![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“სამშობლოს დასაცავად თავს მრავალი ათასი ქართველი დადებს”
“იანუკოვიჩი იმაზე სულელი გამოდგა, ვიდრე მოველოდი, რადგან პუტინის რჩევებს დაემორჩილა”
“პრემიერის” კითხვებს კულტურის ექსმინისტრმა ნიკა რურუამ უპასუხა:
- მოგესალმებით, ბატონო ნიკა, 48 საათი დასჭირდა იანუკოვიჩს საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოსატანად. ცოტათი გაუგებარია, რისთვის იწვალა ამდენი, თუ ასე ცუდად დაასრულებდა? როგორ ფიქრობთ, რა იყო უკრაინის აწ უკვე ყოფილი ხელისუფალის მოტივაცია, როდესაც ადამიანებს ტყვიით დაუპირისპირდა?
- ძნელია, გაუგო დიქტატორებს, რომლებსაც მხოლოდ შიშის სჯერათ. და როდესაც მათდამი შიში ქრება, ისინიც ქრებიან - ამ შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით. იანუკოვიჩი იმაზე სულელი გამოდგა, ვიდრე მოველოდი, რადგან პუტინის რჩევებს დაემორჩილა.
- ჩვენ ხშირად გვესმოდა, რომ კიევში წყდებოდა საქართველოს მომავალი და ბევრად იყო დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე იმაზე, თუ როგორ განვითარდებოდა იქ მოვლენები. ამაზე ბევრი იწერებოდა, ქვეყნდებოდა მოსაზრებები, არგუმენტები, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეების არცთუ მცირე ნაწილს დღესაც არ ესმის - რატომ? და მაინც, რატომ?
- კიევში არა მარტო ჩვენი დემოკრატიული მომავლის, არამედ ევროპის ბედიც წყდებოდა. პუტინსა და იანუკოვიჩს რომ თავისი გაეტანათ, ევროპის კავშირი და ჩრდილო-ატლანტიკური კავშირი სულ სხვა, ბევრად უსუსურ გაერთიანებებად გადაიქცეოდნენ. ჩვენთან ხალხის 63% სურს ევროპისა და ნატო-ს წევრობა და ეს სულაც არაა ცოტა. თუმცა ამ მიმართულებით გამუდმებითაა სამუშაო, რომ ხალხს ავუხსნათ, რომ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ დასავლეთთან ინტეგრაციის შემდგომ დალაგდება.
- ახლა საკითხი დგას ასე - უკრაინაში დამარცხებული რუსეთი ჯავრს საქართველოზე იყრის. რას უნდა ველოდოთ?
- რუსეთს ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტითა და პრინციპულად უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. ამ შემთხვევაში მას არაფერი გამოუვა.
- უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაცია. პრივატიზებული თემები და პრივატიზებული პოლიტიკა. ხელისუფლების წარმომადგენლები არ დადიოდნენ უკრაინის მხარდასაჭერ აქციებზე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ “ნაციონალების” ლიდერები იყვნენ. თავის მხრივ, “ნაციონალებმა” სხვადასხვა დამოკიდებულება გამოამჟღავნეს კიევში დაღუპული ქართველების მიმართ. რატომ არ იყო უკრაინა ის თემა, რომლის ირგვლივაც საზოგადოებასა და პოლიტიკურ ძალებს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ?
- იმიტომ, რომ დღევანდელი მთავრობა იმართება ძალიან გაუგებარი ლოიალობების პატრონი ადამიანისგან - ბიძინა ივანიშვილისგან, ვისაც აქვს უპირობო გავლენა მმართველ კოალიციაზე, მაგრამ არა აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ ქმედებებზე; ეს კი კატასტროფული რეზულტატებისთვის “უებარი” რეცეპტია.
- ხელისუფლებას აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია - დათვს, ვგულისხმობ რუსეთს, ბაბაია დაუძახოს. ახლა, როდესაც ქვეყანაში თითოეული ჩვენგანი განიცდის 94 წლის წინანდელ მოვლენებს და პატივს მიაგებს იუნკრებს და მათი სახით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს, ხელისუფლებისგან ემოციურ დონეზეც კი არ იგრძნობა, ანტისაოკუპაციო განწყობა. პროტოკოლურ გვირგვინებსა და პატივის მიგებას არ ვგულისხმობ. მოკლე ისტორიული მეხსიერება რამდენად უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას და თუ გნებავთ, პრევენციული - პრაგმატული პოლიტიკის რეალიზებას?
- მოძალადესთან დამთმობი ურთიერთობა ყოველთვის წამგებიანია სუსტისთვის. დღევანდელმა ხელისუფლებამ, თუ ის თვითგანადგურების მანიით არაა შეპყრობილი, უნდა იცოდეს, რომ რუსეთისგან თავდაცვის საუკეთესო გზა რუსეთისთვის პრინციპული და მტკიცე წინააღმდეგობის გაწევაზე გადის. საჭიროა განმანათლებელი კამპანიაც, რომელსაც პერმანენტული ხასიათი ექნება.
- ჩვენ ხშირად გვიჭირს საკუთარი თავისთვის თვალის გასწორება, როგორც იტყვიან, საკუთარი თავის სარკეში დანახვა. როცა არ შეგიძლია დახატო ავტოპორტრეტი, მაშინ იქნებ სხვის მიერ დახატული ნახო საკუთარი თავი. ამ კონტექსტში მოდით, დავხატოთ იმ ადამიანების პორტრეტი, რომელთათვისაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდის. რა უნდათ მათ, რა არის მათი ღირებულება, რას ეწინააღმდეგებიან და რისთვის იბრძვიან. ანუ ვინ არის და როგორ გამოიყურება დღევანდელი ქართველი რუსეთუმე?
- ეგეთი ადამიანების დახასიათება ორი სიტყვით შეიძლება: პირადი გამორჩენა - ყველა ქართველი რუსეთუმეს გამაერთიანებელი მოტივაცია ამ მანკიერ ვნებაშია. გარეგნულად ისინი სხვადასხვანაირად გამოიყურებიან, თუ მათი გამაერთიანებელი კარიკატურის დახატვა არ გვსურს.
- ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ კიევში განვითარებული მოვლენებისას ასეთი რამ მითხრა, - ერთ მხარეს, ანუ ოპოზიციის, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ იდეისთვის სიკვდილი, ხოლო მეორე მხარეს ასეთი ადამიანები არ იყვნენ, სწორედ ამან განაპირობა მაიდანის გამარჯვებაო. ქართველი იუნკრები სამშობლოსა და თავისუფლების იდეისთვის დაიღუპნენ. განგებამ დაგვიფაროს, მაგრამ, თუ ისევ მოგვიწია ღირებულებითი არჩევანის გაკეთება, როგორ ფიქრობთ, თანამედროვე ქართველი, მისი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, აირჩევს იდეისთვის სიკვდილს და გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში თუ პირიქით?
- როგორ შეიძლება სიკვდილისთვის მზად იყოს კორუმპირებული ხალხი?! ისინი მხოლოდ პირადი გამორჩენისთვის არსებობენ, და როდესაც ეს სახიფათო ხდება, ისინი გარბიან. თუ საჭირო გახდა, სამშობლოს დასაცავად თავს მრავალი ათასი ქართველი დადებს. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დღეს ახალგაზრდობას ძალიან უნდა ნორმალურ, თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრება და ისინი საქართველოს არავის ჩააბარებენ. თქვენ და მე მათ რიცხვში ვართ.
გოჩა მირცხულავა, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |