|
“სამინისტრო 100%-იან გარანტიას მაძლევდა, რომ ბინას მივიღებდი, მაგრამ ისევ ქუჩაში დაგვტოვეს”
დიაგნოზი _ ჰიდროცეფალია, 12-ჯერ ნაოპერაციევი, თავზე შუნტურებული, შუნტირების აპარატზე მიჯაჭვული, რომელიც “მაწანწალა ცხოვრებისა” და არანორმალური პირობების გამო ხშირად ფუჭდება... ოპერაცია ოპერაციას მოსდევს. სახლი _ არა; ჰიგიენა _ არა; სრულყოფილი მკურნალობა _ არა; რეაბილიტაცია _ არა; სრულყოფილი კვება _ არა; მედიკამენტები ხან აქვს, ხანაც _ არა. ეს 3 წლისა და 6 თვის ლუკა მაღლაკელიძის ამჟამინდელი მდგომარეობაა. პირველი ოპერაცია დაბადებიდან 1 საათში დასჭირდა. მას შემდეგ ოპერაციას წელიწადში რამდენჯერმე უკეთებენ.
__________________________________________
“ინვალიდი ბავშვის დედა ისევ ქუჩაში დამტოვეს. დაავადებას ვერ ვუმკლავდებით...”
___________________________________________
“თემქაზე ბინების დარიგება დაიწყეთ და მე არ დამირეკეთ ხოო? თქვენ არ იცით, ამით რამხელა დარტყმა მომაყენეთ. ხვალიდან შიმშილობას დავიწყებ სამინისტროს წინ, ჩემი ავადმყოფი შვილით... სიცხიანი ბავშვით დავჯდები სამინისტროს წინ... თავს მოვიკლავ ბავშვებთან ერთად... რა საქციელია ეს... ისეთი გაღიზიანებული ვარ, სიკვდილის მეტი არაფერი მინდა... მთელი საქართველო გაიგებს ჩემს ამბავს, ჩემი ინვალიდი შვილით დავიწვავ თავს სამინისტროს წინ. თქვენ კარგი ლაპარაკი არ გიხდებათ თურმე. თქვენს ქებაში ამომხდა სული და თქვენ რა გამიკეთეთ. დღევანდელი დღე გადამატანინოს ღმერთმა და ხვალ მე ვიცი, რასაც ვიზამ... მეგონა, ადამიანები მოვიდნენ სათავეში და გვეშველა, თქვენ კიდევ ვინ ყოფილხართ...” _ ეს წერილი 3 წლისა და 6 თვის ლუკას დედას, 24 წლის ინეზა გიგანს ეკუთვნის, რომელიც მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაუგზავნა. ამ წერილმა სოციალური ქსელით არაერთი ადრესატი მოიარა. ქალბატონი ინეზა აფხაზეთიდან დევნილია. სოციალურად დაუცველიც.
წერილის ერთ-ერთი ადრესატი მეც გავხდი, როგორც სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. მის გამოგზავნილ წერილს ვუპასუხე. გაუკვირდა, რომ ადამიანური გამოხმაურება მიიღო. დიალოგში შემოვიდა. მართალი გითხრათ, “ისეთი” არაფერი მიმიწერია, უბრალოდ, მის მდგომარეობაში შევედი. “არ ველოდი, რომ ვინმე გამომეხმაურებოდაო”. მადლობები იხადა... შევხვდეთო და შევხვდით კიდეც.
ინეზა გიგანი: “დევნილობასთან ერთად, სოციალურად დაუცველის სტატუსიც მაქვს. უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ... წლებია, მოთმინებით ველოდებით, რომ ჩვენი დროც დადგება და მოგვხედავენ. სანამ დევნილებისთვის თემქაზე ბინების განაწილება მოხდებოდა, მივედი, სპეციალური ანკეტა შევავსე. დევნილთა სამინისტროში შეხვედრებიც მქონდა. მინისტრის მოადგილესაც შევხვდი, დეპარტამენტის უფროსსაც. ჩემი მდგომარეობის შესახებ ყველამ იცოდა. 100-პროცენტიან გარანტიას მაძლევდნენ, რომ ბინის მიმღებთა სიაში პირველი ვიქნებოდი”.
_ ქალბატონო ინეზა, ძალიან მძიმე მდგომარეობა გაქვთ, გასაგებია, თუმცა სამინისტრო ბინის მიღების გარანტიას ვერ მოგცემდათ, რადგან ბინის განაწილება იმ ქულებზეა დამოკიდებული, რომელსაც დევნილი ანკეტაში დაფიქსირებული, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე დააგროვებს...
_ დამპირდნენ, მინისტრის მოადგილე დამპირდა, თქვენ ისეთი მდგომარეობა გაქვთ, ბინის განაწილება რომ მოხდება, სიაში პირველი იქნებითო. მას პირადად შევხვდი და მინისტრისთვის წერილიც კი დავუტოვე, აუცილებლად გადავცემო. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი. ასე წანწალ-წანწალში 4 თვის მუცელიც მომეშალა. სასწაულად ველოდებოდი ბინის განაწილებას. დღეებს ვითვლიდი, ვგეგმავდი, ბავშვის ოთახი როგორი უნდა ყოფილიყო, მისი გამოჯანმრთელების იმედი მომეცა, ვფიქრობდი, ნორმალურ გარემოში მეყოლება, ჰიგიენასაც დავიცავ, კარგად მივხედავ და ჩვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ წავა-მეთქი. მაგრამ, სამინისტროდან გავიგე, რომ ბინები უკვე გაუნაწილებიათ და მე ისე დამტოვეს.
წერილი, რომელიც ინეზა გიგანმა სამინისტროსა და ასევე, სხვებს გაუგზავნა, სწორედ იმ საღამოს დაწერა, როცა ბინის განაწილების შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან გაიგო. ის, როგორც წერილში წერდა, მეორე დღეს სამინისტროში ვერ მივიდა. იმიტომ, რომ ბავშვი ისევ ცუდად გაუხდა. კრუნჩხვებში ჩაუვარდა.
“ინვალიდი ბავშვის დედა ისევ ქუჩაში დამტოვეს. დაავადებას ვერ ვუმკლავდებით...” _ ისევ ინეზა გიგანი.
ლუკას, თავზე პირველი ოპერაცია თვე-ნახევრისას ჩაუტარდა. ამონარიდი ექიმების დასკვნიდან: “1,5 თვის ასაკში ჩაუტარდა პარკუჭოვანი სისტემის გარეშუნტირება ვენტრიკულიტის გამო მარცხენა მხარეს. სამი თვის ასაკში ვპს მარჯვენა მხარეს. ხოლო 13.01.11 წ. შუნტის ინევიზი, კუროპე ნიტანეალური შუნტირება კისტის გამო. ნეიროსონოსკოპიის კვლებით ვლინდება წარმონაქმნი მარჯვენა პარკუჭი 32-33 მმ. მიზანშეწონილია მეთვალყურეობა დინამიკაში...”
გადატანილი დაავადებები: “ახალშობილთა სეფსისი, ვენტინიკულიტი, ჭიპლარის თანდაყოლილი თიაქარი...” “...ფსიქო-მოტორულ განვითარებაში ჩამორჩენა. 3 კვირის ასაკში მენინგიტი...” “...დაიბადა გასტროშიზისით, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ამის შემდეგ ბავშვს 5-ჯერ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია...” “...თავს ვერ იჭერს, ვერ დგება, ვერ ჭამს, ვერ ლაპარაკობს. მხედველობა დაქვეითებული აქვს...”
“წანწან-წანწალში ვატარებთ ცხოვრებას. სწორედ არაადამიანური პირობებიდან გამომდინარე დასჭირდა ამდენი ოპერაცია. სამწლინახევრის ბავშვს მთელი დღე წოლა უწევს, “კალიასკაც” კი არ მაქვს... ინჰალატორიც გვჭირდება, სუნთქვის პრობლემებიც დაგვემატა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს”, _ ამბობს რესპონდენტი.
_ როგორც სოციალურად დაუცველს, პოლისი არ გეხმარებათ?
_ პოლისით გავიკეთეთ 12-ჯერ ოპერაცია. ჩვენი შესაძლებლობებით ერთ ოპერაციასაც ვერ დავაფინანსებდით. მაგრამ, ამას გარდა, ძალიან ბევრი რამ გვჭირდება. ფაქტობრივად, საავადმყოფოში გავიზარდეთ. ბავშვს რეაბილიტაცია სჭირდება, მაგრამ უფინანსობის გამო ვერ ვიწყებთ, უმოძრაობის გამო კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც დაგვემატა, მაგრამ ვერ ვმკურნალობთ.
_ ბავშვს 12 ოპერაცია რატომ დასჭირდა, პრობლემებით დაიბადა?
_ ბავშვი გასტროშიზისით (ღია მუცლით) დაიბადა. ეს დიდი პრობლემა არ არის. პირველი ოპერაცია დაბადებიდან ერთ საათში გაუკეთდა. შემდეგ, საავადმყოფოს პირობებში ახალშობილთა სეფსისი შეხვდა, შემდეგ სტაფილოკოკი, შემდეგ მენინგიტი, რომელმაც ეს დაავადება დაუტოვა.
ოჩამჩირიდან დევნილი ინეზა გიგანი, როგორც თავად ამბობს, გლდანში ქირით ცხოვრობდა, თუმცა, ქირა რომ ვერ გადაიხადა, საცხოვრებელი დაატოვებინეს. ჰყავს არადევნილი მეუღლე, რომელიც ამჟამად უმუშევარია. მათ მეორე შვილიც ჰყავთ. ბაღში ვერ დადის, რადგან გლდანიდან გამოსახლების შემდეგ ვაზიანის სამხედრო დასახლებაში ჩასახლებულ მშობლებს შეეკედლნენ, ამბობს, რომ ვაზიანიდან, გლდანში ბავშვის ტარება წარმოუდგენელია, ვაზიანის საბავშვო ბაღში კი ადგილები არ არის.
“ლუკა ხელ-ფეხს ამოძრავებს, მაგრამ ვერ ჯდება, ვერ ლაპარაკობს, ვერ ღეჭავს. სულ ანტიბიოტიკებზე ვართ. 12 ოპერაციაც იმიტომ დასჭირდა, რომ პირობები არ გვაქვს. აპარატი, რაც თავში აქვს ჩადგმული, ხშირად უფუჭდება. ბავშვი ხან ცივდება, ხან ვირუსი ემართება”, _ ამბობს ინეზა.
დევნილთა სამინისტროს უარის მიზეზი
რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან საცხოვრებელი ბინების განაწილების პროცედურას, აღნიშნული ხდება სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად. ივსება სპეციალური ანკეტა, სადაც დევნილი აფიქსირებს ყველა ინფორმაციას, რაც მის რეალურ მდგომარეობას ასახავს. ეს ყველაფერი ფასდება ქულებით. პირველ ეტაპზე კი ის ოჯახი კმაყოფილდება, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს.
ინეზა გიგანის საბინაო პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროშიც გადავამოწმეთ. სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ ინეზა გიგანმა ბინის მისაღებად საჭირო პროცედურები გაიარა, შეავსო ანკეტა, მიენიჭა 7 ქულა, თუმცა ამ ეტაპზე მას საცხოვრებელი ბინა არ გადაეცა.
“ინეზა გიგანმა საცხოვრებელი ფართის მისაღებად განაცხადი ორ შვილთან და არადევნილ მეუღლესთან ერთად გააკეთა. განაცხადი შესაბამისმა კომისიამ განიხილა და მიენიჭა 7 ქულა. სოციალურად დაუცველი _ 3 ქულა; შვილი ჰყავს II ჯგუფის ინვალიდი _ 2 ქულა; ცხოვრობს ქირით _ 1 ქულა; ხშირად იცვლის საცხოვრებელ მისამართს _ 1 ქულა. თემქის ობიექტზე განაცხადების განხილვისას 90 ოჯახს მიენიჭა 7 ქულა, აქედან კომისიამ 11 ოჯახი შეარჩია. ინეზა გიგანს არ მიენიჭა უპირატესობა, რადგან მან კომისიას შემოსავლებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ინეზა გიგანის მეუღლის მშობლებს საკუთრებაში უფიქსირდებათ, გიორგიწმინდა აღმაშენებლის #33ა-ში, საცხოვრებელი სახლი. ინეზა გიგანის ქულათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, განაცხადში მითითებულ მისამართზე, უკვე გაგზავნილია”, _ ეს გახლავთ სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაცია.
როგორც ინეზა გიგანი აცხადებს, მისთვის გაუგებარია და არც არავის აუხსნია, რას ნიშნავს “ცრუ ინფორმაცია”. სამინისტროში კი სიტყვიერადაც განგვიმარტეს, რომ მას ჰყავს მეუღლე, რომელსაც საკუთრებში აქვს ბინა.
“ეს ტყუილია, ჩემს მეუღლეს არანაირი ბინა არ აქვს. თუ მამამთილს გულისხმობენ, მე და ჩემს მეუღლეს მამამთილთან ურთიერთობა არ გვაქვს. ის ფართი, რასაც სამინისტრო “ცრუ ინფორმაციას” უწოდებს, არის მამამთილის, რომელიც იპოთეკით ჰქონდა დატვირთული, შემდეგ კი დაგირავებულია და სხვა ცხოვრობს. მას ჩემს ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე ვარ დევნილი და მაქვს ჩემი ოჯახი. თუ მამამთილს რაღაც უფიქსირდება, მე და ჩემმა შვილებმა ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ და ამის გამო უნდა დავისაჯოთ? მეორეც, ჩემს მეუღლესთან ოფიციალურ ქორწინებაში არც ვარ. ტყუილები და ცრუ ინფორმაციის მიწოდება რომ მდომოდა, საერთოდ არ ჩავწერდი, რომ მყავს მეუღლე. რადგან ტყუილის გზით არ წავედი, რეალობა დავაფიქსირე და ჩემი მდგომარეობა აღვწერე, შედეგად ეს მეკუთვნის?” _ კითხულობს გიგანი.
როგორც გავარკვიეთ, წლების წინათ ამ ოჯახს ყოფილმა ხელისუფლებამ საცხოვრებელი ფართი გამოუყო. ისნის სამხედრო ჰოსპიტალში ცხოვრობდნენ. მართალია, ჰოსპიტალში ცხოვრება რამდენად შესაძლებელია და რა პირობები ჰქონდათ, ცალკე პრობლემაა, მაგრამ მაინც კმაყოფილები იყვნენ, რომ თავშესაფარი ჰქონდათ, თუმცა, არც ამ შემთხვევაში გაუმართლათ. ჰოსპიტალში მხოლოდ 6 თვე იცხოვრეს, შემდეგ ის თავშესაფარიც წაართვეს.
“ბავშვი ცუდად გახდა და საავადმყოფოში ვიწექით 2 კვირა. მერე რეაბილიტაციისთვის მშობლებთან წავედით ცოტა ხანს, რადგან ჰოსპიტალის შენობაში ბავშვს ვერ მივხედავდი. იქ პირობები არ იყო. როცა ჰოსპიტალში დავბრუნდით, ბინაში სხვა იყოს შესახლებული, ჩვენი ნივთები კი გარეთ გამოგვიყარეს. ეს ყველაფერი იმით აგვიხსნეს, რომ იქ არ ცხოვრობდით და ესე იგი, არ გჭირდებოდათო. არ ვიცი, რა გავაკეთო, ვის მივმართო...” _ ამბობს ინეზა.
ლუკას მკურნალობასთან ერთად, მნიშვნელოვანია საბინაო საკითხის მოგვარებაც, რადგან ეს ორი პრობლემა ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. მას არ აქვს რეაბილიტაციისთვის საჭირო პირობები.
როგორც ინეზა გიგანი აცხადებს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად იცხოვრებს, სოფელზეც თანახმაა, რომ არა ერთი მიზეზი: “ლუკა ხშირად კრუნჩხვებში ვარდება. ვაზიანში, სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ორჯერ გაითიშა. ჩვენ ლილომდე მოვასწარით ჩაყვანა, სასწრაფოც ლილოს დასახლებაში მოვიდა. კლინიკასთან ვართ მიჯაჭვული. ნებისმიერ ადგილას ვიცხოვრებთ, მაგრამ ბავშვის გამო სოფელში ვერ მივდივართ. ლუკა 4 წლის ხდება და 9 კილოა”.
ლუკას სამედიცინო ფურცლები, რეცეპტები, ექიმის დანიშნულებები, გამოკვლევები ათეულობით გვერდს ითვლის. ყველა ფურცელი იწყება სიტყვებით: “ჩაუტარდა...” “დაუდგინდა”... “სჭირდება”... ოჯახისთვის ყველაზე მტკივნეული კი ექიმის დასკვნის სწორედ ის ნაწილია, სადაც საუბარია, რა სჭირდება ბავშვს, რადგან წინასწარ იციან, რომ ექიმის დანიშნულებას ვერ შეასრულებენ. იციან ისიც, რომ მედიკამენტებს მხოლოდ მაშინ იყიდიან, როცა საშუალება ექნებათ, ან რამდენიმე დღის სამყოფს იყიდიან და შემდეგ მკურნალობას შეწყვეტენ.
აღნიშნულ ისტორიასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსაც დავუკავშირდით. როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ გვითხრა, დევნილებისთვის ბინის განაწილების მონიტორინგი გაძლიერდება: “ძალიან მძიმე ისტორიაა. სახალხო დამცველის აპარატში მსგავსი სახის განცხადებები შემოდის. ოჯახმა, კონკრეტულ ისტორიასთან დაკავშირებით წერილობით უნდა მოგვმართოს. მის საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან და რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ჩავერთვებით ოჯახის პრობლემის მოგვარებაში. სახალხო დამცველის აპარატი აპირებს, დევნილებისთვის ბინების განაწილების საკითხზე მონიტორინგი გააძლიეროს და უფრო მეტი დოზით ჩაერთოს მონიტორინგისა და სამართლიანობის კუთხით”.
ეკა გულუა, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |