|
“ქვეყნის საბჭოთადროინდელი საყოფაცხოვრებო განვითარება დავიბრუნეთ და წინ ვეღარ წავედით, ვეღარ განვითარდა ქვეყანა”
“პრემიერს” ესაუბრა ჟურნალისტი მაკა რაზმაძე:
_ მაკა, მრავალი წელია ჟურნალისტიკაში ხარ, გამოიარე ომები, მშვიდობა... მართალია, ხშირად გვეუბნებიან, რომ ჟურნალისტის პოლიტიკური შეხედულებები და სხვა მოსაზრებები არ უნდა ჩანდეს, მაგრამ მაინც გკითხავ, სად არის დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის პროგრესი და სად _ რეგრესი... შესაძლებელი იყო თუ არა, უფრო წინ წავსულიყავით, თუ ეს მაქსიმუმია?
_ გავრცელებული მოსაზრება, რომ ჟურნალისტს არ უნდა ჰქონდეს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია, პირდაპირ რომ ვთქვა _ არის არასწორი და ეს არის მთავრობის, ხელისუფლების მიერ ჟურნალისტური კორპუსის დაშანტაჟებისა და მათი უდიდესი ძალის განიარაღების მცდელობა. რას ნიშნავს ნეიტრალური ჟურნალისტი? ანუ ის არ არის მოქალაქე? რატომ არ უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია? საინფორმაციო გამოშვებების გარდა, ნებისმიერ ჟურნალისტს აქვს სრული უფლება, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია და გამოხატოს ეს პოზიცია თავის საავტორო ნამუშევარში, პრესითა თუ ტელევიზიით. თავისუფლება, დამოუკიდებლობა არის ბუნების უდიდესი საჩუქარი და მას მოფრთხილება სჭირდება, რადგან ეს საჩუქარი ამავე დროს დიდი ტვირთიცაა და თუ არ მოუფრთხილდა ადამიანი, ისევე შეიძლება დაკარგოს, როგორც მოიპოვებს. ასეა ქვეყანაც... 70-წლიანი “ძმური კავშირის” შემდეგ, საქართველომ ბრძოლით მოიპოვა დაკარგული დამოუკიდებლობა და იმ ობოლი, მცირეწლოვანი ბავშვივით დაემართა, დედინაცვალს რომ გაისტუმრებს და სიხარულით აჟიტირებული საკუთარ სახლს _ უკაცრავად გამოთქმაზე და “თავზე რომ დაიმხობს”. თავისუფლებას მოუმზადებელი შევხვდით, სამწუხაროდ. თავგზა აგვებნა და ბედნიერებისგან იმაზე მეტი ვავნეთ ქვეყანას, რასაც ვერც ერთი მტერი ვერ დაგვიშავებდა. ყველა სფერო მოვსპეთ და გავანადგურეთ. გამოუცდელობამ, პოლიტიკური კულტურის ნაკლებობამ არასწორი ქმედებები განაპირობა. ფსევდოპატრიოტიზმმა, გულზე მჯიღებმა და მოჩვენებითობამ აჯობა რაციონალურ, შედარებით არაპოპულარულ აზროვნებას. უხვად დარიგდა “ერის მოღალატის”, “აგენტის” იარლიყები. ურთიერთშეურაცხყოფა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ტყვიაც ვესროლეთ ერთმანეთს... შემდგომი წლებიც იყო რეგრესი: ომები, მკვლელობები, კორუფცია, კლანურობა, სიბნელე, სიცივე, პურის რიგები... პროგრესი იყო დამოუკიდებლობის მოპოვება, პირველი ნამდვილი სახალხო არჩევნები, პირველი არჩეული ხელისუფლება, პრეზიდენტი, დამოუკიდებლობის დოკუმენტი. უფრო ახლოს _ განათება, დალაგება, პატრული, კანონმორჩილება... თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს წინსვლა არ არის. თითქოს პირიქით, უკვე დამოუკიდებელ ქვეყანაში უკან დავბრუნდით _ ქვეყნის საბჭოთადროინდელი საყოფაცხოვრებო განვითარება დავიბრუნეთ და წინ ვეღარ წავედით, ვეღარ განვითარდა ქვეყანა. ახლა თითქოს ისევ იმ წერტილიდან ვიწყებთ, სადაც 20 წელზე მეტი ხნის წინ ვიყავით. ეს წლები დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ და ახლა ახალი შანსი გვაქვს ყველაფრის გამოსწორების.
_ ერთხელ თქვი, რომ “ფულის სიყვარულით ტაშის დამკვრელების “გახარება” დიდი ვერაფერი საქმეა”... მართალია, ეს კონკრეტულ ადამიანს ეხებოდა, მაგრამ ამ აზრიდან ამოვალ, ბევრია ფულის სიყვარულით ტაშის დამკვრელი?
_ ფულის გამო ტაშის დამკვრელები იყვნენ და სულ იქნებიან. სამწუხაროდ, ამას ვერაფერი შეცვლის. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მოერევა მლიქვნელ ადამიანებს, რომელთაც მხოლოდ “უფროსების” ქება-დიდებით უნდათ წარმატების მიღწევა და არა საკუთარი შრომით. ასეთი კატეგორიის ადამიანები მხოლოდ მაშინ გაქრებიან, როცა “უფროსები”, მლიქვნელების ნაცვლად, პროფესიონალებსა და მშრომელებს დააფასებენ.
_ შენს ცხოვრებას თუ გადავავლებთ თვალს, სხვადასხვა ეტაპზე, პირდაპირ რომ ვთქვათ, გიტევენ. ამას რას უკავშირებ... რას აშავებდი ან აშავებ ასეთს?
_ მიტევენ? ეს, ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც “მიტევს”. როგორც ნებისმიერ ცოცხალ ადამიანს, რა თქმა უნდა, მეც მქონია შეცდომები, მაგრამ არასდროს არაფერი გამიკეთებია ფულის ან ანგარების გამო. უმეტესობა იმ ბრალდებებისა, რაც საკუთარ თავზე მსმენია, სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ არის ტყუილი და ცილისწამება. ნებისმიერი ასეთი ცილისწამება, დეტალურად შემიძლია დასაბუთება, გეგმაზომიერადაა მოგონილი გარკვეული წრეების მიერ. ეს არაერთხელ დავამტკიცე კიდეც.
_ ევროინტეგრაცია თუ მასზე უარი, საკითხი ასე დგას და ბოლო პერიოდია ეს კამათისა თუ მსჯელობის საგანი ხდება. თუ სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებებითა და ე.წ. პოსტებით ვიხელმძღვანელებთ, კამათი ძირითადად მიდის ისე, რომ ევროინტეგრაცია ტრადიციებისა და ეროვნული ფასეულობების განადგურებაა, მეორენი კი საპირისპიროს ამტკიცებენ. საინტერესოა შენი შეფასება, როგორ ხედავ ამ ყველაფერს?
_ 21-ე საუკუნეა და მგონი, ჩვენნაირი ცივილიზებული და უძველესი კულტურის ერის მხრიდან უხერხულია იმ ფასეულობების ეჭვქვეშ დაყენება, რასაც ევროპული, დასავლური ფასეულობები ჰქვია. რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო არჩევანი და არის კიდეც _ მე ასე მგონია. ჩემი, როგორც მოქალაქის, არჩევანია ნამდვილი ევროპული, დასავლური ფასეულობები, რაც ადამიანის უფლებების უზენაესობაზეა დაფუძნებული და არა ე.წ. “ველიკოდერჟავულ” ფსიქოლოგიაზე, სადაც მხოლოდ მთავრობის ხუშტურები და აბსტრაქტული სახელმწიფო ფასეულობებია დომინანტი და არა ადამიანი და მისი დაცულობა ამ სახელმწიფოში. ამ თემებზე კამათი არ იქნებოდა, ნორმალური დონის საგანმანათლებლო სამუშაოები რომ ტარდებოდეს და მოქალაქეებს უხსნიდნენ, რეალურად რაზეა დაფუძნებული ეს ევროპული არჩევანი. ხალხის უმეტესობას ევროპისკენ ქვეყნის სწრაფვა იმ არასწორი აქცენტების გამო არ მოსწონს, რასაც ჩვენი გრანტების მაძიებელი არასამთავრობოები ახმოვანებენ. მეტი სამუშაო უნდა ჩატარდეს ამ მხრივ. იგივე ამ არასამთავრობოებმა, პროვოკაციული გამოწვევების ნაცვლად, აჯობებს, ნორმალურად და მშვიდად განუმარტონ მოქალაქეებს ნამდვილი ევროპული ღირებულებები. ჩაატარონ კეთილგანწყობილი საგანმანათლებლო სამუშაოები, რაც ევალებათ კიდეც და არა შოკში ჩააგდონ და გააღიზიანონ ხალხი. ასეთი ქმედებები იწვევს სწორედ უკურეაქციას და მათი მეშვეობით, ხალხის დიდი ნაწილი ასეთ გამოწვევებთან აიგივებს ევროპულ არჩევანსაც. ესაა დათვური სამსახური ან უფრო უარესიც _ შეგნებული დისკრედიტაცია ამ არაჩვეულებრივი იდეის. სინამდვილეში ევროპული არჩევანი არის ადამიანის უფლებების უზენაესობა, კანონმორჩილება, დემოკრატიული ღირებულებები, ყველა ადამიანის სიცოცხლის უფლება და სხვა. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა ჩაატაროს საგანმანათლებლო სამუშაოები ამ თემებზე და მერე აღარ დარჩება საკამათო ჩვენი არჩევანი.
_ როგორ გგონია, რატომ გაქრა ბრძოლისა და ცვლილების მუხტი? უფრო ახალგაზრდებს ვგულისხმობ...
_ არ მგონია, რომ ბრძოლის, ცვლილებების მუხტი გამქრალია, მით უმეტეს ახალგაზრდებში. ახალგაზრდობა ხომ სწორედ იმითაა მომხიბვლელი, რომ ადამიანი ცხოვრების ამ პერიოდში მუდმივი ძიებისა და ბრძოლის რეჟიმშია. სამწუხაროა, რომ ჩვენმა თაობამ თავისი რადიკალიზმითა და გამოუცდელობით ბევრი დამარცხება იწვნია, მაგრამ ახლანდელ ახალგაზრდებს აქვთ ჩვენი მაგალითი და უფრო ფრთხილები და ზომიერები არიან, რაც დასაფასებელია. ახლანდელი თაობა ჩვენს მაგალითზე მიხვდა, რომ უფრო მოზომილად, დინჯად, დიდი შრომითა და მონდომებით უნდა მიაღწიოს გამარჯვებებს და არა გულზე მჯიღების ცემითა და უსაფუძვლო ხმაურით ან ძალადობით. საყოველთაო აგრესიამ ბევრი რამ გაანადგურა, სამწუხაროდ. დიდი იმედი მაქვს ჩვენი ახალგაზრდების: მოტივირებული, განათლებული, კეთილგანწყობილი ადამიანების. თუ ისინი გაითვალისწინებენ ამ წლების შეცდომებს და აქამდე აგრესიულ ბრძოლებს პოზიტიური განწყობებით შეცვლიან, შესაძლოა, ფორტუნა ისევ შემობრუნდეს ჩვენკენ და ისევ მივაღწიოთ გამარჯვებებს სხვადასხვა სფეროებში. დიდხნიანი დამარცხებების რეჟიმიდან იქნებ გამარჯვებების რეჟიმში გადავინაცვლოთ.
_ ხშირად ისმის პრეტენზია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ვერ შედგა, ეთანხმები?
_ რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება? რატომღაც ხშირად საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს თვითონ სულაც არ მიეკუთვნებიან ამ საზოგადოებას. სანამ ასე აგდებულად მოვიხსენიებთ ერთმანეთს, საკუთარ ერს, თანამოქალაქეებს _ მანამ დაისმება ეს კითხვაც: შედგა თუ არა სამოქალაქო საზოგადოება?! სამოქალაქო საზოგადოება ისე, თავისთავად, სადღაც, განყენებულად, რა თქმა უნდა ვერ შედგება. ის ყველამ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევქმნათ. ჩემი აზრით, მეტი პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, განსხვავებულ მოსაზრებებს, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს, სხვათა რელიგიურ მრწამსს, ცხოვრების წესს, გემოვნებას, ჩვენგან განსხვავებულობას სხვადასხვა ნიშნით. და თუ ამას შევძლებთ და მივაღწევთ, მაშინ სამოქალაქო საზოგადოება თავისთავად შემდგარი იქნება, სხვა ძალისხმევის გარეშეც.
_ როდესაც სხვებს ვედავებით, რომ ისინი არიან შეუწყნარებლები, მოძულენი, ჩვენ თავად რამდენად ვართ განათლებულნი, დამნდობნი, შემწყნარებლები? თუ აგრესიამ აუცილებლად უნდა შვას აგრესია და სხვაგვარად ამას ვერ ვუმკურნალებთ?
_ არავითარი აგრესია! აგრესიული პასუხები თუნდაც აგრესიულ მიმართვებზე, არ არის გამოსავალი. აგრესიის მკურნალი არის ან კეთილგანწყობა ან იგნორი. არ შეიძლება ადამიანს სთხოვდე, პატივი სცეს განსხვავებულ აზრს და ამავე დროს მას ეძახდე ბნელს მხოლოდ იმიტომ, რომ შენი არ ესმის და შენგან განსხვავებულია. ზოგ ადამიანს მართლა ჰგონია აგრესიული ტონალობა პრობლემის გადაჭრის საშუალება. ასეთ დროს, მას უნდა ანიშნო, რომ ეს არასწორია და არ მოქმედებს. უნდა ეცადო, პოზიტივად შეცვალო მისი აგრესია, მაგრამ, თუ ეს არ გამოდის, მაშინ გაეცალო და საკუთარ აგრესიასთან დატოვო მარტო. თუ უმეტესობა ასე მოიქცევა, მაშინ იქნებ მიხვდნენ ამ ტიპის ადამიანები, რომ მიდგომა შეცვალონ, რადგან აგრესიულებს არავინ ეკონტაქტება და რომ საჭიროა, უფრო ფრთხილად მოექცნენ ადამიანებს, თუ უნდათ, მათი ყურადღება მოიპოვონ. შესაძლოა, ზოგადად ვცდები, მაგრამ პირადად მე მიმართლებს ეს მეთოდი. ძალიან მარტივია, უარი ვუთხრათ აგრესიას და არც სხვისგან მივიღოთ ის. უბრალოდ, გავუღიმოთ ერთმანეთს და ვიყოთ კეთილგანწყობილები მაშინაც კი, თუ არ ვეთანხმებით ერთმანეთის მოსაზრებებს. ასე ხომ ბევრად იოლია ცხოვრება....
ალექსი ნოზაძე, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |