|
“როცა ურემი გადაბრუნდება, გზაც გამოჩნდება”... ბევრის მთქმელია ეს სიტყვები და, პირველ რიგში, ქართველი ადამიანის წინდაუხედაობისა და ბედოვლათობის დემონსტრირებაა. ჩვენ ხომ გვჩვევია, ჩვენს მიერვე შექმნილი პრობლემები სხვას გადავაბრალოთ და თუ ეს “სხვა” არ მოიძებნა _ გარემოებებსა და ვითარებებს.
“პრემიერის” დაკვეთით საკონსულტაციო კვლევითი ჯგუფის “ჯი-სი-ჯის” მიერ დედაქალაქში ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენს საზოგადოებაში არსებული განწყობებს გამოვლენას ისახავდა მიზნად, კატასტროფული სურათი დაგვანახა.
ამთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, იმის მიუხედავად, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი გახდება დედაქალაქის მერი, და რა შემადგენლობის საკრებულოც არ უნდა აირჩიონ თბილისელებმა, საქართველოს მთავარი ქალაქი დამარცხდება.
გამოკითხვაში მონაწილე 1845 რესპონდენტიდან, “ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს”, მასში მონაწილეობას არ აპირებს 54%. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური ძალის წისქვილზე ასხამს წყალს ეს მდგომარეობა _ ფაქტია, რომ 2012 წლის შემდეგ შექმნილმა პოლიტიკურმა რეალობამ, რომელსაც, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა, სააკაშვილის მმართველობის სიმახინჯეები, ქართველ საზოგადოებას ყველაზე და ყველაფერზე გული აუცრუა. ახლა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ სოციოლოგების განმარტებით, დარჩენილ 46%-ში, რომელიც დღეს დაბეჯითებით აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, რეალურად საარჩევნო უბნებს მაქსიმუმ 36% თუ მიადგება. მათგან 3% შეგნებულად გააფუჭებს ბიულეტენს. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში კი დედაქალაქის მერსა და საკრებულოს ამომრჩევლების 30% აირჩევს და თუ ასეთი რამ მოხდა, პირველ ტურის გამარჯვებული კანდიდატი ამომრჩევლების 15%-ს პლუს ერთი ხმით წამოგვასკუპდება თავზე.
სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება გვეუბნება, რომ ჩვენი ბედი და მომავალი თავად უნდა განვსაზღვროთ და ამის გარანტორი საქართველოს კონსტიტუციაა. სურს ხელისუფლებას თუ არა, ის იძულებულია, არჩევნები ჩაატაროს ხოლმე. როგორ, რა კანონმდებლობით, რომელი მოდელით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას _ 2012 წელს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური გვამები იმ ხელისუფლების პოლიტიკურ გვამებს უმტკიცებდნენ, რომ აუცილებელი იყო ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვა, საუბარი იყო ჩვენი ჰაბიტუსების ბიომეტრიულ განზომილებებზეც და ა.შ. სამაგიეროდ, დღეს კეთილშობილი “მეოცნებეები” კვლავ და კვლავ არ იღლებიან წასულთა ლანძღვით და მსოფლიო საარჩევნო სისტემაში გაყალბების ახალი მეთოდების აღმოჩენებით. ბოლო ასეთი elections ნოუ-ჰაუ “კოკა-კოლა” აღმოჩნდა. ისე, რა ამის პასუხია და ახლა “ოცნება” რომ შემოიტანს ხსნარს, ის რით ჩაიბანება? “პეპსი-კოლას” მეშვეობით? მოკლედ, ეს “კოლა” არ გვანებებს თავს. განსაკუთრებით ყელში ამოვიდნენ პოლიტკოლები, რომლების უკვე ათეული წლებია გვიმტკიცებენ, რომ რეალურად სხვა “კოლები” არიან, მაგრამ ჩვენ ამის დანახვა არ გვსურს, ისევე როგორც იმ გზის, ურმის გადაბრუნების შემდეგ რომ ვხედავთ ხოლმე.
ისე, “ქართული ოცნების” საყურადღებოდ, იმ 54%-ში, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, 23%, როგორც თავად აცხადებენ, თქვენი წევრი თუ მხარდამჭერია, მაგრამ რად გინდათ. მართალია, მათი ქცევა ერეკლესა და სალამურის ამბავს უფრო ემსგავსება, მაგრამ რა ქნან _ ნარმანია არ უნდათ, თქვენ შიდაპარტიული დემოკრატია არ გაქვთ და “მოქალაქეს” ხომ არ გაანაწყენებთ და იმას ხომ არ შესთავაზებთ, “ოჯახში” გამოკითხვა მაინც ჩავატაროთო. მთავარია, რომ გაიმარჯვოთ, პოლიტიკურ გამარჯვებას მიაღწიოთ და ისე, სულ ცალ ფეხზე არ გკიდიათ, ნარმანია იქნება ქალაქის დედაქალაქის სახე თუ აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე? კი არაფერს ვერჩი ბატონ თამაზს, მაგრამ სხვა გვარი რომ მეთქვა ვინმე, ცუდ დღეში ჩავაგდებდი. “ნაცების” დროიდან ცალკეული ოჯახების საძინებლებში დარჩენილი ვიდეო- და აუდიოაპარატურა ავტომატურ რეჟიმში ჩაირთვებოდა. და დათასი არ იყოს, ახალიასი კი არა, თუთაშხიასი, არ ვარ მე ის კაცი, სხვისი უბედურება რომ გამიხარდეს. ნუ, ის სიტყვასიტყვით სხვა რამეს ამბობდა, მაგრამ მთავარია, რომ “ის კაცი, ის ჩიტი არ ვარ...” თქვენ რომ გინდათ, მთელი საქართველო აქციოთ.
რას გადავეკიდე ამ “ოცნებას”. აგერ “ნაცები” დემოკრატიას გვეთამაშებიან. გიგიმ არ მინდაო, _ მუდამ ერთ პოსტზე ხომ არ ვიქნებიო. ვაშაძემ მე მინდაო, მელიასაც მოანდომეს. ისე, მოწინააღმდეგეს, რომელიც მოცემულ სიტუაციაში შენზე ძლიერია, შენი კი არა _ მისი ტაქტიკით უნდა ებრძოლო. ჰოდა, რადგან “მოქალაქემ” ბრძანა, მეურნეო და მემკვიდრემაც დაუდასტურა, მეურნე ნარმანიაზე უფრო მეტად მეურნე კანდიდატი უნდა მოგეძებნათ. ახლა საქართველოში პოლიტიკა გაბანძებულია და პოლიტიკოსების ზებრძნული პასაჟებიც არავის აინტერესებს. არც მიშას უკრაინული აქტივობისთვის გაირჯება ქართველი ამომრჩეველი და არც ვაშაძის რეესტრული რეფორმებისთვის, არც მელიას კეთილშობილებისა და ავტორიტეტისთვის ძველი თბილისის რაიონში.
ისე, არასაპარლამენტო ოპოზიციას არც კონსენსუსის მიღწევა შეუძლია ფულის გარეშე და არც ფულიანი ზურგი ჰყავს ამჟამად. საერთო კანდიდატზე შეუჯერებლობა კი არასაპარლამენტო პოლიტკოლების (ბოდიში მომიხდია, ყველას არ ვგულისხმობ) სიხარბესა და ამბიციურობაზე მეტყველებს.
არანაირ სამსახურს არ გავუწევ არც ერთ პოლიტიკურ ძალას და აქ ნამდვილად არ გამოვაქვეყნებ, ვის რა რეიტინგი აქვს, თუმცა დედაქალაქის მერის ლეგიტიმაცია, იმ 50%-იანი ბარიერის მიუხედავადაც, რომ მინიმალური იქნება, ესეც ფაქტია.
დიახ, თბილისს ეყოლება მერიც, ეყოლება საკრებულოს უმრავლესობაც და უმცირესობაც, იქნება ფოიერვერკი ეგზიტპოლების გამოქვეყნებამდე და გამოქვეყნების შემდეგაც, ბევრი შამპანურიც დაილევა, თონეში ციკანსაც ჩააკრავ-ამოაკრავენ, ბევრ წარმატებასაც უსურვებენ მლიქვნელები გამარჯვებულებს და ცრემლსაც დაღვრიან წაგებულთა სანუგეშოდ. ბოლო? ბოლო ის იქნება, რომ წაგებული თბილისი დარჩება და ცხადზე უცხადესია, რომ ამას მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ, ისინი ვჩალიჩობთ. მერე? მერე რა, “როცა ურემი გადაბრუნდება, გზაც გამოჩნდება” _ მოკლედ, “გავაპრავებთ” ამ დამარცხებასაც.
ალექსი ნოზაძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |