|
“თუ ხელისუფლება რაიმე საჩოთირო სიტუაციაში აღმოჩნდება, მას უნდა ჰქონდეს საზოგადოების აზრზე აპელირების საშუალება”
“პრემიერი” დიპლომატს, “ივერია.ბიზ”-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა.
-ბატონო მამუკა, ქართველი დიპლომატები და საზოგადოების წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ რაიან გრისტის დანიშვნას საკმაოდ კრიტიკულად გამოეხმაურეთ. რა გახდა თქვენი გულისწყრომის საფუძველი?
-მოგეხსენებათ, რაიან გრისტი 2008 წელს ეუთოს მისიის წარმომადგენელი გახლდათ საქართველოში. ამ პოზიციაზე მუშაობისას ის მოქმედებდა ეუთოსთან შეუთანხმებლად და უხეშად არღვევდა დიპლომატიური ეთიკის ნორმებს. მისი ქმედებები და განცხადებები, რომლებსაც ის აკეთებდა საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში საერთაშორისო პრესასა და ტელევიზიაში, სრულ თანხვედრაში იყო რუსული პროპაგანდისტული მანქანის პოზიციასთან, რითიც მან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოს რუსეთთან მიმდინარე საინფორმაციო ომში. გრისტის დიპლომატისთვის მიუღებელი ქმედებები ეუთომ გაითვალისწინა და ის საქართველოდან გაიწვია სამსახურებრივი გადაცდომის მოტივით. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გრისტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ არ უნახავს გადამწვარი და დანგრეული ქართული სოფლები და რუსეთის მხრიდან არანაირი პროვოცირება არ ყოფილა, დღეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მოგვივლინეს. რომელ მონიტორინგსა და დაკვირვებაზეა საუბარი დღეს, როცა ეს ადამიანი გაგანია ომის დროს გადამწვარ ქართულ სოფლებს ვერ ხედავდა?
-არის თემები, რომელზეც ხმაური ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა, გარკვეულ უხერხულობას უკავშირდებოდეს. ამ ვითარებაში მომეჩვენა, რომ თქვენ ხელისუფლებას საქმე გაუადვილეთ, ჰქონოდა საზოგადოებრივი რეაქცია. თუმცა, თუ მათი საკმაოდ განსხვავებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, მომეჩვენა, რომ ლამის თქვეს, “ეს როგორ გაგვიბედეთო”. რას უკავშირდება ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი შეუთანხმებელი პოზიცია?
-ჩემი აზრით, ჯანსაღ სახელმწიფოში ხელისუფლება და საზოგადოება შეთანხმებულად უნდა მოქმედებდნენ და თუ ხელისუფლება რაიმე საჩოთირო სიტუაციაში აღმოჩნდება, მას უნდა ჰქონდეს საზოგადოების აზრზე აპელირების საშუალება. ამ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას უჭირს რაიმე მიზეზით ევროკავშირთან კამათი, მას შეუძლია საზოგადოების აზრი გამოიყენოს მიზეზად და გრისტის კანდიდატურა შეაცვლევინოს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არათუ საზოგადოებასთან შეთანხმებულად, არამედ საკუთარ წიაღშიც ვერ ახერხებს ერთ აზრზე ჩამოყალიბებას. და ეს არ ეხება მარტო ამ კონკრეტულ ფაქტს. მიზეზი კოალიციის ხელოვნურად შეკოწიწებულ კონსტრუქციაში უნდა ვეძებოთ. სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა და ღირებულებების მქონე ხალხი არა ერთიანმა მწყობრმა იდეამ, არამედ ერთი ოლიგარქის ფინანსურმა რესურსებმა გააერთიანა. შედეგი სახეზეა.
-მოვისმინე ასეთი მოსაზრებაც -თავად ევროკავშირმა რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და რატომ გამოგვიგზავნა ეს პიროვნებაო? თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იყო ჩვენი ევროპელი მოკავშირეების მოტივი რაიან გრისტის დანიშვნისას?
-ევროკავშირის მოტივებზე ჩვენ მხოლოდ მარჩიელობა შეგვიძლია. შესაძლოა, ეს ევროპული ბიუროკრატიის ლაფსუსი იყოს. პირადად მე რუსულ კვალსაც არ გამოვრიცხავ ამ დანიშვნაში. მთავარი სხვა რამაა, რატომ გაეპარა საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეყნისთვის მიუღებელი დიპლომატის დანიშვნა. ასეთი კანდიდატურები კულუარულად განიხილებიან ხოლმე უწყებებს შორის და არ უნდა ყოფილიყო რთული ამ დანიშვნის პრევენცია. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დროზე ვერ შეიტყო, ვის ნიშნავდნენ საქართველოში EUMM-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელად. კიდევ უფრო სამწუხაროა, თუ ევროკავშირმა საჭიროდ არ ცნო ქართველ კოლეგებთან ამ კანდიდატურის განხილვა და საგანგაშოა, თუ სამინისტრომ იცოდა, მაგრამ რეაგირება არ მოახდინა.
-როგორ ფიქრობთ, მოახდენს ევროკავშირი საკუთარი გადაწყვეტილების რევიზირებას და გაიწვევს უკან რაიან გრისტს?
-ეს დამოკიდებული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებაზე. სამინისტროს აქვს სხვადასხვა დიპლომატიური ბერკეტები, რომ თავიდან აიცილოს მიუღებელი პერსონის დანიშვნა. ბოლო და ყველაზე რადიკალური გახლავთ გრისტის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, თუმცა ასეთი კარდინალური ზომის მიღებამდე საქმე არ უნდა მივიდეს და სამინისტრომ უნდა შეძლოს ამ კანდიდატურის ზედმეტი ხმაურისა და გამწვავების გარეშე დაბლოკვა. დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილი დიპლომატების მიერ წარმოდგენილი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია მხოლოდ დაეხმარება ამ პროცესს.
-დღეს საკმაოდ ბევრი გამოცდილი დიპლომატია უსაქმურად. ვგულისხმობ, პროფესიულ საქმიანობას. აქვს კი ხელისუფლებას და კერძოდ, საგარეო უწყებას იმის ფუფუნება, არ გამოიყენოს თქვენი და თქვენი მეგობრების პოტენციალი? ისიც ხომ ცნობილია, რომ ხშირ შემთხვევაში ექსდიპლომატები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კულუარულ დიპლომატიაში?
-დემოკრატიულ სახელმწიფოში არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო მოხელეების პარტიული კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით დაყოფა. მათი შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი უნდა იყოს. მე შემიძლია, მხოლოდ გულისტკივილი გამოვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში სრულიად საპირისპირო სურათია. განსაკუთრებით არასასიამოვნოა, როცა იარლიყებს სრულიად უსაფუძვლოდ გაკრავენ. დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ბევრს კარგავს ასეთი გამოცდილი კადრების იგნორირებით. თუმცა სასიამოვნოა, როცა “ივერიაში” გაჟღერებულ აზრებსა და ფრაზებს ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე იმეორებენ. არ აქვს მნიშვნელობა, ეთანხმებიან თუ არა. მთავარია, რომ ითვალისწინებენ. ეს უკვე მიზნის მიღწევას ნიშნავს.
-არაერთხელ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ საგარეო უწყებას არ აქვს კონცეფცია. არ არის მკვეთრად გამოხატული კონტურები არ ჩანს რეალური სტრატეგია. ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ თუნდაც რეაგირებასაც კი მუდმივად ვაგვიანებთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე?
-სამწუხაროდ, დღესაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საგარეო პოლიტიკის კონცეფცია მოცემულია მხოლოდ სათაურის სახით. მის ქვეშ სიცარიელეა. და ეს მაშინ, როცა უკვე წელიწად-ნახევარია, ქვეყანას საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ჰყავს. ჩამოყალიბებული, გამართული კონცეფციის ნაცვლად გვესმის სრულიად გაუგებარი აზრები იმის თაობაზე, რომ ნატოშიც შევალთ და რუსებთანაც ვიმეგობრებთ. საზოგადოებაში კი დღესაც გაისმის, “ვაცადოთ”. აღდგომა და ხვალეო. ვაცადოთ, მაგრამ სანამ ცდილობენ, გრისტისნაირი “დიპლომატები” საქართველოში არ უნდა შემოუშვან.
-თქვენ როგორ ფიქრობთ, რეალურად ვინ მართავს დღეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და როგორია საგარეო პოლიტიკური კურსი?
-დღეს საქართველოს არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო და რეგიონალურ პოლიტიკას, მიკრო და მაკროეკონომიკურ, საფინანსო, თავდაცვა-უშიშროებისა და ნებისმიერ სხვა საკითხს ერთი ადამიანი განაგებს. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ამ ადამიანს არანაირი სახელმწიფო პოსტი არ უკავია, შესაბამისად, არც არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება შესაძლო ჩავარდნების შემთხვევაში. ბიძინა ივანიშვილის პირველივე საჯარო გამოსვლებში გაჟღერდა აზრი, რომელიც, როგორც ჩანს, ზოგად საგარეო პოლიტიკურ ტრენდად იქცა ქვეყნისთვის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მას არ აქვს ამბიციების უფლება, რომ დიდი პოლიტიკის ნაწილი იყოს. ის მხოლოდ რეგიონალური მოთამაშედ უნდა დარჩეს. აი, სწორედ აქაა ჩვენი უბედურების სათავე.
-რას გულისხმობთ?
-საქართველოს სწორედ რომ არ აქვს ფუფუნება, არ იყოს დიდი პოლიტიკის მონაწილე. ჩვენ ოკუპაციის პირობებში ვიმყოფებით და ასეთი მდუმარე პოლიტიკა, როცა ქვეყანა არ იყენებს არც ერთ ტრიბუნას, რომ მსოფლიო საზოგადოებას თავისი გადაუწყვეტელი პრობლემები შეახსენოს, შესაძლებელია, ჩვენთვის სავალალო შედეგით დამთავრდეს. ჩვენ ყველა მიგვივიწყებს და ნურც იმის ილუზია გვექნება, რომ ვინმეს ეწყინება თუ ჩვენს პრობლემებს თავიდან ავაცილებთ. აი, მაშინ კი შეიძლება ჩრდილოელი მეზობლის პირისპირ სრულიად მარტო აღმოვჩნდეთ. შედეგი, ალბათ, მარტივადაა გასათვლელი.
-რაში ხედავთ გამოსავალს?
-ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ნატოში გაწევრიანება უნდა იყოს. ერთადერთი მიზანი -ევროკავშირში გაერთიანება. ჯერჯერობით ეს მხოლოდ მოკრძალებული დეკლარირების სახით გვესმის. ნაბიჯები კი ხშირად სრულიად საპირისპიროა -მათზე არ შევჩერდები, უკვე ბევრჯერ ითქვა ამაზე. ადამიანი მაინც იმედით ცოცხლობს და ამიტომ სრულიად გულწრფელად მინდა ვუსურვო საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი წარმატებები დასავლური კურსის მიმართულებით სვლაში.
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |