![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
როგორც მკითხველს "პრემიერის"წინა ნომერში დავპირდით, დეპუტატ გიორგი (თემურ) ფეიქრიშვილის მიერ წავკისის გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის დროს ტყისთვის მიყენებულ ზიანსა და ინვესტორსა და დეპუტატს შორის არსებულ დაპირისპირებაში შევეცადეთ გარკვევა. მართალია, ფეიქრიშვილის "მხარე"შეგვპირდა, რომ უამრავ მტკიცებულებას მოგვაწვდიდა, მაგრამ ეს პირობა დღემდე შეუსრულებელი რჩება. სხვა რომ არაფერი, მასთან სატელეფონო საუბრის გაშიფვრა-ექსპერტიზაც უახლოეს პერიოდში დასრულდება და იმედია, ამის შემდეგ თავად, როგორც მინიმუმ, ცალკეული საკითხების დასაზუსტებლად ან კიდევ ერთ სატელეფონო ინტერვიუზე დაგვთანხმდება ან რედაქციაში გვეწვევა ცალკეული განმარტებებისთვის. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც ის მისი მეგობარი და პარტნიორი ვაჟა ლელუაშვილისგან კონკრეტული ადამიანის დაჭერას ითხოვს. მანამდე კი ვითარებაში გასარკვევად წავკისის გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელს - შპს “მედგრუპ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორს მირიან ამირანაშვილს ვესაუბრეთ.
- ჩვენი საუბარი დეპუტატ ფეიქრიშვილსა და თქვენს შორის არსებული დაპირისპირებით დავიწყოთ. პირდაპირ მითხარით, რა არის ამ დაპირისპირების მიზეზი?
- კონკრეტულ პირთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს თემურ ფეიქრიშვილი, პროექტის დაწყებისთანავე ცდილობს, ხელი შეუშალოს მის განხორციელებას. ინტერესი არის, რომ ჩვენმა კომპანიამ და ინვესტორმა მათგან არარეალურ ფასად შეიძინოს მათ საკუთრებაში არსებული მიწები. დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ ჩვენ სახელმწიფოსთან გავაფორმეთ საინვესტიციო ხელშეკრულება და სახელმწიფოსგან ვიყიდეთ ტერიტორიები. თავად თემურ ფეიქრიშვილი დაჰპირდა ინვესტორ თამაზ მჭედლიძეს, რომ აუჯანყებდა 4 სოფელს, თუ ის მისგან მიწას არ შეიძენდა. კონკრეტულად 50 დოლარად კვადრატულ მეტრს. ამის ნიშნები შემდგომ სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა. თუნდაც ტყე-პარკის დაზიანებით. ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანაზე ხელშეშლითა და ა.შ. ჩვენი იურისტების მხრიდან მთელ რიგ ფაქტებზე სასამართლოში წარდგენილია მასალები და მტკიცებულებები. 5 თვის განმავლობაში ფეიქრიშვილისა და მისი მხარდამჭერების ხელშეშლის გამო დიზელ-გენერატორით ვაწარმოებდით სამუშაოებს და თელასმა ვერ განახორციელა ელექტროენერგიის შემოყვანა. თემურ ფეიქრიშვილი უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ მთელ რიგ ღონისძიებებში. ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა. მან აშენებული გზა გადათხარა და იქ ნერგები დარგო.
- მესმის, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მერკანტილური ინტერესი. მაგრამ ბატონი ფეიქრიშვილი წლების განმავლობაში იყო გამგებელი, ახლა დეპუტატია. განა მის ინტერესებში არ შედის რაიონის კეთილდღეობა? ან რატომ არ უნდა შედიოდეს, ეს გაუგებარია.
- ამ ყველაფერში, პირადი ინტერესის გარდა, ფეიქრიშვილის სხვა ინტერესს ვერ ვხედავ. ჩვენთან ასზე მეტი ადგილობრივი მუშაობდა ტყის გასუფთავებაზე. ეს ხომ იყო მათთვის შემოსავალი? ფეიქრიშვილმა ადამიანები აიძულა, შეეწყვიტათ ჩვენთან თანამშრომლობა. ამ მაგალითზეც უნდა მიხვდეთ, რა ზეწოლის ქვეშ არის ადგილობრივი მოსახლეობა. ამ ადამიანების უმეტესობა ჩვენთან მუშაობის შეწყვეტის შემდეგ სახლში აღმოჩნდა, უმუშევრად. წარმოგიდგენიათ, ადამიანმა უარი თქვას სამსახურზე, დასაქმებაზე და საკუთარი ოჯახის რჩენაზე? როდესაც ჩვენ მიერ პროექტმა წინ გაიწია, ანუ გზა აშენდა, ფეიქრიშვილმა ჩვენთან მიწის გადაცვლის ხელშეკრულების შესრულებაზე უარი განაცხადა, ეს იმ პირობებში, როდესაც ამ მიწაზე ბეც კი აღებული ჰქონდა. ეს ხელშეშლა უკავშირდება იმას, რომ ფეიქრიშვილი დარწმუნებულია, რომ საკუთარი ნაკვეთის როგორც ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა, ჩვენთვის გადმოცემის გარეშე საინვესტიციო პროექტი ვერ განხორციელდება. ფეიქრიშვილი ვითომ არაფერ შუაშია - ეს ნაკვეთი მის მძახალზეა გაფორმებული, მაგრამ რეალურად მისია. მეტიც, ჩვენ მისი მითითებით გადასაცვლელი ნაკვეთიც კი გვაქვს შეძენილი. აქ საუბარია მის პირად ინტერესზე და სხვა არაფერზე.
- ფეიქრიშვილის წინააღმდეგ საქმეები არის პროკურატურაში. რამდენიმე საქმე სასამართლოშია. საინვესტიციო პროექტის ხელის შეშლაზე ინფორმირებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩემთვის ცნობილია, რომ პარლამენტსაც მიმართეთ. ფეიქრიშვილის კოლეგებმა რეაგირება მოახდინეს?
- სამწუხაროდ, საპარლამენტო კომიტეტების მხრიდან დღემდე არ მომხდარა რეაგირება. ჩვენ შეხვედრა გვქონდა პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ქალბატონ მანანა კობახიძესთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძესთან, ასევე, მასალები გადაცემულია კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთვის, თუმცა არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ მასალებს გაეცნობოდნენ და თუ რაიმე დანაშაულებრივი ქმედებები გამოიკვეთებოდა, ისინი პროკურატურას შუამდგომლობის წერილით მიმართავდნენ, რომ დაეწყოთ გამოძიება. სამწუხაროდ, არავითარი წინსვლა ამ საქმეში არ ჩანს.
- თუმცა საქართველოს ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კომპლექსში მოსვლა ადასტურებს, რომ ხელისუფლება გულგრილი არ არის საინვესტიციო პროექტის მიმართ...
- პროექტის ინვესტორმა ფეიქრიშვილის მიერ დაწყებული შავი პიარის საპასუხოდ შეხვედრები გამართა ეკონომიკის მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და გააცნო საინვესტიციო პროექტის მიზანი, რასაც მთავრობის მხარდაჭერა მოჰყვა. მაგრამ ამ მხარდაჭერის მიუხედავად, თემურ ფეიქრიშვილი, თავის დაჯგუფებასთან ერთად, აქტიურად გვიშლის ხელს.
- დაახლოებით ერთი თვის წინ გაიქურდა თქვენი ოფისი, ხანძარი გაჩნდა ინვესტორის საძინებელ ოთახში. ეს შემთხვევითობაა?
- იმის შემდეგ, რაც ტყე-პარკში სახრჩობელები ვიხილეთ, თითქოს აღარაფერი უნდა გაგვიკვირდეს. ვერ ვიტყვი, რომ ოფისის გაქურდვა კონკრეტულად ვინმეს უკავშირდება - არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას. თუმცა გავიხსენებ იმას, რომ ოფისის გაქურდვის დღეს, ეს იყო შაბათი, რამდენჯერმე იყო ცრუ განგაში და დაცვის პოლიცია ადგილზე გამოცხადდა. თუმცა საღამოს ოფისი მაინც გაიქურდა. ცრუ განგაშებმა საკმაოდ ეფექტურად იმუშავა. დაწყებულია გამოძიება, თუმცა ვფიქრობ, რომ გაჭიანურებულიც კია. არ მინდა, ვინმე დავადანაშაულო, მაგრამ როდესაც ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე ცრუ განგაში შემოდის, დაცვის პოლიცია უფრო მეტად ფხიზლად უნდა ყოფილიყო. ამის მიუხედავად, ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას და შეფასებას მხოლოდ შემდეგ გავაკეთებთ. რაც შეეხება ხანძარს, მინდა გითხრათ, რომ ხანძარი გაჩნდა შენობაში, სადაც ინვესტორი ცხოვრობს, და სწორედ მის საძინებელ ოთახში... აქაც არის გარკვეული შეკითხვები, თუმცა გვეუბნებიან, რომ ამის მიზეზი იყო მოკლე ჩართვა.
- თუ გავითვალისწინებთ, პროკურატურის მონოტონურობას ფეიქრიშვილის საქმეზე, ასევე, პარლამენტის ინერტულობას, იმასაც, რომ ბოლო ორ ფაქტთან დაკავშირებით გაქვთ კითხვის ნიშნები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფეიქრიშვილს საკმაოდ ძლიერი მფარველი ჰყავს?
- მოდით, ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ. ძალიან სუბიექტური ვიქნები. მით უფრო, რომ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და ჩემი გასარკვევი. არიან სამსახურები და თუ მოისურვებენ, ყველაფერს გაარკვევენ. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა მთელ რიგ ფაქტებზე დაყრდნობით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ადგილი ჰქონდა კანონიერი ქმედებებისთვის ხელის შეშლას და ეს არავინ აღკვეთა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ მიერვე დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ვერტოდრომის მშენებლობაში. შიდა ავიაციის განვითარება ხელისუფლებას აღიარებული აქვს ერთ-ერთ პრიორიტეტად. ამ დროს რა ხდება? გვაქვს ნაყიდი ნაკვეთი და არ არსებობს მისასვლელი გზა. ვინ გვიშლის ხელს? ადამიანი, რომლის სახელზეცაა გაფორმებული მიწა და ის საერთოდ არ ფლობს ამის შესახებ ინფორმაციას. უფრო სწორად ჩვენგან გაიგო. სამაგიეროდ აღმოჩნდა, რომ ეს მიწა ისევ და ისევ ფეიქრიშვილის ახლობლის, ფაქტობრივად კი, მისია. არის ერთი პარადოქსიც. სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინათ გაყიდა მიწის ნაკვეთები. ერთი კვადრატული 20 აშშ დოლარად და მეორე კვადრატული - 7 თეთრად. ვინ იყიდა? ისევ ფეიქრიშვილმა, არაპირდაპირ, მაგრამ, ფაქტობრივად, ის ფლობს. ასეთი მაგალითი უამრავია. გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ერთი კაცის კაპრიზისა და ინტერესის გამო მილიონიანი პროექტები გაუჩერდეს ქვეყანას? კი, ბატონო, თუ ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა და სტრატეგია. მაგრამ რეალურად რომ ასე არ არის, ხომ ფაქტია.
- და კომპლექსის მშენებლობა ამჟამად რა სტადიაზეა?
- პროექტის შესაბამისად, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რათა შევასრულოთ საინვესტიციო ვალდებულება მიმდინარე წლის ბოლომდე, როგორც ამას ხელშეკრულება ითვალისწინებს. წლის ბოლოს კი, საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, ექსპლუატაციაში შევიდეს საერთაშორისო დონის გამაჯანსაღებელი კომპლექსი და დადასტურდეს, რომ მინიმუმ 3 მილიონ 600 ათასი დოლარი მოხმარდა ამ საქმეს.
- გასაგებია, რომ კომპლექსი გამაჯანსაღებელია, მაგრამ რა გამოარჩევს მას სხვა გამაჯანსაღებელი კომპლექსებისგან?
- პროექტის შინაარსი გულისხმობს, რომ კომპლექსში თავი მოიყაროს საქართველოში არსებულმა ბუნებრივმა სიკეთეებმა - მინერალური წყლები, სამკურნალო მცენარეები, ტალახი და ა.შ. სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა დამსვენებლებმა ნახონ, როგორ შეიძლება საქართველოში გაჯანსაღება ბუნებრივი სიკეთეებით. მოკლედ, ჩვენ ერთ ადგილას ვუყრით თავს ყველა სამკურნალო ბუნებრივ სიკეთეს და მას შევთავაზებთ უცხოელებს. მაგრამ ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი არის არა მხოლოდ ამ კომპლექსის მშენებლობა, არამედ მთლიანად საქართველოში ველნეს ინდუსტრიის შექმნა. ველნესი - ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესისა და კეთილდღეობის ფილოსოფია, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკელმა ექიმმა ჰოლბერტ ლ. დანმა პრაქტიკაში შემოიღო "ველნესის"ცნება და მან უცებ მოიპოვა აღიარება პროფესიონალურ წრეებში. 1990-იანი წლებიდან ველნესი ძალიან პოპულარული გახდა ევროპაში. და ზოგადად ამ ინდუსტრიას ყოველწლიურად მილიონობით დოლარის შემოსავალი მოაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც, როდესაც ჩვენ სრული ძალით ავამოქმედებთ ამ სფეროს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
- საუბარია კურორტოლოგიის ახალ მიმართულებაზე?
- დიახ, უახლოეს დღეებში დაიდება ახალი კონცეფცია, რომელშიც ჩართული იქნებიან ჩვენი სამედიცინო საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები. შეიქმნება საბჭო, რომელიც იმუშავებს ძირითად კონცეფციაზე, ხოლო ჩვენი ცენტრი იქნება ამ კონცეფციის რეალიზების ერთგვარი ლაბორატორია - ბაზა.
- რას სთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას?
- ჩვენი პროექტი არის გრძელვადიანი და ის მთავარ ეტაპებს ითვალისწინებს. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მიმდებარე ტყე-პარკში შევქმნათ ველნეს კოტეჯები, სადაც ყველას შეეძლება მიიღოს სათანადო მომსახურება.
- ტყე-პარკი ახსენეთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ - თქვენ მიმართ არის პრეტენზიები, რომ გააჩანაგეთ, გაანადგურეთ მრავალწლოვანი ნარგავები და ტყე საფრთხის ქვეშ დააყენეთ.
- გარწმუნებთ, რომ არც ერთი ხე არ მოჭრილა ნებართვის გარეშე. ხეები მოიჭრა მისასვლელი გზისა და თავად მშენებლობის საწარმოებლად. ხეები აღწერილია, დათვლილია და მათ ჭრაზე შესაბამისი ნებართვაც კანონის სრული დაცვით გაიცა. თუმცა ჩვენვე დაგვევალა 1400 ძირის სხვადასხვა ჯიშის ხის დარგვა, ეს პროცესი გაწერილია დროში და შესაბამის ვადებში ხდება კიდეც განაშენიანება. ჩვენს ტერიტორიაზე განვახორციელეთ არსებული ტყის სანიტარიული და მოვლითი ჭრა. ამაზეც გვაქვს სათანადო ნებართვა. არაერთმა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა ეს საკითხი და მერწმუნეთ, არავითარი დარღვევა ამ მიმართულებით არ არსებობს.
მეტიც, სანიტარიული ჭრებით მიღებული ხეები გამოვიყენეთ ტყე-პარკში - გაკეთდა ბილიკები, ფანჩატურები. დავოსის მერი იყო ჩამოსული და გავაფორმეთ ხელშეკრულება დავოსისა და წავკისის ტყის დამეგობრებაზე. ეს იყო სურვილი იმისა, რომ ჩვენც შევეცდებოდით, ეს ტყე-პარკი იმ სტანდარტების გაგვეხადა, რაც შვეიცარიაშია. თუმცა ე.წ. კეთილმოსურნეებმა ბევრი რამ ჩვენ მიერ გაკეთებულიდან, უბრალოდ, გაანადგურეს. რადგან აშკარა იყო ხელის შეშლის ფაქტები და ამაზე არც არავითარი რეაგირება არ მომხდარა, ინვესტორმა გადაწყვიტა, ჯერ ძირითადი პროექტი დაასრულოს და მერე მიუბრუნდეს ტყე-პარკის საკითხს.
- მოტივაცია რა იყო ამ კარგი საქმის გაფუჭების? განა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესში არ არის, რომ ეს ყველაფერი მაღალი სტანდარტებით კეთილმოწყობილი იყოს?
- მოტივაცია ხომ ადვილი მისახვედრია. ჩვენ გვაქვს ფოტომასალა იმის დასადასტურებლად, რომ ტყე-პარკში დადგმული ბანერი გაანადგურეს, მისგან ინვესტორის ფიტული გააკეთეს და სახრჩობელაზე ჩამოკიდეს. ეს ხომ რეალურად თამაში არ არის, ან ხუმრობა. ეს არის პირდაპირი მუქარა. ადამიანები მოქმედებდნენ დავალებით და მუქარა იყო ინვესტორის წინააღმდეგ, თუმცა ამას, ვიმეორებ, არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და ვეცდებით, ქვეყანას ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში.
- გმადლობთ, გისურვებთ წარმატებებს.
კახა კანდელაკი, გაზეთი "პრემიერი"
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |