|
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტის პარლამენტში დამტკიცების შემდეგ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელს მოაწერს განკარგულებას, რის საფუძველზეც 15 ივნისს ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები უნდა გაიმართოს. გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების თარიღი პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას დაასახელა და მისი წინასწარ გაჟღერების მოტივი იმით ახსნა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა, საზოგადოებამ არჩევნებისთვის მზადება დროულად დაიწყონ.
არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, რის საფუძველზეც ადგილობრივ არჩევნებზე 12 ქალაქში მერები და ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლები პირდაპირი წესით აირჩევიან.
ძირითად ცვლილებებს შორის არის: პირველ ტურში მერებისა და გამგებლების ასარჩევად 50%-იანი ბარიერის შემოღება, მუნიციპალიტეტებში საკრებულოს პროპორციული სისტემისთვის ბარიერის 4%-მდე შემცირება; პროპორციული მანდატების რაოდენობის გაზრდა და პარტიებისთვის დამატებით გაზრდილი სახელმწიფო დაფინანსების მეტი მექანიზმი.
“ნაციონალური მოძრაობიდან” დეპუტაციამ უარი თქვა საკანონმდებლო ცვლილებების კონკრეტული პაკეტის დეტალურ განხილვაზე და სანაცვლოდ, საპარლამენტო ტრიბუნა იმისთვის გამოიყენა, რომ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, ზოგადად, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული პრეტენზიებისთვის.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, პავლე კუბლაშვილის განაცხადებით, მართალია, საკანონმდებლო ინიციატივით უმჯობესდება რამდენიმე ნორმა, მაგრამ საარჩევნო გარემო არ არის მხოლოდ კანონმდებლობა. ოპოზიციის კანდიდატების, წინასწარი პატიმრობის შეფარდების გზით, საარჩევნო კამპანიისთვის ჩამოშორების პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ, საბოლოო ჯამში, არჩევნების ლეგიტიმაცია სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
საპარლამენტო ოპოზიციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ცვლილებები შემდეგნაირად გამოიყურება:
საარჩევნო ბარიერი
თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღებამდე თბილისი ერთადერთი ქალაქი იყო საქართველოში, სადაც მერი პირდაპირი წესით აირჩეოდა 30%-იანი ბარიერით, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულად ცხადდებოდა ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებდა, თუმცა, არანაკლებ 30%-ისა.
კოალიცია “ქართული ოცნების” წინადადება იყო, რომ მერების ასარჩევად ბარიერი თბილისში და დანარჩენ 11 ქალაქში 40%-იანი ყოფილიყო, გამგებლებისთვის კი _ 33%; ამ შემოთავაზებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი.
“ქართული ოცნების” წევრების ძირითადი არგუმენტი გახლდათ ის, რომ უფრო მაღალი ბარიერი მეორე ტურის მეტ შანსს აჩენდა, რაც, თავის მხრივ, ფინანსურ დანახარჯებს გაზრდიდა. “ქართული ოცნების” ინიციატივა პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტში უკვე ასახული იყო, როცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” მერებისა და გამგებლების ასარჩევად 50%-იანი ბარიერის შემოღებაზე დასთანხმდა.
საკრებულოები
მერებთან და გამგებლებთან ერთად, ამომრჩევლები ივნისში თბილისსა და ათობით თვითმმართველ მუნიციპალიტეტში საკრებულოებსაც აირჩევენ.
მართალია, მუნიციპალიტეტებში საკრებულოს პროპორციული სისტემისთვის ბარიერის შემცირება და პარტიული მანდატების რაოდენობის გაზრდა დაწესდა, მაგრამ, საერთო ჯამში, საკრებულოების არჩევის სისტემა ძირითადად იგივე რჩება.
პარლამენტის მსგავსად, საკრებულოების წევრებსაც შერეული სისტემით, ნაწილს _ მაჟორიტარული წესით, ნაწილს კი პარტიული სიით აირჩევენ.
არსებული კანონმდებლობით, პარტია, ან საარჩევნო ბლოკი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებზე კონკრეტულ ოლქში, სულ ცოტა, 5%-ს მოიპოვებს, შეძლებს საკუთარი წევრების შეყვანას შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ეს ბარიერი თბილისში 4%-ს შეადგენს.
შემოთავაზებული პროექტი კი რეგიონებში, თბილისის მსგავსად, ამ ბარიერის 5%-დან 4%-მდე დაწევას ითვალისწინებს.
საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ერთმანდატიან ოლქებში არჩევის პრინციპი შენარჩუნებულია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში: კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, პირველივე ტურში ცხადდება გამარჯვებულად.
პროპორციული და მაჟორიტარული ადგილები საკრებულოებში
ამჟამად, პროპორციული სისტემით გამოყოფილი ადგილების რაოდენობა საკრებულოების უმეტესობაში 10-ს შეადგენს. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე ქალაქი, მათ შორის თბილისი, სადაც პარტიული სიით გამოყოფილი ადგილების რაოდენობა 25-ია, ხოლო დარჩენილი 25 ადგილი მაჟორიტარებს ეკუთვნით. ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში პროპორციული სისტემით გამოყოფილი ადგილების რაოდენობა 15-ია.
შემოთავაზებული პროექტი საკრებულოების უმეტესობაში პროპორციული სისტემით გამოყოფილი ადგილების 10-დან 15-მდე გაზრდას ითვალისწინებს. მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა განსხვავდება მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების ოდენობის შესაბამისად.
თვითმმართველ ქალაქებში ადგილების გადანაწილების წესი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრებს შორის უცვლელი რჩება. თბილისის საკრებულოს კვლავ 50 ადგილი ექნება (25 _ მაჟორიტარი; 25 _ პროპორციული).
15 ადგილი დარჩება პროპორციული სისტემისთვის და 10 მაჟორიტარული სისტემისთვის ქუთაისის, რუსთავისა და ბათუმის საკრებულოებში. 10 პროპორციული და 5 მაჟორიტარული ადგილი დარჩება ფოთის, თელავის, მცხეთის, გორის, ახალციხის, ამბროლაურის, ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოებში. ამ ქალაქების მერები პირველად აირჩევიან პირდაპირი წესით ივნისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე.
ცვლილებების პაკეტზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის, “ქართული ოცნების” დეპუტატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საკრებულოების უმეტესობაში პარტიული სიით ასარჩევი ადგილების რაოდენობის გაზრდის შედეგად, მათი საერთო რაოდენობა თითქმის გაუთანაბრდება მაჟორიტარული ადგილების რაოდენობას.
ვის შეუძლია კანდიდატების დასახელება
ერთ-ერთი სადავო საკითხი, რომელზეც არჩევნებზე დამკვირვებელი ბევრი ორგანიზაცია ამახვილებს ყურადღებას, არის შემოთავაზებული პროექტის ის დებულება, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატებს მერად, ან გამგებლად კენჭისყრის უფლებას არ აძლევს.
პროექტის ერთ-ერთი დებულების თანახმად, პირს ეკრძალება მერობის, ან გამგებლის კანდიდატად ყოფნა და იმავდროულად საკრებულოს მანდატისთვის ბრძოლა. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ეწინააღმდეგებიან ამ დებულებას. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი მწირი ადამიანური რესურსების პირობებში, ეს დებულება არ მისცემს მათ საშუალებას, ბევრ ოლქში დაასახელონ კანდიდატები.
დაფინანსება
არსებული შემოთავაზების თანახმად, პარტიები, ან საარჩევნო ბლოკები, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებზე ხმების, სულ ცოტა, 3%-ს მიიღებენ, თავიანთი კამპანიის ხარჯების დასაფარად სახელმწიფო დაფინანსებას მაქსიმუმ 500 000 ლარის ოდენობით მიიღებენ.
შემოთავაზება, ასევე, ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრაციებში პარტიების წარმომადგენლების დაფინანსების გაზრდას. არსებული წესის თანახმად, სახელმწიფოს არჩევნების დღეს პარტიისთვის თითოეულ წარმომადგენელზე განსაზღვრული აქვს 100 ლარი _ საუბნო კომისიაში და 150 ლარი _ საოლქო საარჩევნო კომისიაში. პროექტი ამ დაფინანსების 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.
ამჟამად, ამ დაფინანსების მიღება მხოლოდ იმ პარტიებს შეუძლიათ, ვინც ბოლო საპარლამენტო, ან ადგილობრივ არჩევნებზე ხმების, სულ ცოტა, 3% დამოუკიდებლად, ან სხვა პარტიებთან ერთიან ბლოკში მოიპოვა.
პროექტი ითვალისწინებს, რომ დაფინანსების ეს სქემა იმ პარტიებთან მიმართებაშიც იქნას გამოყენებული, რომლებიც აღნიშნულ კატეგორიაში არ შედიან. ამასთანავე, პატარა პარტიები ამ სქემით მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუკი ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანდებიან და მათი ხმების საერთო რაოდენობა ბოლო საპარლამენტო, ან ადგილობრივ არჩევნებზე 2%-ს შეადგენს.
სახელმწიფო დაფინანსების ერთ-ერთი მოქმედი მექანიზმის შესაბამისად, “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2014 წელს 600 000 ლარია გამოყოფილი თითოეულისთვის. ეს დაფინანსება ყოველ საარჩევნო წელს ეკუთვნის იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებმაც გარკვეულ შედეგს მიაღწიეს ბოლო არჩევნებში.
ეს ორი პოლიტიკური პარტია ვალდებულია, ამ თანხის, მინიმუმ, 15% გამოყოს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის, სულ ცოტა, შვიდ რეგიონულ სატელევიზიო არხზე, რაც ნიშნავს, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალისგან, მინიმუმ, 180 000 ლარი რეგიონულ ტელევიზიებში მიემართება.
ის რეგიონული ტელევიზიები, რომლებიც ამ სქემით “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” თავიანთ საეთერო დროს პოლიტიკური რეკლამისთვის მიჰყიდიან, ვალდებული იქნებიან, უფასო საეთერო დრო გამოუყონ იმ რამდენიმე პატარა პარტიას, რომლებმაც შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ერთჯერადი სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს.
ხათუნა ხატიაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |