

|
“ბევრი რამ ხდება საოცარი”, - ამბობდა დიდი ინგლისელის დანიელი გმირი.
პოლიტიკაში არ ერეოდა, თუმცა ადამიანურ სიბრიყვეზე მსჯელობაა, ალბათ, უპირველესი პოლიტიკა.
ხსენებული ინგლისელისა და დანიელის საერთო სამშობლო ევროპაში საგანგებო პარტიაც კი არსებობდა, რომელიც აპლომბით მოსაუბრე პოლიტიკოსთა ცხვირ-პირში ტორტის სროლით იყო დაკავებული. ალბათ, მოვიდა დრო, საქართველოშიც შეიქმნას ამგვარი პარტია, თორემ მართლა გავიდნენ თავს და ყველანი იდიოტებად მივაჩნივართ, რაკი “ვერაფერს ვამჩნევთ და ვერაფერს ვხედავთ”.
ამას წინათ თავდაცვის სამინისტრომ მიშას მიერ გაკეთებული და ლამის მშვენიერი ქალივით ნაფერები სამხედრო ტექნიკის პრეზენტაცია შემოგვთავაზა, როგორც ახალი ხელისუფლების დიდი მიღწევა. ძალაუნებურად მოგინდება, ხმა შეუერთო “ნაციონალთა” სფოუქსპერსონებისა თუ უბრალო შერპების აღშფოთებულ ბღავილს: კი მაგრამ თქვენ (“ქართული ოცნება”) რა შუაში ხართ? ეს ხომ მიშას და მისი გუნდის გაკეთებულია?
აქ არა მხოლოდ კონკრეტულ ჯავშანმანქანაზეა ლაპარაკი, არამედ იმ პოლიტიკასა და კურსზე, რასაც ის განასახიერებს და რამაც ქვეყანა 2008 წლის სამარცხვინო, ლეგენდარულ დამარცხებამდე მიიყვანა! ანუ წლების განმავლობაში გაწელილ, ამაზრზენად კომიკურ სამხედრო-მილიტარისტულ მატრაკვეცობაზე, რომლის მიღმაც, როცა საქმე საქმეზე მიდგა, თურმე არც არაფერი ყოფილა, ბაქიბუქის გარდა.
აბსოლუტურად გაუგებარია, ვის აკვირვებს ირაკლი ალასანია ამ სამხედრო ტექნიკით? ნახეთ ინტერნეტში: სომხეთი და აზერბაიჯანიც კი (სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ბევრად უფრო ტექნოლოგიურად დახვეწილ და რთულ სამხედრო ნაწარმს უშვებს. მერედა რა, ამით?
მაშასადამე (ზუსტად მიშასავით) ესენიც მხოლოდ ჩვენ “გვაბოლებენ”!
თუმცა, მთავარი მაინც ის გზავნილია, რომელიც ამგვარი მილიტარისტული პრეზენტაციებით მიეწოდება ყველას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. და რით განსხვავდება ეს გზავნილი 2004-2008 წლების მესიჯებისგან? არაფრით!
მაშ, რას ერჩოდით მიშას?!
მეორე მაგალითი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მსჯელობს ვინმე სერგეი მაგნიცკის მოსკოვის ციხეში გარდაცვალების გარემოებებზე... საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ არის ეს მაგნიცკი - ვიღაცისთვის გმირია, ვიღაცისთვის ფინანსური აფერისტი. ნიშანდობლივი სხვაა: დისკუსიაში მონაწილეობენ რუსები და მათი ოპონენტები, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები. სხვები (პოსტსაბჭოური ქვეყნების დეპუტატები) დუმან, რაკი “რუსი დათვის” გაღიზიანება სულაც არ ეპიტნავებათ.
ამ დროს რას აკეთებს ე.წ. “ქართული ოცნება”? ზუსტად მიშას სტილში, ლანძღვა-გინებით იკლებს რუსეთს და სოლიდარულად (“ნაციონალებთან” სოლიდარულად) აძლევს ხმას ანტირუსულ რეზოლუციას.
როგორც ჩანს, გულს იმისთვის იოხებენ, რომ იგივე ევროპელები, ასე აღტყინებულნი რომ არიან მაგნიცკისა და მისი დამქირავებელი, საერთაშორისო თაღლით ბრაუდერის გამო, საქართველოს თაობაზე რეზოლუციის მიღებისას ბევრად თავდაჭერილნი ჩანან ხოლმე რუსეთის მიმართ.
ვერაფერს იტყვი, დიდი სიბრძნე და გამჭრიახობაა “ოცნების” მხრიდან. განსაკუთრებით ელჩ ზურაბ აბაშიძეს დაეხმარება, ალბათ.
თუმცა, კვლავ ბუნებრივად ისმის კითხვა: მაშინ რას ერჩოდით მიშას?
მესამე: უკრაინაში გრძელდება დაპირისპირება, რომელშიც “მართალი ანგელოზები” და “მტყუანი სატანები” ნამდვილად არ არსებობენ. ორივე მხარეს (მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინას) თავისი სიმართლე აქვს და ეს ყოველივე შეიძლება სამოქალაქო ომშიც გადაიზარდოს.
რას აკეთებს ამ დროს “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა? ზუსტად მიშასა და მის მიერ “მაიდანზე” გადასროლილი ჩე გივ არას სტილში, იღებს რეზოლუციას, რომელიც, თავისი შინაარსითა და სულისკვეთებით, ერთმნიშვნელოვნად აღიქმება, როგორც უკრაინის მოქმედი ხელისუფლების დაგმობა და ოპოზიციის მხარდაჭერა. იმ ხელისუფლებისა, რომელზეც დამოკიდებულია, გაიყიდება თუ არა ქართული მანდარინი და ვაშლი დონეცკის ბაზრებზე.
“ვაშინგტონ პოსტში” მიშას მორიგი ოპუსის გადამღერება გეგონება.
ანუ გამოდის, ამაშიც მართალი ყოფილა მიშა და რას ერჩოდით?
საერთოდ, რით განსხვავდება ამ უბადრუკი “ოცნების” პოლიტიკა მიშას პოლიტიკისგან? შინაარსობრივად არაფრით! “რიტორიკა შევცვალეთო”. სინამდვილეში, თუ რეზოლუციებსა და იმავე მიშას სტილში გაკეთებულ განცხადებებს წავიკითხავთ, რიტორიკაც არ შეუცვლიათ!
აბა, რაღა დარჩა? ეკონომიკა? ფინანსთა მინისტრმა, ჩვეული სანდომიანი გამომეტყველებით განაცხადა ამას წინათ, რომ ლარის გაუფასურება, თურმე, საშიში არ არის, რაკი “ქვეყანას 3-მილიარდიანი რეზერვი აქვს”.
ანუ იმასაც კი ვეღარ “ტვინავენ” საბრალონი, რომ აუცილებლად დაისმება კითხვა: მერედა, ეს “3-მილიარდიანი რეზერვი” თქვენი დაგროვილია და თქვენი დამსახურებაა?
თქვენ რა გააკეთეთ - თქვენ, თავად?! რაღაცით ხომ უნდა განსხვავდებოდეთ მიშასგან?
ან საერთოდ, რის გამკეთებლები გამოდიხართ, მიშას “დიდებული მემკვიდრეობის” გარეშე?
ჰოდა, რას ერჩოდით-მეთქი მაშინ?
გაუმარჯოს მიშას!!!
ლევან უკლება, გაზეთი "პრემიერი"
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |