|
“რუსეთის ეკონომიკა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს, განსაკუთრებით სანქციების შემდეგ”
მსოფლიოს 300 მილიარდერმა ერთ დღეში 44 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. ასეთ ფინანსურ და ეკონომიკურ ტვირთად დააწვა ყირიმის ერთი დღე მსოფლიო ეკონომიკას. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, გლობალური საბირჟო და სავალუტო რყევების შედეგებს ცალკეული ეკონომიკები მოგვიანებით გრძნობენ ხოლმე.
ისეთ ვითარებებში, როდესაც პოლიტიკა პირდაპირ არის კავშირში ეკონომიკურ პროცესებთან და მეტიც, განსაზღვრავს ხოლმე მის მდგომარეობას, მაშინ პოლიტიკური მამები მოსახლეობას მოსალოდნელი პოლიტიკური წარმატებებით ამშვიდებენ.
ცხადია, რომ რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა უკრაინას მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე მოუგოს ომი. ომი, მისი კლასიკური გაგებით, თუ საერთოდ დადგა დღის წესრიგში. მაგრამ ეკონომისტები უკვე აცხადებენ, რომ მოსკოვმა საკუთარი ეკონომიკა წააგო.
თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ურაპატრიოტებისთვის მთავარია, იმპერიალისტური ვნებების დაკმაყოფილება და ისინი სულაც არ დაგიდევენ, რამდენად უჭირს ცხოვრება რუსეთის რიგით მოქალაქეს.
ომის გარეშეც კი რუსეთის ეკონომიკა რთულ ვითარებაში იყო. მხოლოდ 2014 წლის იანვარში ინვესტიცია 7%-ით შემცირდა, კაპიტალის გადინებამ კი 20 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. თებერვალში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 მილიარდია. ეკონომიკური ზრდა კი რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით 1,5-2%-ის ფარგლებში იყო ნავარაუდევი.
ყირიმის კრიზისის პირველსავე დღეებში ცხადი ხდება, რომ რუსეთი ამ ომზე მშპ-ს 3%-ს კარგავს. მართალია, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი დასავლეთს სანქციების სანაცვლოდ დაემუქრა, რომ არც ვალებს გადაუხდიდნენ და დოლარსაც საკუთარი ძალებით ჩაანაცვლებდნენ, მაგრამ რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა იური ჩიხანჩინმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვალუტის გადინების შესაჩერებლად ახალ რეგულირებაზე დაიწყო საუბარი და აღნიშნა, რომ 15 ათასი ევროს მეტი ერთმა ადამიანმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვერ უნდა გაიტანოს. არგუმენტი კი ძალიან საინტერესოა, თურმე არის შემთხვევები, როდესაც ცალკეულ მოქალაქეებს ქვეყნიდან ერთ გატანაზე 60 მილიონიც კი გააქვთ. იური ჩიხანჩინს სტატისტიკური მონაცემებიც მოჰყავს და აცხადებს, რომ 2012 წელს ასეთი ფორმით ქვეყნიდან 10 მილიარდი გაიტანეს. ეს რომ ყველაფერი “საპნის ოპერაა”, ცხადია, რაღა ახლა, დასავლეთის მუქარის დროს გაახსენდათ რუსეთში ეს საკითხი? მედალს, ზოგადად, ორი მხარე აქვს და არც ის არის დასამალი, რომ ევროპა წლების განმავლობაში ენერგომატარებლებით გაყოყოჩებულ რუსეთს ლაქიასავით ექცევა და მის ნებისმიერ კაპრიზს აკმაყოფილებს, თუმცა, ეტყობა, ამჯერად ვითარება მნიშვნელოვნად თუ არა, ცოტათი მაინც შეიცვალა, თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინა არც თავისი გეოგრაფიული, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური მნიშვნელობით საქართველო არ არის და უფრო ძვირად ფასობს.
ალბათ, ამიტომაც კიევი უახლოეს პერიოდში ჯერ აშშ-სგან მიიღებს 2 მილიარდი დოლარის დახმარებას, ხოლო ევროკავშირი უკრაინას უახლესი წლების განმავლობაში 11 მილიარდს ჰპირდება.
“ყირიმის კრიზისის” ჭრილში “პრემიერის” კითხვებს ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ უპასუხა:
-ყირიმის კრიზისის პირველი დღე მსოფლიოს სამას მილიარდერს 44 მილიარდი დაუჯდა. რამდენად შესაძლებელია, ყირიმის კრიზისმა გავლენა იქონიოს გლობალურ ეკონომიკაზე?
-ყირიმის კრიზისმა გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე მყისიერი ეფექტის სახით უკვე მოახდინა, თუ პროცესი გამწვავდა და გარკვეული პერიოდი გაგრძელდა, ეს კიდევ უფრო აისახება მსოფლიო საფონდო ინდექსებზე, ნავთობისა და გაზის, ხორბლის გაძვირებაზე, ასევე წამყვანი ვალუტების პოზიციებზე. გამწვავება მოიცავს სანქციების დაწესებას, რომელიც გულისხმობს ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების ბლოკადასაც რუსეთის მიმართ, ასევე, რუსეთის მხრიდან ევროპული და აშშ კომპანიების აქტივების კონფისკაციას, ეს საკმაოდ მოცულობითი ზარალი იქნება. კრიზისი გავლენას მოახდენს სამ უმსხვილეს ეკონომიკაზე -ევროკავშირზე, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 22%-ია, აშშ-ზე, მისი წილიც 22%-ია, და რუსეთზე, მსოფლიო ეკონომიკაში 3%-იანი წილით. გარდა ამისა, თავად უკრაინა ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულისა და მეტალურგიული პროდუქციის. ასე რომ, პროცესების კიდევ უფრო ესკალაციის პირობებში გავლენა მნიშვნელოვანი იქნება.
-ყველაზე ცუდ მდგომარეობაში რუსეთის ეკონომიკა აღმოჩნდა. მისი იანვრისა და თებერვლის მაჩვენებლებიც არ იყო სახარბიელო. რა ეკონომიკური პროცესები შეიძლება მოჰყვეს ყოველივეს რუსეთში, მით უფრო იმ სანქციების გათვალისწინებით, რასაც დასავლეთი აჟღერებს?
-რუსეთისთვის სანქციები ბევრად მტკივნეული იქნება, მისი დღიური შემოსავლები ენერგომატარებლებიდან 2 მლრდ აშშ დოლარია, მისი მომხმარებლები არიან დასავლეთის ქვეყნები, ერთ-ერთმა უმსხვილესმა გიგანტმა გერმანულმა კომპანიამ უკვე უარი თქვა რუსულ ენერგომატარებლებზე. ბოლო 2 დღეს რუსულმა საფონდო ბაზარმა მნიშვნელოვანი დაცემა განიცადა, ყველა წამყვანი რუსული კომპანიის აქციები გაუფასურდა. 3 მარტის ზარალმა მხოლოდ 72 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ამას დავუმატოთ სამხედრო ხარჯები. რუსეთის ეკონომიკა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს, განსაკუთრებით სანქციების შემდეგ. მას გარკვეული რეზერვები გააჩნია, მაგრამ ეს ხანგრძლივ პერიოდში საკმარისი ვერ იქნება. გარდა ამისა, რუსეთი არ არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობა კარგად ცხოვრობს, ესეც ერთ-ერთი სისუსტეა და მყიფეა მისი შიდა სტაბილურობა. ამასთანავე, რუსეთში ადგილობრივი კაპიტალი არ ჩერდება, ის გაედინება ევროპასა და აშშ-ში, ამიტომ ამ ანგარიშების დაყადაღებაც, თუ ამას დასავლეთი გააკეთებს, რუსეთის ელიტისთვის საგრძნობი იქნება.
-მართალია, ქართული ეკონომიკა მინიმალურად არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ეს კურსი, ანუ რუსეთთან ეკონომიკის ცალკეული მიმართულებების მიბმა, თუ საჭიროა უფრო მეტი სიფრთხილე და ალტერნატიული გზების ძიება?
-რუსეთი და უკრაინა უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედიან, თუმცა ალტერნატივების შესაძლებლობა გვაქვს და დამოკიდებულებაც ნაკლებია. ჩვენ გვაქვს ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის ალტერნატიული ბაზრებიდან მიწოდების შესაძლებლობაც, ქართული ღვინისთვის და მინერალური წყლისთვის უკრაინა უმსხვილესი ბაზარია და აქ დანაკარგები, ალბათ, მტკივნეული იქნება, რუსეთი ისედაც განიხილებოდა რისკიან ბაზრად, ამიტომ ამ ბაზარზე თუ ქართულ პროდუქციაზე ემბარგო განახლდება, ეს მოსალოდნელი რისკია. დივერსიფიცირების პოლიტიკა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ასევე, იმპორტის ნაწილში თუ ნაკადები შეწყდა, რუსული და უკრაინული პროდუქციის ჩანაცვლების შესაძლებლობაც არსებობს. მთავარი გავლენა, ალბათ, მაინც კურსის დაცემა ექნება. რუბლისა და გრივნის დაცემა აძვირებს ქართულ პროდუქციას და ამცირებს გაყიდვებს. ასევე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ლარის კურსზეც, ამიტომ აქ ყურადღებაა საჭირო, რომ ეს გავლენები მინიმალური იყოს. ასევე, ორმხრივი სანქციების შემთხვევაში მოსალოდნელია ევროსა და დოლარის შესუსტებაც.
-ხშირად ამბობენ, ყირიმის შემდეგ რუსეთი ჩვენთვისაც მოიცლის. როგორ ფიქრობთ, რამდენად უზრუნველყოფილია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება? ხომ არ არის აუცილებელი ცალკეული პრევენციული ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად?
-აქ რაიმე განსაკუთრებულ ზომებზე ჯერჯერობით საუბარი არ შეიძლება. მაგრამ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. განსაკუთრებით სებ-ი უნდა იყოს ყურადღებით. სასურსათო და ენერგომომარაგების პრობლემა არ გვაქვს. ენერგომომარაგებაში არის აზერბაიჯანი, მარცვლეულში -ყაზახეთი, სხვა სასურსათო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის ნაწილში -თურქეთი.
ლაშა ნოდია, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |