|
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” დააფუძნა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. “არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა”, -ნათქვამია ორგანიზაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზაციის ხედვისა და მიზნების შესახებ მის დამფუძნებელს 28 იანვარს ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას უნდა ესაუბრა, თუმცა გრიპის ვირუსის გამო შეხვედრა გადაიდო. საჯარო რეესტრის ბაზაში, ორგანიზაციის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ განვითარებას, იზრუნებს საქართველოს დამოუკიდებელი და პასუხისმგებელიანი მედიის განვითარებისთვის, იღვაწებს, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და განმტკიცებისთვის, ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სამართლის უზენაესობის პრინციპების დამკვიდრებას, შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის კონცეფციას, რისთვისაც გამოიყენებს, ხალხთა და კულტურათა დაახლოების ტრადიციულ და კანონიერ მეთოდებს, გამოკვეთს საქართველოს როლსა და შესაძლებლობებს მიმდინარე გლობალურ და რეგიონალურ პროცესებში და განსაზღვრავს მათ გავლენას საქართველოსა და რეგიონზე. ორგანიზაცია, ასევე, აპირებს, იზრუნოს ეროვნული მეურნეობის აღდგენასა და განვითარებაზე, ხელი შეუწყოს ქვეყნის რეგიონებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების თანაბარ და მდგრად განვითარებას. ასევე, ორგანიზაცია ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში ჩართავს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და გამოიყენებს მათ მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას. რას ნიშნავს ივანიშვილის ეს ნაბიჯი? “პრემიერი” პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
რამაზ საყვარელიძე: ბიძინა ივანიშვილი დიდ ხანია, ამბობს, რომ აპირებს საზოგადოების სიღრმეებში გადასვლას, რათა ეს საზოგადოება გაააქტიუროს. ამ სიტყვების იქით უნდა ვიგულისხმოთ თუ არა რაიმე მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ შეიძლება ბევრ რამეს ნიშნავდეს ეს გააქტიურება. მათ შორის, არ გამოვრიცხავ, ივანიშვილმა დაიწყოს საკუთარი ხელით შექმნილი ხელისუფლების კრიტიკა.
-ცოტა გასაკვირია... როდესაც ის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წავიდა, განაცხადა, რომ საუკეთესო მთავრობას გვიტოვებდა...
-სახლი რომ ავაშენოთ აგურებისგან, ლითონისგან და ა.შ. ის სახლიც კი განიცდის ცვლილებას, ხელუხლებელს თუ დავტოვებთ და აღარაფერში ჩავერევით. ადამიანები განიცდიან ცვლილებას.
-არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრება, რომ ის მოდის არა ხელისუფლების კრიტიკისთვის, არამედ იმ არასამთავრობოების გადასაფარად და ჩასაჩოჩებლად, რომლებიც სწორედ ხელისუფლებას უწევენ ოპონირებას.
-შეიძლება, არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა. არა იმიტომ, რომ ბოროტ განზრახვას ვგულისხმობ, არამედ ელემენტარულია -ნებისმიერ ახალ ორგანიზაციას ექნება სურვილი, დანარჩენები ჩააჩოჩოს. პოლიტიკური ორგანიზაცია ეცდება პოლიტიკურის ჩაჩოჩებას, კომერციული -კომერციულისას, არის ეს გასაკვირი? გასაკვირი ის იქნება, ეს სურვილი რომ არ იყოს... ოღონდ კომერციაში სხვადასხვა კომერციული სტრუქტურები რომ “გაანადგურო”, უნდა წაართვა მომხმარებელი, დაიკავო ბაზარი და ის გააკოტრო. ანალოგიურია პოლიტიკაში -შენ მოიზიდო ამომრჩეველი და სხვა დატოვო ამომრჩევლის გარეშე. ეს გაკოტრებაა. რაც შეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, არ არსებობს მექანიზმი, რის საშუალებითაც ამ ორგანიზაციების გაქრობა იქნებოდა შესაძლებელი. ორგანიზაციები არსებობენ დონორების ფულით. ივანიშვილის ორგანიზაციას ივანიშვილის ფული ექნება. ესენი არ ებრძვიან ერთმანეთს და კონკურენტები არ არიან. რაც შეხება საზოგადოების დამოკიდებულებას... საზოგადოების დამოკიდებულება არასამთავრობოების მიმართ არის პოლიტიკური წონის, პოლიტიკური ტიპის მოვლენა, ისევე როგორც პოლიტიკაში პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათია, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ გინდ უყვარდეს საზოგადოებას, გინდა -არა, არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ დონორი იპოვა, მაინც იარსებებს. ეჭვი, რომ დადგება ივანიშვილი და ასპარეზს მოისუფთავებს, არარაციონალურია. მას ამის გაკეთების საშუალება არ ექნება.
-რას შეცვლის არასამთავრობო სექტორში ივანიშვილის შესვლა და, რაც მთავარია, რას მოუტანს ეს ქვეყანას?
-ივანიშვილის ამ ნაბიჯს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. ფაქტობრივად, ეს იქნება ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ქართული ფულით დაფინანსდება. შესაბამისად, შესაძლოა, ეს იყოს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს საქართველოსთვის აქტუალურ თემებზე, რის საშუალებასაც უცხოელი დონორი არ იძლევა, რაკი თემატიკას თავად განსაზღვრავს. ამ მხრივ, ძალიან პერსპექტიული ნაბიჯია ეს ნაბიჯი. საუბარი არ არის იმაზე, რომ საზოგადოებრივი სექტორი გააქტიურდეს, არა მგონია, საზოგადოებრივ სექტორს აქტიურობა აკლდეს, პირიქით, სათანადოდ აქტიურია, მაგრამ ის, რომ მან ქართულ თემატიკაზე, პოლიტიკურზე თუ აპოლიტიკურზე, უფრო მეტად აპოლიტიკურზე, იმუშაოს, მხოლოდ მისასალმებელია.
ლაშა ნოდია, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |