|
“რუსეთი ამ მოქმედებებს ისე გააკეთებს, თვითონ არ დაზიანდეს”
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სურვილს, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს, ქართულმა მხარემ მყისიერად უპასუხა. საქართველოს პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც პუტინთან შესახვედრად მზადყოფნა ცალ-ცალკე გამოთქვეს. რას მოუტანს საქართველოს ეს შეხვედრა, შედგება თუ არა საერთოდ და ვინ უნდა შეხვდეს საქართველოდან რუსეთის პირველ პირს? ამ საკითხზე “პრემიერს” საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ესაუბრა:
_ ბ-ნო ვალერი, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გამოხატავენ მზადყოფნას რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შეხვედრა უნდა შედგეს შუამავლების გარეშე. როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია ეს შეხვედრა და შედგება თუ არა ის საერთოდ?
_ საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა აუცილებელია, მაგრამ შედგება თუ არა, ვერ გეტყვით. ასეთი შეხვედრები სატელევიზიო განცხადებებით არ დგება. ალბათ, ყველაზე უპრიანია, კარასინი-აბაშიძის დუეტმა დაიწყოს ამაზე მუშაობა. რაც შეეხება შუამავლის გარეშე მის ჩატარებას, საიდან გაჩნდა შუამავლის ინსტიტუტის მოლოდინი, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, ის აბსოლუტურად ზედმეტია.
_ პუტინთან შესახვედრად მზადაა პრეზიდენტიცა და პრემიერიც. თქვენი აზრით, ვინ უნდა შეხვდეს?
_ რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა აბსოლუტურად არაეფექტურად მიმაჩნია, დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან და საქართველოს პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე. პრემიერთან შეხვედრა, ალბათ, უფრო ქმედითი, არსებითი და შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე პრეზიდენტთან. პრეზიდენტი თვითონაც სიმბოლურ ფიგურად იქცა და კონსტიტუციაშიც, პრინციპში, ეს არის ჩაწერილი.
_ რუსეთის პოზიცია ნათელია, მიტაცებული ტერიტორიების დეოკუპაციას არ აპირებს და არაერთხელ მოგვიწოდა “ახალი რეალობის” აღიარებისკენ, საქართველოს ხელისუფლება კი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, დიპლომატიურს ვგულისხმობ, არ ფიქრობს, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ შეხვედრას? რაზე უნდა ისაუბრონ?
_ ასეთი დიამეტრალურად საწინააღმდეგო პოზიციებიც კი ტოვებს დიდ სასაუბრო არეს, ესაა მშვიდობიანი მოსახლეობის, იძულებით გადაადგილებულთა თემა, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი თუ შუალობითი კონტაქტის ხელშეწყობა, სეპარატულ რეგიონებთან გამარტივებული მიმოსვლისა და ვაჭრობის თემა, ერთობლივი ეკონომიკური პროექტები... რა, “ენგურჰესი” არაა უნიკალური ერთობლივი პროექტი, რომელიც ომის პირობებშიც კი არ გაჩერებულა? ანუ, თუ არსებობს სამმხრივი ეკონომიკური პროექტი, შესაძლოა სამმხრივ პოლიტიკურ პროექტზეც საუბარი.
_ სამმხრივ პოლიტიკურ პროექტში რას გულისხმობთ?
_ სამმხრივი პოლიტიკური პროექტია საქართველო-აფხაზეთ-რუსეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთ-რუსეთის დიალოგები ან რაღაც საერთაშორისო, თუნდაც ახალი ფორმატი, რომელიც პოლიტიკური სტატუსის გარეშე და მომავალში მისი განსაზღვრითაც უზრუნველყოფს კონფლიქტის შედეგების სრულ თუ არა უმეტესად აღმოფხვრას.
_ რამდენად საშიშია რუსეთთან შუამავლის გარეშე დიალოგი?
_ ვფიქრობ, რუსეთთან სწორედ შუამავლით დიალოგია საშიში. ჩვენს ურთიერთობებში მესამე ძალის ლატენტურმა და არცთუ იშვიათად ღია ჩარევამ მიგვიყვანა ამ შედეგებამდე, სხვა დანარჩენ ობიექტურ თუ სუბიექტურ პროცესებთან ერთად.
_ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანგული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთს ოკუპანტიც უწოდა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ ეს კურსი უცვლელია და მზადყოფნა გამოხატა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელსამოწერად.
_ ნუ დავხატავთ ისე, რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაც გათვლილ და გააზრებულ გზას ადგას და ამისთვისაა მზად. რა მზაობა უნდა გვქონდეს ასოცირების ხელშეკრულების მიმართ, ან მოგვაწერინებენ ხელს ან არა, და როცა უნდათ, მაშინ. ჩვენ ვინმე გვეკითხება რამეს? რაც შეეხება ზეწოლას, ამას თქვენ უწოდებთ ზეწოლას და მეც თქვენი ტერმინებით ავლაპარაკდი. თუ არ დაიწყო საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ დიალოგი რუსეთთან, ჩადგა სირაქლემას პოზაში, დარჩა ოლიმპიადაში მონაწილეობის კეთილი ჟესტის ამარა, რაც საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობისადმი ანგარიშის გაწევა უფრო იყო, მაშინ არაა გამორიცხული, რუსეთმა დაიწყოს საქართველოსა და ქართველების მიმართ გამკაცრებული კანონიერი მიდგომა _ ისევ შეამოწმოს პროდუქცია მკაცრად, ზოგჯერ გადაჭარბებულადაც, ისევ გამოძებნოს ქართველი არალეგალები და ა.შ. რუსეთი ამ მოქმედებებს ისე გააკეთებს, თვითონ არ დაზიანდეს და თავისი ინტერესები დაიცვას, თორემ ზეწოლა რომ რეალური იყოს, ენგურის პროექტს გააჩერებდა, რუსულ კაპიტალს გაიტანდა და კოლაფსი მაშინ ნახეთ. ამიტომ ნუ ახდენს ჩვენი საზოგადოება რაღაცების დემონიზებას, ამერიკელები დღემდე არ ყიდულობენ კუბურ შაქარს, ევროკავშირის ჩინოვნიკებმა უკრაინის პროცესების მერე აღმოაჩინეს სამხრეთის ნაკადში რაღაც შეუთანხმებლობები და მე ვკითხულობ, ჩვენ როგორ მოვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ბერკეტები ჩვენს ხელთ იქნება? ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ და ეს არსებითად სწორია.
_ თუ შეხვედრა შედგა, რა მოლოდინი გაქვთ?
_ საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა, ვფიქრობ, კარგა ხანს არ შედგება, თავისთავად შეხვედრის ფაქტია ჩემი მოლოდინის მინიმუმიც და მაქსიმუმიც.
ლაშა ნოდია, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |