|
“კოალიციის ერთიანობაში გადამწყვეტ როლს საგარეო ფაქტორი შეასრულებს”
“პრემიერს” ესაუბრა ვალერი გელბახიანი:
_ ბ-ნო ვალერი, არაერთხელ განაცხადეთ, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია, თუმცა კოალიცია ერთიანობას ინარჩუნებს. ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას?
_ ამჟამად შეიძლება იყოს რაღაც მოვლენების ფონზე არათანხვედრილი გამონათქვამები, ერთი უწყების ან ერთი რომელიმე პოლიტიკური ფიგურის მეორესთან შედარებით, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ჰქვია კოალიციის დაშლა. მე იდეფიქსი კი არ მაქვს იმისა, რომ კოალიცია დაიშალოს, უბრალოდ, ობიექტურად, ვითარებისა და მიმდინარე მოვლენების გაანალიზების ფონზე, აშკარად იკვეთება, რომ ეს მოსალოდნელია. გადაწყვეტილად ვერ დაგისახელებთ, როდის გაფორმდება ეს, მაგრამ პროცესები ასე მიდის და რაღაც ნიშნები უკვე სახეზეა. ვვარაუდობ, რომ კოალიციის დაშლა უფრო დაჩქარდება, ვიდრე შენელდება.
_ ახსენეთ, რომ კოალიციის დაშლის ნიშნები იკვეთება. იქნებ დააკონკრეტოთ?
_ ვგულისხმობ იმას, რომ მაისში ან ივნისში გველოდება თვითმმართველობის არჩევნები. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, მაგრამ, სავარაუდოდ, არჩევნები ორი სისტემით ჩატარდება. ანუ მერები და გამგებლები აირჩევა მაჟორიტარული პრინციპით, პარტიები წარადგენენ კანდიდატებს, საკრებულო კი კვლავ პროპორციული სიით აირჩევა. ასეთ შემთხვევაში სქემა ასეთია _ კოალიციის ჰარმონიულობა სწორედ ამ მომენტიდან გამოჩნდება, როდესაც მოხდება კანდიდატების შერჩევა. ვინ იქნება კონკრეტულ რაიონში დასახელებული გამგებლის თანამდებობაზე. ბუნებრივია, კოალიციის ყველა წევრს ეყოლება თავისი კანდიდატი რაიონებში, ამიტომ წევრი პარტიების კანდიდატები შესაძლოა, არ იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული. შესაძლოა კი არა, ეს ასე იქნება და მოსალოდნელია. შესაბამისად, მათ შორის ინტერესები აუცილებლად გაიყოფა. “ოცნება”, როგორც პარტია, რომელიც წამყვანი ძალაა ამ კოალიციაში, თუ პოზიციებს დათმობს და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ აიღებს, მაშინ მას გაინაწილებენ ის პარტიები, რომელთაც ადგილებზე ჰყავთ პარტიული ორგანიზაციები. თუმცა გამორიცხულია “ოცნებამ” ეს დათმოს. ძირითად მოთამაშედ კოალიციაში ითვლება სამი პარტია _ “რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ოცნება”. მისცემენ თუ არა “მრეწველებს” რამეს, “ფორუმს” და ა.შ. ეს სხვა საკითხია. შეიძლება მისცენ რამდენიმე რაიონში, მაგრამ, რაც შეხება პარტიულ სიებს, პარტიული სიების ნუმერაციაში წამყვან როლს ითამაშებს “ოცნების” სიები. მაგრამ რაიონებში, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ადგილობრივი ხელისუფლებები არასათანადო კადრებით არის შევსებული. რასაკვირველია, ეს უკმაყოფილებას იწვევს ერთმანეთს შორის, ადგილობრივ მოსახლეობაში და მას სჭირდება შენარჩუნება. აი, სწორედ შემანარჩუნებელი რეზერვი არ გააჩნია “ოცნებას”. რა თქმა უნდა, ხალხის მხარდამჭერთა მასა შესაძლოა, დიდი ჰქონდეს, მაგრამ ის, რასაც ჰქვია მართვის მენეჯმენტი და პოლიტიკური გამოცდილება, ასეთი საკადრო რეზერვები მას არ გააჩნია. უფრო მოსალოდნელია, ასეთი რეზერვები ჰქონდეთ “რესპუბლიკელებსა” და “თავისუფალ დემოკრატებს”, რომლებიც კანდიდატებს წამოსწევენ როგორც პარტიულ სიებში, ასევე ადგილობრივ თანამდებობებზე. ეს გამოიწვევს იმას, რასაც მე ვვარაუდობ _ “ოცნება” გამოვა თავისი საკადრო რესურსით და არა კოალიციის სახელით, და სხვები _ თავისით. ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია თავად “ოცნებისთვისაც”, იმიტომ რომ დღეს ხელისუფლებას თანაბრად იყოფენ, მერე კი გაირკვევა, ვის რა ძალა აქვს და იმის მიხედვით გაისინჯება მათი უფლებამოსილება თუ ლეგიტიმურობა. ეს გელბახიანის სურვილი კი არ არის, რომ ასე მოხდება, არამედ ეს არის ობიექტური სურათის განვითარების სცენარი, რომელიც აუცილებლად მიღებს ამ სახეს.
_ იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” საკადრო რესურსი არ გააჩნია, ბევრს საუბრობენ. რატომ ვერ შეძლეს მათ, პროფესიონალები მოეზიდათ?
_ მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს არ არის პარტია, რომელიც შეიქმნა იდეოლოგიის საფუძველზე. ამ პარტიას მიეტმასნა ყველა. მაპატიეთ, მაგრამ ყველაზე დიდ ნაწილი ჭაობი მიეტმასნა. ეს პროცესი მძიმე პროცესია. შესაძლოა, მაშინ როდესაც “ოცნებასთან” მივიდნენ ეს პარტიები, ელექტორატის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო, მაგრამ, სახელმწიფოს მართვის თვალსაზრისით, ეს არის დამღუპველი. გინდა ქვეყანა მართო იმ საკადრო რესურსით, რომელსაც ელემენტარული პროფესიული გამოცდილება არ გააჩნია? ამ მასას, რომელმაც თავის დროზე არჩევნები მოიგო, შემდეგ ძალიან ძნელია უარი უთხრა სამსახურზე, დასაქმებაზე და ა.შ. ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, რომ ასეთ ხალხთან ურთიერთობა არ გაირთულოს. დრო სჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ორი წელი ისე გავიდა, “ოცნებამ” პარტიული საკითხებისთვის ვერ მოიცალა. ერთი ყრილობა ჩაატარა, თავმჯდომარე გამოცვალა, როცა პრემიერი შეიცვალა, და ამის შემდეგ არსებობს თუ არა, როგორც პოლიტიკური ძალა, არსად შეიმჩნევა.
_ როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება პირველი, ვინც კოალიციას დატოვებს?
_ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, ვინ იქნება პირველი მერცხალი. ეს იქნება “თავისუფალი დემოკრატები”. ალბათ, მათ სხვა გზა არ დარჩენიათ. ჯერ ერთი, კოალიციის შიდა პარტიებს არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი კანდიდატურები დააყენონ, ვთქვათ, თბილისს მერობის პოსტზე. ირაკლი ალასანია ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი არ არის. მას ჰქონდა ამბიცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა წამოეყენებინა, ასევე, თბილისის მერის პოსტზე მისი პარტიიდან ყოფილიყო კანდიდატი და, შეიძლება ითქვას, ეს სამართლიანი იქნებოდა. ამ ძალებში ალასანია ყველაზე სოლიდური და კონკურენტუნარიანია. მაგრამ ალასანიას წინასწარვე წაართვეს ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ალასანია ხვდება ამ ყველაფერს _ საპრეზიდენტოზე ასე იყო, თბილისის მერობის დროს ასეა. დასრულდება ხელისუფლების გადანაწილება და მას არაფერი დარჩება. თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ძირითადი ადგილები “ოცნებამ” დაიკავა და კოალიციაში შემავალ ძალებს არანაირი ბერკეტი არ დაუტოვა ადგილობრივ ხელისუფლებაში, ცხადია, ეს უკვე სერიოზული ნიშანი იქნება იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის წევრ არც ერთ პარტიას, გარდა “ოცნებისა”, არანაირი ბერკეტი არ ექნება. ასე რომ, მათი მომავალი იბჟუტება. ამიტომ ამ მომენტამდე ისინი არ მივლენ. როცა იციან, რომ თავისთავად აქამდე მივა საქმე, თავისი ნებით წაგებულ თამაშში არ შევლენ. შეცდებიან, ახლავე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გაიმყარონ ძალაუფლება და შეიქმნან დასაყრდენი საპარლამენტო ბრძოლებისთვის. ამიტომაც ყველაზე დიდ ალბათობა არსებობს, რომ ალასანიას პარტია იქნება პირველი მერცხალი, ვინც კოალიციას დატოვებს. ეს ერთი შიდა პოლიტიკური ფაქტორი, მაგრამ ყველაზე მთავარი საგარეო ფაქტორია.
_ რას გულისხმობთ?
_ საგარეო ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც დააჩქარებს კოალიციის ერთიანობის საკითხის გადაწყვეტას. ქვეყანას სერიოზული არჩევანი ექნება გასაკეთებელი. ასოცირების ხელშეკრულება აგვისტომდე უნდა გაფორმდეს. მარტის ბოლოდან, როდესაც სოჭის ოლიმპიადა დამთავრდება, აპრილი და მაისი საქართველოსთვის უკიდურესად მწვავე პოლიტიკური თვეები იქნება. ჩვენ დავდგებით არჩევანის წინაშე. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება _ არის თუ არა ევრაზიული კავშირი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის მისაღები. რუსეთის ინტერესებში დიდი ხანია დგას საქართველოს საკითხი. არ მინდა წარსულზე საუბარი, მაგრამ იმაში, რაც საქართველოში მოხდა, ვგულისხმობ ხელისუფლების ცვლას, დიდი როლი ითამაშა რუსეთის წყალქვეშა დინებების პოლიტტექნოლოგიამ. ხელისუფლების ცვლა უნდა მომხდარიყო მშვიდობიანად, საგარეო კურსის კი _ ნელ-ნელა. რა თქმა უნდა, ეს არ ამოსულა მაშინ სიბრტყეზე, მაგრამ აუცილებლად იჩენს თავს ეს პრობლემა. და ეს საკითხი წამოიჭრება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. თუ ხელისუფლება რაღაც მოლაპარაკებაზე, ან რაღაც დიალოგზე წავა ევრაზიული კავშირის შესახებ, პროდასავლური ძალებისთვის ეს იქნება საფუძველი, კოალიციას გაემიჯნონ და ეს თავისთავად არის უკვე ფაქტი იმისა, რომ კოალიცია აღარ იარსებებს. ეს დამაჩქარებელი ფაქტორია. ამიტომ ვამბობ, რომ კოალიციის დაშლა გარდაუვალია.
ლაშა ნოდია, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |