|
“ეჭვი მეპარება, გიორგი მარგველაშვილმა გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბროს”
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ანგარიშით 21 თებერვალს პირველად წარდგება. კონსტიტუციის თანახმად, მისი მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ თემებს მოიცავს. საუბარი შეეხება ქვეყნის წინაშე 2013 წლის განმავლობაში მდგარ გამოწვევებსა და მასზე რეაგირების მექანიზმებს. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის ძირითადი აქცენტები საგარეო პოლიტიკის კუთხით სამომავლო გეგმებსაც შეეხება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან, ასევე, დაისმება კონკრეტული წინადადებები საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ქვეყნის გეოპოლიტიკური განვითარების კუთხით. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილის მოხსენება საქართველოს კონფლიქტური კერების დარეგულირების პრიორიტეტებს, გეოსტრატეგულ გამოწვევებსა და საფრთხეებს არ შეეხება, რომლის გარეშეც პრეზიდენტის გამოსვლა შეიძლება ზოგადი და ნაკლებად პროდუქტიული იყოს. აღნიშნული თემატიკის მნიშვნელოვან დეტალებზე “პრემიერი” საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტის თავმჯდომარეს, სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ესაუბრა:
_ რამდენად საინტერესო და პროდუქტიული შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის ხედვა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ნაწილში, რომელიც გეოსტრატეგიულ გამოწვევებსა და ქვეყნის რეალურ მდგომარეობას შეეხება?
_ ეჭვი მეპარება, რომ გიორგი მარგველაშვილმა გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბროს. ვფიქრობ, მისი მოხსენება ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება, რაც უკვე არაერთხელ მოვისმინეთ. თუ ყურადღებას გავამახვილებთ, როგორია გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, რეგიონალურ დონეზე, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო, ფაქტობრივად, ერთადერთი დარჩა, რომელიც მზად არის, ხელი მოაწეროს ასოცირებული ხელშეკრულების წევრობას. შევხედოთ მოვლენებს იმ კუთხით, რა ვითარება შეიქმნა უკრაინაში: რეალურად უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება ამ კურსის მიმართ წინააღმდეგობრივ დონეზე გავიდა, ოპოზიციური გამოსვლები მიმდინარეობს, მაგრამ ამან ძალიან საშიში მიმართულება მიიღო. ამჟამად, მოლდოვაში პროდასავლური ხელისუფლებაა, მაგრამ გაისად საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და დიდი ალბათობით, კომუნისტების დაბრუნებაა მოსალოდნელი; მოლდოვის მდგომარეობა ევროინტეგრაციის მიმართულებით საკმაოდ მყიფეა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცალსახად უარი თქვეს ევროინტეგრაციის კურსზე და ხელშეკრულების დოკუმენტის პარაფირება არ მოახდინეს. საქართველო დარჩა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიდ ოკეანეში დიდი ტალღების ქვეშ ევროინტეგრაციის კურსით მიდის. რამდენადაც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ სამიტზე გარკვეული პრეტენზია გვაქვს მაპ-ის სტატუსის მისაღებად. ამას ემატება რთული მდგომარეობა ტერიტორიული კონფლიქტების ზონაში და პოლიტიკური ისლამის შემოსვლა საქართველოში. ისლამისტური ორგანიზაციების გააქტიურება ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, სირიასთან არსებული მდგომარეობის მიბმა კავკასიურ პოლიტიკასთან.
_ რას გულისხმობს სირიის მოვლენებთან საქართველოს მიბმის შესაძლებლობა?
_ აქ არ არის საუბარი, რომ საქართველოდან სირიაში ისლამისტი მებრძოლების ტრანზიტი ხდება, არამედ საუბარია, რომ სირიიდან წამოსული მოსახლეობის განთავსება საქართველოს, იგივე აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება. ჩერქეზული წარმოშობის დიასპორის წარმომადგენლები უკვე აპირებენ აფხაზეთში ჩასახლებას. თუ არ ვცდები, სირიიდან წამოსული სომხური დიასპორის წარმომადგენლებმაც უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ ლტოლვილის სტატუსი საქართველოში მიიღონ. ამ კუთხით ვითარება საკმაოდ მძიმეა. ამასთანავე, ქართული წარმოშობის სამი საველე მეთაური დღეს ისლამისტური ოპოზიციის საკმაოდ გავლენიანი მეთაურია, რომლებიც სირიაში ისლამისტების მხარეს იბრძვიან. ამას ემატება საქართველოდან წასული 80 ადამიანი, რომელთა შესახებაც ღიად ითქვა. ამ კუთხით საქართველო სირიის კონფლიქტში ერთგვარად ურთიერთმიბმაში მოიაზრება. ეს სერიოზული გამოწვევაა, რომელიც მკაფიოდ არ ჩანს, მას ლატენტური ხასიათი აქვს და სად, როდის ამოხეთქავს, ცალკე საუბრის თემაა.
_ საქართველოში ამ საკითხზე პოლიტიკოსები და ექსპერტები ღიად არ საუბრობენ. რამდენად მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი თავის მოხსენებაში ამ თემაზე გაამახვილებს ყურადღებას?
_ არ მგონია, რომ პარლამენტში ეს თემა გაჟღერდება. შესაძლოა, თუნდაც ეროვნული უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ იყოს, მაგრამ ეჭვი მეპარება, დღევანდელ ხელისუფლებას ესმოდეს ამ საშიშროების რეალური არსი.
_ რატომ?
_ დღევანდელ ხელისუფლებას საამისო რესურსი არ გააჩნია, არ ჰყავს შესაბამისი სპეციალისტები და ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, მათთან თანამშრომლობის არანაირი სურვილი არ გააჩნია. ლოგიკურია, თუ სპეციალისტებთან არ იმუშავებ, გარკვეულ გამოწვევებს ელემენტარულად ვერც დაინახავ. მე ოთხი გეოსტრატეგიული გამოწვევა დავასახელე, რომელმაც შესაძლოა, მალე საფრთხის ელემენტები მიიღოს. რადგან რუსეთს საქართველოზე უშუალო ზემოქმედების განსახორციელებლად სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტები გააჩნია, ლოგიკურად ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტური კერების საქართველოს ტერიტორიაზე გადმონთხევის საშიშროებაც საკმაოდ მაღალია. ერთი კვირა დარჩა და სოჭის ოლიმპიადის შემდგომ, ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება კვლავ უკიდურესად დაიძაბება. ოლიმპიადის უსაფრთხოებისთვის მაქსიმალური ზომებია მიღებული, საამისოდ 300 ათასი ადამიანია მობილიზებული და ამის ხარჯზე ხდება იმ სამხედრო საფრთხეების ლოკალიზება, რაც უშუალოდ სოჭის მიმართულებით ვითარდება. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე, ისლამისტებმა გარკვეულწილად შეძლეს და კრემლს პროპაგანდისტული ომი მოუგეს. ისეთი ფონი შეიქმნა, რომ ამერიკა უსაფრთხოების პირობების განმტკიცების საქმეში ჩაერთო. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, სოჭის ოლიმპიადა, ფაქტობრივად, საომარ მოქმედებათა ფონზე მიმდინარეობს.
_ სოჭის ოლიმპიადის მომზადებით რუსეთმა, ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის ინფრასტრუქტურის მოწყობაში ინვესტიცია ჩადო. ფიქრობთ, რომ ამ ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების გამო, რუსეთი არაფერს იგებს?
_ რუსეთი გარკვეულწილად იგებს, რადგან მისი მხრიდან 50 მილიარდი დოლარია სოჭის ოლიმპიადის პროექტში ჩადებული. პრინციპში, მას სურს, სოჭი და კრასნოდარის მხარე ე.წ. კავკასიური ლიბანის ფენომენად გადააქციოს. ამას ემატება მეგაპროექტების განვითარება: მსოფლიო ჩემპიონატი ჰოკეიში, რომელიც 2016 წელშია დაგეგმილი, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა რუსეთის ხუთ ქალაქში, 2017 წელს კი დაგეგმილია ვლადივოსტოკში წყნარი ოკეანეთის სამიტის გამართვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით. სოჭის ოლიმპიადა ერთგვარი ტესტია, როგორ განვითარდება შემდეგი პროექტები, რომლის საერთო ღირებულება 500 მილიარდ დოლარს შეადგენს.
_ წინა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის უარყოფით მხარედ რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრი რიტორიკა იქცა, რომელმაც საქართველო წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენა. დღეს რა უნდა გააკეთოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომ ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულებაში რაიმე შეიცვალოს?
_ წინა ხელისუფლების პირობებში, დღეს საქართველოში ლიბანიზაციის პროცესს მივიღებდით. მოხდებოდა ისე, როგორც დაიწყო 1974-1982 წლის პერიოდში _ ლიბანი აღმოსავლეთის ყველაზე არასტაბილურ და დაპირისპირების უმძიმეს კერად გადაიქცა. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველომ თავიდან აიცილა ყველაზე დიდი და საშინელი გეოსტრატეგიული დაჯახების პერსპექტივა. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, პროცესის გალღობა დაიწყო, რაც პირდაპირ კორელაციაში მოდის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსთან. სხვაგვარად ჩვენი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აბსოლუტურად განუხორციელებელი იქნებოდა.
_ რამდენად არის გარანტია ასეთი ტაქტიკა, რომ საქართველო შეძლებს, თავიდან აიცილოს უკრაინის მსგავსი პროცესები?
_ ასეთ გარანტიას ვერავინ მოგვცემს. ვხედავთ, რომ ჩვენზე სტაბილურ და პროგნოზირებად უკრაინაში ისე აირია ვითარება, რომ შეიარაღებული შეტაკებები უკვე ქუჩებში მიდის და პროცესი, ფაქტობრივად, არაპროგნოზირებადი გახდა. მით უმეტეს, ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის დილემა გვაქვს, პოლიტიკური ისლამის ლატენტური პრობლემა, რომელიც არავინ იცის, როდის იფეთქებს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში არსებული ორი სამხედრო კონფლიქტის: მთიანი ყარაბახისა და დაღესტანში სეპარატისტულ-ისლამისტური დაჯგუფებების დაპირისპირების გადმონთხევის პერსპექტივა, სირიასთან დაკავშირებული პრობლემა, რომ არ გადავიქცეთ სატრანზიტო კორიდორად. ამდენი რეალური სამხედრო-პოლიტიკური ტიპის საფრთხეზე ვსაუბრობ და არ ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამ ისინი რანაირად უნდა მოაგვაროს. ხელისუფლებამ შექმნა ორი პარალელური სტრუქტურა: პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო და საგანგებო სიტუაციების მართვისა და უსაფრთხოების ცენტრი. პარალელური სტრუქტურების არსებობა ამ პრობლემების მოგვარებას ხელს რამდენად შეუწყობს, არ ვიცი. აკადემიურ და საექსპერტო წრეებთან ხელისუფლების წარმომადგენლებს არავითარი ურთიერთობა არა აქვთ და გაურკვეველია, რა რესურსს ეყრდნობა ხელისუფლება, იყენებს საკუთარ რესურსს თუ იყენებს სხვას, გარედან წამოსულს? ქვეყანაში სტრატეგიული ანალიზის სერიოზული პრობლემა არსებობს, რომელიც ამ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გასაღებია და ის საქართველოში არ არსებობს. იმედია, მთავრობას შემუშავებული აქვს კრიზისული მართვის პრობლემა და ალბათ, ხედავს ამ საფრთხეების რეალურ თავისებურებებსაც.
_ როდესაც რუსეთმა ცხინვალის რეგიონში მცოცავი ოკუპაციის პროცესი დაიწყო, მაშინ ექსპერტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აიძულებდა, თუმცა, ამ კუთხით დღემდე არაფერი შეცვლილა. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
_ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შიგნით მკვეთრად გამოხატული ორი დაჯგუფება არსებობდა _ პრორუსული და პროატლანტიკური, რომელთა შორის საკმაოდ მძიმე და რთული ინტერესთა კონფლიქტები ხდებოდა. იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს გამოცხადებული იყო ფსევდოატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე მიმართულება, პრორუსული ორიენტაციის ძალები საკმაოდ ძლიერად მოქმედებდნენ და ლაფანყურის ოპერაცია ამის რეალური მაგალითია. ვფიქრობ, ეს ვითარება არც დღეს არის შეცვლილი, რომელთა შორის პოლიტიკური ურთიერთობა საკმაოდ რთული ფორმით მიმდინარეობს. ეს პროცესი ხელს უშლიდა და ახლაც უშლის ერთიანი პოლიტიკის წარმოჩენას კონკრეტული მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს მსოფლიოს საერთაშორისო დონეზე ახალი ცივი ომის ერა დაიწყო, სადაც, ფაქტობრივად, რუსული ევრაზიული ძალა ევროატლანტიკურ ძალას უპირისპირდება, ბუნებრივია, ის ასახვას ჰპოვებს რეგიონალურ მასშტაბებშიც. მსოფლიო დონის გეოპოლიტიკური ურთიერთობები პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
ხათუნა ხატიაშვილი, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |