

|
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ესა თუ ის პოზიცია კომიკურია იმის მიუხედავადაც კი, რომ სამართლიანი და გონივრულია. ასე, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ იუმორის გრძნობა არარაციონალურია. გარკვეულწილად საკრალური და იდუმალებით მოცულიც კი.
აი, კლასიკური მაგალითი: “კაცს ერთ დღეს თავი ჰქონდა შეხვეული და მეორე დღეს _ ცალი ფეხი. ეკითხებიან: “ეგ როგორო” და პასუხობს “ჩამოცურდაო”. ხომ სასაცილოა? მაგრამ, აბა, ახსენით, რით და რატომ არის სასაცილო! ან ჟვანეცკის უკვდავი სკეჩი: “გუშინ ვიყიდე კიბორჩხალები 3 მანეთად, მაგრამ პატარები... დღეს იყო დიდები, მაგრამ ხუთ მანეთად...” მერედა, რა არის აქ სასაცილო? პატარა ნაკლები ეღირება, ვიდრე დიდი. მაინც იხოცებოდა ხალხი სიცილით.
ზუსტად ასევე აუხსნელად კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს საქართველოს ხელისუფლების ფაციფუცი პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით: “მზად ვარ, შევხვდე პრეზიდენტ მარგველაშვილსო”. ლამის დაჭამეს ერთმანეთი პრეზიდენტმა და პრემიერმა _ არა, მე უნდა შევხვდე, არა მეო.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ამას წინათ საკუთარი “ეროვნული უსაფრთხოების საბჭოც” კი შექმნა, მაგიერ პრეზიდენტთან არსებული “ეროვნული უშიშროების საბჭოსი”, გასაკვირი ნამდვილად არ არის აშკარად ემოციური რეაქცია. თუმცაღა, ამ რეაქციას თითქოს რაციონალური საფუძველიც აქვს: “ბოლოს და ბოლოს”, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ პრემიერ-მინისტრი და არა პრეზიდენტი იღებს საკვანძო გადაწყვეტილებებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ხსენებული კონსტიტუცია საქართველოს, _ ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებებისა და პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, _ სულ მალე ისეთ საშინელებას უმზადებს, ისეთ დომხალსა და ძაღლ-პატრონ-ვერცნობის სიტუაციას შექმნის საქართველოში, რომ მისი ავტორებისთვის ადუღებული კუპრი მოგვენატრება, მაგრამ ყველა მხრებს აიჩეჩს და აკადემიურ მოსაზრებებს დააბრალებს სრულ მარაზამს, რომელშიც ქვეყანა ჩაეფლობა.
მომავალი დომხალის პირველი სიმპტომია ქუთაისში მომხდარი ტრაგიკომედია: მერისა და მერე საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებასთან დაკავშირებით.
ძალიან ძნელია, არ დაგრჩეს შთაბეჭდილება, რომ ვლადიმერ პუტინს, როცა ამ წინადადებას “აჟღერებდა”, ძალიან კარგად და ძალიან ზუსტად ჰქონდა წარმოდგენილი, რა ყოვლისმომცველი ქაოსი მზადდება საქართველოში _ ხსენებული მატრაკვეცა კონსტიტუციისა და მის ავტორთა სიბრიყვით. ამიტომ, როცა ხშირად იმეორებენ: “მას ხომ ქართველმა ჟურნალისტმა ჰკითხა პრეზიდენტის (და არა პრემიერის) შესახებო”, სულ იოლად ივიწყებენ: იმ ჟურნალისტმა ასე იმიტომ ჰკითხა, რომ წინა დღეს სწორედ პრეზიდენტი (და არა პრემიერი) ახსენა პუტინის შესაძლო სტუმართა შორის მისმა პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
იმასაც შეეშალა? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ქართული შიდაპოლიტიკური მარაზმის ზუსტად ცოდნა რუსებს ყოველთვის ეხმარებოდა ჩვენი ქვეყნის მართვასა და აქ დაპირისპირებების პროვოცირებაში _ ჯერ კიდევ ე.წ. “მრგვალი მაგიდისა” და მისი ოპოზიციის ეპოქიდან.
აბა, სად გაგონილა, ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენტი, პრემიერი და მათი გუნდის წევრები საჯაროდ არკვევდნენ, ვის უნდა მიენიჭოს უპირატესობა უმაღლესი დონის მოლაპარაკებებისას? დავუშვათ, პრეზიდენტი გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრს არ ელაპარაკება და არ ეტყვის, რაში იყო საქმე ან რა შესთავაზა პუტინმა?
კიდევ ერთი “გადახვევის” სახით ისიც უნდა ითქვას, რომ სრული სიბრიყვეა უკვე აქტიურად მოარული ჭორი, თითქოს პუტინი აპირებს, იმ შეხვედრისას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემათა გადაწყვეტის რაღაც “პროექტი” შესთავაზოს საქართველოს, ოღონდ ევროკავშირთან ასოცირებაზე უარის თქმის სანაცვლოდ. სინამდვილეში, არავითარი “პროექტი” მათ ჩვენი ქვეყნისთვის არა აქვთ და არაფრის შეთავაზებას პუტინი არ აპირებს. მისი წინადადება იყო, არის და იქნება შემდეგი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თქვენთვის დამთავრებულია, ევროკავშირთან კი ხელი იმიტომ არ უნდა მოაწეროთ, რომ ცდებით, თუ გგონიათ, “ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს”. ბევრად უარესს გიზამთ და ღვინის ხელმეორედ აკრძალვა ბავშვურ თამაშად მოგეჩვენებათ.
აი, მხოლოდ ამ მუქარის პირადად გადასაცემად იბარებს პუტინი საქართველოს პრეზიდენტს და კიდევ იმის სადემონსტრაციოდ დასავლეთის თვალში, რომ საქართველოსთან, სინამდვილეში, პრობლემა არა აქვს. ამ პრობლემას მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპელები ამწვავებენ, ხოლო ქართველებს ერთი სული აქვთ, სანამ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გააგრძელებენ საუბარს.
სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, პუტინმა რაიმე ეკონომიკური პროექტი გააცნოს მარგველაშვილს. ისევე, როგორც ეს უკრაინა-იანუკოვიჩის შემთხვევაში მოხდა. რა თქმა უნდა, რუსული ბიზნესის პრიორიტეტით. მაგრამ ეს წინადადებაც პოლიტიკური შეფერილობისთვის სჭირდება. ამიტომაც სურს არა პრემიერთან, არამედ პრეზიდენტთან შეხვედრა, რათა ნებისმიერი ეკონომიკური პროექტი პოლიტიზებული იყოს და შესაბამისად გამოიყურებოდეს დასავლეთის თვალში.
და მაინც, რა აუტყდა პუტინს? სულ ახლახან ხომ, ქართველი ჟურნალისტის პასუხად, მედიდური ზიზღით პასუხობდა: არ ვიცი, რაზე უნდა ველაპარაკო ბიძინა ივანიშვილს, რომ შედგეს ჩვენი შეხვედრაო. ახლა კი, არც მისი პრესსამსახური და არც თავად პუტინი არ გამორიცხავენ, რომ საუბრის თემა (მხოლოდ თემა ფორმალურად) შეიძლება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც იყოს, ოღონდ კი თვით შეხვედრა შედგეს.
ამან უკვე გამოიწვია მღელვარება სეპარატისტთა შორის, თუმცა პუტინი მათ სხვა ხაზებით ამშვიდებს: შეხვედრა შეხვედრისთვის მჭირდება, თორემ ქართველებისთვის შესათავაზებელი (ევრაზიული კავშირის გარდა) არაფერი მაქვსო.
გელა კალანდაძე, გაზეთი "პრემიერი"
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |