![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
“თუ მტრობაა სიმართლის, ხანდახან ძალიან არასასიამოვნო სიმართლის ლაპარაკი, მაშინ ძალიან ბევრი “მტერი” ჰყოლია ხელისუფლებას”
“პრემიერის” კითხვებს ნანა დევდარიანმა უპასუხა:
- ქართველი საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულია თავის შეხედულებებში და, სამწუხაროდ, ცალკეული პერსონებისა თუ ჯგუფების პოზიცია იმდენად მიუღებელია სხვა ჯგუფებისა თუ ინდივიდებისთვის, რომ ჯანსაღი პოლემიკის ნაცვლად, რეალურად ვხედავთ ლანძღვას, გინებას, შეურაცხყოფას. ეს გზა დიდი ხნის წინათ გამოვიარეთ. რა გვემართება, უკან ვბრუნდებით?
- ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება თავდახურულ ქვაბს დაემსგავსა, რომელშიც დუღილის დროს ორთქლი გროვდებოდა. ელემენტარული ფიზიკა გვასწავლის, რომ ასეთ შემთხვევაში, ან ორთქლი თავსახურს მოგლეჯს, ან, თუ ქვაბში საკმარისი ადგილია, დროთა განმავლობაში წყალი ჩაშრება. გასტრონომიულ პარალელებს თუ განვაგრძობთ, თუ ამ დროს ხორცი იხარშება და ქაფი დროულად არ მოხსენი, ის აუცილებლად გადმოვა. ასეა თუ ისე, რაც ხდება, მაინცდამაინც გასაკვირი არ უნდა იყოს; “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებას დაუფარავი ზიზღითა და იგნორირებით ექცეოდა. მეტიც, მისი იდეოლოგები პირდაპირ თუ არაპირდაპირ ახდენდნენ იმის დემონსტრირებას, რომ მათ უკეთ იციან, როგორ უნდა ვიცხოვროთ და ვიფიქროთ. ასე, საბჭოთა პერიოდში კომპარტიამ იცოდა, როგორ გავეხადეთ ბედნიერი ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ! “ნაციონალებს” მათგან მხოლოდ ის გამოარჩევთ, რომ პირდაპირ კონსტიტუციაში არ ჩაგვიწერეს მუხლი “ნაცმოძრაობის” წარმმართველი როლის შესახებ! მათ თავად მოსპეს ჯანსაღი პოლემიკის შესაძლებლობა. კიდევ ერთი რამ აერთიანებთ მათ ბოლშევიკებთან: სახელმწიფოს სახელით ადამიანების განადგურებას ისინი დღესაც ამართლებენ! მოუსმინეთ, როგორ ამართლებენ “ორი გვამის” მოთხოვნას ან 26 მაისის სადამსჯელო ღონისძიებას! ასეთი უტიფარი ხელისუფლება, ახლა კი ოპოზიციად წოდებული უტიფარი ჯგუფი ჩვენს ისტორიას არ ახსოვს. და მაინც, ეს არ არის უკან დაბრუნება - ჩვენი საზოგადოება მათ არ უპირისპირდება იმ მეთოდებით, რომლითაც ისინი გვეპყრობოდნენ ამ ათი წლის განმავლობაში. თუმცა თუ ხელისუფლება უმოქმედობას განაგრძობს, რეჟიმის მიერ შეურაცხყოფილი ადამიანები მხოლოდ ლანძღვას აღარ დასჯერდებიან. მოდი, ერთიც ვთქვათ: ისინი ცუდად გვექცეოდნენ, ჩვენ კი, ცუდი იყავიო, ესეც არ უნდა ვუთხრათ? ხომ არ დაგვავიწყდა, რომ პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების მამამთავრები ჭმუნავენ დღეს, თითქოს მათ პოლიტიკური ნიშნით დევნიან! ჩიორას ცხვირი რატომაა უფრო გასაფრთხილებელი, ვიდრე ირაკლი იმნაიშვილის ან პეტრე მამრაძის? ადამიანის უფლებებზე გველაპარაკებიან ის პირები, რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლეს არანაირი ფასეულობა არა აქვს! თუმცა ყველაფერი გაცილებით მარტივია: ისინი ადამიანებად მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევენ, დანარჩენები მხოლოდ მასალას წარმოადგენენ მათი მიზნების აღსრულებისთვის!
- ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილი “მეორედ მოდის”, ახლა უკვე სამოქალაქო სექტორში, და როგორც თავად არაერთხელ განაცხადა, მისი მისია იქნება, დაგვეხმაროს სწორი ანალიზის გაკეთებაში. მოკლედ, გვასწავლოს სწორად აზროვნება. რამდენად რთულ და, ამავე დროს, ამბიციურ მისიას კისრულობს ბატონი ივანიშვილი?
- ის უკვე იყო ამ სექტორში და თავადვე განაცხადა, რომ სწორედ ის აფინანსებდა ხელისუფლებაში მოსულ სააკაშვილს. მართალია, ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს პოლიციის შეიარაღებაში მონაწილეობას, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ სააკაშვილი მას ჩააბარებდა ანგარიშს, რაში ხარჯავდა მიცემულ თანხებს. სწორი ანალიზის გაკეთება არც 2003-ში იყო რთული; “რევოლუციის” სახელით, რეალურად კი სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული აგრესიული უმცირესობა რომ სწორედ ამ სახით წარმართავდა პროცესებს, ამას სწორი აზროვნება და ანალიზი სჭირდებოდა. ივანიშვილს რვა წელი დასჭირდა სწორი ანალიზისთვის, ვის და რას ეხმარებოდა სინამდვილეში. მილიარდერი რომ ამბიციური იყოს, ამაში არაფერია გაუგებარი, მაგრამ ერთია ამბიციური ბიზნესპროექტის განხორციელება და მეორე - საზოგადოების გარდაქმნის პრეტენზია. სხვათა შორის, ამგვარი “ახალი ქართული ჯიშის” გამოყვანას სააკაშვილიც ცდილობდა და “თავისუფლების ინსტიტუტიც”, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. საზოგადოებრივი პროცესები არ ჰგავს ბიზნესში მიმდინარე პროცესებს და მის წესებს არ ემორჩილება. საზოგადოების გარდაქმნას, სულ მცირე, ისეთი იდეოლოგია სჭირდება, რომელიც ფართო მასების მხარდაჭერას მოიპოვებს, მაგრამ არც ვანო მერაბიშვილი იყო კარლ მარქსი და ვერც ივანიშვილი გახდება მაქს ვებერი! ახალი ექსპერტების “შექმნით” ამ ამოცანების გადაჭრა შეუძლებელია. რა უნდა უთხრან მათ საზოგადოებას? ყველაფერი სინამდვილეში ბევრად უკეთესად არის, ვიდრე თქვენ გგონიათო? ამას არ აკეთებდა სააკაშვილი, როცა კონტროლირებადი მედიის საშუალებით ვირტუალური საყოველთაო კეთილდღეობის სურათს ქმნიდა?
- როგორც ამბობენ, თბილისი პატარა ქალაქია და უკვე ყველამ იცის, რომ ივანიშვილი ქმნის არა მხოლოდ “მოქალაქეს”, არამედ კიდევ, მინიმუმ, რვა ასეთ ორგანიზაციას. როგორ ფიქრობთ, ხელოვნურად - მხოლოდ იმის გამო, რომ ეს მას სურს - შექმნილი ახალი “სამოქალაქო სექტორი” რეალურად შეძლებს, იტვირთოს ის მისია, რასაც ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღება ჰქვია?
- ჯერ მოდი, გავარკვიოთ, რით არის ავად ჩვენი საზოგადოება და რისგან უნდა გაჯანსაღდეს? იმისგან, რომ მასზე წლების განმავლობაში მოძალადეებს ფიზიკურად არ უსწორდება და სამართლიანობის აღდგენას სახელმწიფოსგან ითხოვს? ან იქნებ იმისგან, რომ მკვლელობასა და ძალადობას “სახელმწიფო ინტერესებით” არ ამართლებს? თუ ეს ავადობაა, მაშინ სიჯანსაღე რაღა არის? ვერც რვა და ვერც ორმოცდარვა ორგანიზაცია ვერ შეცვლის ადამიანების ჭეშმარიტ სწრაფვას სამართლიანობისკენ, რადგან, სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა! ასეც რომ არ იყოს, ჩვენს თვალწინ, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სააკაშვილის მაღალჩინოსნებმა ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება შექმნეს, გუშინდელი მაღალი რანგის მოხელეები “ენჯეოშნიკებად” და “ჟურნალისტებად” მოგვევლინნენ. ეს უკვე გავიარეთ. მეორე მხრივ, ივანიშვილმა დახურა “მე-9 არხი”, ხოლო მედიის მხარდაჭერის გარეშე ვერანაირი სამოქალაქო აქტივობა შედეგს ვერ მოიტანს. რაც მას ერთი არხის შენახვა უჯდებოდა, მთელი მედიის “მისამხრობად” ნამდვილად არ ეყოფა. “ნაციონალებმა” კი არსებულ რესურსს ახალი მედიასაშუალებებიც დაამატეს და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბრძოლას შეუპოვრად აგრძელებენ. თუ ამოცანა სააკაშვილისა და მისი პარტიის “გადარჩენა” იყო, მაშინ ამ ამოცანის გადაჭრას ეს ყველაფერი ნამდვილად შეუწყობს ხელს.
- ზემოთ ვახსენე “ხელოვნურად” შექმნილი. ადამიანები ინტერესჯგუფებში საკუთარი მსოფლმხედველობითა თუ ინტერესთა თანხვედრის გამო ერთიანდებიან. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კბილაშვილის “დაწუნებული”, ჩუგოშვილ-უსუფაშვილის მიერ მოწონებული და თავად ივანიშვილის მიერ ნაკურთხი “სია”. როგორ ფიქრობთ, ასეთი წესით შერჩეული კადრები ოდესმე შეეწინააღმდეგებიან “პოლიქრონიონის” რაიმე სახის გადაწყვეტილებას?
- უმადური ამოცანაა, წინასწარ განჭვრიტო ადამიანების ქცევა, როცა ხშირად მათ თავად არ იციან, როგორ მოიქცევიან კონკრეტულ ვითარებაში. 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ბევრჯერ გავხდით ივანიშვილის გარემოცვის ცვლილებისა და გადაჯგუფებების მომსწრე. მის კარზე დაწინაურდნენ ისეთები, ვინც მის პოლიტიკაში მოსვლას უპერსპექტივოდ მიიჩნევდნენ და ჩამოსცილდნენ სხვანი, ვინც ყველაფერს აკეთებდა “ქართული ოცნების” გამარჯვებისთვის. საზოგადოებამ იცის ცნობილი პიროვნებების შესახებ, მაგრამ თითქმის არ არის ინფორმირებული იმ “უჩინო” ადამიანების შესახებ, რომლებიც თავს სწირავდნენ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და რომლებსაც სულ მალე “ოცნების” ოფისებში მოკალათებული “ნაციონალები” დახვდნენ, ანუ ისინი, ვის მოსაშორებლადაც იბრძოდნენ... ახლა თუ ვინმე დასვამს კითხვას - ეს ადამიანები ხვალ როგორ მოიქცევიან, პასუხი გაქვთ? მე - არა. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები კი ისედაც ნაჩვევი არიან “პოლიქრონიონს” და არც ახლა გაუჭირდებათ. კომუნისტებს ჰქონდათ ასეთი სლოგანი: “კადრები წყვეტენ ყველაფერსო” და თუ ეს კადრები იგივეა, რა უნდა შეიცვალოს? ყველაფერი ძალიან კარგად და უფრო უკეთესად რომ არის, ამის დამტკიცებას თუ ეცდებიან, მაშინ ადამიანებს საკუთარი მაცივრის კარზეც ბოქლომი უნდა დაუდონ, რომ მათ ფაქტის გადამოწმება ვერ შეძლონ!
- ზოგადად, წინააღმდეგობის გაწევა თვითმიზანი არ არის. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანებს, როგორც თქვენთვისაც კარგადაა ცნობილი, ივანიშვილი პოლიტიკაში ჩასართავად ამზადებს. პოლიტიკაში კი, ცხადია, არის ცალკეული წინააღმდეგობები თუნდაც კულუარულ დონეზე, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. გამოადგება ხელოვნურად “გამოყვანილი” კადრები ქართულ პოლიტიკას?
- ხელოვნურად გამოყვანილს კიდევ რა უშავს, როცა სულ ცოტა ხნის წინ გენმოდიფიცირებული პოლიტიკოსები იყვნენ უმრავლესობაში! სიტყვამ მოიტანა და გენმოდიფიცირებულ მცენარეს, სხვა ბევრთან ერთად, მთავარი ნაკლი ის აქვს, რომ მისი მტვერი სხვა მცენარეებზე გადადის და ნელ-ნელა ანადგურებს ენდემურ ჯიშებს. ქართულ პოლიტიკაში რაღაც ამის მსგავსი მოხდა; “ნაციონალებმა” ოპოზიციაც კი “გადამტვერეს”, ხოლო დღევანდელ მმართველ კოალიციაში სააკაშვილის ყოფილი მეგობრები მრავლად არიან. დღევანდელი პოლიტიკური ელიტა სწორედ ივანიშვილის მიერ არის ხელოვნურად შექმნილი - ნაციონალებისა და იმ პარტიების შემადგენლობით, რომლებიც “ოცნებაში” შეკრიბა. თქვენს კითხვაში არის ლოგიკა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, როგორ აფასებდა ივანიშვილი, მაგალითად, ადეიშვილს: “ჩემს მთავრობაში ის საუკეთესო მინისტრი იქნებოდაო”! ერთი სიტყვით, ახლა ჩვენ “კარგი” ადეიშვილები, მერაბიშვილები და სხვა “ნაციონალები” გეყოლებიან. პოლიტიკაში ჩართვა, ჟარგონით რომ ვთქვათ, “მოსულა”, მაგრამ მერე მათი “გამორთვა” რთულდება ხოლმე. თუ ივანიშვილი ახალი პოლიტიკური ელიტის შექმნას გეგმავს, მაშინ ჯერ უკვე შექმნილისთვის უნდა მიეხედა, მან კი სამოქალაქო სექტორში წასვლა არჩია. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ მოსკოვის პროსპექტზე, უსახლკაროთათვის მოწყობილ კარავში მივიდეს და გაჭირვებულ ადამიანებს უთხრას, ჩაიჩოჩეთ, მეც თქვენნაირი ვარ და აქ უნდა ვიყოო.
- ამბობენ, რომ ივანიშვილის მიერ შექმნილი ახალი ორგანიზაციების ლოკალური მიზანი იმ არასასურველი ექსპერტების, ცალკეული ჯგუფებისა თუ მედიის წარმომადგენელთა “ჩაჩოჩებაა”, რომლებმაც გაბედეს და ცალკეულ საკითხებში ხელისუფლება გააკრიტიკეს. ამ ადამიანებს უკვე მიაკერეს “მტრის” იარლიყი. მაგრამ ეს ეტაპიც ხომ არაერთხელ გამოვიარეთ ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში. როგორ ფიქრობთ, რამდენად სასარგებლოა ეს დამოკიდებულება ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებისთვის? და სწორედ ეს ხომ არ უწყობს ხელს ჩვენი საუბრის დასაწყისში აღნიშნულ საზოგადოებაში არსებულ აგრესიას?
- როგორ გააჩუმო ადამიანები, ეს მართლაც სერიოზული ამოცანაა. ივანიშვილი თავად აცხადებდა, რომ უყვარს კამათი, საწინააღმდეგო აზრის მოსმენა. არ ვიცი, მის გარემოცვაში არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა კამათი ხომ თვითმიზანი არ არის? მთავარია, ვისი სიტყვა იქნება საბოლოო. თავად ივანიშვილის სიტყვით, მთავარია, ვინ შეძლებს ოპონენტის “დარწმუნებას”. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ივანიშვილის “დარწმუნებას” ახერხებდნენ. ამაზე მეტყველებს “სასახლის კარის ინტრიგები”: “უკანანი” “წინანი” ხდებოდნენ და პირიქით. არც “ოცნების” შემადგენლობით იყო ჩვენი საზოგადოება კმაყოფილი, მაგრამ ივანიშვილის ხათრით ბევრზე დახუჭა თვალი. ახლა გამოვიდა, რომ “ხათრის ღირსი” იქ, ანუ მთავრობაში არ არის, საზოგადოებას კი ისინი შერჩა ხელში, ვისაც მხოლოდ ივანიშვილის ხათრით იტანდნენ. საზოგადოდ, მტრის ხატის შექმნას იმდენჯერ ეცადნენ საქართველოში, რომ ამ ცნებამ უკვე აზრი დაკარგა. ასეც რომ არ იყოს, ამ პოლიტიკურ აჯაფსანდალში ვინ ვისი მტერია, ვერ გაიგებ. თუ მტრობაა სიმართლის, ხანდახან ძალიან არასასიამოვნო სიმართლის ლაპარაკი, მაშინ ძალიან ბევრი “მტერი” ჰყოლია ხელისუფლებას. უბრალოდ, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ის უნდა ასრულებდეს საზოგადოების შეკვეთას და არა პირიქით. თუ ხალხი უკმაყოფილოა, ის კი არ უნდა “გადაარწმუნო”, საქმე უნდა აკეთო, ან ის მაინც უნდა აუხსნა, რატომ ვერ ახერხებ. არგუმენტი - “დასავლეთი ვერ გაგვიგებს”, მხოლოდ გუშინდელ ხელისუფლებას ათამამებს. აგრესიაზე მკითხეთ... აგრესია საზოგადოებაში არის, მაგრამ მას ჯერაც იმედი ანეიტრალებს, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება; დამნაშავეს დამნაშავე დაერქმევა, მსხვერპლს - მსხვერპლი, უტიფარი პოლიტიკოსები ოდნავ სინანულს მაინც გამოხატავენ, თუმცა... დავით აღმაშენებლის საფლავზე ფიცის დადება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ “გალობანი სინანულისანი” წაგიკითხავს.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |