

|
საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “დაბრუნდა”. “სამოქალაქო სექტორში” დიდი ხნის წინათ დაანონსებული “შემოსვლა” ერთი შეხედვით უღიმღამო, თუმცა მრავლისმეტყველი აღმოჩნდა და მის მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, ან სულაც ჩვენი საზოგადოების რიგით წევრებს არაერთგვაროვანი განცდები დაუტოვა. უმთავრესი ზიანი საწყის ეტაპზე ივანიშვილმა პრემიერ ღარიბაშვილს მიაყენა, როდესაც მისი გამონათქვამი ეკონომიკაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეცდომად მიიჩნია და ბრიუსელში მყოფმა პრემიერმაც ლამის დანაშაულში ამხილა საკუთარი თავი. ეს გულწრფელი აღიარება ხელისუფლების სტრუქტურის ლუსტრაციის თვალსაჩინო მაგალითად იქცა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საკუთარი პრესკონფერენციიდან მხოლოდ დროის 1/5 დაუთმო ექსპრემიერმა “მოქალაქის” პრეზენტირებას, დანარჩენი დრო კი შესრულებულ დაპირებებზე, ნათელი მომავლის შენების გაუგებარ თეორიებზე სჯა-ბაასსა და მუქარას მოანდომა, ცხადი ხდება, რომ, როგორც ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ, ქვეყანას რეალურად ივანიშვილი მართავს. თუმცა ეს ხომ იმთავითვე ცნობილი იყო, როცა ჯერ კიდევ პრემიერობის დროს განაცხადა, “კარგი მენეჯერები” შევარჩიეო.
ექსპერტების ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში შემოსვლაზე აქცენტს “ქართველ დონორზე” აკეთებენ, ოდნავ გულუბრყვილოდ გამოიყურებიან. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ივანიშვილი ფულს ქვეყნის ფარგლებს გარეთ შოულობს, და ის ისევეა საქართველოს მოქალაქე, როგორც საფრანგეთის. უფრო მეტიც, ამ ექსპერტების შევახსენებ, რომ, თუ “ქართველ დონორზეა” საუბარი _ ივანიშვილი წლების განმავლობაში იყო წინა ხელისუფლების “ქართველი დონორი” და არამხოლოდ ხელისუფლების. და როგორც თავადაც არაერთხელ აღუნიშნავს, მასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხებიც თანხმდებოდა _ ე.ი. თამაშის წესებს განსაზღვრავდა.
ექსპრემიერმა ჯერ კიდევ პრემიერობის დროს განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორში მისი მიზანი იქნებოდა მოსახლეობის, მისი საზოგადოებრივად აქტიური ფენის დახმარება სწორი ანალიზის უნარის ფორმირებაში. პრეზენტაციაზე მან საზოგადოების, მოსახლეობის მიერ მთავრობის “დაქირავნების თვისების” ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ისაუბრა. მიმდინარე ეტაპზე ცოტათი ძნელად გასაგებია, რას გულისხმობდა ბატონი ივანიშვილი ამ თვისებაში, რადგან საქართველოს უზენაესი კანონით საქართველოს მოქალაქეებს მინიჭებული აქვთ მთავრობის დაქირავების უფლება არჩევნების გზით. თუმცა დროთა განმავლობაში, იმედია, ამ ახალი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ტერმინის განმარტებასაც ვიხილავთ პრაქტიკაში.
მიმდინარე ეტაპზე ბატონი ივანიშვილი მზად არ არის, დაასახელოს კონკრეტული ციფრი, რა თანხა მოხმარდება მის საქმიანობას სამოქალაქო სექტორში და კონკრეტულად მედიის გაკონტროლებასა და ახალი ექსპერტების შექმნას. ეს, ცოტა არ იყოს, დამაფიქრებელი გარემოებაა, რადგანაც, როდესაც მიზანი გარკვეულია და სტრატეგიაც განსაზღვრული, მისი რეალიზებისთვის გასაწევი სავარაუდო ხარჯების დათვლა მილიარდერს არ უნდა გასჭირვებოდა. აქედან გამომდინარე, არც ის მოსაზრებაა საფუძველს მოკლებული, რომელიც ექსპერტების ერთმა ნაწილმა გაახმოვანა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ეტაპზე ივანიშვილისთვისაც საკმაოდ ბუნდოვანია, როგორ მიაღწევს საკუთარ მიზნებს.
ბატონი ექსპრემიერის მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული მოსაზრება მედიის გაკონტროლებასთან დაკავშირებით და უშუალოდ პრესკონფერეციის დროს ცალკეული ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართ გამოთქმული, რბილად რომ ვთქვათ, “დამამცირებელი” გამონათქვამების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი მედიაზე ახალ იერიშს აპირებს. პირველი მან ხელისუფლებაში მოსვლამდე და მოსვლისას განახორციელა, როდესაც საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს არაერთი მედიასაშუალება დაუქვემდებარა _ ზოგიერთი საკუთარი ფულით, ზოგიც საბიუჯეტო სახსრებით დააკმაყოფილა. სავარაუდოდ, ამჟამად იერიში იმ მედიაზე იქნება მიტანილი, რომლებიც იმთავითვე არ დაემორჩილნენ მედიის დამორჩილების ხუხაშვილ-ყანდიაშვილისეულ სქემას.
თუმცა უმთავრესი კითხვა, რომელიც მედიასაშუალებებთან მიმართებაში ჩნდება, ასე ჟღერს: ივანიშვილი ფლობდა “ტვ9”-ს, “ინფო9”-ს და მას ჰქონდა იმის შესაძლებლობაც, რომ ამ მედიასაშუალებებით შეექმნა იმის ეტალონი, რასაც ახლა სხვისგან ითხოვს. რატომ თქვა ამაზე უარი? იმიტომ რომ შეუძლებელია მედიამ, რაც არ უნდა მიკერძოებული იყოს ის, თუნდაც ერთი კრიტიკული მასალა არ მოამზადოს ხელისუფლების საქმიანობაზე და მაშინ როდესაც ბატონ ღარიბაშვილს, საკუთარ მემკვიდრესა თუ მენეჯერს, “ეკონომიკური ვარდნა” არ აპატია, საკუთარი მედიიდან ესიამოვნებოდა კრიტიკის მოსმენა?
სწორედ კრიტიკისა და კრიტიკული აზრის ჩასახშობად და ახალი საექსპერტო კადრების გამოსაძერწად შექმნილს უწოდებენ “მოქალაქეს” ივანიშვილის ოპონენტები. მეტიც, ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს ფაქტობრივ მმართველს Stata capture, ანუ მთლიანი სახელმწიფოს ხელში ჩაგდება უნდა.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ისინი შეფასებებში სიფრთხილეს იჩენენ, თუმცა აცხადებენ, რომ ივანიშვილის პრეზენტაციიდან მათი მოლოდინი საზოგადოების თანადგომა და მთავრობისთვის ცალკეულ გადაცდომებზე მითითება იქნებოდა. მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა და ივანიშვილის განცხადებები მთავრობის წარმატებულ საქმიანობაზე თავად მთავრობის წევრთა მოზომილ განცხადებებზე აღმატებული აღმოჩნდა. ასეა თუ ისე, ივანიშვილი დაბრუნდა იქ, საიდანაც არსად წასულა. თან ერთდროულად ორ სიბრტყეში _ სამოქალაქო სექტორსა და ხელისუფლების სათავეში. ვნახოთ, რამდენად სასარგებლო აღმოჩნდება მისი დაბრუნება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის.
“პრემიერმა” ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით მიმართა:
1. როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის “მოქალაქის” შემოსვლას სამოქალაქო სექტორში?
2. ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, თქვენი აზრით, რა არის ამ ორგანიზაციის რეალური მიზანი?
ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი:
1. სამოქალაქო სექტორში შემოდის ახალი მოთამაშე, რომელსაც დიდი ფინანსური რესურსი აქვს, არ არის დამოკიდებული გარე დონორებზე და აქვს პრეტენზია და ამბიცია თამაშის საკუთარი წესები დაამკვიდროს და შესთავაზოს საზოგადოებას. სურს გახდეს ერთგვარად ახალი ტრენდის ავტორი. რა გამოუვა აქედან, მომავალი გვაჩვენებს.
2. ივანიშვილის განცხადებები საკმაოდ ზოგადი იყო, რომ ორგანიზაციის რეალურ მიზნებზე დაზუსტებით ვილაპარაკოთ. რეალური მიზანი გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია მუშაობას დაიწყებს და მისი მუშაობის პირველ შედეგებს ვნახავთ
ნიკა რურუა, საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი:
1. ჩემი აზრით, ივანიშვილს მის კონტროლქვეშ მყოფი “სამოქალაქო სექტორის” შექმნა უნდა საკუთარი ფულის გამოყენებით. ამით ის ეცდება, ორ მიზანს მიაღწიოს: ერთი _ გაამყაროს მითი რომ ის პოლიტიკაში აღარ ერევა; მეორე _ შექმნას ახალი “კადრების სამჭედლო” მისი მთავრობის რიგებში ცვლილებებისთვის. ამას პოლიტიკურ მეცნიერებაში Stata capture, ანუ მთლიანი სახელმწიფოს ხელში ჩაგდება ეწოდება.
2. პასუხი მეორე კითხვაზე ნაწილობრივ პირველ პასუხშია. დავამატებ იმას, რომ ამ ორგანიზაციათა შექმნით ივანიშვილს სურს, “გააჯეროს” ნამდვილად მიუკერძოებელი არასამთავრობო სექტორი ახალი “მოლაპარაკე თავების” ხელოვნური შექმნით. ის ცდილობს, მაქსიმალური გავლენისა და მინიმალური პასუხისმგებლობის მოპოვებას და ერთმანეთთან შეთავსებას.
ელისო ჯანაშია, ჟურნალისტი:
1. მსგავსი ე.წ. სახელისუფლებო “ენჯეოები” შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც იქმნებოდა და მათ “ხელისუფლების სატელიტებს” ვეძახდით. მათი მთავარი ფუნქცია, ხელისუფლების გადაცდომებისა თუ კანონდარღვევების სამოქალაქო სექტორის მხრიდან გამართლება იყო. თუმცა ამას ისინი, განსხვავებით ივანიშვილისგან, უფრო შეფარვით აკეთებდნენ და ცდილობდნენ, ისეთი ადამიანები გამოეჩინათ, რომლებსაც თითქოს ხელისუფლებასთან კავშირში არ იყვნენ. ივანიშვილი რომ სამოქალაქო სექტორში შემოვიდეს, ჯერ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. გუშინდელმა მისმა განცხადებებმაც, ნათლად აჩვენა, რომ ის ჯერაც ხელისუფლებაშია და ეს ლოგიკურია, როცა ქვეყანას მის მიერ დანიშნული პრემიერი, მთავრობა, პარლამენტი და სამართალდამცავები მართავენ. ივანიშვილის მიერ გაცხადებული მიზანი, სამოქალაქო სექტორის დახმარება და გაძლიერება, ისეთივე განუხორციელებელი და რეალურ მიზნებთან შეუსაბამოა, როგორც არჩევნებამდე, თითქოს მედიის განვითარების მიზნით დაარსებული საკუთარი მედიასაშუალება, რომელიც ვერც მედიის განვითარებას დაეხმარა და კონკრეტული მიზნის შესრულების შემდეგ, თავადვე დახურა.
2. მე ვფიქრობ, ივანიშვილის ორგანიზაციის რეალური მიზანი, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო სექტორის შესუსტებაა, ვინაიდან მას არ მოსწონს დღეს მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რადგან ვერ იტანს კრიტიკას. სწორედ მის მიერ დატოვებული ხელისუფლების კომფორტისთვის, ივანიშვილის ორგანიზაცია მეხამრიდის ფუნქციას შეითავსებს და ის აჩვენებს მაგალითს, როგორი უნდა იყოს რეალურად სამოქალაქო სექტორი, სხვათა მარგინალიზების ხარჯზე, რაც, თუ მის პიროვნული რეიტინგის გათვალისწინებით, მიუღწევადი სულაც არ იქნება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ქართულ “ენჯეოებს”, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებებისა თუ უმცირესობათა უფლებების დაცვის გამო, ისედაც დაბალი რეიტინგი აქვთ. თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ წელს უცხოური დაფინანსება მკვეთრად შემცირებულია, ივანიშვილის რეალური მიზანი, ალბათ, უფრო მარტივად მიღწევადი გახდება, თუ ის ვინმემ არ შეაჩერა და არ ურჩია, რომ, თუკი მედიისა და არასამთავრობოების განვითარება და ამასთანავე, მოქალაქეთა პასუხისმგებლობის ამაღლება უნდა, შექმნას ფონდი და საკუთარი ჭარბი ფული და მონდომება, საგანმანათლებლო პროექტებს მოახმაროს.
ზვიად დევდარიანი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აღმასრულებელი დირექტორი:
1. თუ პრეზენტაციაზე გაჟღერებული გეგმებით ვიმსჯელებთ, იმაზე მოკრძალებული ჩანს “მოქალაქის” სამოქალაქო სექტორში შემოსვლა, ვიდრე პრეზენტაციამდე იყო გაცხადებული. საკმაოდ საეჭვოა, იმ ამბიციური გეგმების მიღწევა, რაც ორგანიზაციის წესდებითაა განსაზღვრული, ან თავად ბატონი ბიძინას ამბიციური ხასიათით შეიძლებოდა გვევარაუდა, 6-7-კაციანი ორგანიზაციული შტატითა და მილიონი ლარის დაფინანსების პირობებში.
მეჩვენება, რომ ორგანიზაციის უახლოესი სტრატეგიული გეგმებიც არასწორადაა შერჩეული: თუნდაც გაჟღერებული მედიამონიტორინგი. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მედიის ხარისხის ასამაღლებლად, თუმცა ბევრი ფაქტორის არსებობის პირობებში: თუ იქნება ინტერესი მედიის, თუ იქნება ნდობა ინტერესთა ჯგუფების მხრიდან, რაც ნაკლებად სავარაუდოა იმ პოზიციისა და პოლიტიკური გავლენის პირობებში, რაც ბატონ ბიძინას ჰქონდა და აქვს.
ვფიქრობ, ბატონი ბიძინას ფინანსური და პოლიტიკური კაპიტალი, მისი გავლენა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე, გამოყენებული რომ ყოფილიყო, მაგალითად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად: მოსახლეობის ინფორმირების, დისკუსიების წახალისების, მედიაკამპანიის სახით, უფრო ამბიციური და მნიშვნელოვანი იქნებოდა.
სხვა მხრივ, სამოქალაქო სექტორი ღიაა და არაფერი ამორალური, ან კრიმინალური იმაში, რომ ხელისუფლებიდან ადამიანები ამ სექტორში გადმოდიოდნენ, ან პირიქით, ბუნებრივია, არ არსებობს. მთავარია, რა შედეგის მომტანი იქნება ეს მოძრაობა.
2. ორგანიზაციის პრეზენტაციამდე გაკეთდა განცხადება, რომ “მოქალაქის” ძირითადი მიზანი ხელისუფლებაზე სამოქალაქო მეთვალყურეობის განხორციელება იქნებოდა. თუმცა, პრეზენტაციაზე გამოთქმული პოზიციებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ “მოქალაქე” ხელისუფლების საქმიანობის მხარდაჭერას უფრო გეგმავს, ვიდრე კრიტიკას. კრიტიკის ობიექტები მედია და ოპოზიცია უფრო აღმოჩნდნენ, რაც, ალბათ, სიახლე არავისთვის ყოფილა, ვინაიდან ბატონი ბიძინა ზუსტად იმ ამპლუაში იმყოფებოდა პრეზენტაციაზე, როგორც 2-3 თვის წინ იყო, ასე აღიქვამდა მას მედიაც და ვფიქრობ, ამგვარად აღიქვამდა ის საკუთარ თავსაც.
ჩემი აზრით, ივანიშვილს პოლიტიკაზე გავლენა ისედაც ჰქონდა, შესაბამისად, ამისთვის არც გადმოსულა სამოქალაქო სექტორში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამოქალაქო სექტორი ბატონ ბიძინას უფრო საზოგადოებრივი ლიდერის პოზიციის შენარჩუნებისთვის სჭირდება.
ელისო ჩაფიძე, პარლამენტის წევრი:
1. ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში. რომ არა მისი გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე, ფაქტობრივად, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შესწევდა ძალა, დაემარცხებინა სააკაშვილის რეჟიმი. ხოლო ის, თუ რა ტიპის ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან გვქონდა საქმე, ჯერ ბოლომდე არც კი ვიცით. ბატონ ბიძინასთან პირველ შეხვედრაზე სწორედ ქართველი ერის, სახელმწიფოსა და მისი ისტორიული მისიის შესახებ ვისაუბრეთ. განმანათლებლობასა და საგანმანათლებლო საქმიანობას საქართველოში ყოველთვის უდიდესი როლი ენიჭებოდა, გრიგოლ ხანძთელიდან და ექვთიმე მთაწმინდელიდან ილიამდე და მას შემდეგ. ბოლო ოცი წლის მოვლენებიდან გამომდინარე, დღეს საქართველოს ნამდვილად სჭირდება ისეთი მოღვაწეები, რომელთა საქმიანობის შედეგები არ იქნება არც მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარება და არც მოკლევადიანი პოლიტიკური შედეგის მიღწევა. პატრიარქმა ბრძანა, _ ადამიანი შრომას უნდა დაუბრუნდეს, ხოლო პოლიტიკურმა სისტემამ ადამიანს დაჭერილი თევზი კი არ უნდა მისცეს, არამედ თევზის დაჭერა, ანუ სწორად შრომა უნდა ასწავლოსო. შრომა, რომელიც მოიტანს ეკონომიკურ კეთილდღეობას, ეს კი განათლებისა და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია. მე ბიძინა ივანიშვილისა და მისი არასამთავრობო ორგანიზაციის როლს სწორედ ამ კუთხით ვხედავ _ წაახალისოს სამოქალაქო აქტიურობა და ის ინიციატივები, რაც ნიჭიერ ახალგაზრდებს გზას გაუხსნის მომავლისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სტრატეგია აუცილებლად გაამართლებს. მინდა, “მოქალაქეს” დიდი წარმატებები ვუსურვო, ისევე, როგორც საქართველოს ინტერესების დაცვისთვის შექმნილ ყველა ორგანიზაციას.
2. ჩემთვის მთავარია არა ის, რას ამბობს ესა თუ ის საჯარო პირი, არამედ როგორია მისი განვლილი გზა და მსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არაერთ კითხვას უპასუხა, ხშირად მისთვის დამახასიათებელი გულახდილობითაც, განმსაზღვრელი მაინც არის ის, რას აკეთებდა ის თანამემამულეებისთვის ამდენი წლის განმავლობაში და რას აკეთებს ახლა.
თამარ ჩხეიძე, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე:
1. ეს ორი შეკითხვა ერთმანეთთან განუყოფლადაა დაკავშირებული.
საერთოდ მიმაჩნია, რომ ივანიშვილის ოფიციალური შემოსვლა პოლიტიკაში არ მომხდარა მისი ნებით. ის წლების მანძილზე ჰყავდათ, ასე ვთქვათ, რეზერვში და ამზადებდნენ, საჭიროების შემთხვევაში გარკვეული როლის შესასრულებლად _ ვგულისხმობ რუსულ მმართველ ძალას, რომელიც ჩვენი არაადეკვატურობის წყალობით ადვილად მართავს ჩვენთან პოლიტიკურ პროცესებს. იმისთვის, რომ თავისი ფინანსური, და შესაძლოა, არამარტო ფინანსური, არსებობა შეენარჩუნებინა, ის იძულებული გახდა, გარკვეული ფუნქცია აეღო თავის თავზე, თუმცა, რომ არა ოპერაცია “ცოცხები”, ის ვერ და არ გაართმევდა თავს ამ ფუნქციას. რუსეთის მმართველი ძალისთვის პროგრამა მინიმუმის შესრულების შემდეგ, მან დაუყოვნებლივ არჩია ყოველდღიური საქმისგან და ოფიციალური პოლიტიკური სტატუსისა და მოვალეობებისგან განთავისუფლება და თავისი მისიის _ რუსეთისთვის ხელსაყრელი კურსისკენ ქვეყნის მიმართვა და ამ კურსის კონტროლის უფრო კომფორტული მდგომარეობიდან შესრულება.
ივანიშვილის მიერ თავისი მმართველობის ერთწლიანი დროის განმავლობაში გამოვლენილი მიდრეკილებები _ განსხვავებული აზრისადმი შეუგუებლობა, არა საზოგადოების გაერთიანებისა და ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული სახელმწიფო აზროვნება, არამედ სიძულვილისა და აგრესიის ხელშეწყობა, მუქარები ოპოზიციის მიმართ, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და პროცესები _ ნამდვილად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნაში რაიმე დემოკრატიული თუ ეროვნულ-სახელმწიფოებრივად კონსტრუქციული მიზნების არსებობა ვირწმუნოთ. ამიტომ, რადგანაც სრულიად არარეალურად მიმაჩნია ორგანიზაციის შექმნის ასეთი მოტივები და მის შექმნას ისევ ივანიშვილზე დაკისრებული მისიის ამ ახალი პოზიციიდან აღსრულებას ვუკავშირებ, ცხადია, ამ მოვლენასაც შესაბამისად უარყოფითად ვაფასებ. საერთოდ, დიდი ფულის _ მით უფრო რუსული წარმოშობის _ გაბატონება ქართულ პოლიტიკასა და სამოქალაქო სექტორში თავისთავად უკიდურესად უარყოფითი მოვლენაა და მხოლოდ ხელს უშლის ქვეყნის ნორმალურ განვითარებას.
2. კონკრეტულად კი, და ეს პრეზენტაციაზე მის გამონათქვამებშიც, განსხვავებული აზრისადმი გამოვლენილ ჩვეულ აგრესიაში და საერთოდ შინაარსშიც გამოჩნდა, ამ და კიდევ სხვა ორგანიზაციების შექმნითა და დაფინანსებით, ივანიშვილის მიზანია, შეინარჩუნოს ტოტალურთან რაც შეიძლება მიახლოებული _ ჩვენს ეპოქაში ტოტალიტარიზმი კლასიკური, სტალინური გაგებით, საბედნიეროდ, შეუძლებელია _ კონტროლი ქვეყნის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და მედიასივრცეში, აკონტროლოს და მართოს საზოგადოებრივი აზრი.
გეგა სილაგავა, გაზეთი "პრემიერი"
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |