|
ამით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ
"ერთ-ერთ სტუდენტს იარაღიც დაადეს და უთხრეს, ხმას თუ ამოიღებ, სხვა დროს ვეღარ გადაგვირჩებიო"
"ჩემს გაჩერებას ვეღარავინ შეძლებს"
რედაქციაში მოსულმა ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილმა თანამშრომელმა ჩვენთან საუბარი ასეთი მოთხოვნით დაიწყო: რასაც მოგიყვებით, არის სკანდალური დანაშაული, მაგრამ წინასწარ უნდა მომცეთ გარანტია, რომ ყველაფერს დაწერთ. ამის გამოქვეყნების მერე დიდი ზეწოლის ქვეშ მოხვდებით. ვისზეც გესაუბრებით, ისინი ყველანაირად ეცდებიან, გაგაჩერონ. უკვე იყო ასეთი ფაქტი სხვა გაზეთში და ისინი გაჩერდნენო. `პრემიერი~ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლის, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორის, ფირან კობიაშვილის სკანდალურ მონათხრობთან დაკავშირებით იწყებს ჟურნალისტურ გამოძიებას. თანმიმდევრულად მოვუსმენთ ყველას, ვისაც ის თავის ჩვენება-მონათხრობში დაასახელებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების მასალებით საბოლოოდ სამართალდამცავებიც დაინტერესდებიან და სამართალი, რომელ მხარესაც იქნება ის, პურს ჭამს.
ფირან კობიაშვილი _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი:
_ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკა-ტელეკომუნიკაცია-რადიოტექნიკის დეპარტამენტში, უფროსი მასწავლებელი ვიყავი. ლექციებსაც ვატარებდი და პრაქტიკულ მეცადინეობებსაც. 2000 წლიდან ამ ინსტიტუტში ვარ დასაქმებული, ანუ დავამთავრე თუ არა, კათედრაზე დამტოვეს. 2008-09 წლების შემდეგ, ამ სასწავლებელში მდგომარეობა რაც იყო, იმაზე მეტად გაუარესდა. ბოლო პერიოდში, ჩვენს დეპარტამენტში, გარკვეული სამუშაო ჯგუფი გრანტებზეც ვმუშაობდით. გვქონდა მიღებული საერთაშორისო გრანტი, რომლის დამფინანსებელიც იყო კანადა. არსებობს ასეთი ორგანიზაციები: `უ-ენ-ტე-ცე~ და `ემ-ენ-ტე-ცე~, ანუ უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი და საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრი. ორივე არის შუამავალი რგოლი უცხოურ დამკვეთებთან, რომლებიც სამეცნიერო თემებს გრანტით აფინანსებენ. ისინი ასეთ საქმიანობას ახორციელებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. არსებობს შრომის საერთაშორისო განაწილება, რა ფორმითაც დიდ შეკვეთებზე ხდება მუშაობა. ვთქვათ, ქმნიან რაღაც ტექნიკას. სამუშაო თემები და სფეროები იყოფა და სხვადასხვა ქვეყნების ინსტიტუტებს ეძლევათ დასამუშავებლად, რადგან მას მხოლოდ ერთი ჯგუფი ვერ გააკეთებს. საჭიროა სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე სამეცნიერო ჯგუფი, ამ ორგანიზაციებს კი აქვთ ასეთი ჯგუფების შესახებ ინფორმაციები. ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის შესახებაც იცოდნენ. დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რას ითხოვდნენ დამკვეთი დონორები და შეგვეძლო თუ არა ჩვენ მისი გაკეთება. როცა თანხმობა მიიღეს, მერე ხელშეკრულებების საკითხებიც მათ მოაგვარეს როგორც ჩვენს მხარესთან, ასევე დონორებთან. ამ ფორმით ჩვენს ჯგუფს უკვე ჰქონდა ორწლიანი კონტრაქტი თემაზე: ელექტრომაგნიტურად თავსებადი საანტენო სისტემების მოდელირება. ვაკეთებდით გათვლებს, თანამგზავრზე როგორ უნდა განთავსებულიყო ანტენები და ა.შ. დონორი იყო ევროკავშირი, კანადა. ეს თემატიკა გახლავთ განგრძობადი, ახალ-ახალი იდეები ჩნდება და ერთ ადგილზე გაჩერება შეუძლებელია. ახალი პროექტების განხილვა ხდება წელიწადში ორჯერ და ჩვენც შუამავალ ორგანიზაციებში უკვე შეტანილი გვაქვს ახალი განაცხადები. ალბათ, პასუხიც მალე გვექნება. უცხოური სამეცნიერო ფონდებისა და გრანტების გარდა, არსებობს ქართული სამეცნიერო ფონდი და გრანტები. რამდენიმე წლის წინათ იყო ორი ფონდი _ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული ფონდი და ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ორივე განათლების სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ მერე გამოეყვნენ სამინისტროს და ახლა სპორტის სასახლესთან, მათემატიკის ინსტიტუტი რომ იყო, იქ სხედან. ისინი გაერთიანდნენ, დამოუკიდებლობა მიიღეს და ახლა ჰქვიათ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული საგრანტო ფონდი. ფონდის თანამშრომლები და წევრები დარჩნენ იგივე, ვინც ადრე იყო. იგივე რექტორები და მეცნიერები შედიან კომისიებში.
_ კონკრეტულად ვინ არიან ამ ფონდის კომისიის წევრები?
_ ვინ და უნივერსიტეტის რექტორები და მათთან დაახლოებული პირები. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილიც არის საგრანტო კომისიის წევრი და მასთან დაახლოებული სხვა პირებიც. იცით, დაახლოებით რა სიტუაციაა შექმნილი? კაცმა საკუთარ თავთან რომ გააფორმოს ხელშეკრულება, რადგან საკმაოდ ბევრ გრანტს იღებენ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფები. როცა საგრანტო თემას წარადგენ, ცხადია, იქ უთითებ კიდეც სათავო ორგანიზაციას, ანუ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს, რის შემდგომაც ამ ორგანიზაციასაც გრანტიდან წილი ეკუთვნის, მას ზედნადებ ხარჯს უწოდებენ. ფრანგიშვილი იმ ფონდიდან ხომ იღებს ხელფასს, პოლიტექნიკურიდანაც რექტორობისთვის, ასევე წილებშია უნივერსიტეტის ნებართვით გაცემულ გრანტებში. 10 პროცენტი `სტავკა~ აქვს დაწესებული ტექნიკურ უნივერსიტეტს ყველა სამეცნიერო გრანტის მიმღებისთვის. ერთი და იგივე კაცი რომ ყველგანაა, ახლა თქვენ მითხარით, ეს არ არის კორუფციისა და ე.წ. `ატკატების~ საფუძველი და წყარო?! ფონდის წევრებს, როგორც ვიცი, განათლების სამინისტრო ნიშნავდა. ამჟამინდელი გუნდიც რამდენიმე წლის წინათ, ნაციონალების პერიოდში დაინიშნა, მაგრამ ახალი ხელისუფლების დროსაც არც ერთისთვის ხელი არ დაუკარებიათ და არ შეუცვლიათ. ფრანგიშვილის გარდა, იქ არის ასევე ოლეგ ნამიჭეიშვილი, ფრანგიშვილთან დაახლოებული პიროვნება, რომელიც ინფორმატიკის ფაკულტეტის პროფესორია. ყველა ინსტიტუტის რექტორატიდან არიან ამ კომისიებში და ეს ფონდი აფინანსებს ამ ინსტიტუტის თანამშრომლებს გრანტებით, საიდანაც ფული ასევე მიდის ინსტიტუტში. ამით იმის თქმაც მინდა, რომ მიიღებ თუ არა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტს, განისაზღვრება ერთი რამით _ რა დამოკიდებულებაში არიან გრანტის მსურველი თანამშრომლები ინსტიტუტის რექტორთან. სქემა ასეთია: საგრანტო განაცხადი დამუშავების მერე მიგაქვს რექტორთან. მან უნდა მოგცეს ვიზირება, რომ წარდგენა მოხდეს ფონდში, სადაც ისევ უნდა დახვდეს მას ეს რექტორი. რექტორის `სასტავსა~ თუ ხროვაში თუ არ ხარ, გამორიცხულია, ვინმემ გრანტი მოგცეს, რაც უნდა მაგარი აღმოჩენა გააკეთო.
გასული წლის იანვარში რუსთაველის ფონდს გამოცხადებული ჰქონდა საგრანტო კონკურსი. ჩვენი თემა ამჯერადაც იყო ანტენებზე, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავდებოდა კანადური გრანტის თემისგან. ეს იყო ანტენები ძალიან გაუმჯობესებული ვარიანტით, რადგან ამჯერად ტალღას ჰქონდა ერთი შესასვლელი და მერე ის მართვადი ხდებოდა. ეს ძალიან დიდი აღმოჩენაა. ასეთი თემების შექმნა რომ არ შეგვეძლოს, კანადა და ევროკავშირი არ დაგვაფინანსებდნენ, არც ჩვენით დაინტერესდებოდნენ.
_ ამჯერად ხომ ქართული ფონდი გაფინანსებდათ, რა შუაშია კანადა?
_ ქართულ სამეცნიერო ფონდს შეუძლია, ჩვენი დამუშავებული ნაშრომები სასურველ ფასად გაყიდოს. ასე მუშაობენ ასეთი ფონდები _ აფინანსებენ სამეცნიერო ნაშრომებს და მერე ყიდიან. მათ დებულებაში ისიც წერია, რომ ფონს უფლება აქვს, დაფინანსების შემთხვევაში თემა გამოიყენოს, როგორც საკუთრება. ფონდის კომისიაში რომ მოხვდე, ის უფრო რთულია, ვიდრე რომელიმე მაღალი თანამდებობრივი სკამი, რადგან იქ დიდი ფული ტრიალებს. ისინი სხვა უამრავი თემატიკის ნაშრომს აფინანსებენ, მაგრამ მერე ამ ნაშრომების ბედი აღარავინ უწყის. იქ მომუშავე ადამიანებს საკუთარი პიროვნებებიც უზენაესებად ჰყავთ წარმოდგენილი, რაც, ფაქტობრივად, ასეც არის. თუ თემა შეიტანე და მერე რაიმე საეჭვო კითხვა დასვი, მაგალითად, იკითხე, რა ბედი ეწია ჩემს ნაშრომსო, ჩათვალეთ, რომ გრანტს ვეღარასდროს მიიღებთ. თითოეული კვლევა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კუთხით ტარდება და ცალ-ცალკე 50 ათას ლარით ფინანსდება. გრანტზე მუშაობა კი ორი წელი მიმდინარეობს. იანვარში ამ საგრანტო ფონდმა გამოაცხადა კონკურსი. თავიდან სათავო ოფისს უნდა შეერჩია თემები. კვოტაც იყო დაწესებული, თითოეული უნივერსიტეტიდან 16 თემა უნდა წასულიყო ფონდში, ამიტომ უნივერსიტეტშივე უნდა მოეხდინათ გაცხრილვა. სულ 28 თემა შევიდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისგან რექტორატში. მინდა იცოდეთ, რომ ფრანგიშვილის გარეშე ამ უნივერსიტეტში არაფერი წყდება და ცხადია, არც სამეცნიერო თემების დახარისხებას ჩაუვლია უიმისოდ. პრორექტორმა მითხრა, რადგან თემების რაოდენობა 16-ს გადაცდა, ჩავატარებთ მოსმენას. რომელი თემა იქნება უკეთესი, ამას ერთად გადავწყვეტთო. საჯარო პრეზენტაცია უნდა ჩატარებულიყო და ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის ავტორს წარედგინა საკუთარი ნაშრომი. ორი კვირა მოლოდინში გავატარე, მაგრამ როცა მერეც არ დამიკავშირდნენ, მივაკითხე ჯერ უნივერსიტეტს, მერე ფონდს, სადაც გავიგე, რომ ჩვენი უნივერსიტეტიდან უკვე მიიღეს 16 თემა, მაგრამ მათში ჩემი არ იყო. დავბრუნდი უნივერსიტეტის პრორექტორთან სამეცნიერო დარგში, ზურა გასიტაშვილთან და ვკითხე, ხომ შემპირდით, რომ პრეზენტაციას ჩაატარებდით და ასე რატომ მოიქეცით-მეთქი? მიპასუხა, რა ვქნა, ვერ ვასწრებდით, ამიტომ დავსხედით მე და ფრანგიშვილი და თემები გადავარჩიეთო. საქმე ისაა, რომ დედლაინი, ანუ თემის მოკლე მიმოხილვა შეტანილი არ მქონია, მივუტანე, ზოგადად, რასაც ეხებოდა თემა და პროექტის მონაწილეთა გვარ-სახელები. ამით ისინი ვერ განსაზღვრავდნენ, თემა კარგი იყო თუ ცუდი. ამის შემდეგ ოფიციალურად, კანცელარიით მოვითხოვე, მოეცათ პასუხი, როგორ მოხდა საგრანტო თემების შერჩევა უნივერსიტეტში. რამდენიმე დღეში მოვიდა ჩემთან პიროვნება, რომელიც ჩემთანაც ახლოს იყო და პრორექტორ გასიტაშვილთანაც და მითხრა, სჯობია, ეგ განცხადება გამოიტანო, თორემ პრობლემა შეგექმნებაო. დამემუქრა და მერე ამისრულეს კიდეც ეს მუქარა.
_ ეს პიროვნება ვინ იყო და მუქარა როგორ აგისრულეს?!
_ ეს ადამიანი არის მიხეილ მახარაშვილი. ის არ არის ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომელი, მაგრამ, როცა ევროკავშირის გრანტი გვქონდა, რექტორატმა დაგვავალა, ჩვენი კაცი უნდა ჩასვათო. გვეჯდა და იღებდა ფულს, მეტს არაფერს აკეთებდა. როგორც თქვენ არ გაგიკეთებიათ ამ გრანტში არაფერი, ისე არ გაუკეთებია მას. ხანდახან შემოივლიდა და კომპიუტერზე თამაშობდა, ეს იყო და ეს. ამაში კი ყოველთვიურად 200-300 დოლარს იღებდა. ამ პროექტზე 21 კაცი ვმუშაობდით და ყველა დამემოწმება, რომ მახარაშვილი იქ ჩასმული იყო და არაფერს ქმნიდა. სულ ამბობდა, რომ ზურა გასიტაშვილის ბიძაშვილი იყო. ორი მათი ახლობელი ადამიანის ჩასმა უნდოდათ რექტორატიდან ამ გრანტში, მაგრამ ერთზე მეტი არ ჩავსვით. რადგან ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები ვიყავით, ამ სამუშაოსთვის ორი ოთახი გვქონდა გამოყოფილი და უნივერსიტეტის სახელით იყო ჩვენი თემა გაგზავნილი, ჩათვალეს, რომ ყველაფერი უნდა გაებედათ. ისინი თვლიან, რომ თავად ფრანგიშვილი არის ტექნიკური უნივერსიტეტი. ვინც უნივერსიტეტის სახელით სარგებლობს, ვალშია ფრანგიშვილ-გასიტაშვილთან და ა.შ. ასე ხდება დღესაც ამ უნივერსიტეტში, ვინც ფრანგიშვილს არ მოსწონს, იმას არც ახარებს. ჩემი მაგალითით თანამშრომლებს ეს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა. როცა ჩემთან მოვიდა პიროვნება და დამემუქრა, მაშინ მან ისიც მითხრა, ზაფხულში ტარდება აკადემიური პერსონალის კონკურსი, იქ პრობლემა რომ არ შეგექმნას, ამიტომ გაჩერდიო. პირდაპირ ვუთხარი, რა გინდათ, ფრანგიშვილს უნდა მოვეფერო თემის გამო, თუ რა ხდება-მეთქი?! მოკლედ, გაცხადება მაინც არ გამოვიტანე კანცელარიიდან და ფრანგიშვილის სახით მართლაც დიდ კედელს დავეჯახე.
_ რა დაგმართათ ფრანგიშვილმა, ბოლოს და ბოლოს, მეტყვით თუ არა?
_ ჩემსა და მათ შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რადგან დავინტერესდი მისი სხვა საქმიანობებითაც. 2009 წლიდან არის ფრანგიშვილი რექტორი და მეც ამ დროის რაღაც საბუთები მოვითხოვე. მაგალითად, მოვითხოვე საშტატო განრიგი. ამ პიროვნების მოსვლამდე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში 120-130 კაცი მუშაობდა, დღესდღეობით კი 600 კაცზე მეტია. ნაციონალებითა და ყოფილი ნაციონალებით არის გაბერილი შტატები. ერთ-ერთი არის ზაზა სიორიძის მამა. იგი მრჩევლად არის დანიშნული. საშტატო განრიგში ბევრი საინტერესო გვარია, ამიტომ მე ამ სიას მოგიტანთ და მერე გავარჩიოთ, ვინ ვინ არის. მკითხველი ამ სიის გაცნობის შემდეგ ბევრ რამეს მიხვდება. იქ ისეთი ხალხი წერია, ისეთები იღებდნენ ხელფასს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომლებიც იქ არასდროს არავის უნახავს. ამ დოკუმენტებს თავდაპირველად არ მაძლევდნენ. მერე მივწერე, რა ხდება-მეთქი?! სხვა კითხვებიც დავსვი და უცნაური პასუხები მივიღე ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან. მაგალითად, მივწერე, დარბაზს როდის ეცლება, პრესკონფერენცია მინდა მოვაწყო-მეთქი. ვფიქრობდი, ამ ყველაფერს იქ ჟურნალისტებს ვეტყოდი, მაგრამ მიპასუხეს, ეს საკითხი ეხება რექტორატს და აკადემიურ პერსონალს ამ კითხვის დასმის უფლება არ აქვსო. ასევე ვიკითხე, ტექნიკური უნივერსიტეტის საიტზე ინფორმაციები უკვე მომხდარ ფაქტებზე რატომ იდება, როცა სხვა უნივერსიტეტები ანონსებს ბეჭდავენ, წინასწარ ატყობინებენ ყველას, რაც უნდა ჩატარდეს-მეთქი?! ამაზეც მიპასუხეს, არავინ გეკითხებაო. მერე უკვე ფრანგიშვილმა დაარტყა ხელი და თქვა, მაგან აქ არ უნდა იმუშაოსო.
_ ეს კონკრეტულად ვინმეს უთხრა?
_ დიახ, ჩემი დეპარტამენტის უფროსს, ნოდარ უღრელიძეს. ის დაამოწმებს, რომ ეს ასე იყო. ის კარგი ადამიანია და იცის, რომ სიმართლისთვის ვიბრძვი. ყველაფრის საქმის კურსში ისიც არის. ბატონმა ნოდარმაც უთხრა კიდეც, როგორ გავუშვა კაცი სამსახურიდან, როცა სამართლიანად ითხოვს ყველაფერსო?! გარდა ამისა, კათედრაზე ჩემი მოთხოვნით მოვიწვიეთ საბჭოს სხდომა, დავსვით 11 პროფესორი, რომლებმაც განიხილეს ჩემი საქმე. მათ წინასწარ ვუთხარი, თუ მე ვარ რაიმეში დამნაშავე, აქვე ვაცხადებ, რომ მივდივარ სამსახურიდან, მაგრამ თუ ვარ მართალი, შევადგინოთ ოქმი, რომელიც ჩემს სიმართლეს დაადასტურებს-მეთქი. ყველა დამთანხმდა, რომ მართალი ვიყავი, მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი აზრის გამოხატვისგან. დოკუმენტურად დავულაგე ამ ხალხს ყველაფერი. წეღან გითხარით, რომ უნივერსიტეტიდან ფონდში გაუშვეს 16 თემა. ერთ თემაზე შეეშალათ და ისეთი ადამიანი ჩასვეს ხელმძღვანელად, რომელსაც ხარისხი არ ჰქონდა, ამიტომ ის ამის გამო დაიწუნეს, დანარჩენი 15 დაამტკიცეს და ყველა მათგანზე გამოყვეს გრანტი. ამ თემების ავტორები იყვნენ ფრანგიშვილ-გასიტაშვილის კასტის ახლობლები.
_ რაში გადაიზარდა თქვენი და ფრანგიშვილის დაპირისპირება?
_ ზაფხულში გამოცხადებული იყო აკადემიური პერსონალის, პროფესურის შესარჩევი კონკურსი ჩვენს უნივერსიტეტში. როცა საბუთები შევიტანე, ჯერ კიდევ უფროსი მასწავლებელი ვიყავი. ახლა აღარც ის არ ვარ. რადგან ვიყავი ასისტენტ-პროფესორი და კარიერის უფრო მაღალი საფეხური მეკუთვნოდა. ამით მეცნიერული მუშაობის საშუალებაც მომეცემოდა და სტუდენტებთან უკეთ მუშაობისაც. აქაც წინასწარ იყო განსაზღვრული, რამდენი ადამიანი უნდა მიეღოთ, მაგრამ ერთი ადამიანით მეტს ჰქონდა განაცხადი შეტანილი და ასე დამტოვეს გარეთ სწორედ მე. ჩემს ნაცვლად ჯოხს რომ მიეღო მონაწილეობა, იმას დანიშნავდნენ. ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შერჩეული კომისია წყვეტს ამ საკითხსაც და რადგან ფრანგიშვილი დამიპირისპირდა, ვინ გაბედავდა ჩემი საქმის დადებითად გადაწყვეტას?! ამ კომისიამ დიდი დარღვევებით იმუშავა, მაგრამ ეს კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა და თუ დაინტერესდებით, იმასაც აგიხსნით, რა და როგორ გააკეთეს. ამჯერად კი გეტყვით, რომ ჩაატარეს ფსიქოტესტი, რომელიც არსად არ იყო გამოცხადებული. რატომ ჩაატარეს, კაცმა არ იცის. შემოიტანეს ტესტი, სადაც იყო 20 შეკითხვა და ამით უნდა განესაზღვრათ, რამდენად მდგრადი პიროვნება იყავი. მე მოგიტანთ ამ ტესტს და შეფასება თქვენ გააკეთეთ. ნონა დარასელია, რომელსაც მე-16 კაცად მიაღებინეს მონაწილეობა კონკურსში, ჩვენი უნივერსიტეტიდან არ იყო. ამ საქმეში დისერტაცია კი აქვს დაცული, მაგრამ გამოქვეყნებული აქვს წიგნი ფიზიკის სახელმძღვანელო სკოლებისთვის და ის საკითხი, რაშიც დისერტაცია აქვს დაცული, არასდროს უსწავლებია. კონკურსის პირობებში მითითებული იყო, რომ კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მიხედვით მოხდებოდა პიროვნებების შერჩევა. დარასელიას კვალიფიკაცია ჰქონდა, მაგრამ კომპეტენცია _ არა. ხომ გითხარით, არც ერთი ლექცია არ ჰქონდა წაკითხული ელექტროდინამიკა-ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელება საანტენო სისტემებში. მე და მას გვქონდა მხოლოდ ამ საგანზე შეტანილი განაცხადი და მაინც მას გაამარჯვებინეს. შედეგების გამოცხადებამდე განათლების სამინისტროს მივმართე წერილით, რადგან დაპირისპირებული ვარ უნივერსიტეტის რექტორთან, შეიძლება ზეწოლას ჰქონდეს ადგილი, გთხოვთ, გაგზავნოთ თქვენი წარმომადგენელი, რომელიც კომისიის მუშაობას დააკვირდება-მეთქი. პასუხად მივიღე, უნივერსიტეტი დამოუკიდებელია და მისი უფლებაა, ვის შეარჩევსო. ეს ის პერიოდი იყო, როცა განათლების მინისტრს, მარგველაშვილს გაუჩნდა ბენდუქიძის უნივერსიტეტთან პრობლემები და სასწრაფოდ მომიცილეს თავიდან. კომისიამ მართლაც გარეთ დამტოვა. ეს მოხდა აგვისტოში, 2 სექტემბერს კი ყველა თანამშრომელს გაგვივიდა უკვე არსებულ თანამდებობაზე ხელშეკრულების ვადა. მე არც უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე აღარ გამიგრძელეს ხელშეკრულება. სხვა მიზეზი რომ ვერ მომინახა ფრანგიშვილმა, მუქარა ასე შემისრულა და თავიდან მომიცილა. ფრანგიშვილთან დასმულ კითხვას შევეწირე. თურმე არ უნდა მეკითხა, ჩემს საგრანტო თემაზე პრეზენტაცია რატომ არ ჩაატარეთ და გვერდით ისე რატომ გადადეთ-მეთქი?! დღეს უმუშევარი ვარ ამ კაცის დამსახურებით. სამაგიეროდ, მას დასაქმებული ჰყავს 600 ადამიანზე მეტი, რომლებიც არაფერს იქ არ უკეთებენ და მხოლოდ ხელფასებს იღებენ. კულუარებში ის ამას ნაციონალებს აბრალებს, _ მავალებდნენ და რა მექნაო, მაგრამ ყველა მათგანი დღემდე ინარჩუნებს ამ სკამს. სიებს რომ დაბეჭდავთ მომდევნო ნომერში, მერე გაირკვევა, ვინ რას ავალებს, ან რატომ ივალებს ფრანგიშვილი.
ჩემს გაჩერებას ვეღარავინ შეძლებს. ახლა თქვენთან მოვედი და მინდა სრულად დავდო ყველა დოკუმენტი. თქვენს შემდეგ მივმართავ სამართალდამცავებს და, ალბათ, უკვე ისინიც დაინტერესდებიან ამ უნივერსიტეტში შექმნილი მდგომარეობითაც და იმითაც, რაც სამეცნიერო გრანტების ირგვლივ ხდება. ასევე, დიდძალი ქონებაა უნივერსიტეტიდან გასხვისებული ფრანგიშვილის დროს და ამაზეც დოკუმენტურად გესაუბრებით. მოგიყვებით იმ ფაქტზეც, რომლის მერეც ფრანგიშვილი არა თუ რექტორად, განათლების სისტემასთანაც არ უნდა მიუშვან.
_ ასეთი რა იცით, ახლა გვითხარით...
_ ალბათ, გახსოვთ, 2011 წელს სტუდენტებმა პრეტენზია გამოთქვეს რექტორისა და ადმინისტრაციის საქმიანობაზე. ისინი გაფიცვასაც აპირებდნენ, მაგრამ დასტაცეს ხელი, ჩაყარეს მანქანებში და ქალაქგარეთ, ტყეში ჩამოყარეს ღამით, სიცივესა და წვიმაში. ერთ-ერთ სტუდენტს იარაღიც დაადეს და უთხრეს, ხმას თუ ამოიღებ, სხვა დროს ვეღარ გადაგვირჩებიო.
_ იცით, ვინ დაადო იარაღი?
_ დიახ, ვიცი. უნივერსიტეტის დაცვის უფროსმა. ის პიროვნება დღესაც დაცვის უფროსია. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ის, რაც სტუდენტებს გაუკეთეს, ფრანგიშვილის გარეშე მოხდა და მან ეს წინასწარ არ იცოდა, ან მისი დაგეგმილი არ იყო. სტუდენტები თავადაც მოგიყვებიან რა და როგორ მოხდა.
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი "პრემიერი"
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |