

|
“ჯანდაცვაში ახლაც ის ხალხი ტრიალებს, რომლებიც შევარდნაძის დროს იჯდა იქ”
“ე.წ. საყოველთაო დაზღვევა მაშინ აფინანსებს ადამიანებს, როცა მათი სიცოცხლე რისკის ქვეშ დგას”
ახალმა ხელისუფლებამ შევარდნაძის დროს არსებული ისეთი გადასახადები გააცოცხლა, რომელზეც საზოგადოება ხშირად აცხადებდა, რომ კორუფციის წყარო იყო, ქვეყნისა და ხალხისთვის კი სიკეთე არ მოჰქონდა. ვანგა ან ლელა კაკულია არ ვარ, რომ წინასწარ რაიმე დაჟინებით ვამტკიცო, მაგრამ ყველა ლოგიკა იმაზე მიგვითითებს, რომ ქვეყანაში აღდგენილი ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების მექანიზმი მალე ისეთივე კორუფციის ბუდე გახდება, როგორც შევარდნაძის დროს იყო, გამონაბოლქვისგან გაბინძურებულ გარემოს კი მაინც არაფერი ეშველება. ხელისუფლებას ეს საკითხები მართლაც რომ აწუხებდეს, პირველ რიგში, უცხო ქვეყნებიდან ჯართად ქცეული ავტომანქანების იმპორტს აკრძალავდა, მაგრამ ამას, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არ აკეთებს, ხალხის ჯიბე და ჯანმრთელობა კი, აბა, რა საფიქრალია?! მოკლედ, არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის ახალი მამამთავრები “ედიკას კორუმპირებული ჭაობისკენ” მიგვაქანებენ და როგორც იტყვიან, “ვაის გავეყარე, უის შევეყარე”.
გოგი ხუციშვილი, ქირურგი, ჯანდაცვის ექსპერტი:
_ კიდევ ერთ ასეთ ფაქტს გეტყვით, ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ ამ დღეებში განაცხადა, რომ იწყება ექიმების ხელახალი გადამზადება და მათ გამოცდა უნდა ჩააბარონ. მის ნათქვამში ტყუილია ის, რომ ხდება ექიმების გადამზადება და ამას რაიმე სახის წინსვლა მოჰყვება მედიცინისთვის, ექიმებისთვის ან პაციენტებისთვის. ჯანდაცვაში შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკები არიან მოკალათებული და ასეთ ფუჭ, პიარზე აგებულ და ხალხის მოტყუებაზე გათვლილ პროექტებს ისინი გეგმავენ. სწორედ შევარდნაძის პერიოდში ჩატარდა ექიმების პირველი საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც ნაწილმა წარმატებით ჩააბარა, ნაწილმა კი _ ვერა, მაგრამ თქვენ თუ მეტყვით, ამან რა მისცა მაშინ სამედიცინო სფეროს, ავადმყოფს, ან თავად ექიმს, ძალიან დამავალებთ. რადგან განვლილი კარგად ჩანს და მისი შეფასებაც უკეთესად შეიძლება, მოდით, იმასაც ავხსნი, ამით ვინ მოიგო და სინამდვილეში რაში გამოიყენეს ეს. არადა ექიმების ე.წ. გადამზადების, ექიმების გამოცდის, მათი ძაგების კამპანიის აგორება, მათთვის უცოდინრების ძახება და რა ვიცი, რა აღარ, ემსახურებოდა იმას, რომ გარკვეული ადამიანებისთვის შემდგომი ეტაპი მომგებიანი გამხდარიყო. აბა, დააკვირდით, ასე თუ არ მოხდა. ამ ყველაფრით, ჯანდაცვაში ზოგმა უდიდესი ქონება ჩაიგდო ხელში და ზოგმაც _ ჩინი და კარგი სამსახური. იმ გამოცდების დროს ქირურგებმა 3 ათასამდე საკითხი ვისწავლეთ, მაგრამ აქედან უშუალოდ 300-400 საკითხი გვეხებოდა. მხოლოდ ეს საკითხები იყო ქირურგიაზე, დანარჩენი მედიცინის სხვა სფეროებს შეეხებოდა _ ნეიროქირურგიას, ტრავმატოლოგიას, ორთოპედიასა და ა.შ. გვაბარებინებდნენ გამოცდას ყველაფერში, ანუ ჩვენგან მოითხოვდნენ ყველაფრის ზედმიწევნით ცოდნას, მაგრამ თუ ტრავმატოლოგიურ, უროლოგიურ ან სხვა სფეროს ავადმყოფს მივიღებდით და შევეხებოდით, მაშინვე ლიცენზიას გვართმევდნენ, სამსახურს გვაკარგვინებდნენ და შეიძლება ციხეშიც გავეშვით. ახლა გეკითხებით, მაშინ რისთვის იყო საჭირო ასეთი გამოცდები?! რატომ გვთხოვდნენ ისეთი საკითხების ცოდნას, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ვისჯებოდით?! რას ემსახურებოდა ეს, ამასაც მოგახსენებთ. ასეთი გამოცდების მიზანი იყო ექიმებისთვის დიპლომების ჩამორთმევა, რადგან ხელისუფლებაში მოსულ ჯანდაცვის მამებს მცოდნე და გამოცდილი ექიმები არ აწყობდათ.
_ რატომ არ აწყობდათ? თუ დარგის განვითარება იყო ამ ყველაფრის მიზანი, გამოცდილ და განათლებულ ხალხს არ უნდა ჰქონოდა პრიორიტეტი, წესით და რიგით?!
_ განათლებული და გამოცდილი ექიმები რთული სამართავები იყვნენ, მათ კი მართვადი სამედიცინო სფეროს მუშაკები სჭირდებოდათ, საკუთარი ჯიბეები ადვილად რომ ამოევსოთ და ქვეყნის ბიუჯეტი და ქონება ადვილად მიეთვისებინათ. ბევრს ამ ე.წ. გადამზადება-გამოცდებით გაუუქმეს კიდეც დიპლომი და სამსახურის გარეშე დასვეს. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, იმ ხალხის გასაცხრილად მოხდა, რომელიც არ წავიდოდა და არ შეეგუებოდა იმ ნგრევას, რაც ქართულ მედიცინაში მოხდა და მას მერეც ხდება. ამით ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც მედიცინის სათავეებთან იყო, ხელში ჩაიგდო კლინიკები, გახადა ის კერძო, თავისიანების საკუთრება, ჯანდაცვა კი დაანგრია. ამისთვის მაშინ გამოიყენეს ე.წ. გამოცდები.
_ სახელმწიფო კლინიკები თითქმის აღარ გვაქვს. კერძო კლინიკებში სამედიცინო პერსონალს სამუშაოდ რომ იღებენ, მათ თავად მეპატრონეები უტარებენ შიდა გამოცდებს. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, გაუჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს, ახსნას, რას ემსახურება სახელმწიფო დიპლომიანი ექიმების მეათასედ გაყვანა გამოცდაზე?
_ ექიმებს არ ეღირსათ და აუცილებლად სჭირდებათ ისეთი მინისტრი, რომელიც მათ უფლებებზე და მედიცინასა და ჯანდაცვაზე რეალურად იზრუნებს, მხოლოდ ერთეული ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე არ გამოიტანს გადაწყვეტილებებს. მართალი თქვით, საქართველოში კერძო კლინიკის მფლობელები თავისას გაიძახიან, _ კლინიკა ჩვენია, ვისაც გვინდა, ვამუშავებთ და ვისაც გვინდა, არაო. როცა იქიდან უსამართლოდ გამოყრილი ხალხი მიდის სერგეენკოსთან, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდის ჩაბარებას სწორედ მინისტრი ითხოვს, მათ ის აღარ იცავთ და სასამართლოსკენ უთითებთ, _ იქ გაარჩიეთ თქვენი პრობლემებიო. საქმე ისაა, რომ ყოველი ასეთი გამოცდის ჩატარებისთვის სახელმწიფოსგანაც გამოიყოფა გარკვეული თანხები, ზოგიერთი ქვეყანა ან დონორი ორგანიზაციაც გრანტის სახით გზავნის და თანხის რაღაც ნაწილს ექიმები თავადაც დებენ. ჯამში, საკმაოდ სერიოზული ფული იყრის თავს. ამ თანხებს ჯანდაცვის ზედა რგოლში მყოფი ბევრი ადამიანი უმიზნებს საკუთარ ჯიბეს, ამავე დროს პიარიც კეთდება იმაზე, რომ თითქოს მედიცინაში ძვრებია, წინსვლა დაიწყო, გადამზადება მიდის და ა.შ. ხალხს აჯერებენ, რომ საქმე წინ მიდის და ჯანდაცვის აყვავება იწყება, სინამდვილე კი ასე არ არის. გამოცდას ჩააბარებს თუ არა ექიმი, არც მას და არც ავადმყოფს არაფერი ემატება, მაგრამ თუ ვერ ჩააბარა, ექიმი უბედურდება. ყოველთვის, მაშინაც და, ალბათ, ახლაც იხეირებს ის, ვისი იდეაც არის ასეთი ქმედებები და ვისაც პერიოდულად სურს ექიმების ჩაცხრილვა. ყველა მინისტრი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. ისინი ამბობენ, რომ ჯანდაცვა არის ორგანიზატორი და მედიცინა _ მკურნალი. მარტო ორგანიზატორი კი არ არის ჯანდაცვა, მან პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე, თუმცა არაფერზეც არ აგებს პასუხს. ჩაიჭრება ასეთ გამოცდაზე ექიმი და ჯანდაბამდე გზა ჰქონია, თუ არ ჩაიჭრება და ჩააბარებს, იგივე პირობებში ამყოფებენ _ არც ხელფასს მოუმატებენ და ერთ მადლობასაც არავინ ეტყვის. ამ გამოცდებით “ქულები” სჭირდებათ მათ, ვინც პიარს იკეთებს. ქულებს იქით თუ სოლიდური თანხების ათვისებაც ხდება, ეს ხომ მთლად უკეთესია. ეს არის მთავარი ამოსავალი ამ ე.წ. გადამზადებების, გამოცდების და მეტი არაფერი. გადახედონ ექიმების მოღვაწეობას, ყველაფერს ხომ მაინც განვლილი წლები ასახავს და თუ ექიმი წარმატებულია, გამოცდას მას რატომღა აბარებინებენ?! თუმცა როგორი მცოდნეებიც არ უნდა გახადონ ამით ექიმები, თუ ჯანდაცვის სტრატეგია და პოლიტიკა არ აეწყო, ხეირი მაინც არ იქნება.
_ ამ დღეებში ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ წამყვან ლიდერს შევხვდი და როცა ვკითხე, როდის დადგებოდა დრო, როცა თანამდებობებზე ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით დაინიშნებოდნენ ადამიანები, მიპასუხა, ეს მიდგომა სწორი არ არის, ყველაფერს საბაზრო ეკონომიკა განსაზღვრავსო. გამოდის, რომ მანასესავით, როცა დასჭირდებათ და როგორც დასჭირდებათ, ისე აკეთებენ და საუბრობენ?
_ დიახ, ასეა. თუ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი რეფორმის შედეგად გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დახმარება აღარ დასჭირდა, მაშინ ყველა კერძო კლინიკა წავა გაკოტრების გზით და ამის გადასარჩენად მიდის ზრუნვა. შემთხვევით არაფერი ხდება და არც ეს გადაწყვეტილებაა შემთხვევით მიღებული. მალე დავინახავთ, ასე რატომ იქცევიან და ამით კონკრეტულად რა უნდათ. დიდი ალბათობით, რაღაც თანხაა ასათვისებელი, რომელსაც პირდაპირ ვერ ჩაიდებ და თუ გინდა, გამოცდებს დაარქმევ, თუ გინდა გადამზადებას და ასე “გააპრავებ”. წესით და რიგით, ასეთი კამპანიები მაშინაც იწყება, როცა სამედიცინო სფეროში რაღაც საპროტესტო მუხტი ჩნდება და ამით ექიმებს გარკვეულწილად აშინებენ. მათ უნდათ, რომ ექიმი ბოლომდე მონად აქციონ.
_ ახლა რატომ არის ექიმებში საპროტესტო მუხტი, რა არ მოსწონთ ამჯერად?
_ უამრავ ჩემს კოლეგასთან მაქვს ურთიერთობა და ჯანდაცვაში, არსებული მდგომარეობით ყველა უკმაყოფილოა. უამრავი რამ არის საპროტესტო. ერთეული ექიმები არიან, ვისაც გაუმართლა და აქვს ეკონომიური თუ პოლიტიკური მხარდაჭერა. ეს ნაწილი მართლაც კარგად გრძნობს თავს, მაგრამ ექიმების ძირითადი ნაწილი მათხოვრულ ხელფასზე მუშაობს და ისევ უუფლებოა. რაიმე დავაში გამართლებულ ექიმსაც კი ვერ დამისახელებთ. მე-8 საავადმყოფო რომ გაანადგურეს, ყველა ეს დოკუმენტი და მტკიცებულება დავუდეთ წინ, ხარჯვაც ვაჩვენეთ, ძარცვაც, მაგრამ კონკრეტული პასუხი დღემდე არ მიგვიღია ამ უბედურებაზე. თუმცა ირიბი პასუხი არის ის, რომ, თუ არ გაჩუმდებით, ჩაგიტარებთ გამოცდებს და სამსახურს კი არა, საერთოდ ექიმის უფლებას ჩამოგართმევთო. ელემენტარული საქმე ვერ გაარჩიეს და ესენი რას გააკეთებენ?! დიახაც, რომ ეს არის გარკვეულწილად პოლიტიკური გადაწყვეტილებაც. ახალ ხელისუფლებასაც უნდა, რომ ექიმები, რომლებიც უკვე მათაც უცხადებენ პროტესტს და მათ მიმართაც აქვთ გარკვეული პრეტენზიები, ასეთი ფორმით გაცხრილონ და დაადუმონ.
ამჯერად გვარსა და სახელს საჯაროდ არ დავასახელებ, მაგრამ პირად საუბრებში თქვენც გეტყვით: ჯანდაცვის მინისტრსაც და პრემიერსაც, თუ ეს დააინტერესებთ. პიროვნება, რომელიც წინათ საკმაოდ დიდ თანამდებობაზე მუშაობდა და ქვეყნის ბედს წყვეტდა, იყო ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის მთავარი ექიმი, მაგრამ მიწასთან გაასწორა კლინიკა, მისი მთავარი ექიმობის დროს დაიშალა და დაინგრა ეს დაწესებულება, ახლა გამოდის ტელევიზიით, პრესით და სხვის კორუფციასა და ცუდ საქმეებზე ლაპარაკობს. რატომ იქცევა ის ასე უსინდისოდ, იცით? შერჩა ყველაფერი და არ დაისაჯა. მას ამ გამოცდების ჩაბარებაც არ უხდება და გალაღებული იწონებს ამ ნაბიჯს. აცხადებს, რომ ეს იქნება მედიცინის წინ წაწევა და ა.შ. ასეთი ადამიანების განცხადებების რატომ უნდა ვირწმუნოთ?! სამწუხაროა, მაგრამ ასეთები მართავენ დღეს პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა უწყებებსა და ჯანდაცვის სისტემის ზედა ეშელონებშიც ბევრნი არიან. ესენი არიან ასეთი ავანტიურებისა და კორუფციული სქემების შემქმნელებიც და ქვეყნისა და სფეროს დამანგრევლებიც. მათ კისერზეა როგორც ჯანდაცვის, ასევე ექიმებისა და პაციენტების ცოდვა. იქნებ მე ვცდები და თქვენ დააკვირდით, ჯანდაცვაში ახლაც ის ხალხი ტრიალებს, რომლებიც შევარდნაძის დროსაც იჯდა იქ და როგორც ვამბობდით, ყელამდე კორუფციაში იყო ჩაფლული. ასეთმა ადამიანებმა როგორ უნდა ააშენონ ახლა მედიცინა ან სხვა როგორ უნდა დამოძღვრონ? წესით და რიგით, ისინი პასუხს უნდა აგებდნენ იმისთვის, რაც წლების წინათ ჩაიდინეს, მაგრამ განმკითხავი არავინ არის. ეს ხალხი ტრიალებს ათწლეულებია ამ სფეროში, საზოგადოებას გამუდმებით ეუბნებიან, რომ სასიკეთო ცვლილებებს ნერგავენ, ყველაფერი მალე გამოსწორდება, მაგრამ სინამდვილეში ვერ მეტყვით, რა შეიცვალა და რა იყო წარმატებული. ექიმთა გადამზადება ხდებოდა მართლაც მაშინ, როცა არსებობდა გადამზადების ინსტიტუტი, სანამ ისიც ჭაობში არ ჩაეფლო და ბოლოს სულ არ აღიგავა პირისაგან მიწისა. დღეს ამ ინსტიტუტის ადგილას რესტორანია გახსნილი. გადამზადება მართლაც რომ ხდებოდეს, ექიმები სიხარულით გაიქცეოდნენ იქ, სიახლე რომ აითვისონ. დიპლომის წართმევით კი არ უნდა ემუქრებოდეს მინისტრი მათ, უნდა დასხდნენ ექიმიც, პედაგოგიც და ერთმანეთს უთხრან, ეს ვიცი, ამას ვაკეთებ და აბა, ახალს რას მასწავლიო? კოლეგიალური ურთიერთობებით უფრო მეტი წარმატება გვექნება. გადამზადება ნებისმიერი ექიმის ინტერესის სფერო გახდება და სახელმწიფოსაც არ დასჭირდება წნეხები, მაგრამ ასე იმიტომ არ იქცევიან, რომ მათ სხვა ინტერესები ამოძრავებთ. უფრო დავწვრილმანდები ჩემს პროფესიაში და გეტყვით, ქირურგიაშიც, თუ ლიცენზია არ გქონდა კონკრეტულად სანაღვლე გზებზე, სხვა ორგანოებზე, მასზე ოპერაცია რომ გააკეთო, გაჯარიმებენ. ასე დაგვემართა ყოფილი მე-8 საავადმყოფოს ქირურგებს. კომისიამ თითოეული ქირურგი იმიტომ დაგვაჯარიმა, 18 წლამდე ასაკის ადამიანებში აპენდიციტის ოპერაცია რატომ გააკეთეთო, არადა ეს ოპერაციები რესპუბლიკის მასშტაბით ასე ტარდებოდა. საუბარია წარმატებულ ოპერაციებზე, ხარვეზიანზე კი არა, მაგრამ ამის უფლება არ გქონდათო.
_ ვერ გავიგე, ქირურგებს უფლება არ გქონდათ, ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაგეკეთებინათ? რატომ?
_ სამინისტროს ხელი ჰქონდა მოწერილი საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ 18 წლამდე ადამიანი ითვლებოდა ბავშვად და ოპერაციებიც ბავშვთა საავადმყოფოებში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პაციენტები ხომ ქირურგებს არ მოგვყავდა ძალით, არა? მოჰყავდა სასწრაფოს, მიმღებს და ა.შ. თანაც ჩვენ გვქონდა მთავარი ექიმის ბრძანება, რომ 14 წლის ზემოთ ყველასთვის გაგვეკეთებინა ოპერაცია. მიუხედავად ამისა, კომისიამ მაინც კონკრეტული ქირურგები დაგვაჯარიმა თანხებით. სიმართლე კი ვერ გავიტანეთ. ამის შემდეგ დავშინდით და ზედმეტი სიფრთხილით ვაკეთებდით ყველაფერს. ერთხელ მწვავე მუცლით შემოვიდა პაციენტი და მუცელი რომ გავხსენით, დაზიანებული იყო ღვიძლი. აღმოჩნდა, რომ იქ მყოფ არც ერთ ქირურგს კონკრეტულად ღვიძლის ოპერაციაზე ლიცენზია არ გვქონდა. კარგა ხანს ველოდეთ ქირურგს გახსნილი მუცლით, რომელსაც ეს ლიცენზია ჰქონდა, კიდევ ჯარიმები რომ არ დაეწერათ ჩვენთვის. ცხადია, ასეთ დროს ავადმყოფს რაიმე რომ დამართოდა, მაინც ჩვენი პასუხისმგებლობა დადგებოდა და არა მათი, ვინც ეს ავანტიურული სქემები მოიგონა. არადა ყველა ჩვენგანს შეგვეძლო იმ ოპერაციის წარმატებით გაკეთება, თუმცა ხელი ვერ მოვკიდეთ. ამას აკეთებენ ახლაც. ყველაფერს ურევენ და კვლავ ნერგავენ ბიუროკრატიულ, კორუფციულ მექანიზმებს, ხეირი ისევ თავად რომ ნახონ. ხან ჯარიმებით აშინებენ ექიმებს, ხანაც დიპლომის ჩამორთმევით და რით აღარ. ექიმს საქართველოში დამცველი არ ჰყავს და მისი დაჩაგრული მდგომარეობა, ცხადია, პაციენტის მდგომარეობაზეც და მკურნალობის ხარისხზეც აისახება. სხვათა შორის, სააკაშვილმა ეს გამოცდები გააუქმა და კრედიტქულები შემოიღო. ექიმები სხვადასხვა კათედრებზე მივდიოდით, ვიხდიდით გარკვეულ თანხებს, ვაგროვებდით კრედიტქულებს და ა.შ. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ კათედრები კოტრდებოდნენ, ვერ მუშაობდნენ და ამ ფორმით თანხები იქით გადაქაჩეს, ხელისუფლებას იქ მომუშავე პროფესორ-მასწავლებლებიც რომ არ აჯანყებოდნენ და გაჩუმებულები ჰყოლოდნენ. იქაც, ცხადია, ჩაწყობით იყო კრედიტქულების მიღება და ესეც გააუქმეს.
ახლა, ამ გადამზადების რეალური დანიშნულება მრავალმხრივია _ გაცხრილოს განაწყენებული ხალხი, ფული ამოიღოს ექიმებიდან, სახელმწიფოს თანხები უფრო მეტად მიიზიდოს, მედიცინაში მომუშავე ადამიანები დააშინოს და მატერიალური თუ მორალური სარგებელი ნახონ. ეს ცოტაა?!
_ როცა ხარვეზებზე ვსაუბრობთ, ჯანდაცვის სამინისტრო საპირწონედ დებს გაკეთებულს _ საყოველთაო ჯანდაცვას, უფასო მშობიარობას, “ც” ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამას და ა.შ., ეს წარმატება არ არის?
_ არ დაგავიწყდეთ, რომ ჯანდაცვა საქართველოში სრულიად უფასო იყო.
_ ბატონო გოგი, კომუნისტების დროს რატომ იხსენებთ?
_ კომუნისტური დრო რა შუაშია? მაშინ მითხარით, როგორია კაპიტალისტური ან კომუნისტური სიცოცხლე, კაპიტალისტური ან კომუნისტური დაავადებები, ჯანდაცვა, ექიმები თუ პაციენტები?! საყოველთაო დაზღვევაში ხომ სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული დაავადებების ნაწილს. სახელმწიფო ბიუჯეტში რა, ჩვენი ფული არ შედის? ანუ სინამდვილეში ისიც ჩვენგან მიდის და დარჩენილი პროცენტიც, რომელსაც პაციენტი იხდის. რას გვაყვედრიან, იქნებ გაგვაგებინონ?! თუმცა, როცა თავს იქებენ, ისიც თქვან, ვის ხელში ხვდება ეს ფული?! სამედიცინო დაწესებულების მფლობელების უმეტესობაც სწორედ ასეთი ჯანდაცვის მამების, წამყვანი პოლიტიკოსების, ან ყველა მთავრობის მონა ადამიანების ოჯახის წევრების გახლავთ. დაზღვევა ბიზნესი კი არა, სიცოცხლის გარანტია უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვიყოთ დაზღვეული, რომ სახელმწიფო გადაგვარჩენს, მაგრამ ეს ე.წ. საყოველთაო დაზღვევა მაშინ აფინანსებს ადამიანებს, როცა მათი სიცოცხლე რისკის ქვეშ დგას და არა მაშინ, სანამ კითხვის ნიშანი გაჩნდება. მგონი, ყველაფერი გასაგებია და უფრო მეტად დაწვრილმანება საჭირო აღარ არის.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |