|
ალექსანდრე კობაიძე: “თვალებთან იარაღს გვიტრიალებდნენ, გვემუქრებოდნენ, დაგამტვრევთ, დაგხოცავთო”...
“პროკურატურის გენინსპექციაში არაოფიციალურად გვითხრეს, ამ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ არა გვაქვს პოლიტიკური ნება, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივცეთო”
2011 წლის ოქტომბერს, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე კობაიძე, სამ მეგობარ სტუდენტთან ერთად, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობიდან, აქციის მიმდინარეობის დროს, იქ მომუშავე ადამიანებმა ცემა-ტყეპით გაიტაცეს და მცხეთიდან მოშორებით, უდაბურ ტყეში ჩამოყარეს. ალექსანდრემ “პრემიერთან” ამ საშინელი ფაქტის დეტალები გაიხსენა. მათ საჩივარი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პროკურატურაშიც შეიტანეს, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, იქ უთხრეს, რომ ამ ხალხის დასჯის პოლიტიკური ნება არ არის.
ალექსანდრე კობაიძე:
_ ეს ამბავი 2011 წელს მოხდა, მას შემდეგ ამის ჩამდენი ადამიანების დასჯას ვითხოვთ, მაგრამ ამაოდ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჯინერინგის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი და ყველანი კარგად ვხედავდით, რა საშინელებები ტრიალებდა განათლების სისტემაში და კონკრეტულად ჩვენს უნივერსიტეტში. ამიტომ შევქმენით კიდეც ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელსაც “დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია” დავარქვით. ამ ორგანიზაციის ირგვლივ იკრიბებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რადგან მათაც აწუხებდათ ეს პრობლემები. იცით, რა ხდებოდა ჩვენს უნივერსიტეტში? სტიპენდიები ძირითადად პრივილეგირებულ სტუდენტებს ეძლეოდათ. მეც ვიყავი სტიპენდიატი, მაგრამ ხშირად მექმნებოდა პრობლემა, რადგან სხვას ჩემზე წინ აყენებდნენ, რადგან ის ნაციონალურ დროშას აფრიალებდა. თქვენ იცით, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში არ ისწავლება არანაირი უცხო ენა?! საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტდამთავრებული, მინიმუმ, ორ ენას მაინც ხომ უნდა ფლობდეს არა? ორს კი არა, ერთსაც არ ასწავლიან. ეს ფორმალურად ხდება პირველ კურსზე.
_ ფორმალური სწავლება რას ნიშნავს?
_ მხოლოდ ერთი სემესტრი ასწავლიან უცხო ენის კურსს და ისიც ძალიან დაბალ დონეზე. სკოლის დონეზეც არ ხდება უცხო ენის სწავლება ამ უნივერსიტეტში. დიდი იმედი გვქონდა, ახალი ხელისუფლება მოვიდოდა და განათლების კუთხით ბევრ რამეს შეცვლიდა, მაგრამ არაფერი შეუცვლიათ. განათლების სამინისტროს ზედა სავარძლებში სახეები კი იცვლება, იგივე მინისტრები, მოადგილეები, მაგრამ ამით მთავრდება ყველაფერი. ხან მოცინარი განათლების მინისტრი გვყავს, ხანაც სულ გაბრაზებული. ახლანდელ მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს “გაბრაზებულ მინისტრს” ვეძახით. არ ვიცით, რატომ საუბრობს სულ გაბრაზებით, მაგრამ რეალურად საქმე რომ კეთდებოდეს, ამას ყურადღებას არ მივაქცევდით. ამ სისტემაში რეალურად არანაირი ცვლილება არ მომხდარა _ ვინც მანამდე გვდევნიდა, ვისგანაც სტუდენტებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ვინც იყო წინათ უნივერსიტეტებში ოდეერი, უკლებლივ ყველა ადგილზეა. ამ შემთხვევაში პიროვნებებიც კი არ შეუცვლიათ. ყველა უმაღლეს სასწავლებელსა და უნივერსიტეტში იგივე მდგომარეობაა, რასაც ნაციონალების დროს ვაპროტესტებდით.
კვირას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდა და იქ დამკვირვებელი ვიყავი. ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ, თითქოს პროცესი გამჭვირვალე იყო, მაგრამ ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ რექტორად გიორგი მარგველაშვილის არჩევა წინასწარ იყო გადაწყვეტილი.
_ რატომ დაგრჩათ ასეთი შთაბეჭდილება?
_ ამ ადამიანის საქმიანობას კარგად ვიცნობ, რადგან ერთ-ერთი დაზარალებული ლექტორის, გია ჭუბაბრიას ინტერესებს ვიცავ სასამართლოში. ბატონი ჭუბაბრია ღვაწლმოსილი ადამიანია კინემატოგრაფიის დარგში, რუსთაველის პრემიის ლაურეატია, მაგრამ მარგველაშვილი, რომელიც უკვე მესამედ აირჩიეს რექტორად, მას უნამუსოდ მოექცა და უნივერსიტეტიდან გამოაგდო. კიდევ რამდენიმე ლექტორიც მიაყოლა სრულიად უსამართლოდ. ერთი და იგივე ადამიანის სამჯერ არჩევა რექტორად როგორ შეიძლება, კომუნიზმში ვართ?! მიშა სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა, მესამე ვადით ეყარა კენჭი, მაგრამ მარგველაშვილი ამის გაკეთებას არ მორიდებია. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთი და იგივე ადამიანებისგან სკამის ტკეპნითა და სამარადჟამოდ, ნებისმიერ სავარძელში ერთი პიროვნების ჯდომით დარგის, სფეროსა თუ ქვეყნის განვითარება ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, მარგველაშვილის რექტორად მესამედ არჩევაში პოლიტიკოსების ხელიც ურევია. საბჭოს ერთ-ერთი წევრია ქანთარია, სხვებიც მეგობრობენ მასთან და პირადმა ურთიერთობებმა შეუწყო ხელი, რომ ის კვლავ რექტორი გახდა. ვინც ეს გააკეთა, ცხადია, არ უფიქრია, რომ ასეთი გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს ინტერესებსა და სწავლის გაუმჯობესების ხარისხს მიადგა ზარალი, რაც აუცილებლად აისახება იმ სტუდენტებზე, რომლებიც იქ სწავლობენ და წესითა თუ რიგით პროფესიონალებად უნდა ჩამოყალიბდნენ.
_ მოდით, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ამბავს დავუბრუნდეთ. მომიყევით, ვინ და როგორ გაგიტაცათ?!
_ ჰოდა, მაშინ ვაპროტესტებდით არა მხოლოდ სტუდენტების პრობლემებს, არამედ იმასაც, რაც პროფესორ-მასწავლებლებს აწუხებდათ. ვითხოვდით მათი ხელფასების გაზრდას, რადგან მცირე ანაზღაურება ჰქონდათ. მაშინ ასეთი პროტესტი რა რისკებთანაც იყო დაკავშირებული, კარგად მოგეხსენებათ. თავად ლექტორები, რომელთა უფლებების დაცვასაც ვცდილობდით, ჩვენს გვერდით ვერ დგებოდნენ, აქციებისთვის სტუდენტებსაც ძლივს ვაგროვებდით, მაგრამ მაინც ვატარებდით და ჩვენს აზრს გამოვხატავდით. არაერთხელ ვიწვნიეთ “ნაცმოძრაობის” მსახვრალი ხელი, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთ ასეთ ფაქტზე შევჩერდები. აქვე ვიტყვი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ფრანგიშვილსა და რექტორატის სხვა წევრებს არაერთხელ შევხვდით, ყველა პრობლემა, რომელზეც პრეტენზია გვქონდა, სტუდენტებს გავაცანით და როცა რეაგირება არ ჰქონდათ, მერე დავიწყეთ აქციები. ფაქტობრივად, უნივერსიტეტს, ფრანგიშვილთან ერთად, მართავდა უშიშროება და ოდეერები. რექტორატი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ და ვერ იღებდა. რა დოზით არის სტუდენტების დარბევა-დაშინების ფაქტებში რექტორატი ბრალეული, ეს ცალკე განსახილველია, თუმცა იმაში, რაც ჩვენ დაგვემართა, ყველას ხელი რომ ურევია, ფაქტია.
2011 წლის 27 ოქტომბერს კონკრეტული მოთხოვნები ჩამოვწერეთ და მივედით რექტორის კაბინეტთან. დაახლოებით 10 მოთხოვნა გვქონდა: არ ყოფილიყვნენ უნივერსიტეტში პრივილეგირებული სტუდენტები, თვითმმართველობის არჩევნები ყოფილიყო პლურალიზებული, სტიპენდიები გაზრდილიყო და 91 ქულის ზემოთ ვისაც ჰქონდა მოგროვილი, ყველა სტუდენტი ჩაესვათ სტიპენდიატების სიაში, სწავლის გადასახადისთვის დაეკლოთ და ა.შ. რადგან სტუდენტების გარკვეულ ჯგუფს განსხვავებული აზრი გვქონდა, არ გვეძლეოდა საშუალება, უნივერსიტეტის დარბაზი გამოგვეყენებინა და სტუმრები იქ მიგვეწვია. ამაში რექტორატი გვიშლიდა ხელს. ჩვენთან არანაირ დათმობაზე არ მოდიოდა რექტორი. ყველაფერზე უარს გვეუბნებოდა, თუმცა ნამდვილ მიზეზს, ცხადია, არ გვისახელებდა. ლევან ტატიშვილი დღესაც მუშაობს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ის არის ოდეერი, თუმცა ლექტორად ჰყავდათ გაფორმებული, ახლა კი კანცლერის მოადგილედ დაუნიშნავთ. ეტყობა, ჩვენი გატაცების შემდეგ ასე დააჯილდოვეს და დააწინაურეს. ეს ადამიანი უნივერსიტეტში იყო უჩინარი, მაგრამ ჩვენ საჯაროდ ვამხილეთ. იმ დღეს მე, ივანე მეფარიძემ, გიორგი ცინცაძემ და კიდევ ერთმა სტუდენტმა, რომელიც მოგვიანებით შემოგვიერთდა, რექტორის მისაღებთან გამოვაცხადეთ შიმშილობა და განვაცხადეთ, სანამ ყველა ეს საკითხი არ მოგვარდება, აქედან არ წავალთ-თქო. გარკვეული პერიოდი გეგმავდნენ, რა გაეკეთებინათ ჩვენთვის, მერე კი ზურგიდან მოგვცვივდნენ და ოთხივე უკანა კარისკენ გაგვათრიეს. პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ახლაც არის დაცვის უფროსი რევაზ კელდიშვილი და ისიც ეხმარებოდა ამ ფიზიკურ ზეწოლაში ტატიშვილს. ეტყობა, ფიქრობდა, ასე თუ მოიქცეოდა, დააწინაურებდნენ, თუმცა სამსახურის შენარჩუნება ახალი ხელისუფლების პერიოდშიც მშვენივრად შეძლო. ძალიან საშიშია, როცა განათლების სისტემაში ასეთი საშინელი და პირსისხლიანი ადამიანები მუშაობენ. პირად საუბრებში ისინი თამამად ამბობენ იმასაც, რომ ოფიცრები იყვნენ და რასაც “ზემოდან” დაავალებდნენ, იმას გააკეთებდნენ უნივერსიტეტში. ასეც იქცეოდნენ. მსგავს ძალადობრივ, დანაშაულებრივ ქმედებებში, სტუდენტების უფლებების შეზღუდვასა თუ შელახვაში ტატიშვილი არაერთხელ არის მხილებული, თუმცა ამჯერად მისი სხვა “გმირობების” გამოაშკარავებისგან თავს შევიკავებ. ე.წ. “ოდეერის” ინსტიტუტი, რომელიც ისევ ძველი შემადგენლობით არის შენარჩუნებული, ძალიან ცუდი რამაა. უფრო საშინელი კი ის გახლავთ, რომ იქ “ნაცმოძრაობის” ყოფილი ჯალათები არიან კვლავ თავმოყრილი. დღევანდელი ხელისუფლება რატომღაც ცდილობს, ნაციონალების დროს ჩადენილ უსამართლობებს ხელი დააფაროს და თავადაც ჩაიდინოს, მაგრამ მათაც აუცილებლად შევეწინააღმდეგებით. ადამიანებმა, რომელთაც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ, შენობის უკანა მხარეს თრევით და ერთი ამბით მიგვიყვანეს, უნივერსიტეტის კუთვნილ “მარშრუტკაში” ჩაგვყარეს და გაურკვეველი მიმართულებით გაგვიტაცეს.
_ რას გეუბნებოდნენ, სად მიყავდით?!
_ ვეკითხებოდით, სად მიგყავართ, ამას რა უფლებით აკეთებთ, ჩვენს ხომ კანონი არ დაგვირღვევიაო, მაგრამ გვეუბნებოდნენ, როცა მიგიყვანთ, მერე გაიგებთ, სადაც ხართო. შენობიდან გაგვათრიეს თუ არა, ტელეფონები მაშინვე ჩამოგვართვეს, ვინმესთვის რომ არ შეგვეტყობინებინა ეს ამბავი. სოფელ ძეგვთან ტყეში გადაუხვიეს და სრულიად უცხო ტერიტორიაზე, ტყეშივე ჩამოგვყარეს მანქანიდან. ივანე მეფარიძეს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. თვალებთან იარაღს გვიტრიალებდნენ, გვიტენიდნენ, გვემუქრებოდნენ, დაგამტვრევთ, დაგხოცავთ ახლავე, თუ კიდევ გაბედავთ უნივერსიტეტში ასეთი პრეტენზიების გამოხატვასო. კარგა ხნის მერე დაგვანებეს თავი და წავიდნენ. იქიდან შუაღამეს ჩამოვედით და მაშინვე სახალხო დამცველთან მივედით. იმ დროს სახალხო დამცველი ტუღუში იყო. მისმა აპარატმა პროკურატურას მიმართა, მაგრამ გამოძიება მაინც არ დაიწყო. ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, ჩვენც მივმართეთ პროკურატურას განცხადებით და ამ ფაქტზე საქმის აღძვრა მოვითხოვეთ, გამოძიება დაიწყო, მაგრამ... პროკურატურის გენინსპექციაში არაოფიციალურად გვითხრეს: ცხადია, ეს ადამიანები ცუდად მოიქცნენ, დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ არა გვაქვს პოლიტიკური ნება, სამსახურიდან გავათავისუფლოთ, ანდაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივცეთო. თავდაპირველად ვუჩიოდით იმათ, ვინც ჩვენს გატაცებაში მონაწილეობდა და მერე ვინც გამოიკვეთებოდა, ცხადია, ყველა უნდა დასჯილიყო. რექტორისა და რექტორატის გარეშე რომ ასეთი რამ უნივერსიტეტში ვერ მოხდებოდა, ესეც ცხადია. ფაქტია ის, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ ხელი არავის შეუშლია, თუ უფრო არ შეუწყვეს. რექტორის მისაღებიდან 4 სტუდენტი ყვირილ-წივილით წაგვიყვანეს და ვინ იტყვის, რომ არ იცოდა, ან ვერ გაიგო?! სხვათა შორის, სანამ აქციას დავიწყებდით, ჟურნალისტებიც გავაფრთხილეთ და მოვიდნენ კიდეც ტელევიზიებიდან, კადრები გადაიღეს, იქაც ვთქვით ჩვენი გულისტკივილისა და მოთხოვნების შესახებ, მაგრამ, როგორც კი ჟურნალისტები წავიდნენ, ამათ მაშინვე დაიწყეს მოქმედება. სანამ ტელეფონებს ჩამოგვართმევდნენ, “კავკასიის” ჟურნალისტთან “ესემესის” მიწერა მოვასწარი. ვუთხარი, რომ გაურკვეველი მიმართულებით მივყავდით და არ ვიცოდით, სად.
სახალხო დამცველის დასკვნაც გვაქვს. იქაც წერია, რომ ჩვენი გატაცებით მოხდა სტუდენტების უფლებების დარღვევა. ვითხოვდით საქმე 143-ე, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის მუხლით აღძრულიყო, მაგრამ პროკურატურამ უფლებამოსილების გადამეტებით აღძრა. ამაზეც თანახმა გავხდით, ოღონდ რამე გაკეთებულიყო და ყველას დაენახა, რომ საქართველოში სტუდენტის უფლებების შელახვისთვის შეიძლება დაისაჯონ. სტუდენტის სტატუსი ფაქიზი და საფრთხილო თემაა და მას არც ერთი სახელმწიფო არ უნდა მოექცეს ისე, როგორც ესენი ექცეოდნენ და ახლაც ექცევიან. თუ დღევანდელმა ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, თუ ასეთი ადამიანები კიდევ დატოვა თანამდებობებზე, მეტიც, დააწინაურა, ჩვენ უფრო მკაცრი ზომებით გამოვხატავთ ამ ფაქტებზე პროტესტს. ასეთი ხალხით ქართული განათლების სისტემა წინ ვერ წავა, ეს უდავოა. რაც შეეხება ფაქტს, რომელზეც მოგიყევით. ნურავის ეგონება, რომ, რადგან მათ ამჯერადაც გამოუჩნდათ მფარველი ახალი ხელისუფლების სახით, ჩვენ გავჩუმდებით და ასე დავტოვებთ. არავითარ შემთხვევაში. აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ გამოძიებას და დღევანდელ ხელისუფლებასაც არ მივცემთ უფლებას, იგნორირება გაუკეთოს სტუდენტებზე დანაშაულებრივი ზემოქმედების ფაქტს. ადრე თუ გვიან მივაღწევთ იმას, რომ აუცილებლად დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც ასრულებდნენ თუ უკვეთდნენ და გეგმავდნენ ჩვენი გატაცების ფაქტს.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |