|
კულტურული სკანდალი (ჟურნალისტური მოკვლევა)
დაუმორჩილებელი მიზანდარი თუ სამინისტროს ბირთვი, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების არაფერი გაეგება?!
"სამინისტროში სავარძელს მომჯდარები არიან, ეშინიათ, ხლართავენ და აფლავებენ"
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა. ამჯერად ხმაური სამინისტროს კულტურის პოლიტიკის კონცეფციას უკავშირდება, რომელსაც "მიზანდარის სადაქალოს შექმნილ დოკუმენტს" უწოდებენ. მიზანდარი კი აცხადებს, რომ მისი სადაქალო ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფი. როგორც ირკვევა, სტრატეგიის დოკუმენტს მინისტრი და მოადგილე მხოლოდ პრეზენტაციაზე გაეცნენ. დაუმორჩილებლობა თუ ურთიერთდაპირისპირება - მარინე მიზანდარის განთავისუფლების მიზეზი, შექმნილი დოკუმენტი კი - (იქ) დარჩენილების თავსატეხი.
რას უკავშირდება მორიგი ხმაური? იცოდა თუ არა სამინისტროს ხელმძღვანელობამ დოკუმენტის შინაარსი, რომელიც პრეზენტაციაზე გამოიტანეს? არსებობდა თუ არა ფინანსური ინტერესები? რას იწუნებენ პროფესიონალები? რატომ არ უნდა დამტკიცდეს აღნიშნული დოკუმენტი? ამ და სხვა საკითხებზე ჟურნალისტურ მოკვლევაში თავად პროფესიონალები საუბრობენ.
ამბავი
2014 წლის 21 იანვარს კულტურის სამინისტრომ წლის პირველი ღონისძიება ამბიციური სათაურით წარადგინა - "საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფცია". წესით, ამ კონცეფციის მიღმა ინტელექტუალური საზოგადოების აკადემიური ნაშრომი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ეს გახდა დოკუმენტი, რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია. ხმაური სოციალურ ქსელებსაც მოედო, რადგან დოკუმენტი ხელოვნებათმცოდნე თამარ ბელქანიამ გამოაქვეყნა. როგორც შემდეგ გაირკვა, რა ეწერა უკვე საჯარო დოკუმენტში, არც მინისტრმა გურამ ოდიშარიამ იცოდა და არც მისმა მოადგილე ბადრი გრუზინსკიმ.
"კულტურის მინისტრმა მიიღო პრემიერისგან ბრძანება აღნიშნული დოკუმენტის შექმნის შესახებ. მინისტრმა კი მისი შესრულება ერთ-ერთ მოადგილეს, მიზანდარს დაავალა. ამის შემდეგ, დოკუმენტის პროექტი მომზადების არც ერთ ეტაპზე არ გვინახავს. მეტიც, მიზანდარმა ეს "პროექტი" ისე დახურა, რომ მასში შემავალი კომისიის შესახებაც არაფერი ვიცოდით, თორემ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, განა ერთ მუსიკათმცოდნეს ან მუსიკოსს არ შევიყვანდი კომისიაში? მაგრამ მიზანდარი ჩვენ არ გვემორჩილებოდა", - აცხადებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი გრუზინსკი.
კითხვაზე - სახელმწიფო უწყებაში ადამიანს ერთი დღე მაინც თუ უმუშავია, იცის, რას ნიშნავს სუბორდინაცია. მინისტრის მოადგილე დამოუკიდებლად როგორ მოქმედებდა? მისი პასუხი შემდეგია: "ნამდვილად ნონსენსია, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტია".
თავად მინისტრი გურამ ოდიშარია კი აღნიშნულ საკითხზე აკადემიურად საუბრობს, ამბობს, რომ კულტურის პოლიტიკის კონცეფცია მნიშვნელოვანი დოკუმენტია ქვეყნისთვის და ის სადისკუსიოდ ღიაა: "ამ დოკუმენტზე მუშაობა ჩემივე ბრძანებით რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. მასზე ზედამხედველობა ჩემს ყოფილ მოადგილეს დაევალა. მანვე შეადგინა სამუშაო ჯგუფი და დროებითი კომისიის წევრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 ათასი ლარი გამოიყო. 2014 წლის იანვარში სამუშაო ჯგუფმა კულტურის სამინისტროში რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგი წარმოადგინა. კონცეფციის პროექტის პრეზენტაცია არ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი საბოლოოა და ჩასწორებას არ ექვემდებარება. ვიდრე საბოლოო დოკუმენტს მივიღებთ, რა თქმა უნდა, იქნება შენიშვნები, მოსაზრებები. მინდა თქვენთან - ჟურნალისტებთან ერთად შევქმნათ სადისკუსიო მაგიდა, მოვიწვიოთ ექსპერტები, იურისტები, ცნობილი ხელოვანები და გამოვთქვათ საკუთარი მოსაზრებები და დავხვეწოთ კონცეფცია".
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფციის შემუშავება ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესებს, ვინაიდან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს მთელ რიგ ვალდებულებებს აკისრებს კულტურის სფეროშიც, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კულტურის პოლიტიკის შესახებ დიალოგის წარმოების მიმართულებით.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსვე ინფორმაციით, კომისიამ დოკუმენტზე 4 თვის განმავლობაში იმუშავა და კომისიის თითოეული წევრის ანაზღაურებამ 2000 ლარი შეადგინა.
პრობლემა #1 - კომისიის შემადგენლობა
პირველი პრობლემა კომისიის შემადგენლობას უკავშირდება. სამინისტროს ინფორმაციით, ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შექმნაში ოფიციალურად მონაწილეობდნენ: თამარ ბოკუჩავა - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; ნინო გუნია-კუზნეცოვა - ევროსაბჭოს კულტურის პოლიტიკის ეროვნული ექსპერტი; მარიამ დვალიშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; მანანა თევზაძე - ხელოვნებათმცოდნე; სოფო კილასონია - ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი; ლევან მოსახლიშვილი - იურისტი; ლალი პერტენავა - ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების კრიტიკოსი.
თუმცა, როგორც ირკვევა, დოკუმენტის შექმნაში სხვა, არაოფიციალურმა პირებმაც მიიღეს "ოფიციალური" მონაწილეობა. აღნიშნულს ადასტურებს ქალბატონი მიზანდარის "არტარეასთვის" მიცემული ინტერვიუ: "ჯგუფმა იმუშავა ძალიან ინტენსიურად. შევარჩიეთ ძირითადად ის ადამიანები... შეიძლება, ყველა ის ადამიანი ვერ მოხვდა, ვისაც ამ საკითხზე უფიქრია და უმუშავია. ძალიან დიდი ჯგუფიც იცით, რომ არ არის მოქნილი. ამდენად, ჩვენ შევარჩიეთ ის ადამიანები, რომელთაც გამოცდილება უკვე ჰქონდათ ასეთ დოკუმენტებზე მუშაობის. ნანა ყიფიანი, ნინო გუნია; მანანა თევზაძე; თამარ ბოკუჩავა; მაკა დვალიშვილი; ლევან მოსახლიშვილი; ლალი პერტენავა; სოფო კილასონია; ინგა ქარაია იყო ჩართული სამინისტროს მხრიდან, გარკვეულწილად მეც".
ოფიციალურ დოკუმენტში კი, კომისიის შემადგენლობაში ნანა ყიფიანი და ინგა ქარაია არ ფიგურირებენ.
წყარო: "7-კაციანი ჯგუფი მთლიანად მიზანდარის დაქალებისგან იყო შემდგარი. მათ 4 თვის განმავლობაში ხელფასი ერიცხებოდათ. პროექტში ჩართულები იყვნენ არაოფიციალური კონსულტანტებიც, ასევე, მიზანდარის სადაქალოდან. ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა. ზოგის ინტერესი ვენეციის ბიენალეზე გაგზავნილი თუ გასაგზავნი პროექტების ლობირება იყო, ზოგის კი - ახალი გრანტის მოპოვება. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული, რომ მიზანდარისთვის ეამებინა!.
არადა, სწორედ კომისიის შემადგენლობა გახდა ერთ-ერთი პრობლემური საკითხი. როგორც სპეციალისტები ჩვენთან ინტერვიუში აცხადებენ, მსგავსი დოკუმენტის შექმნაში ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ ხელოვნების ყველა სფეროს წარმომადგენლები, რომ დოკუმენტი სრულყოფილი ყოფილიყო. პროფესიონალების შეფასებით, ეს არ არის საქმიანი დოკუმენტი. ეს არის დეკლარაცია და მეტი არაფერი.
თეო ჯაყელი, მხატვარი, კულტურის მენეჯერი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი: "მიხარია, რომ ეს თემა წამოსწიეთ, რადგან მსგავსი სტრატეგიული დოკუმენტის შექმნაში ფართო საზოგადოება უნდა იყოს ჩართული. კულტურის პოლიტიკის კონცეფციაში ჩართული არ ვყოფილვარ. 21 იანვარს გავიგე მუშა ჯგუფის არსებობის შესახებ. 2006 წელს პირველად დავინტერესდი თემით და სამაგისტრო ნაშრომი სწორედ კულტურის პოლიტიკის ერთ-ერთ სეგმენტზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე დავწერე - "საქართველოს კულტურის პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში და კონფლიქტების მოგვარების საკითხში". მას მერე ეს თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობ, აქტიურად ვიყო ჩართული საკითხის განხილვაში".
ჯაყელმა საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ღიად დააფიქსირა. კერძოდ, რესპონდენტი წერს: "კულტურის პოლიტიკის კონცეფციაზე მუშაობა ვერ წარმომიდგენია სფეროს ყველა სეგმენტის ჩართვის გარეშე. არქიტექტორები, ურბანისტები, მხატვრები, მუსიკოსები, ლიტერატორები, თეატრისა და კინოს მოღვაწეები, ეროვნული მემკვიდრეობის სფეროს წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, სასულიერო სფეროს წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები და ა.შ... მხოლოდ არასამთავრობო სექტორის ჩართულობით სრულფასოვანი დოკუმენტი ვერ შეიქმნება!!!"
მისი მხრიდან პოზიციის ღიად დაფიქსირებას კი უკვალოდ არ ჩაუვლია. როგორც ჯაყელი "პრემიერთან" ინტერვიუში აცხადებს: "სოციალურ ქსელში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ ქალბატონმა მარინე მიზანდარმა კაბინეტში დამიბარა. 21-ე საუკუნეში სიტყვის თავისუფლებასა და კონსტრუქციულ კრიტიკაზე მსგავსი რეაქცია ცოტა დამაფიქრებელია, მაგრამ თითოეულ ადამიანს საკუთარი ხედვა აქვს თავისუფლებაზე".
კითხვაზე, რა გითხრათ კაბინეტში ქალბატონმა მიზანდარმა, რესპონდენტი დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ეს მათი პირადი საუბარი იყო და საჯაროდ ვერ გამოიტანს.
პროცესში ჩართული არც ენათმეცნიერები ყოფილან. როგორც აფხაზოლოგი, ენათმეცნიერი თეიმურაზ გვანცელაძე "პრემიერთან" საუბრისას აცხადებს: "მხოლოდ ამ დღეებში გავიგე, რომ ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტი მზადდებოდა, თუ უკვე გამზადებულია. ტექსტი არ მინახავს, ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ ვერც მის შინაარსზე და ვერც მნიშვნელობაზე".
თამარ ბელქანია, ხელოვნებათმცოდნე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი: "მთელი კონცეფცია ისეა აწყობილი, მასში მონაწილეობა არ მიუღია კულტუროლოგს, კონფლიქტოლოგს, ურბანისტს, კინო-თეატრ-მუსიკათმცოდნეს, სასულიერო პირს, ენათმეცნიერს და ასე შემდეგ".
პრობლემა #2 - (სახელმწიფო დოკუმენტიდან) გამქრალი აფხაზური ენა
სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, დოკუმენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხარვეზად სახელდება ის, რომ სახელმწიფო დოკუმენტიდან გამქრალია აფხაზური ენა.
თამარ ბელქანია: "ერთ-ერთი სერიოზული ხარვეზი ის არის, რომ დოკუმენტში სახელმწიფო ენად ნახსენებია მხოლოდ ქართული, და ეს იმ დროს, როცა ჩვენს ქვეყანაში მეორე სახელმწიფო ენაც არსებობს და ეს არის აფხაზური. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სრულად ვემიჯნებით ამ სამყაროს. გარდა ამისა, ქართული ენის თემა პრობლემად არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა. ქართველები საქართველოს გარეთაც ცხოვრობენ, სამწუხაროდ. მაგალითად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჰერელები (ზაქათალა, კახი, ბელაქანის რაიონი, დაახლოებით 30.000 ქართველი) და ირანის ტერიტორიაზე ფერეიდნელები. რას ვეუბნებით მათ? რელიგიური თემა კი საერთოდ იგნორირებულია(!) ან საავტორო უფლებები..."
იგივე პრობლემაზე საუბრობს ენათმეცნიერი თეიმურაზ გვანცელაძეს: "თუკი იუნესკო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ენებს, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენმა კულტურის სამინისტრომაც უნდა შეიყვანოს კომისიის შემადგენლობაში ქართული და აფხაზური ენების სპეციალისტები. აფხაზური ენა, იმავე იუნესკოს მიერ შეტანილია გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომ ენათა ნუსხაში და ამ ენის მოვლა-პატრონობა, მისი გადარჩენა და შემდგომი განვითარება მხოლოდ საქართველოს ევალება. ასე რომ, არსებობს სერიოზული არგუმენტები იმის სამტკიცებლად, რომ თქვენ მიერ ხსენებული დოკუმენტის შედგენაში, თუ უკვე შედგენილი ტექსტის დაზუსტებაში ლინგვისტები უეჭველად უნდა მონაწილეობდნენ".
ენასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს ენათმეცნიერი, ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ტარიელ ფუტკარაძეც: "ენის სფეროში დოკუმენტში თითქმის არაფერი წერია. ახალი ტექნოლოგიები სულ სხვაგვარად აყენებს სახელმწიფო ენის მოვლა-პატრონობის საკითხს: უახლოეს პერიოდში ყველა ერის იდენტობას არსებითად განსაზღვრავს ელექტრონული კომუნიკაციებისთვის მზაობა; კერძოდ, თუ ქართველი ერი ქართული ენით ვერ ჩაერთვება ელექტრონულ კომუნიკაციებში, ქართული ენა დაკარგავს კულტურული ენის ფუნქციას და "პატუა ენად" გადაიქცევა. ელექტრონულ კომუნიკაციებში აკადემიური ჩართულობა კი შესაძლებელია მხოლოდ ქართული ტექსტების მოცულობითი კორპუსის მომზადების შემთხვევაში. დღეს კი ამ მიმართულებით სასიკეთო არაფერი კეთდება; მეტიც, მავანნი დღეს ისეთი ლინგვისტური კორპუსების მომზადებას გეგმავენ, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკურ დანაწევრებას; ამ მიმართულებით არავითარი პრევენცია არ იგეგმება... საერთოდ, ამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი არც ქართული ენის ტექნოლოგიზებისა და არც ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, მაკონსოლიდირებელი ფუნქციის შესახებ".
წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით რესპონდენტის დასკვნა ასეთია:
"ერთი სიტყვით, ეს არ არის საქმიანი დოკუმენტი. ეს არის დეკლარაცია და მეტი არაფერი. არადა, ჩვენ რეალურად უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ ქართულ ენაზე, არამედ აფხაზურზეც, რომელიც ჩვენი კულტურის ნაწილია. დოკუმენტში კი ამის შესახებ არაფერი წერია... აქვე ვიტყვი, რომ ბუნებაში არ არსებობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი; ორივე ხალხი რუსული იმპერიის მსხვერპლი ვართ; ჩვენი ხალხების წინააღმდეგ კავკასიის კონტროლის მოსურნენი იყენებენ როგორც აფხაზთა თუ ოსთა ნაწილს, ასევე ქართველთა ნაწილსაც; სინამდვილეში ჩვენ დღესაც გვაქვს დიდი კავკასიური ომი; დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს სურთ, აკონტროლონ კავკასია და სწორედ ისინი ცდილობენ, კავკასიელთა ურთიერთდაპირისპირების პროვოცირებას... ამ ფონზე ვამბობ: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადარჩეს აფხაზური ენა და კულტურა; ეს ყველაფერი კი კარგად უნდა გაიწეროს სახელმწიფო დოკუმენტში".
- ქალბატონი მარინე მიზანდარი აცხადებს, რომ ეს არის ძალიან ზოგადი დოკუმენტი, რომელშიც ყველაფერი ვერ გაიწერებოდა...
ტარიელ ფუტკარაძე: "მე არ ვიცი, ვინ არის რეალური ავტორი ამ პროექტისა; ჩემთვის ფაქტია, რომ დოკუმენტში ცალკე ქვეთავი ეძღვნება ენის საკითხებს და ეს თავი ძალიან ზერელეა... მიმაჩნია, რომ ამ კონტექსტში კულტურის სამინისტროს უნდა ეთანამშრომლა სხვა სამინისტროებთანაც, და რაც მთავარია, სპეციალისტებთან; ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის მიმართულებით, ზოგადად, საქართველოში ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით, ეს პროექტი არ არის საქმიანი დოკუმენტი.
- საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ეს დოკუმენტი?
- სახელმწიფოს ენის კონტექსტით სტრატეგიის შესამუშავებლად ბევრი რამაა გასააზრებელი; ამ მიმართულებით ეს დოკუმენტი ერთი ზოგადი ფრაზის დეკლარირებაა, რომელიც არაფერს მოიტანს; ვიმეორებ, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ აკლია ამ დოკუმენტს. განსაკუთრებით კარგადაა გასააზრებელი ის გამოწვევები, რასაც უახლოეს მომავალში დააყენებს ტექნოლოგიური მიღწევები: ყველა ის ენა მოკვდება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების ენად არ ტრანსფორმირდება. ენის სიკვდილი კი ერის სიკვდილია... აშკარაა, რომ სახელმწიფო ენის, ზოგადად, საქართველოს ენობრივი პოლიტიკის კუთხით ბევრი არ უფიქრია ამ სახელმწიფო დოკუმენტის პროექტის ავტორს..."
ბიენალე... ინტერესები... ფულის გათეთრება?
ბევრ რამეს ამბობენ. მათ შორის იმასაც, რომ აღნიშნული და სხვა პროექტების მიღმა გარკვეული ფინანსური ინტერესები იდგა. ასევე, გარკვეული გათვლა იყო ვენეციის ბიენალეზე და უფრო ძვირადღირებულ პროექტებზე. აღნიშნულის საილუსტრაციოდ კი მარინე მიზანდარის შარშანდელი "კამიკაძე ლოჯიების" პროექტი მოჰყავთ, რომელიც ვენეციის ბიენალეზე წარდგა და საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდა.
"შარშან მინისტრის მოადგილე მიზანდარმა ბიენალეზე "კამიკაძე ლოჯიების" პროექტი გაიტანა. ამაზე კულტურის სამინისტროში შარშან დიდი სკანდალი იყო, მაგრამ როგორც ორგანიზმში სისხლის ჩაქცევა გაიწოვება, ისე უხმაუროდ გაიწოვა კულტურის სამინისტრომაც ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი. არადა, საბჭოური ეპოქის არქიტექტურიდან ყველაზე მეტად სწორედ ეს არ იყო არქიტექტურა. წესით, ქვეყნები ამას მალავენ. ყველაფერს აქვს ბნელი მხარე. თუ საბჭოთა არქიტექტურის ბნელი მხარე ე.წ. კამიკაძე ლოჯიები იყო, კულტურის კონცეფციის სტრატეგიის ბნელი მხარე, როგორც ირკვევა, ფულის გათეთრებაა სხვადასხვა პროექტებით", - ამბობს წყარო.
---------------------------------------------
"კულტურის სამინისტროს თანამედროვე ხელოვნების არაფერი გაეგება"
დაგროვილ კითხვებზე საპასუხოდ ინტერვიუ თავად ქალბატონ მარინე მიზანდართან ჩავწერეთ. მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ძალიან მძიმე შემადგენლობაა, რომელთაც არათუ კულტურული მემკვიდრეობის, არამედ თანამედროვე ხელოვნების არაფერი გაეგებათ.
მარინე მიზანდარი: ის, რომ ეს დოკუმენტი განხილვის საგანი გახდა, თუნდაც სოციალურ ქსელებში, სულაც არ არის ცუდი. პირიქით, კარგია და იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება სულაც არ არის გულგრილი".
- დოკუმენტის შემუშავებაში რატომ არ ჩართეთ სპეციალისტები?
- თუ არ ვცდები, ამ დოკუმენტზე 10-კაციანი ჯგუფი მუშაობდა. საჯარო განხილვები სწორეთ იმით არის კარგი, რომ, თუ სამეცნიერო თუ კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს რამე კომენტარი ან შენიშვნა ექნებათ, შესაძლებელია მათი გათვალისწინება. ეს არის ძალიან ზოგადი ხასიათის დოკუმენტი, რომელსაც შემდგომში კულტურის სტრატეგია დაეყრდნობა. სამეცნიერო ჯგუფი შეხვდა სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, საჯარო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მაგრამ ისე, რომ ყველა იყოს ჩართული, საქმე არ გამოდის.
- ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ ეს დოკუმენტი თქვენი სადაქალოს მიერაა შექმნილი...
- ამ ადამიანს მინდა ასე ვუპასუხო: ჩემი სამეგობრო და სადაქალო წრე ბევრად უფრო დიდია, ვიდრე 10 ადამიანისგან შექმნილი ჯგუფი. ჩემი მეგობრებისა და დაქალების ჩართვა რომ მდომოდა, ეს ჯგუფი რამდენიმე ასეულს ვერ დაითვლიდა. ჩემი მეგობრები ამ ჯგუფის შემადგენლობაში საერთოდ არ არიან.
- დოკუმენტის პრეზენტაციამდე იყო თუ არა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კონსულტაცია, იყვნენ თუ არა საქმის კურსში დოკუმენტის შესახებ?
- რა თქმა უნდა. სამუშაო ჯგუფის წევრები არაერთხელ შეხვდნენ მოადგილეებს ცალკეულ საკითხებზე. ეს იყო განხილვის პროცესი. თავად მინისტრის თხოვნით გავიტანეთ ეს დოკუმენტი 21-ში პრეზენტაციაზე. მე მინისტრს ვეუბნებოდი კიდეც, რომ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს კიდევ რამდენიმე დღე სჭირდებოდა, რომ კიდევ ერთხელ გადაგვეხედა და გაგვეშალაშინებინა, მაგრამ მინისტრს ეჩქარებოდა და ყველაფერი ყველასთან შეთანხმებული იყო. მშვენივრად იყვნენ ინფორმირებულები და თუ ახლა დისკრედიტაცია უნდათ, ეს სასაცილოა.
- ასევე, საუბარია გარკვეულ ფინანსურ ინტერესებზე. ახსენებენ ვენეციის ბიენალეს, დიდ პროექტებს და დიდ ფულს. რა კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან?
- როგორც ჩანს, ამ ადამიანთა სტილი და პრინციპი თავად არის გარიგებებსა და მოგებებზე მუშაობა. მე ასეთ დასკვნას ვაკეთებ. სხვა რა ვიფიქრო, არ ვიცი. რა ფინანსურ ინტერესებზე შეიძლება იყოს საუბარი.
- ვენეციის ბიენალეზე წარდგენილ "კამიკაძე ლოჯიების" პროექტზე რას იტყვით?
- ამ პროექტს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა წერდა, რომ ეს არის ყველაზე შემოქმედებითი, ყველაზე საინტერესო, მოულოდნელი. ძალიან წარმატებული პროექტი იყო. ოღონდ, ამათ ვერაფერი გაიგეს ამ პროექტის. მაშინაც დერეფანში დადიოდნენ და იძახდნენ, რომ აუ, რაში იხარჯება ჩვენი ფული და საერთოდ ვერ ხვდებიან მნიშვნელობას. ვერ ხვდებიან, რომ სწორედ ასეთი გამორჩეული პროექტებით უნდა წარდგეს საქართველო. მოკლედ, ძალიან რეტროკრატული შემადგენლობაა სამინისტროში. სამწუხაროდ, არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა არ ესმით, არც თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელობა გაეგებათ. ეს არის უბედურება. ამაში ვგულისხმობ მმართველ ბირთვს, რომელსაც გუნდსაც კი ვერ ვუწოდებ, რადგან გუნდი არ არის. ვინც გადაწყვეტილების მიმღებებად ითვლებიან, ძალიან მძიმე შემთხვევაა.
- "კამიკაძე ლოჯიების" პროექტი რამდენათასიანი პროექტი იყო?
- დაახლოებით 200 000 ევრომდე დაჯდა, დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ლარი.
- ქალბატონო მარინე, ასევე უნდა გკითხოთ თქვენს ფინანსებსა და ქონებაზე. კერძოდ, თქვენი მხრიდან შეძენილ აგარაკებსა და ბინებზე საქართველოსა და უცხოეთში, ასევე საკმაოდ სოლიდურ კრედიტებზე. 3 ბინა გუდაურში, რამდენიმე - თბილისში, ასევე, ბელგიაში. არსებობს კავშირი მინისტრის მოადგილეობასა და ამ ყველაფერს შორის?
- ყველაფერი ოფიციალურად მაქვს დეკლარირებული. მინისტრისა და მისი მოადგილეებისგან განსხვავებით, ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც სამინისტროში ბეგარას იხდიდა შარშანდელ შემოსავალზე. ასევე, ბეგარას ქონებაზე. შარშანაც 40 000-ზე მეტი შემოსავალი მქონდა და წინა წლებში - უფრო მეტი. მე წლების მანძილზე ისეთი სამუშაო მქონდა, სადაც დიდი შემოსავალი იყო. ვმუშაობდი საერთაშორისო ექსპერტად, 17 ქვეყანაში ვარ ნამუშევარი. ასევე, ვმუშაობდი ევროკავშირის მთავარ ოფისში, სადაც ძალიან დიდი ხელფასი მქონდა. სხვა დეტალებს აღარ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად არ მიჭირდა და გავაკეთე ისეთი ინვესტიციები, როგორიც მინდოდა.
- ანუ ეს თქვენი კრედიტები და ბინები სამინისტროს შემოსავალზე არ იყო მიბმული?
- არა, ერთადერთი, შარშან ვიყიდე ძველ თბილისში ბინა, რომელსაც 2 წელი ვეძებდი და ამისთვის დანაზოგიც მქონდა. თუმცა, საკმარისი არ იყო და ვისესხე როგორც მეგობრებისგან, ისე ბანკისგან. ეს ჩემი პირადი უფლებაა. ჩემი შემოსავალი ისე განვაგე, როგორც მე მინდოდა. ამ ხელისუფლებაში უფრო შეძლებული ბევრი სხვაც იყო და ჩემი რა გაუკვირდათ ამისთანა?
- ცოტა ამოვისუნთქე. გამოფენებზეც დავდივარ, საღამოებზეც. აწი დავფიქრდები. რას გავაკეთებ, ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია. სამინისტროში ძალიან მძიმე შემადგენლობაა, რომელთაც არ აქვთ არანაირი ხედვა და ძალიან იბოღმებიან, რომ პროექტები ისე ხორციელდება, რომ თავად არ არიან ჩართულები. ეს ის შემადგენლობაა, რომელთაც თანამედროვე ხელოვნება არ ესმით. ესენი არ არიან პროფესიონალები და არ აქვთ არანაირი გამოცდილება. ესენი არიან სავარძელს მომჯდარები და შიში აქვთ, არ გაუშვან და ფიქრობენ, როგორ ჩახლართონ, ჩააფლაონ ყველაფერი.
P.S. პროფესიონალები თავს იმით იმშვიდებენ, რომ დოკუმენტი ჯერ არც მთავრობის სხდომაზე განხილულა და, შესაბამისად, არც პარლამენტში. მათ იმედი აქვთ, რომ ხმაური, რომელიც აღნიშნულმა საკითხმა გამოიწვია, შედეგიანი იქნება. კერძოდ, მთავრობის სხდომაზე დოკუმენტის აღნიშნული ვარიანტი არ გავა და იმედს იტოვებენ, რომ პრემიერ-მინისტრს გამართულ, აკადემიურ და სახელწიფოებრივ დოკუმენტს წარუდგენენ.
ეკა გულუა, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |