|
“რომ მოგყავს კადრი პროკურატურიდან, კაბინეტში ნაჯდომი და პატიმართან ურთიერთობას მიუჩვეველი პოლიციელი, ის, რა თქმა უნდა, თავს ვერ გაართმევს”
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის #14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდადებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდადებულის გარდაცვალებით დასრულდა. სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გარდაცვლილის ძმის, კობა ფარტენაძის თქმით, ე.წ. თავანი მის ძმას არ ჰქონდა და ის ვერსია, რომ თითქოსდა ფულის წაგებისა და “თავანის არჩაბარების” გამო მოკლეს, საფუძველს მოკლებულია. გარდაცვლილის ოჯახის წევრის განცხადებით, გიგა ფარტენაძე ღამის სამის ნახევარზე მასთან ერთად საკანში მყოფმა პატიმრებმა აწამეს და მოკლეს, თუმცა გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაცია წინასწარ იყო ინფორმირებული. “ჩემს ძმას სხეულზე წამების კვალი აღენიშნება. როგორც თავად მინისტრმა განაცხადა, ის თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით გარდაიცვალა და მსგავსი საგნები თურმე საკნებში დაშვებულია. ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება. მას ჩაიდანი აქვს ჩარტყმული, საშინლად არის ნაწამები, თვალი აქვს ამოთხრილი, ექსპერტიზის პასუხი კი დაკრძალვიდან ერთ კვირაში იქნება ცნობილი. გვინდოდა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება ბათუმში, მაგრამ უარი გვითხრეს, თბილისის ცენტრალურ ექსპერტიზის ბიუროს მიმართეთო”, _ განაცხადა “აფხაზეთის ხმასთან” საუბრისას გარდაცვლილის ძმამ. კობა ფარტენაძე აცხადებს, რომ მის ძმას ბრალი არასწორად ჰქონდა წარდგენილი. გიგა ფარტენაძეს რამდენიმე წლის წინათ ბათუმში ეროვნებით თურქ მამაკაცთან შელაპარაკება მოუვიდა, ახლობლების განცხადებით, მისთვის ხულიგნობის მუხლით 3-დან 5 წლამდე პატიმრობა უნდა მიესაჯათ, თუმცა მას ყაჩაღობის მუხლით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს: “ეს ფაქტი ვერ მოხდებოდა ისე, ციხის ადმინისტრაცია საქმის კურსში რომ არ ყოფილიყო. ჯერჯერობით, ადმინისტრაცია არ დაგვკავშირებია, ჩვენც პატიმარმა დაგვირეკა და გვითხრა, გიგას ცხედარი პროზექტურაშია და მიხედეთო. საკანში, გიგას გარდა, კიდევ სამი პატიმარი იყო, ისინი გეგუთში 4 დღის წინ თბილისიდან გადაიყვანეს, როგორც ჩემთვის ცნობილია. გიგას წამებაში ორი პატიმარი მონაწილეობდა, მესამე კი, უბრალოდ, უყურებდა, გაშველებასაც კი არ ცდილობდა, ერთ-ერთს მეტსახელად “კვერცხას” უწოდებენ”, _ განაცხადა კობა ფარტენაძემ. გარდაცვლილის ძმის თქმით, გიგა ფარტენაძე მისი დანაშაულის შეუსაბამო დანაშაულის ჩამდენ პატიმრებთან იყო საკანში მოთავსებული _ საკანში მკვლელობის მუხლით დაკავებული პატიმრები იმყოფებოდნენ, გარდაცვლილი კი ყაჩაღობის მუხლით იხდიდა სასჯელს. “ჯერჯერობით არ ვიცი, რას მოიმოქმედებს ჩემი ოჯახი, მაგრამ კითხვები არსებობს და გვსურს, ამ კითხვებზე პასუხი გაგვცენ”, _ განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.
ციხეში მომხდარისა და იქ არსებული ვითარების შესაფასებლად “პრემიერი” “ყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელს ნანა კაკაბაძეს ესაუბრა.
_ ციხეში არსებულ მდგომარეობაზე ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ ან პატიმრებისგან ან ადვოკატებისგან. რასაკვირველია, არსებობს კიდევ ოფიციალური ინფორმაცია სამინისტროს მხრიდან ან პატიმრის ახლობლებისგან. ჩემი ინფორმაცია კი, ამ ფაქტთან დაკავშირებით, პატიმრების ინფორმაციებს ეყრდნობა. დამირეკეს და ფაქტად გავიგე, რომ ასეთი რამ მოხდა. საკანში ამ ადამიანს სცემეს პატიმრებმა და ცემის შედეგად გარდაიცვალა. მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, ზოგადად, ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა შესაძლოა, ასეთი შემთხვევები ლეტალური შედეგით არ დასრულებულა, მაგრამ სიკვდილის პირას არაერთი პატიმარი მიუყვანიათ. მე ბოლო პერიოდს ვგულისხმობ და არა 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს. იმიტომ რომ მანამდე რაც იყო, ეს ნათქვამია და ვიცით, რაც ხდებოდა. მართალია, ადმინისტრაცია ნაკლებად ეხება პატიმრებს, მაგრამ 6 სამუდამო პატიმარი გადაიყვანეს მეექვსე საპყრობილეში, რომლებიც ზონდერების მიერ არიან ნაცემი, მათ შორის “ბომბორა” და რამდენიმე პატიმარი. ესენი უკვე ნაცემები იყვნენ ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პატიმრების ცემა ხდება თვითონ პატიმრების მიერ. მონაწილეობენ ე.წ. მაყურებლები, რომელთაც ყოველთვის მართავდა ადმინისტრაცია. შესაძლოა, ეს არ იყოს ვინმესთვის სანდო ინფორმაცია, მაგრამ მე ვამბობ იმას, რა ინფორმაციაც მაქვს და ამ წლების განმავლობაში რა ურთიერთობებიც მაქვს პატიმრებთან. ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაცია ამას უარყოფს ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ მაინც დგინდება, რომ ეს ასე იყო. აღიარებენ ამას თუ არა, ალტერნატიული ვერსიები, რომელსაც გვთავაზობენ ხოლმე, ყოველთვის ჰაერში გამოკიდებული და არაფერზე დაფუძნებულია. მაშინ არის თუ არა ის ვერსია სწორი, რომელიც ითქმება ხოლმე თავდაპირველად ასეთ დროს? ეს არის ის ინფორმაცია, რაც ამ პატიმართან დაკავშირებით სხვა პატიმრებმა მომაწოდეს. ამას სჭირდება გამოძიება, რომელიც იტყვის თავის სიტყვას. სამწუხარო ის არის, რომ ასეთ საქმეზე გამოძიებას თან ახლავს ხოლმე პოლიტიკური ელფერი და დატვირთვა. ხელისუფლება ცდილობს, მისი დანაშაული საჯაროდ არ გახდეს ცნობილი. მაგრამ, როდესაც ასეთი შემთხვევა არაერთია და გახშირებულია, ეს თავისთავად იწვევს ეჭვს, რომ ეს არ არის შემთხვევით მომხდარი. თუნდაც შემთხვევით იყოს მომხდარი, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? როდესაც პატიმარი კვდება საკანში და ეს ხდება ფიზიკური ზემოქმედებით და არა ბუნებრივი გარდაცვალებით, აბა, ვინ არის დამნაშავე თუ არა ადმინისტრაცია? სამინისტროს პოზიცია, რომ ადმინისტრაციის როლი მომხდარში ჯერ არ გამოკვეთილა, მინიმუმ არასწორია.
_ ეს მინდოდა მეკითხა, ციხეში კლავენ ადამიანს და ადმინისტრაცია ამბობს, მომხდარში ადმინისტრაციის როლი ჯერ არ გამოკვეთილაო, ეს რამდენად გამართლებულია? ადმინისტრაციამ ვერ დაიცვა პატიმრის სიცოცხლე, აქ სხვა რა როლზეა საუბარი?
_ ადმინისტრაციის როლი იმ მომენტშივე იყო გამოკვეთილი, როგორც კი ამ ადამიანის დაზიანება მოხდა, რამაც სიკვდილი გამოიწვია. ის, რომ ეს ადმინისტრაციამ ვერ და არ აღკვეთა... აბა, რისთვის გვყავს? რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პატიმრის უფლებები ილახება, პასუხისმგებელია უპირველესად ადმინისტრაცია. გააჩნია დანაშაულის სიმძიმეს. შესაძლოა, ეს იყოს ლოკალურ დონეზე, მეთვალყურის დონეზე, შესაძლოა, დირექტორისა და შესაძლოა, დეპარტამენტისა და სამინისტროს დონეზე. თუ ვინმესთან არასწორად შეგზავნეს ამანათი და იქ რაიმე დააკლეს, ან ხელი არ მოაწერინეს, კონკრეტული პირია დამნაშავე. და როცა ასეთი ფაქტი ხდება, როგორ შეიძლება, აქ არ იყოს ადმინისტრაციის როლი? გამოძიების საგანი რა უნდა გახდეს? გარდაცვლილია თუ არა და ნაცემია თუ არა, ეს არის გამოძიების მიზანი? რა უნდა გამოიძიონ? ფაქტი მომხდარია, ახლა კონკრეტული პირი უნდა გამოიძიონ, ვინც სცემა ეს პატიმარი. ფაქტი დამდგარია, ეს მოხდა ციხეში და ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის არსებობა გამოძიების საგანი აღარ არის.
_ როგორც თქვენ თქვით, პირველ ოქტომბრამდე არსებულ მდგომარეობაზე აღარ გკითხავთ, პირველი ოქტომბრის შემდეგ ციხეში ვითარება რა და რატომ ვერ გვარდება?
_ ძალიან ბევრი რამეა ამის მიზეზი და ეს კიდევ ერთი ინტერვიუს თემაა. ვერ გვარდება კვების საკითხები, ვერ გვარდება რეჟიმისა და უსაფრთხოების საკითხები. ვერ ხერხდება სისტემის მართვა. რატომ? იმიტომ რომ ვერ ხერხდება ციხეებში კვალიფიციური კადრების მოზიდვა.
_ ამ კადრების მოზიდვა ვერ ხერხდება იმიტომ, რომ არ არიან თუ სხვა მიზეზია?
_ ციხე არის სპეციფიკური დაწესებულება. აქ არ შეიძლება პოლიციიდან გადმოიყვანო ადამიანი და დანიშნო, იმიტომ რომ ამას სჭირდება გარკვეული მომზადება. შენ რომ მოგყავს კადრი პროკურატურიდან, კაბინეტში ნაჯდომი, სხვა გარემოს მიჩვეული და პატიმართან ურთიერთობას მიუჩვეველი პოლიციელი, ის, რა თქმა უნდა, თავს ვერ გაართმევს. როგორი გადასარევი თანამშრომელიც არ უნდა ყოფილიყო პოლიციის ან პროკურატურის. ეს იმდენად სხვა სპეციფიკაა, ისინი ციხეში ვერაფერს გახდებიან.
_ ეს ყოფილმა სახალხო დამცველმა არ იცის?
_ მე არ ვიცი, მან რა იცის. მე ვიც, რომ, თუ არ იქნა სწორი საკადრო პოლიტიკა, თუ იქ სწორად არ შეირჩა შტატი, ის ვერ შეძლებს, მართოს ციხე. ციხე ორნაირად იმართება, თუ მას ადმინისტრაცია ვერ მართავს, მაშინ მართავს კრიმინალი.
_ დღეს ვინ მართავს?
_ დღეს საერთოდ ვერ ხდება მართვა. სერიოზული პრობლემებია მართვასთან დაკავშირებით. როდესაც ციხეებში გაუთავებელი შიმშილობებია, როდესაც გაუთავებლად ან ცემაა ან სიკვდილია... ვამბობთ, რომ იკლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა, მაგრამ იკლო პატიმართა რაოდენობამაც. საკითხავია პროცენტულმა მაჩვენებელმა იკლო? თუ იყო 25 ათასი პატიმარი და სიკვდილიანობა რაოდენობრივად იყო მეტი, ახლა 7-8 ათასი პატიმარია და, რასაკვირველია, იკლებდა, მთავარია, პროცენტულმა მაჩვენებელმა იკლოს. ეს იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, რომ ციხეს ჰყავდეს ისეთი შტატი, რომელსაც შეუძლია და იცის, როგორ მართოს სისტემა. თუმცა მე ასეთი კადრი არ ვიცი. გარედან მოყვანილი კადრებით სისტემის მართვა წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება იქ ვიღაც ავტორიტეტის შეყვანა და რაღაცა სიმახინჯეები და დამამცირებელი ფორმებით ახდენენ ხოლმე იქ რაღაც კურიოზების ჩახშობას. ეს მიუღებელია. თუ სისტემა არ გახდა გამჭვირვალე, თუ მინისტრი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ მიხვდა, რომ საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ვითარების დარეგულირება შეუძლებელია.
თემურ კალანდაძე, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |