![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის საშიშროება ნამდვილად არსებობს, ვიდრე საქართველოს მთავრობა აგრძელებს დღევანდელ პოლიტიკას მის მიმართ”
“რუსეთში, ადრე თუ გვიან, მოხდება დამანგრეველი სოციალური აფეთქება”
უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ქართველ საზოგადოებაში ორი ურთიერთსაპირისპირო განწყობა შექმნა, რომელთაგან ერთი მეტისმეტად ოპტიმისტურია: რუსეთი უკვე იშლება, პუტინის დასასრული მოახლოვდა და “საქართველო გაბრწყინდება”. მეორე კი მომავალზე სავსებით ხელჩაქნეული და პესიმისტურია: ჩვენ აღარაფერი გვეშველება, რუსეთმა უკვე დაგვიპყრო, ჩვენ უკვე რუსეთის გუბერნია ვართ და ასე შემდეგ.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი, მათ შორის, ინდიანას შტატის უნივერსიტეტის პროფესორი დოდონა კიზირია მიიჩნევს, რომ ორივე უკიდურესობა ერთნაირად საზიანოა: “გმირ უკრაინელებს გამარჯვებას ვუსურვებ, მაგრამ დიდი დარტყმის მიუხედავად, ამ გამარჯვებას უახლოეს ხანში არც რუსეთის დაშლა მოჰყვება და არც პუტინის დასასრული. რასაკვირველია, ადრე თუ გვიან, ეს მოხდება, მაგრამ ერთი-ორი წელი კიდევ აქვთ, თუ მეტი არა და ამ ხნის განმავლობაში კრემლი შეეცდება, რევანში აიღოს. თუ უკრაინა, ღმერთმა ნუ ქნას და, დამარცხდა, ეს პუტინს უფრო მეტად დაარწმუნებს იმაში, რომ საქართველოს გაცილებით ადვილად გადაყლაპავს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მას აქ ასეთი მრავალრიცხოვანი და აქტიური მეხუთე კოლონა ჰყავს და მთავრობაც უმთავრესად მისი მონა-მორჩილია. პესიმისტური განწყობა კი არანაკლებ დამღუპველია, ვიდრე გადამეტებული ოპტიმიზმი. ეს უაღრესად დამაკნინებელი და მომადუნებელი რამ არის. ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა ერთი ნაცისტურ-კონცენტრაციულ ჯოჯოხეთს გადარჩენილი ფსიქოლოგის ანალიზი იმ მეთოდებისა, რომლითაც პატიმრები სიკვდილის პირამდე მიჰყავდათ. ერთ-ერთი მათგანი იყო ადამიანებში უიმედობისა და სასოწარკვეთის გაჩენა _ თქვენ არაფერი გიშველით, თქვენი ბედი გადაწყვეტილია. სწორედ ამ შთაგონების უარყოფა და მისი წინააღმდეგობა ეხმარებოდა პატიმრებს, ცოცხლები დარჩენილიყვნენ. ჩვენ ჯერჯერობით გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ და იმედის დაკარგვა სამარცხვინოა”.
გაზეთი “პრემიერი” პროფესორ დოდონა კიზირიას ამერიკაში დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვით მიმართა:
_ ამ ორი განწყობისგან თავის არიდება უსათუოდ გვმართებს. ჩვენი გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ჩვენივე შემართების შედეგად. ამაზე უკვე დავწერე, მაგრამ გავიმეორებ: ყველანაირი წინააღმდეგობა რუსეთის პროპაგანდას, აქტიურობა რუსეთთან გაერთიანებაზე უარის გამოსახატავად ყველანაირი მისაღები ფორმით, მაგრამ არავითარი აგრესია! ეს საბაბს მისცემს ჩვენს მთავრობას, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს და პუტინსაც ეს უნდა. მთავრობამ უნდა იგრძნოს, რომ ხალხის სურვილია ევროკავშირის წევრობა. არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, ვიფიქრო, რომ ისინი ხალხის სურვილს დააკმაყოფილებენ, მაგრამ უნდა იგრძნონ, რომ ამაზე უარი ძვირად დაუჯდებათ. ძალიან მიხარია ჩვენი ახალგაზრდობის და არა მარტო მათი აქტიურობა: საპროტესტო აქციები უკრაინის მხარდასაჭერად, ქუჩის პერფორმანსები და ტელეგამოსვლები. ჯერჯერობით ეს ყველაფერი დიდი მასშტაბით არ ხდება, მაგრამ იმედი მაქვს, თანდათანობით იმატებს. პასიონარები ყოველთვის მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენენ, მაგრამ ისინი არიან ისტორიის მამოძრავებელი ძალა. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ უსათუოდ გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს თავისთავად არ მოხდება. ჩვენი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული. ნურავის იმედი ნუ გვექნება და ნურც ჩრდილოელი ურჩხულის შეგვეშინდება. ხომ გახსოვთ, დავითმა გოლიათი დაამარცხა.
_ ძალიან საინტერესოა თქვენი შეფასება უკრაინის მოვლენებთან და ამ მოვლენების არაერთგვაროვან მიდგომებთან დაკავშირებით. რა მიზეზებმა განაპირობა ის, რომ საქართველოში რუსეთის გუბერნიად გადაქცევის საშიშროებაზე ალაპარაკდნენ?
_ საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის საშიშროება ნამდვილად არსებობს, ვიდრე საქართველოს მთავრობა აგრძელებს დღევანდელ პოლიტიკას მის მიმართ _ რუსეთის ყველა აგრესიაზე გაჩუმება, ლამის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, უკრაინის მოვლენებისადმი ნეიტრალური პოზიცია და სხვა ამგვარი. მაგრამ საშიშროება და გარდაუვალობა ერთი და იგივე არ არის.
_ იქნებ, დაასახელოთ თქვენი არგუმენტები უკრაინის ტრაგიკული მოვლენების ნამდვილ მიზეზებთან დაკავშირებით. ფიქრობთ, რომ ამხელა მსხვერპლის ფასი მხოლოდ პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტის გადაყენება იყო და უკრაინამ უკვე გაიმარჯვა?
_ უკრაინას სურს, აირჩიოს ცივილიზებული და დემოკრატიული განვითარების გზა. იანუკოვიჩის გადაყენება იყო პირდაპირი სიგნალი პუტინისთვის, რომ უკრაინას არ სურს, დარჩეს რუსეთის სატელიტად, რადგან ამ შემთხვევაში მას ელის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კატასტროფა. ამ საფრთხის აცილებისთვის ღირდა მსხვერპლის გაღება, მაგრამ გამარჯვებამდე ჯერ დიდი მანძილია. ვიტყოდი, რომ ახლა უფრო სერიოზული ბრძოლის დრო მოდის. აქამდე უკრაინის ბრძოლის რომანტიკული პერიოდი იყო. ახლა იწყება პროზაული პერიოდი, რაც გაცილებით რთულია.
_ პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ის რუსეთის მიმართ “დათმობების პოლიტიკას ატარებს” და თითქოს ქვეყნის საგარეო კურსი გაუგებარია. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ბრალდებები?
_ სავსებით საფუძვლიანი დადანაშაულებაა. ჯერჯერობით ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ რუსეთს გაუჩნდეს რწმენა, თითქოს საქართველო უკვე მისი საკუთრებაა. თუ წაიკითხავთ რუსეთის სტრატეგიული ცენტრის წევრის, მიხეილ ჩერნოვის პროექტს, სავსებით დარწმუნდებით ამაში. ის ლაპარაკობს ცხინვალიდან ერევნისკენ და ბათუმიდან სომხეთისკენ მიმავალი სატრანსპორტო გზების გაყვანის აუცილებლობაზე, რომლებიც რუსეთის სავაჭრო და სამხედრო მიზნებს მოემსახურება. თანაც ისე დარწმუნებულად საუბრობს ამ თემაზე, თითქოს ეს ტერიტორია ყამირი მიწაა და იქ მოსახლეობის ჭაჭანებაც კი არ არის.
_ უკვე პრაქტიკულად ცხადია, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი უკრაინის მთავრობა ხალხთან ბრძოლაში დამარცხდა, ან დამარცხდება. თქვენი აზრით, როგორ აისახება საქართველოზე უკრაინაში განვითარებული პროცესები?
_ ამის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. თუ რუსეთი, ან უფრო სწორად, პრეზიდენტი პუტინი მაინც არ დათმობს უკრაინას, მიუხედავად იქ უკვე მიღწეული შედეგებისა და გადაწყვეტს, სერიოზული სამხედრო ძალა გამოიყენოს, მას საქართველოსთვის გარკვეული დროის განმავლობაში არ ეცლება. მისი სრულიად ღია ინტერვენციის მიუხედავად, ეს ვარიანტი არ არის გამორიცხული, რადგან უკრაინის გარეშე, ევრაზიის კავშირის შექმნა, ფაქტობრივად, ანულირდება ყველა თავისი სტრატეგიული მიზნებითა და გეგმებით. საქართველოში კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რას მოიმოქმედებს თვით საქართველოს მთავრობა და ხალხი ამ პერიოდის განმავლობაში. მეორე ვარიანტი დამოკიდებულია იმაზე, რა რეაქციას გამოიწვევს უკრაინის მაგალითი თვითონ რუსეთში. მე არ მჯერა, რომ ამას მაშინვე მოჰყვება იმპერიის დაშლა და პუტინის გადადგომა. მას რუსეთში ჯერ ისევ მაღალი რეიტინგი აქვს. უკრაინის დაკარგვამ, შესაძლოა, ცეცხლი შეუნთოს იქ სპეციალურად გაღვივებულ ულტრაშოვინისტურ განწყობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ამან კი, შესაძლოა, დათრგუნოს ოპოზიციური ძალების პროტესტი და არ დაუშვას მისი ფართოდ გაშლა. აი, გაიხსენეთ, სოჭში როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ უკრაინელ მოთხილამურეებს რუსი მაყურებლები. უყვიროდნენ, “დაეცი”, “დავარდი”, “გავარდი” და სხვა ასეთებს. ამ შემთხვევაში, რუსეთმა, შესაძლოა, კბილების კრაჭუნით დათმოს უკრაინა და საქართველოზე აიღოს რევანში. ამას რა შეიძლება მოჰყვეს, ცალკე საუბრის თემაა. არსებობს კიდევ ერთი-ორი სხვა ვარიანტიც, მაგრამ მათი აქ განხილვა შორს წაგვიყვანს. რასაკვირველია, რუსეთში, ადრე თუ გვიან, მოხდება დამანგრეველი სოციალური აფეთქება. შეიძლება ვცდები, მაგრამ არა მგონია, ეს უკრაინის კრემლის კლანჭებიდან გასხლტომისთანავე მოხდეს. თუმცა, უსათუოდ მოხდება.
_ რამდენად არსებობს საშიშროება საქართველოში ანალოგიური მოვლენების განვითარებისთვის?
_ არსებობს, რასაკვირველია, თუ ზემომოყვანილი მეორე ვარიანტი განხორციელდება. მაგრამ საქართველოში ეს სხვა ფორმებით განვითარდება. ეს სხვაობა კი გამოწვეული იქნება, როგორც ჩვენი მთავრობის პრორუსული პოზიციისა და საქართველოში მრავალრიცხოვანი მეხუთე კოლონის არსებობით, ასევე ქართველების ხასიათისა და მენტალობის გამოც. ქართველებმა სწრაფად უნდა გაიმარჯვონ ბრძოლაში. მათ დიდი ხნის მოთმინებისა და დისციპლინის ჩვევები არა აქვთ.
_ აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, ჩვენი მიზანი არ არის, განვიხილოთ ეს მოვლენები ცივი ომის ჭადრაკის დაფად, სადაც რუსეთს ვეჯიბრებითო. თქვენი აზრით, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ამერიკა რუსეთის გეოსტრატეგიულ პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს?
_ პრეზიდენტი ობამა მეტისმეტად ფრთხილია სიტყვაშიც და საქმეშიც. ამიტომ ზოგჯერ წაგებულის პოზიციაში აღმოჩენილა. მაგრამ ამერიკის პოლიტიკურ სფეროებში ბოლო დროს ძალიან ძლიერი ანტირუსული განწყობაა და ვფიქრობ, ეს მოახდენს გავლენას საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. თუმცა, ისიც უნდა დავამატო, რომ პუტინი ძალზე ბოღმიანი და ჯიუტი ადამიანია. საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ძნელი გასათვალისწინებელია, რა მოეპრიანება ამ ერთ კაცს, რომელიც რუსეთის ფაქტობრივი იმპერატორია. ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილისადმი პირად სიძულვილზე ააგო რუსეთის მთელი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ასევე, მისი პირადი კაპრიზის გამო ჩატარდა ოლიმპიადა სოჭში, მიუხედავად მისი არახელსაყრელი მდებარეობის, უზარმაზარი ხარჯებისა და ეკოლოგიური განადგურებისა, რაც ამას მოჰყვა.
_ თქვენ ამბობთ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა რეალურად შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ჩვენივე შემართების შედეგად. იქნებ, დააკონკრეტოთ, რა გზით არის ეს შესაძლებელი და არსებობს თუ არა საამისო პოტენციალი საქართველოს ხელისუფლებაში?
_ საამისოდ არავითარი პოტენციალი არ არსებობს საქართველოს მთავრობაში, მაგრამ არსებობს საქართველოს მოსახლეობის პროგრესულად მოაზროვნე ნაწილში. კონკრეტულად რა გზებით შეიძლება ამის მიღწევა, ამ გზას მოსახლეობის სწორედ ეს ნაწილი გამონახავს.
ხათუნა ხატიაშვილი, გაზეთი "პრემიერი"
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |