|
22 დღეში შიდსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სერგო ჩიხლაძე: “მოდუნებისა და მშვიდად ყოფნის უფლება არ გვაქვს”
საქართველოში ყოველდღიურად შიდსით ერთი ადამიანი ინფიცირდება. ასეთია სტატისტიკა, რომელსაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი აქვეყნებს. 2014 წლის 22 იანვრის მონაცემებით, გამოვლინდა 22 ახალი შემთხვევა. მათივე მონაცემებით, აივ-მკურნალობაზე 2092 პაციენტი იმყოფება. 22 იანვრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 4153 შემთხვევა. აქედან 3047 მამაკაცია, ხოლო 1106 _ ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2498 პაციენტს, 897 გარდაიცვალა. “მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო აივ-ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორე მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ-ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 6000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია”, _ აცხადებენ ცენტრში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში აივ-ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. არის თუ არს ეს სტატისტიკა საგანგაშო? “პრემიერი” მედიცინის დოქტორს, აშშ-ის ტულენის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს, ჰ. ჰამფრის სტიპენდიანტს სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა.
_ შიდსით ინფიცირებულთა რიცხვი 6000-ს უტოლდება და მიმდინარე წლის მონაცემებით, 22 დღეში 22 ადამიანი დაავადდა, ანუ დღეში 1 ადამიანი შიდსით ინფიცირდება. ეს ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა სტატისტიკა იზრდება, რა არის ამის მიზეზი?
_ დიახ, ფაქტია, რომ აივ-ინფიცირებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს და საქართველო მიეკუთვნება იმ 9 ქვეყნიდან ერთ-ერთს, სადაც ახლად ინფიცირებულთა რიცხვი, 2001 წელთან შედარებით, მომატებულია 25%-ით და მეტით. ამავე დროს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურ რიცხვებში ეს ჯერ კიდევ არ აღწევს დიდ მაჩვენებელს და საქართველო კვლავ რჩება დაბალი პრევალენტობის მქონე ქვეყნად. მეორე საკითხია, რომ, თუ ინფიცირების რიცხვის მატება მსგავსი ტემპით წავიდა, შესაძლებელია, 10 წელიწადში ისეთივე მაჩვენებლების წინაშე დავდგეთ, როგორიც არის უკრაინაში, მაგალითად, ან რუსეთში. რა არის ინფიცირების ზრდის მიზეზი? აქ უპრიანია, ვისაუბროთ მიზეზთა ერთობლიობაზე, როგორებიცაა ინექციური ნარკომანიის მაღალი მაჩვენებელი, კონდომების მოხმარების მეტად დაბალი მაჩვენებელი. უნდა ითქვას, რომ კონდომების მოხმარების კულტურა ჯერ კიდევ ვერ დამკვიდრდა ჩვენთან სათანადო დონეზე, მიუხედავად მრავალი საგანმანათლებლო პროგრამისა თუ აქციების არსებობისა. კიდევ ცალკე მიზეზად გამოვყოფდი აივ/შიდსთან ასოცირებულ სტიგმას, რომელიც არსებობს მოსახლეობის დიდ ნაწილში და დაკავშირებულია განათლებისა და ასევე, ტოლერანტობის დაბალ დონესთან ჩვენს საზოგადოებაში. თავისთავად, მძიმე ეპიდემიური სიტუაციაა მეზობელ ქვეყნებში და მიგრაციული პროცესები, ასევე, თამაშობს თავის როლს.
_ რამდენად საგანგაშოა ეს მაჩვენებელი? თავად ცენტრი აღნიშნავს, რომ 6000 ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უკვე სოლიდურია...
_ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თვითონ რიცხვი ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის, საგანგაშოა მატების მეტად მტკიცე ტენდენცია და ის, თუ რა რიცხვი გვექნება თუნდაც 5 ან 10 წელიწადში, თუ მატება ასეთი ტემპით გაგრძელდა. კიდევ ერთხელ დავსძენ, რომ აივ-ინფექციის მხრივ საქართველო მიეკუთვნება დაბალი პრევალენტობის ქვეყანას, ანუ უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, ქვეყანას, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი საგანგაშო არ არის ეპიდემიოლოგიური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით.
_ შიდსის მკურნალობა სახელმწიფო პროგრამებით არ ფინანსდება, სხვა ქვეყნების მაგალითი როგორია?
_ აივ/შიდსის მართვის ფარგლებში სახელმწიფოსაც შეაქვს თავისი წვლილი. ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ მონაწილეობს, თუმცა ლომის წილი მაინც მოდის უცხოურ დონორ ორგანიზაციებზე, როგორიცაა გლობალური ფონდი, USAID და სხვები, რომლებიც, ასევე, მონაწილეობენ პრევენციის საკითხების დაფინანსებაში. რაც შეეხება სხვა ქვეყნების მაგალითებს, აქ განსხვავებული სურათებია. ზოგადად, ტენდენცია ისეთია, რომ, რაც უფრო განვითარებულია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო მეტ თანხებს გასცემს სახელმწიფო აივ-ის როგორც პრევენციაზე, ასევე შიდსის მკურნალობაზე. საქართველოში საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია ხარჯავდა და ხარჯავს თანხებს აივ/შიდსის სფეროში და შესაბამისად, სახელმწიფოს ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად “მოშორებული” ჰქონდა. მაგრამ დღესდღეობით შეიმჩნევა ტენდენცია, რომ დონორი ორგანიზაციები ამცირებენ ამ თანხების ხარჯვას საქართველოში, რაც ბუნებრივიცაა, დგება მომენტი, როდესაც სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს საკუთარი მოქალაქეების ჯანდაცვაზე ზრუნვა (აივ/შიდსის მიმართულებით). ჩვენ ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ ყველა იმ ორგანიზაციისა თუ მთავრობის, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე აფინანსებდნენ და დღესაც აფინანსებენ ამ სფეროს და უახლოეს მომავალშიც გააგრძელებენ, ალბათ, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, სახელმწიფოს აუცილებლად მოუწევს, უფრო მეტი ტვირთი აწიოს როგორც ფინანსების, ასევე მენეჯმენტის თვალსაზრისით.
_ დღეს თუ ტარდება საქართველოში სათანადო ღონისძიებები დაავადების მინიმალიზაციისა და პრევენციისთვის?
_ დიახ, საქართველოში არაერთი ორგანიზაცია მუშაობს აივ/შიდსის პრევენციის კუთხით. პრევენცია ხორციელდება როგორც ზოგადად მოსახლეობაში, ასევე დაინფიცირების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფებში. მიმდინარეობს საგანმანათლებლო მუშაობა, ტესტირება, კონსულტირებები. ვფიქრობ, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენილები არიან საქართველოში, საქართველოს შიდსის ცენტრი მეტად ეფექტურად მუშაობენ და კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან. თუმცა, კიდევ ერთხელ დავსძენ, რომ მოდუნების და მშვიდად ყოფნის უფლება არ გვაქვს.
ლაშა ნოდია, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |