![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“ალდაგი” “საქართველოს ბანკის” შვილობილი კომპანიაა. თანაც რამდენადაც ვიცი, სწორედ “საქართველოს ბანკში” იყო ეს საავადმყოფოები დაყადაღებული”
ჯონი ჯანაშია: “მინისტრი სერგეენკოც ბოლომდე არ არის ამ სიტუაციებში გათვითცნობიერებული”
საქართველოში არსებული ბავშვთა საავადმყოფოების კომპლექსი, რომელზეც აქამდე საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი, ამჯერად სადაზღვევო კომპანია “ალდაგმა” შეიძინა. ბავშვთა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ციციშვილის სახელობის პედიატრიულმა კლინიკამ, ჟვანიას სახელობის კლინიკამ, “ახალმა სიცოცხლემ” და ბათუმის კლინიკამ თურქი ბიზნესმენების წნეხიც კი გაიარა, სანამ სადაზღვევო კომპანიის მფლობელობაში მოხვდებოდა. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციაში ყოფნის დროს, ნაციონალებს ანტიმონოპოლიური კანონის უქონლობასაც უჩიოდნენ და იმასაც, რომ სადაზღვევო კომპანიებს საავადმყოფოები და აფთიაქები არ უნდა ჩავარდნოდათ ხელში. თუმცა, როგორც ვხედავთ, ნაციონალების სტრატეგია ჯერაც არ იცვლება და ყველაფერი ძველებურად მიდის.
ჯონი ჯანაშია, ექიმთა პროფკავშირების თავმჯდომარე:
_ ზუსტად ვერ გეტყვით, ხელისუფლება რატომ არ იღებს ანტიმონოპოლიურ კანონს. მოგეხსენებათ, ეს კანონი შევარდნაძის პერიოდში არსებობდა, თუმცა მერე მთლიანად მიივიწყეს. ჯანდაცვაში ბევრი ცუდი რამ სწორედ ამ კანონის არარსებობის შედეგად მოხდა. ნაციონალების მთავრობამ სწორედ ამ კანონის არარსებობის შედეგად ჩაუგდო სადაზღვევო კომპანიებს ხელში ჯანდაცვის სისტემა და მთლიანად დაანგრევინა. ამ პროცესმა მოშალა შუალედური რგოლები და ძირს დასცა პაციენტის უფლებები, რომლითაც მას ჰქონდა საშუალება, აერჩია სადაზღვევო პაკეტი იმის მიხედვით, რა ფინანსური შესაძლებლობებიც ჰქონდა. ამ პროცესების გამო მოიშალა ოჯახის ექიმის შუალედური რგოლიც. ოჯახის ექიმები იქცნენ საავადმყოფოებს დაპატრონებული სადაზღვევო კომპანიების მფლობელთა მონები და იძულებული გახდნენ, რაც შეიძლება დიდ ფასად მიესაღებინათ დაზღვეულებისთვის ყველაზე იაფფასიანი სამომსახურებო პაკეტი. ამის შედეგად ზარალდებოდა როგორც სახელმწიფო, რომელიც დაზღვეულთა დიდ ნაწილს თავად აფინანსებს, ასევე მოსახლეობა, რომელსაც სახელმწიფო უცხადებდა, მეტი რა გინდა, მე შენ გაძლევ ფულს, რომ შენთვის მედიცინა ხელმისაწვდომი იყოსო. საქმე ისაა, რომ სინამდვილეში მოქალაქე იმას ვერ იღებდა, რასაც ჰპირდებოდნენ. ზარალში იყვნენ ექიმებიც, რადგან შრომის საფასურის სათანადო ანაზღაურებას არავინ აძლევდათ და მოსახლეობის საყვედურიც, ხშირ შემთხვევაში, მათკენ უფრო იყო მიმართული. ამ მდგომარეობით მოგებული რჩებოდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ამ სადაზღვევოების სათავეში იყვნენ. როგორც წესი კი, ისინი ხელისუფლებასთან გარიგებით ეწეოდნენ ასეთ კაბალურ ქმედებებს და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ. სწორედ ამ ადამიანებმა მოშალეს საქართველოს მასშტაბით საავადმყოფოების მუშაობის სტრუქტურა. რაიონებში მრავალპროფილიანი სტაციონარები კი საერთოდ მოსპეს. სანაცვლოდ შემოგვიტანეს 15-20-საწოლიანი შემინული, ვითომ ხუთვარსკვლავიანი ლაზარეთის მაგვარი დაწესებულებები. მისი არსებობა რომ გაემართლებინათ, მოსპეს და გაანადგურეს ამ პროფილის სხვა სამედიცინო ობიექტები, რომლის შედეგადაც ქუჩაში დარჩა მედიცინის უამრავი მუშაკი. აი, ეს მოიტანა ანტიმონოპოლიური კანონის არარსებობამ.
_ გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ეს ხელისუფლებაც ხომ არ იღებს ამ კანონს და რა გამოდის, ნაციონალების დაწყებულ ბაკქანალიას ხელს უწყობს და აგრძელებს?!
_ ახალი ხელისუფლება ბევრ რამეში ფეხს ითრევს, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ის, რაც გაანადგურეს და მოსპეს ნაციონალებმა, ახლა მაინც უნდა გამოსწორებულიყო. თუმცა ისიც არის, რომ ყველაფერი ერთბაშად ვერ გაკეთდება და შეიცვლება. დავით სერგეენკოს წილად ხვდა ყველაზე მოშლილი და განადგურებული დარგი. მთელი რიგი სამედიცინო რგოლები და სტრუქტურები იყო მოშლილი, რომლის აღდგენასაც, ალბათ, ათეული წელი დასჭირდება. წინსვლა არ ეტყობა პირველადი ჯანდაცვის რგოლსა და იქ დასაქმებული ექიმების მდგომარეობას. ფაქტობრივად, არ დარჩა ქვეყანაში ცენტრალური, ან მუნიციპალური დაქვემდებარების პოლიკლინიკა, სადაც მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენა მიიღებს ნორმალურ სამედიცინო მომსახურებას. ახლა ყველა პოლიკლინიკა და პირველადი რგოლი არის კერძო საკუთრებაში. თბილისში ორი პოლიკლინიკა იყო დარჩენილი მუნიციპალურ დაქვემდებარებაში, “შუა ქალაქი” და მე-13 პოლიკლინიკა და ისიც უკვე კერძო ინვესტორს ჩაუვარდა ხელში.
_ მეც მაგას გეუბნებით, რომ ის, რაც ნაციონალების დროს ხდებოდა, ახლაც გრძელდება. ეს პოლიკლინიკები ხომ ახალი ხელისუფლების პირობებში გაიყიდა?!
_ დიახ, ასე მოხდა, მაგრამ ეს პროცესი ინერციით წამოვიდა ნაციონალებიდან, დღევანდელი ხელისუფლება კი წინ ვერ აღუდგა მას. ამ პოლიკლინიკების გაყიდვა ახლაც ქალაქის მერიის დანაშაული იყო, თუმცა ხელისუფლება ამას მაინც არ უნდა შეგუებოდა. მედიცინაში საქმე გვაქვს ახალ სუბიექტებთან, რომელთა საქმეებშიც სახელმწიფო იმიტომ ვერ ერევა, რომ არ გააჩნია ამის საკანონმდებლო ბერკეტი, თუმცა კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს რაღაც, რადგან ისეთი სტრატეგიული ობიექტების გადაყიდვებში, როგორიცაა იაშვილის სახელობის ცენტრი, ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა ან სხვა, სახელმწიფო თავის მექანიზმებს უნდა ფლობდეს. ამჯერად მაინც არ უნდა ჩაუვარდეს ისინი ხელში ისეთ ადამიანებს, როგორიც იყო თურქი ინვესტორი, რომელმაც რა დღეც დააწია ქართველ ექიმებს, ყველას გვახსოვს.
_ ის კლინიკები, რომელიც ახლა “ალდაგმა” იყიდა, ოფიციალურად თურქი ინვესტორის ხელში კი იყო, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ თურქები შირმად ჰყავდათ, სინამდვილეში კი ნაციონალური ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს, ივა ყაჭიურსა და სხვა მაღალჩინოსნებს ეკუთვნოდათო. ამაზე რას იტყვით?
_ გეთანხმებით, რომ იქ ძალიან გაურკვეველი მდგომარეობა იყო შექმნილი, მფლობელი სხვა იყო, ინვესტორი კი _ სხვა. თურქები დღემდე აცხადებენ პრეტენზიებს რაღაც-რაღაცებზე. არავინ იფიქროს, რომ წინააღმდეგი ვარ იქ ქართულმა კომპანიამ იმუშაოს, თუმცა რაც ახლა ხდება, არ არის ის, რაც დანგრეულ მედიცინას სჭირდება. ფაქტია ისიც, რომ ამ კლინიკების მფლობელთა გუნდმა რატომღაც თავიდან მოიცილა ყველაფერი. რატომ მოიქცა ასე, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით. რამდენადაც ვიცი, ამ საავადმყოფოების ანგარიშები დაყადაღებული იყო, ასეთი ფორმით ორგანიზაციების ყიდვა-გაყიდვა როგორ მოხერხდა, ესეც გასარკვევია. ბევრი რამ არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ალბათ, ყველაფერი გაირკვევა.
_ ანუ “ალდაგს” დაყადაღებული საავადმყოფოების ყიდვა, ამ მდგომარეობაში, წესითა და რიგით, ვერ უნდა მოეხერხებინა არა?
_ დიახ, გაიხსენეთ ისიც, რომ “ალდაგი” “საქართველოს ბანკის” შვილობილი კომპანიაა. თანაც რამდენადაც ვიცი, სწორედ “საქართველოს ბანკში” იყო ეს საავადმყოფოები დაყადაღებული. მინისტრი სერგეენკოც ბოლომდე არ არის ამ სიტუაციებში გათვითცნობიერებული. ის ამბობს, ბოლომდე ვერ ჩავერევი კერძო სუბიექტებს შორის არსებულ მანიპულაციებში და კერძო საკუთრების ყიდვა-გაყიდვებშიო.
_ თუ ხელისუფლება არ ჩაერია ასეთ სიტუაციებში, მაშინ ხომ ეს სტრატეგიული ობიექტები ისევ ხელიდან ხელში გადავა და იგივე გაგრძელდება?! ჩარევის გარეშე მდგომარეობის გამოსწორება მე პირადად ვერ წარმომიდგენია და თქვენი არ ვიცი. თანაც იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ ეს ყიდვა-გაყიდვები ნაციონალების დროს დანაშაულებრივად და არასწორად ხდებოდა. ანუ ამ ხალხს დანაშაული შერჩა და მას შემდეგ ინერციით გრძელდება ყველაფერი. არა მგონია, ეს კარგი იყოს. ასე არ არის?
_ რამდენიმე საავადმყოფოს გარდა, ყველა სამედიცინო ობიექტი კერძო მფლობელის ხელშია. ამ შემთხვევაში ყიდვა-გაყიდვა არასწორად ხდება-მეთქი ვერ ვიტყვი, თუმცა თავიდან როგორ მოხდა ეს გაყიდვები, როგორ ჩაიგდეს ხელში პირველმა მფლობელებმა ის, ეს არის გასარკვევი. ეს დღევანდელი მთავრობის დანაშაული ნამდვილად არ არის, თუმცა გამოსწორება რომ უნდა ხდებოდეს, ესეც ფაქტია. “ალდაგის” მიერ ამ საავადმყოფოების შესყიდვამ შეიძლება ბევრი ცუდი მოიტანოს და ეს არის ყურადღებაგასამახვილებელი.
_ კონკრეტულად მითხარით, ამან რა შეიძლება გამოიწვიოს?
_ თუ ამ კლინიკაში ექიმი ვერ მოიქცა ისე, როგორც მის მფლობელს სურს, ცხადია, ის მედიცინის მუშაკი დატოვებს სამსახურს. მეტიც, მას ამ მფლობელის მონოპოლიის ქვეშ მყოფ არც ერთ კლინიკაში არ მიიღებენ. პრობლემები შეიძლება გაჩნდეს მომსახურების ხარისხთან დაკავშირებითაც. თუ ერთ კლინიკაში არ იყო სასურველი ხარისხი და ფასები, მაშინ პაციენტი უნდა წავიდეს სხვა კლინიკაში, მაგრამ გამოდის, რომ სადაც წავა, ყველგან იგივე ხარისხი და ფასი დახვდება, რადგან ყველას ერთი მეპატრონე ეყოლება. ფასები, რასაც ამ კლინიკებში დააწესებს მფლობელი, სამედიცინო ბაზრის ფასებზე დიდი გავლენას მოახდენს, ანუ სხვა კლინიკებიც იძულებული გახდებიან, რაღაცნაირად მას კონკურენცია გაუწიონ და ფასები ასწიონ, სხვა შემთხვევაში დაიხურებიან და ა.შ. აქედან გამომდინარე, მონოპოლიზაცია რომ კარგი ამბავი არ არის, ამაში ყველა დამეთანხმება.
_ როგორც მახსოვს, ძველი ხელისუფლების დროს, სადაზღვევო კომპანიებს რომ უვარდებოდათ კლინიკები ხელში, სწორედ მაგას ვჩიოდით და გამოდის, რომ იგივე ხდება ახლაც. “ალდაგს” სადაზღვევო კომპანიაც ექნება და კლინიკების “არმიაც”, არა?!
_ რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ ვამბობთ, ანტიმონოპოლიური კანონი უნდა მივიღოთო. დღევანდელი ხელისუფლების აპოლოგეტი ნამდვილად არ ვარ. იმაშიც გეთანხმებით, რომ ბევრი რამის შეცვლა შეიძლება, მაგრამ ეს ყველაფერი მათი დანაშაული არ არის. ხომ გაგიგონიათ, “დათვი რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაიძახოო”. ჩვენ ჯერ ვაპირებთ, საერთო ენა გამოვნახოთ “ალდაგთან”, თუმცა აქამდეც არაერთგზის ვცადეთ და ვერ მოვახერხეთ. ჯერ კიდევ ნაციონალების ბატონობის პერიოდში ჩაიგდეს მათ ხელში ბევრი საავადმყოფო და ყველგან გააუქმეს პროფკავშირული ორგანიზაცია. ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მაშინ იცით, რა მითხრა? მეშინია ექიმების ერთად ყოფნისა და კონსოლიდაციისო. როცა ეს ექიმები გაერთიანებული არ არიან, გათითოკაცებულების მართვა ადვილად შესაძლებელია. მაშინ ადვილად შეიძლება, რომ დამაკნინებელი, ღირსებაშემლახავი, ისეთი წესები დაუწესოს ინვესტორმა, როგორიც მას აწყობს. როცა ამ საავადმყოფოების ექიმები გაერთიანებული იქნებოდნენ პროფკავშირში, მათ გარკვეული პროტესტის გამოთქმა უფრო ადვილად შეეძლოთ. ცხადია, პროფკავშირიც გვერდით დაუდგებოდათ. ეს ძალა ასეთ დროს ერთ მუშტად შეკრული აღუდგებოდა წინ იმ კაბალურ სიტუაციებს, რაც ამა თუ იმ კლინიკაში ხდება. თითქოს მონობა და კაბალური მდგომარეობა წინა საუკუნეებმა წაიღო, მაგრამ რეალობაში ეს დღესაც გრძელდება. ინვესტორი როცა გიყურებს როგორც მონას, დაქირავებულს, იაფფასიან მუშახელს, ძნელია, როგორც ექიმი, რომ განვითარდე. დიდი შიში მაქვს, რომ სადაც ესენი შევლენ, იქაც არ გააუქმონ პროფკავშირული ორგანიზაცია.
_ როგორც მითხრეს, პროფკავშირის ვალი ბევრ კლინიკას ჰქონდა. “ალდაგის” კლინიკებიც შედის მათ რიცხვში? ან კიდევ, თუ ვერ შეთანხმდებით, შემდგომ რის გაკეთებას აპირებთ?!
_ ექიმები ისეთი სამკურნალო დაწესებულებებიდანაც მოდიან და ვუწევთ მათ დახმარებას, სადაც პროფკავშირი საერთოდ არ არის. ეს არის ჩვენი ვალი, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა მომჩივანი და დაჩაგრული ექიმი იმ ორგანიზაციის წევრია, სადაც პროფკავშირი არსებობს, ყველაფერი სხვაგვარად არის ხოლმე. “ალდაგთან” უნდა დავიწყოთ სოციალური დიალოგი იმ მანკიერებების აღმოსაფხვრელად, რაც ამ კლინიკებში იყო _ დაბალი ხელფასები, სახელფასო დაგვიანებები, მედპერსონალის სამსახურიდან უმიზეზო გაშვება და ა.შ. თუ შეთანხმება არ მოხდება, ბრძოლას გავაგრძელებთ და ექიმთა უფლებების შელახვას არავის ვაპატიებთ.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |