|
“ქართველი მსმენელი არანაირ სიყალბეს არ გაპატიებს”
-გამარჯობა ბოკა, მოდი, საუბარი “თავიდან” დავიწყოთ. არა “ჯეოსტარიდან”, არამედ სულ თავიდან. როგორი იყო შენი გზა “ჯეოსტარამდე”?
-7 წლის ასაკში მომიწია საკუთარი სახლის დატოვება გალში და აფხაზეთის ტრაგედიას გამორიდებულმა ოჯახმა თავი სენაკს შევაფარეთ. იქ 1-ელ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი.
სითბო და სიყვარული არ დაიშურა ამ პატარა, კოხტა ქალაქმა ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილებისთვის. პირველი ნაბიჯებიც სცენისკენ სწორედ იქ გადავდგი. 1998 წელს თბილისში გადმოვედი და სწავლა გ. ტაბიძის სახელობის #51 საშუალო სკოლაში გავაგრძელე. პარალელურად ვმღეროდი ანსამბლ “დარიალში”, ბატონ თემურ ქევხიშვილის ხელმძღვანელობით. ფოლკლორის სკოლამ დიდი გამოცდილება მომცა და არა მარტო მუსიკალურად დამხვეწა, არამედ ნამდვილ ქართველად მაქცია. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ თემურს. შემდეგ იყო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სასწავლებელი, სადაც ვოკალის განხრით ჩავაბარე. აქ უკვე ოპერას ვმღეროდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ კლასიკა ჩემი საქმე არ იყო და ქართულ “ესტრადას” მივაშურე. 2005 წელს კი, როგორც იტყვიან, “ჯეოსტარიც” გამოჩნდა.
-პირველად როდის მიხვდი, რომ უნდა გემღერა, ანუ როდის გაგიჩნდა დიდ სცენაზე მოხვედრის სურვილი?
-სიმღერის სურვილი ძალიან დიდი ხნის წინათ გამიჩნდა. ალბათ, 3 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მამიდაშვილი ჩემს საბავშვო სიმღერებს იმდროინდელ კასეტის მაგნიტოფონით იწერდა. სცენაზეც პირველად 3 წლისა გავედი. ეს ძალიან ახარებდა ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მეც, რა თქმა უნდა. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს და თანდათანობით ქვეცნობიერად ვხვდებოდი, რომ ჩემი მომავალი ცხოვრება სცენასთან ასოცირდებოდა.
-“ჯეოსტარი” ნამდვილად იყო წარმატებული პროექტი. შენს ცხოვრებაში რა როლს მიაკუთვნებდი ამ პროექტს?
-“ჯეოსტარმა” რადიკალური ცვლილებები შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. 2005 წელს 18 წლის ვიყავი. წარმოიდგინეთ, უეცრად აღმოვჩნდი დიდ სცენაზე. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში არაერთხელ მიმღერია ბავშვობაში, თემურ ქევხიშვილის ანსამბლ “დარიალთან” ერთად, სადაც ერთ-ერთი სოლისტიც გახლდით, მაგრამ კამერების წინ, რაღა დაგიმალოთ და, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. “ჯეოსტარმა” დიდი გამოცდილება შემძინა, მუსიკალურად გავიზარდე, დავიხვეწე, შემახვედრა ძალიან ნიჭიერ და პროფესიონალ ადამიანებს, რომლებისგანაც ბევრი რამ შევიძინე. ვფიქრობ, ზუსტად “ჯეოსტარი” იყო სახალხო მუსიკალური ზეიმი ჩემს ცხოვრებაში და მასთან ერთად გავხდი პოპულარული, როგორც ახლა ამბობენ, ცნობილი სახე.
-იმ შემადგენლობიდან თუ შემოგრჩნენ მეგობრები?
-ჯეოსტარელებთან ძალიან თბილი და ლამაზი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და ახლაც ვაგრძელებ მეგობრობას ამ უნიჭიერეს ადამიანებთან. “ჯეოსტარის” თითქმის ყველა თაობას ვიცნობ და, ზოგადად, ყველასთან თბილი ურთიერთობა მაქვს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთანაც უფრო ახლო მეგობრობა მაკავშირებს.
-შენ მოუსვენარი ადამიანი ხარ. ხშირად ხვდები სხვადასხვა გადაცემებში, პროექტებში. თუმცა რამდენად საკმარისია ეს ყველაფერი?
-ვფიქრობ, მომღერალი სულ უნდა ეძებდეს ნოვაციებს მუსიკაში და არ უნდა ჩერდებოდეს. გადაცემებში მონაწილეობა კი ყველა მომღერალს სჭირდება. იმისთვის, რომ ხალხს არ დაავიწყდეს, მუდამ მხედველობის არეალში იყოს.
-მოდი, გულწრფელად მითხარი, საქართველოში მუსიკალური კარიერის გასაკეთებლად მხოლოდ ნიჭი საკმარისია? და რა უფრო აუცილებელია -იღბალი თუ კონკრეტული ლობისტი?
-ჩემი აზრით, უმთავრესი ნიჭია. შემდეგ, რა თქმა უნდა, გჭირდება ფინანსები და ამასთანავე, ფორტუნა. ფორტუნა, ზოგადად, ძალიან სჭირდება ყველა საქმეს. ასევე, აუცილებელია სწორი გათვლა -რეპერტუარის სწორად შერჩევა და კარგი სიმღერები.
-რა გეგმები გაქვს? კონკრეტულად რაზე მუშაობს და როდის მოისმენს მსმენელი შენს ახალ სიმღერას?
-ამჟამად ძირითადად სტუდიაში ვმუშაობ ახალ სიმღერებზე. მოდით, ამჯერად კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. არ მიყვარს წინასწარ არაფერზე საუბარი, არც სამომავლო გეგმებზე. იმედს ვიტოვებ, რომ ახალი ნამუშევარი კარგი სიურპრიზი აღმოჩნდება მსმენელისთვის.
-შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
-სიყვარული, სიმღერა და ჩქარი ტაში... ჰო, თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე, დავაკონკრეტებ, რომ ჯერჯერობით სიმღერაზე ვარ ყურებამდე შეყვარებული და თუ ვინმე გამოჩნდება, მას მთელ ცხოვრებას მივუძღვნი.
-ტაში ახსენე. რა მაგია აქვს ტაშს?
-ტაში მხოლოდ მსახიობებს, მუსიკოსებსა და, ზოგადად, ხელოვან ადამიანებს კი არ უყვართ, დააკვირდით, რას აღარ აკეთებენ პოლიტიკოსები და ცალკეული საჯარო პირები ტაშისთვის. თუმცა, როდესაც სცენაზე დგახარ, ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს. მაყურებელი არამხოლოდ სიმღერას უსმენს, მას სჭირდება, რომ რამდენიმე წუთი შენი სიმღერით იცხოვროს. ქართველი მსმენელი არანაირ სიყალბეს არ გაპატიებს. მისი ტაშიცა და ოვაციაც განსაკუთრებულია. ტაში ჩემთვის უდიდესი სტიმული და ჯილდოა.
-შენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?
-ჩემი ოცნებაა, რომ საქართველო იყოს მთლიანი, ერთიანი, გაბრწყინებული და თითოეული ქართველის ოჯახში იყოს სიკეთე, სიხარული, სიყვარული, ერთგულება და ქართველი ერი ბედნიერი მენახოს. ხვდებით, ალბათ, ამ ყველაფერს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვერ ვიტან სტატუსებს, თუმცა რეალობა ისაა, რომ, ჩემს ათასობით თანამემამულესთან ერთად, საკუთარი სახლიდან ვარ გამოგდებული. ჩემს ბავშვობაში ბევრი ლამაზი ფერი იყო, მაგრამ იყო რუხი ფერებიც, რომელიც მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება, სანამ საქართველო არ გაერთიანდება.
-ის, რაც არ გკითხე და რის თქმაც გინდა...
-დიდი მადლობა “პრემიერს”. ვხედავ, რომ თქვენ მნიშვნელოვნად უწყობთ ხელს ახალგაზრდების პოპულარიზაციას და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, კულტურას თქვენს გამოცემაში დიდი ადგილი უკავია. მადლობა, რომ საშუალება მომეცით, ჩემს თავზე მესაუბრა. მინდა, თქვენც და თქვენს მკითხველსაც წარმატებები გისურვოთ.
მაია ფირცხალავა, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |