინგტონის ხელშეკრულების პუნქტების უცოდინრობა, ან მისი შეგნებული გაყალბება.
_ ევროკავშირის კომისარმა შტეფან ფულემ პრეზიდენტთან და მთავრობის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ხაზგასმით განაცხადა, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების გარდაუვალობასთან დაკავშირებით. რამდენად რეალურია საქართველოს წარმატება ინტეგრაციის გზაზე იმის მიუხედავად, რა შედეგით დასრულდება უკრაინის მოვლენები?
_ იმედი, რასაკვირველია, არის, ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აუცილებლად მოვაწერთ და შემდეგ იწყება პრობლემები, რადგან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან საქართველო შედის ვალდებულებების შესრულების რეჟიმში. ეს ვალდებულება უამრავია და მის შესრულებას ვერ გაუძლო, მაგალითად, ისლანდიამ, რომელმაც საერთოდ უარი თქვა ევროკავშირში შესვლაზე. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ვალდებულებების 90% ისლანდიას უკვე შესრულებული ჰქონდა. როდესაც მას ხელახლა, ახალი 60-ზე მეტი ვალდებულება წაუყენა ბრიუსელმა, ისლანდიამ “ტლინკები აყარა” და უთხრა, საერთოდ არ მინდა თქვენი ევროკავშირიო. ჩვენთან რომ ვალდებულებათა შესრულების რეჟიმი დაიწყება, მთავარი ეს იქნება, გავუძლებთ თუ არა: ქვეყნის სოციალური ფონის გაუარესება აუცილებლად მოჰყვება ამ პროცესს და ევროკავშირის ჩინოვნიკებიც გვაფრთხილებენ. რა ხანია ამ დღეშია რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ბალტიისპირეთი...
_ შტეფან ფულემ საქართველოს პატრიარქის გადარწმუნებაზე გააკეთა აქცენტი, რაზეც პატრიარქმა უპასუხა, რომ ის დიდი ხანია ევროინტეგრაციის იდეის განხორციელების მომხრეა და მას პოზიციის შეცვლა არ სჭირდება. როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვთ გარკვეულ ძალებს, ვინც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ქვეყნის პატრიარქისა და ეკლესიის დისკრედიტაციას ცდილობენ?
_ ამას ყველა ვხედავთ, ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, გარკვეული კი არა, კონკრეტული ძალები მუშაობენ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამის უპირველესი ფლაგმანი არის ჩვენი პარლამენტის სახელისუფლებო პარტია.
_ თავად პატრიარქმა მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ფინანსური ინტერესები დაასახელა. დააკონკრეტეთ, ვის მოიაზრებთ სახელისუფლებო პარტიად?
_ სულ ახლახან რესპუბლიკელების წარმომადგენელმა, ნაძალადევის მაჟორიტარმა თამარ კორძაიამ მის უწმინდესობას დასცინა და შეურაცხყოფა მიაყენა, ილია მეორეს პარლამენტში ერთი მანდატი მივცეთო.
_ ამბობთ, რომ საქართველოს სახელს მიზანმიმართულად უტეხენ და ამას ქვეყნის ხელისუფლება აკეთებს?
_ “რესპუბლიკური პარტია” რეალურად დღეს ქვეყნის ხელისუფლების მმართველი პარტიაა და ნუ ვამბობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული წრეები, ან ძალები მოქმედებენ. მოდით, დავარქვათ ყველას თავისი სახელი: რესპუბლიკელები დიდი ხანია ნაციონალებთან ერთად არ არიან, მაგრამ ერთადერთი, რაც რესპუბლიკელებსა და ნაციონალებს საერთო აქვთ, ეს ანტიეკლესიური განწყობაა. ამიტომაც შტეფან ფულე ადგა და მივიდა პატრიარქთან, უნდა გადავარწმუნო, რომ ევროპა კარგიაო. პატრიარქისგან მან მშვენიერი პასუხი მიიღო, თქვენი დარწმუნება არ მჭირდება, დიდი ხანია ევროკავშირის მომხრე ვარო. ეს რეალობაა და ვერსად გავექცევით _ ეკლესია, ქვეყანაში ერთადერთი ინსტიტუტია, რომლისაც ხალხს სჯერა და სწამს. თუ რწმენის ინფლაციაც მოვახდინეთ, მაშინ აღარ ვიცი, რა და ვინ ვიწამოთ.
ხათუნა ხატიაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |