![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“ქუთაისი საინტერესო ქალაქი გახდა, მე-12 მერი ისევ მე-11 მერი იქნება”
“პრემიერს” მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიო ჩემპიონი, ბესო მიქელთაძე ესაუბრა:
- ბესო, მოგესალმები. ჩვენი საუბარი რიტორიკული კითხვით დავიწყოთ - რა ხდება ქუთაისში? რად ვერ იგუეთ ქუთათურებმა ვერც ერთი მერი?
- გალაკტიონი სულ მერის დაეძებდა, ცოტა ჩვენც რომ ვეძებოთ, ქუთათურებმა, ვფიქრობ, არაფერი დაშავდება. რა ხდება ქუთაისში? - ქუთაისში ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ანუ უფრო მარტივად, როგორც ღამდებოდა და თენდებოდა შარშან, შარშანწინ და იმის წინ, ისევ ისე თენდება და ღამდება... გარწმუნებთ, არაფერი ამ საკითხში არ შეცვლილა.
ახლა რაც შეეხება მერების შეგუება-არშეგუებას, ის არც ცოლია და არც საყვარელი, მათთან რომ რაიმე შესაგუებელი გვჭირდეს. ივარგებს, იქნება, არ ივარგებს და თავისი გზა ეძებოს.
რეალობა აქ ცოტა სხვაა, ქალაქს უნიშნავენ აბსოლუტურად უუნარო, უსუსურ მერებს, არადა ქალაქს ესაჭიროება ეფექტური მმართველობა და მეტი პოზიტივი, მეტი სიყვარული.
როდესაც ხელისუფლება მოგვიანებით აცნობიერებს დანიშნულთა “ქმედუნარიანობას”, როგორც წესი, შემდეგში ყველაფერი ქუთაისელებს ჰბრალდებათ. მაინც მგონია, არჩევნები მოვა და ჩვენ ჩვენს მერს ვიპოვით.
- საზოგადოება უკვე ძალიან დაიბნა და რთული ხდება იმის გარკვევა, ვინ ვის ებრძვის ქუთაისის საკრებულოში და რეალურად მართლა პარტიულ ინტერესებთან გვაქვს საქმე?
- ქუთაისში საქმე გვაქვს არათუ პარტიულ ინტერესებთან, არამედ პარტიული გათვლით ქალაქის გაბითურების მცდელობასთან. ალბათ, ბევრმა ადამიანმა იხილა ობიექტივში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ბატონ თარხან-მოურავის მონოლოგი. თარხან მოურავი ღიად აცხადებს, რომ მან დაუნიშნა ქუთაისს ბოლო 5 მერი, სამარცხვინოდ იმუქრება, რომ კარს აუჭედავს იმერეთის გუბერნატორს, ბატონ ზაზა მეფარიშვილს.
დიახ, ბატონმა თარხან-მოურავმა დაუნიშნა ქუთაისს ბოლო 5 მერი. ამ მერების კომპეტენცია რომ აბსოლუტური ნულის ტოლია, ესეც ხომ უდავო ფაქტია. ანუ ბატონი თარხან-მოურავი, შესაბამისად, მისი პოლიტიკური ინსტიტუციისა და ზეგავლენის გაფართოების მიზნით, ქალაქ ქუთაისს შეგნებულად უნიშნავს აბსოლუტურად უუნარო მერებს, რათა თავად იყოს ხელისუფლების მიერ მუდამ მოთხოვნადი.
საბოლოო რეალობა კი ასეთია, ქალაქს ისე მოუხსნეს მერის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი მურღულია, რომ ის საქმის კურსშიც კი არ იყო. თავად ის ფაქტი, რომ ისე ხსნიან, რომ ამის შესახებ არც კი იცის, ინფორმაციაც კი არ აქვს, და ისიც, რომ ელემენტარულ პოლიტიკურ სიტუაციას ვერ არეგულირებს, უხერხულში აგდებს გუბერნატორსაც და საკუთარ ახლო გარემოცვასაც, არა მგონია, ქუთაისის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის და ახლო მომავალში ისევ მერის მოვალეობის შემსრულებლის, ბატონ მურღულიას სასარგებლოდ მეტყველებდეს.
- ისე ქუთაისელებს რაშიც არ გიჭირთ, ნამდვილად იუმორია და არ გიფიქრიათ, 11 გადაყენებული მერისგან საფეხბურთო გუნდი მაინც გაგეკეთებინათ?
- მერების ცვლაზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა: გურულ ქალს შხამიანი კობრა უკბენს. 10 წუთის შემდეგ, - რაცხა დაგემართოს, შენს თავს დააბრალეო!!! - მიაძახა ქალმა გველს.
მერები საკუთარი თავებისთვისაც კი არ ვარგოდნენ, ქალაქს ან თუნდაც საფეხბურთო გუნდს, აბა, რა ხეირს მოუტანდნენ. დაგესლეს ქალაქი და მიატოვეს.
საერთოდ, ყველაფერში ნეგატივის დანახვაც არ ივარგებს, მერების გაუთავებელი ცვლის შედეგად ქუთაისი საინტერესო ქალაქი გახდა, მე-11 მერი მოგვიხსნეს, მაგრამ ყველაზე პოზიტიური ისაა, რომ მე-12 მერი ისევ მე-11 მერი გახდება.
- ისე, ჩვენი მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, შენ იყავი ქუთაისის მერობის კანდიდატი. რატომ დაიწუნა საკრებულომ შენი პროგრამა?
- როგორც ვიცით, ქუთაისი ქვეყნის მეორე ქალაქია. საუბედუროდ, ქალაქი, იმის ნაცვლად, რომ ფულით ფედერალურ ბიუჯეტს იქით ამარაგებდეს, დღეის მდგომარეობით დოტაციაზეა, ხელებგაწვდილი, თბილისს სამათხოვროდ შესციცინებს.
ჩემი პროგრამა, “დოტაციიდან მოგებისკენ”, გათვლილი იყო ქალაქის მერიაში არსებული კორუფციის სრულად აღმოფხვრაზე, რაც უნდა გაკეთებულიყო ელექტრონულ მთავრობაზე გადასვლით, ასევე გათვლილი მქონდა სხვადასხვა ეკონომიკური სეგმენტის ხელშეწყობა, რაც საბოლოოდ ქალაქს წამგებიანი, მათხოვრული მდგომარეობიდან, მომგებიან ქალაქად გადააქცევდა, საბოლოო მიზანი კი ქალაქის ე.წ. ჭკვიანი ქალაქების სიაში ინტეგრირება იყო.
ბუნებრივია, არსებულ კონიუნქტურას, მათი წაკორლეონჩიკო ტიპის მმართველიანად, ჩემი პროგრამა არ აწყობდა. შესაბამისად, მიიღეს ის კომიკური გადაწყვეტილება, რაც მიიღეს.
როგორც გახსოვთ, სოჭის ოლიმპიადის გახსნისას რუსებმა ღიად მიითვისეს ოქროს საწმისი. ეს დღეს არ დაწყებულა, მათი პირველი მცდელობა ამ უპრეცედენტო ქურდობისა, ჩემი ჩარევის შედეგად, 2008 წელს აღიკვეთა. შესაბამისად, მერის შესარჩევ კომისიაზე წარვადგინე მასალები, სადაც ვადასტურებდი რუსების მხრიდან ქურდობის ფაქტს. ვთხოვე კომისიას, ყურადღება მიექციათ ქალაქში ამ უნიკალური, თავისი ცნობადობის გათვალისწინებით მრავალ მილიარდ დოლარად შეფასებული ბრენდისთვის. ვთხოვდი მათ ,,ოქროს საწმისის” თემატური ბაღის გაკეთებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალაქის მერად სხვას აირჩევდნენ.
ბუნებრივია, ამ საკითხზე ყურადღება არავინ გაამახვილა, აბა, სხვაგვარად როგორ მოიქცეოდა ის ხალხი? ვინც ქალაქში არსებული თითოეული ქუთაისელისთვის არსებული სიწმინდე “სამი ოთარის” ძეგლი დაიპრივატა და მის ადგილზე სასტუმროს აშენებას გეგმავს.
- მოდი, პირდაპირ გკითხავ, რეალურად, გნებავს ახლა, გნებავს ადრე, საკრებულო იყო დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, თუ ის მუდმივად “ზემოდან” მიღებულ მითითებებს ასრულებდა?
- ქალაქში თვითმმართველობა რეალურად არ არსებობდა, “ნაციონალური” მთავრობის დროს ისინი იყვნენ უბრალოდ ნოტარიატები, რომლებიც მხოლოდ თბილისის დავალებებს ასრულებდნენ, თავისუფლების მოპოვების შემდეგ კი გადაიქცნენ ბატებად (ოღონდ არა რომის მხსნელებად), რომლებიც ქალაქს ანგრევენ. ალბათ, გახსოვთ ჩემი ფრაზა. “იდიოტი ტახტზე რომ დასვა, კარგი მეფე იქნება თუ ცნობილი იდიოტი?” - ეს მათ ეკუთვნით, ქუთაისის საკრებულოს.
- საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქუთაისში, გნებავთ თბილისში ან ბათუმში, მერებთან დაკავშირებული კრიზისი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. შენ რამდენად აკავშირებ ამ პროცესს არჩევნებთან და თუნდაც ასე იყოს, რას მოიგებს ამ პროცესიდან თავად ქუთაისის მოსახლეობა?
- ეს რთული პროცესებია, რეალურად ყველა ქალაქი ზარალდება. ქალაქებში კი ინდივიდები ცხოვრობენ, ზარალდება მოსახლეობა. მოგებული ნაკლებად ვინმე გამოვა, პირიქით, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ ამ პროცესების შედეგად ძლიერ ზემოთ აიწია, თუ 6-8 თვის წინ “ნაცმოძრაობის” წევრები უპრობლემოდ ატარებდნენ დედის გინებას, ახლა ესე არ ხდება.
გადახედეთ სოციალურ ქსელებს, არსებულ მდგომარეობას ქუჩებში. ხალხი ერთმანეთს ღიად უპირისპირდება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის გამო, ერთმანეთზე იწევენ.
აუცილებელია, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ ძირს დაიწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკა ქუჩაში გადავა. კიდევ ეს გაუთავებელი მიტინგები, ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნები, ახალი დაპირებები, საბოლოოდ კი სისხლი და 15-20 წლით უკან გადაგდებული ქვეყანა, რომელსაც დიდი ალბათობით კიდევ უფრო დაანაწევრებენ.
ერთი გამოთქმა მახსენდება, “თუ ღმერთი შენკენაა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა შენს წინააღმდეგ”. მარტო ღმერთი ვერ გვიშველის, სახლის ასაშენებლად თითო აგური ყველამ უნდა დავდოთ, ვინაიდან ეს სახლი ჩვენი საქართველოა, ჩვენი სამშობლოა, ვალდებულები ვართ, მას გავუფრთხილდეთ, რათა საკუთარი ამპარტავნობით, ერთმანეთისადმი ზიზღითა და გაუტანლობით ქაოსში არ გადავაგდოთ. ალბათ, ყველამ უნდა დავთმოთ ცოტა რაღაც.
- უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომლის მიხედვითაც ქუთაისის საკრებულო მერობის კანდიდატს უნდა არჩევდეს, არის ქალაქის ეკონომიკური განვითარება. ამ ხნის განმავლობაში მერობის არც ერთ კანდიდატს არ ჰქონია დამოუკიდებელი ეკონომიკური პროგრამა და მათი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტის მენეჯმენტს უკავშირდებოდა. შენ ასეთი პროგრამა გქონდა. კერძოდ, რაზეა საუბარი. რას სთავაზობდი საკრებულოსა და მოსახლეობას მერად არჩევის შემთხვევაში?
- ჩემ მიერ წარდგენილ პროგრამაში გათვალისწინებული იყო თითოეული ქუთაისელის კეთილდღეობა. პროექტის ,,დოტაციიდან მოგებისკენ” განხორციელების შედეგად, ქალაქშივე არსებული რეზერვების გამოყენებით, ქალაქი გამოდიოდა ეკონომიკური კოლაფსიდან და იწყებდა თვითმყოფადობას, ანუ ხდებოდა მომგებიანი. პროექტის აქ სრულად წარმოდგენა ვერ მოხერხდება, მაგრამ გაგაცნობთ პროგრამის ძირითად ასპექტებს:
1. ელექტრონული მთავრობა, მერიის შემდგომი ოპტიმიზაცია. ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციის გარეშე.
ელექტრონული მთავრობა გვაძლევს ეფექტურ და ნაკლებად ხარჯიან ადმინისტრირებას, კარდინალურად ცვლის ურთიერთობას მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის, ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას და ზრდის პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე, აკონტროლებს მიმდინარე პროგრამების რეალიზაციას და რაც მთავარია, მინიმუმამდე დაჰყავს ბიუროკრატია და ჩინოვნიკების ჩარევის შესაძლებლობა;
2. ქალაქის იერსახე - კულტურასა და ეკონომიკაზე ორიენტირებული ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი;
3. თემატური ბაღების შექმნა. ოქროს საწმისისა და სხვა;
4. ქალაქის სრული წი-ფი-ზაცია;
5. ქალაქის პარკირების მოწესრიგება, თანამედროვე მულტიპარკული სისტემების დანერგვა;
6. აეროპორტ კოპიტნარის ხელშეწყობა და დაბალბიუჯეტიანი ევროპული კომპანიების შემოყვანა;
7. ბიზნესის ხელშეწყობა;
8. ტურიზმის ხელშეწყობა, ქალაქში არსებული სასტუმროების Booking.com სარეზერვაციო ქსელში, მერიის ხარჯებით განთავსება პირველი 3 თვის განმავლობაში;
9. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევა;
10. შიდა ტრანსპორტის სრულად განახლება;
11. ფასადების მოწესრიგება;
12. გარე განათების სისტემების მოწესრიგება, მათი თანამედროვე ეკო და LED ნათურებზე გადაყვანა, რაც იძლეოდა მილიონამდე ეკონომიას;
13. თანამედროვე მულტიფუნქციური ნაგავსაყრელის აშენება, სადაც ბუნებრივი აირის მიღებაც კი შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, თუ კიდევ არაფერს ვიტყვით ფერად და შავ ლითონებზე, ცელოფნის მასალებზე. ეს სრულფასოვნად მომგებიანი იქნებოდა ქალაქისთვის;
14. ქუთაისის ე.წ. ჭკვიანი ქალაქების სიაში შეყვანა.
ჩემი პროგრამის რეალიზების შედეგად მხოლოდ ხარჯვით ნაწილში 5-7 მილიონი ლარის ეკონომიას ვიღებდით, რაც საშუალებას გვაძლევდა, გაგვეზარდა ხელშეწყობა თითოეული ქუთათურისა და მათი ოჯახებისთვის.
ბუნებრივია, ჩემი პროგრამა დაბლოკეს, სხვას მათგან არც არაფერს ველოდი. პირადად მე ახლაც მზად ვარ, უანგაროდ ვემსახურო ჩემს ქალაქს, თითოეულ ქუთაისელს, ჩემს სამშობლოს. მეც ერთ-ერთი რიგითი ვარ.
ალექსი ნოზაძე, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |