|
ახლა სხვა დროა, რაც იყო, იყო... წინ მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 30-წლიანი პერსპექტიული გეგმის რეალიზებაა. სწორედ ამ მიზნით, ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში იწყებს მოღვაწეობას. “მოქალაქე” იდენტიფიცირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა.
არაიდენტიფიცირებული - ამგვარი და ასევე მისი, კიდევ 8 იქნება. ერთ-ერთს სათავეში არჩილ კბილაშვილი ჩაუდგება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები - “მოქალაქე” & 8 - სხვადასხვა სფეროებში იღვაწებენ. ფინანსები ივანიშვილისაა. შესაბამისად, ვინც იხდის, მუსიკასაც ის შეუკვეთს. მართალია, ამ ორგანიზაციების აქტივისტების სიაში საზოგადოება სხვადასხვა სახეებს ნახავს, მაგრამ, როგორც “პრემიერის” წყარო ამბობს, ეს ყველაფერი ბუტაფორიაა. მთავარია, ამ ადამიანებმა ის აკეთონ და ის თქვან დალაგებულად, - “მიჯირყვნა” და ჩაზუსტებული “მიჭირხვნის” გარეშე, - რასაც ივანიშვილი მათ ეტყვით.
ამ “ენჯეოების” წევრების სიის პირველი ვარიანტი არჩილ კბილაშვილმა გააკეთა. იმას თავი დავანებოთ, რომ სამართლებრივ სფეროში მომუშავე “ექსპერტებში” მხოლოდ საკუთარი საადვოკატო კანტორის წევრები ჩაწერა, საინტერესო ის არის, როგორ აღმოჩნდნენ ამ სიაში საზოგადოებისთვის ცნობილი მინდია გულუას პროტეჟეები. რის ფასად აპარებდა კბილაშვილი ივანიშვილს გულუას და, შესაბამისად, კრემლისთვის სასურველ კადრებს?
კბილაშვილის სია ივანიშვილმა დაიწუნა, შემდეგ რამდენიმე კაცსაც შესთავაზა საკუთარი კანდიდატურების დასახელება. თუმცა საბოლოოდ სია არასამთავრობოთა “დედამ”, თამარ ჩუგოშვილმა დაწერა. ამ სიაში, სულ რაღაც, მცირედი კორექტირებებია შესული. საბოლოო ფილტრი კი სიამ დავით უსუფაშვილის ხელში გაიარა.
უსუფაშვილზე გამახსენდა, ამ ბოლო დროს ის ივანიშვილის კარზე ღარიბაშვილზე მეტად მიღებულია. უფრო სწორად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები მასთან თანხმდება. ღარიბაშვილთან (აცნობიერებს ამას თუ არა) - არანაკლებ მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მეორეხარისხოვანი თემები. სწორედ დათოსა და თინას ჰკითხა ივანიშვილმა ბოლო აზრი ფარცხალაძესთან დაკავშირებით, თორემ მანამდე გულმხურვალედ უმტკიცებდნენ და თავადაც სჯეროდა, რომ “სულ რაღაც ორი საათით” ჰყავდათ ექსმთავარი პროკურორი გერმანიაში დაკავებული და რა მოხდა ამის გამო, ეს რა გასაგიჟებელი ფაქტიაო. ივანიშვილსაც სჯეროდა ამის. ფარცხალაძემ იმავე დღეს დაწერა განცხადება, მეორე თუ მესამე დღეს კი ინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელის პოსტზე უსუფაშვილ-ხიდაშელის პროტეჟე აღმოჩნდა დანიშნული.
ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული დაბრუნება ლამის რწმენაში მაძლიერებს და ურყევად მაფიქრებინებს, რომ მეორედ მოსვლა იქნება. ისე, ივანიშვილი პირველადაც არ უნდა მოსულიყო, ეს თავადაც იცის, თორემ “ოცნებაში” გადავარდნილ გულუბრყვილო ხალხს, რომელსაც დღემდე სჯერა “შიხიაშვილებით” დასახლებული ივერიის გაბრწყინება და არაქრისტიანული ჰუმანურობით მოითხოვს შურისძიებას - Сто лет без права переписки - ამაში ვერაფრით დაარწმუნებ.
თავად ივანიშვილმა, მეც და რამდენიმე სხვამაც იცის, რომ მისი პირველად მოსვლა სულაც არ იყო დაგეგმილი და სწორედ ამიტომაც “ჩაიკეტა” 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ თავისი ეკონომიკური გუნდის მინისტრების საძიებლად. ივანიშვილმა ისიც ცხადად იცის, რომ მისი “მისია” ნაცების 40%-ით გაკეთილშობილება იყო და არა 60%-იანი ჩაჩოჩება. მით უფრო არც ის, რომ წინდების მქსოველი ფილოსოფოსი წამოესკუპებინა ქვეყნის პირველ პირად. რამდენიც არ უნდა იძახოს პირველი პრემიერიაო, ამით მეტ-ნაკლებად წიგნიერი საზოგადოების თვალში კიდევ უფრო მეტად მოახდენს საკუთარი თავის დისკრედიტებას.
წესებსა და პრინციპებს ქართული პოლიტიკა არ აღიარებს, თორემ ივანიშვილი ვერასოდეს გახდებოდა ქვეყნის პრემიერი და ახლაც ჭორვილაში იჯდებოდა მეტწილად და კანტიკუნტად, თავის უმცირესობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის სხდომებზე მოუწევდა რეგისტრაციის გავლა - თუნდაც ბუსუსებიანი პრეზერვატივის თემაზე მსჯელობა.
არა, ხელისუფლებაში გაუგებრობებით აღმოჩენილ ივანიშვილს სულაც არ დამართნია, უნახავმა რა ნახაო. მან, უბრალოდ, ვერაფერიც ვერ ნახა რეალურად, ისე განერიდა ვითარებას. მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილი ეჭვიანი, დიახ, ეჭვიანი ადამიანია, ამ წასვლაშიც არის თავისი რეზონი. არა მაშინ, როდესაც ის პრემიერის რანგში იყო აღზევებული, არამედ ახლა, დიახ, ახლა ტკბება ხელისუფლებითა თუ ძალაუფლებით და მარიონეტებივით ათამაშებს საკუთარი “ერთგული გუნდის” პაიკებს, მხედრებს, “ოფიცრებს”, ლაზიერსა თუ თავად მეფესაც.
დიუმას “ოცი წლის შემდეგ” და ივანიშვილის “ოცი წლის მერე”. თუმცა, როგორც მისი გარემოცვა აცხადებს, ხელისუფლებაში დარჩენას 30 წლით აპირებს. 20 აქტიური წელიწადი და 10 მემკვიდრეობითი მმართველობა.
ამ ყველაფერს ხომ, პირველ რიგში, რესურსი სჭირდება? კადრებს ვგულისხმობ - ადამიანებს, გონიერებს, პროფესიონალებს. იქნებ ვინმე გონიერ ადამიანს მართლა ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის, ვინ ჰყავს საკუთარ გუნდში სუსტი რგოლი და მოჩვენებითად არ ცვლის მას, რადგან საკუთარი გუნდის დისკრედიტაცია არ მოახდინოს? სულაც არა! მას დღემდე სჯერა, რომ ქალბატონი მინისტრი, რომელსაც იმდენი თავხედობა ჰყოფნის, რომ საჯაროდ, თუნდაც საახლობლო გარემოცვაში “ბიძო” დაუძახოს - ყველაზე მაგარი სტრატეგია. ასევე, ეჭვი არ ეპარება, რომ ბატონი - მინისტრად წოდებული უფლებათა ექსდამცველი უპირველესად პატიმართა კეთილდღეობაზე ზრუნავს და არა პირადზე. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ღმერთზე უფრო მეტად სწამს ზაქარეიშვილის მიერ შერიგების პოლიტიკის მარგი ქმედების კოეფიციენტის პერპენდიკულარული სუბსტანციის მდგრადობის. გაიგეთ რამე? ვერც მე ვიგებ ზაქარეიშვილისას ვერაფერს. აი, ბიძინას ესმის. ისევე როგორც ესმის და იცის, რომ მომავალში ეს მაგარი გუნდი შესაცვლელი ეყოლება. პარლამენტიდან უნდა გაუშვას ქანთარია, ჯაჭვლიანი და კომპანია.
ადამიანებმა, ჭკვიანმა ადამიანებმა იციან საკუთარი სუსტი წერტილები. არაერთხელ დავფიქრებულვარ, რამ შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლება დაამარცხოს. ვერ ვიტყვი, რომ სხვადასხვა ვერსიების განხილვისას ამ ვერსიისთვისაც არ დამითმია სათანადო ადგილი, რომელიც თავად ივანიშვილმა მიკარნახა პოლიტიკიდან წასვლის ჟამს - ჭკუამ და ინტელექტმა. მავანი მეტყვის, ჭკუა და ინტელექტი ვერ დაამარცხებს ფულსო. დაამარცხებს, მე მითქვამს და თქვენ ნახავთ. მაგრამ ეს მერე იქნება. მანამდე კი ივანიშვილი სწორედ ინტელექტისა და ჭკუის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.
აქვე ერთი ჩანართი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მორალური მდგრადობისა და კონფორმისტული პოზის შესახებ. სწორედ კუბლაშვილმა დაუბრუნა ივანიშვილს სააკაშვილის მიერ წართმეული მოქალაქეობა. მიშას პოლიტიკურად წამგებიან გადაწყვეტილებაზე არაფერს ვიტყვი, როდესაც ივანიშვილს “სალდატსკი პრიჩინით” ჩამოართვა მოქალაქეობა. ცენტრალიზებულად მართულმა სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციამ, განა, კუბლაშვილის გვერდის ავლით მიიღო გადაწყვეტილებები? ახლა რა გამოვიდა, თავად არის კარგი ბიჭი და ქვედა რგოლის მოსამართლეები მისგან განტევებული ვაცები არიან? ისე ვაცი-კაცი კარგად ირითმება არა, ბატონო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარევ?
რამე ხომ არ გენიშნათ იმაში, რომ “მოქალაქის” დაანონსების პარალელურად მოახდინა კუბლაშვილმა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების უზენაესი დადგენილების გამოცემა? თუმცა ესეც სხვა თემაა. უბრალოდ, ბრენდი უკვე რეგისტრირებულია - “შიხიაშვილიზმი” და აწი თუნდაც დადეშქელიანები იყვნენ, მაინც ამ ბრენდის საფარქვეშ მოუწევთ “ბიჭებს” ცხოვრება. მთავარია, უმთავრეს “მოქალაქეს” მოქალაქეობა აღუდგა.
დავუბრუნდეთ ისევ “მოქალაქე” & 8-ს. რატომ? რისთვის? რეალურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ინკუბატორია - საჩეკია. სწორედ ამ სეგმენტიდან ვიხილავთ მეტწილად პერსონებს, რომლებსაც მალე ტელევიზიებში მიიწვევენ, გაზეთები ინტერვიუებს ჩამოართმევენ, სააგენტოები ციტირებას მოახდენენ. დიახ, დიახ, ივანიშვილს “მოქალაქე” & 8 კადრების ახალ სამჭედლოდ სჭირდება. თუმცა მანამდე პარალელურად უნდა მოხდეს ექსპერტების, ცალკეული მედიასაშუალებების მფლობელების, არასამთავრობო სექტორის აქტიური სახეების დისკრედიტება ან ჩაჩოჩება. ამათი ადგილი უნდა დაიკავონ ჩუგოშვილისა და უსუფაშვილის მიერ შერჩეულმა და ივანიშვილის მიერ კურთხეულმა კადრებმა.
ტყუილად არ მიხსენებია დისკრედიტება. ივანიშვილი თავისმა გარემოცვამ და მოძალებულმა ეჭვიანობამ იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ერთ-ერთ საუბარში ბოლო ხმამდე გაჰყვიროდა, - ყველა ექსპერტი გაყიდულია! ერთადერთი კითხვა, რომელიც ამ აზრის ფორმირებისას მან საკუთარ თავს არ დაუსვა იყო - ვისზე? ამ კითხვაზე პასუხი რომ მოეძებნა, კარგად მიხვდებოდა, რომ არც სოსო ცისკარიშვილი, არც რამაზ საყვარელიძე, არც ხათუნა ლაგაზიძე, არც კახა კახიშვილი, არც დემურ გიორხელიძე, არც მამუკა არეშიძე და ა.შ. არავისზე არ გაყიდულან. ვისი ყიდვაც შეიძლებოდა, ყველა თავად იყიდა თავის დროზე. უბრალოდ, ეს ადამიანები გულწრფელად ეუბნებოდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ. ეს ნააზრევი მის გარემოცვას ისეთი სახით მიჰქონდა მასთან, რომ ამ ადამიანებისგან მტრის ხატი შეუქმნეს. ახლა კი სოციალურ ქსელებში უკვე დაიწყო მათი დისკრედიტაციის კამპანია. მხოლოდ იმისთვის, რომ არ გაჟღერდეს ის აზრები, რაც ივანიშვილისთვის მიუღებელია. ასე ხდება მედიასთან მიმართებაშიც. ზოგი მან იყიდა, ზოგი მისგან უჩუმრად - მისივე გუნდის წევრებმა. და თუ ვინმე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, ის გამოცემაც “მტერია”. ასევე, მტრები არიან ხელოვნების მოღვაწეები, რომლებიც “ნაცებს” ვერ იტანდნენ, მაგრამ ახლა ამბობენ, რომ “ოცნებამ” ჩაილურის წყალი დალია. მტერია ყველა, ვისაც ორი წიგნი წაუკითხავს და ამონარიდებს, დადებითი კონტექსტით, ივანიშვილისა და მისი გუნდის სადიდებლად არ იყენებს. მოკლედ, მტერია ყველა - ვინც ჭკვიანია და აზროვნებს! რა ვქნათ, მეტს ვერ ქაჩავენ ივანიშვილის დოქსოპულოები.
სწორედ აქ უნდა ვაღიარო, რომ თავად ივანიშვილიც ჭკვიანია. მან კარგად გათვალა, საიდან შეიძლება საფრთხე მოდიოდეს და ამ საფრთხის ნეიტრალიზებისთვის ქმნის “მოქალაქე” & 8-ს.
მაგრამ ინტელექტის მოსპობას ყველაზე მეტად ინტელექტი ვერ აიტანს. მოცარტს სჭირდებოდა სალიერი, ისევე როგორც სალიერი არავინ იქნებოდა მოცარტის გარეშე. არ მინდა, ვინმემ ცუდად გაიგოს, მაგრამ მისი დიდი ერუდიციისა და განათლების მიუხედავად, მინიმუმ ულუკმაპუროდ დარჩებოდა ბესო ჟღენტი, კონსტანტინე გამსახურდიას კრიტიკის გარეშე.
ჰოდა, რაოდენ დიდი გენიაც არ უნდა იყოს რობიკო სტურუა, მისი გენიალურობა “კავკასიურში” ან “რიჩარდში” კი არ არის გასხივოსნებული, არამედ აზრში. და ეს აზრი აიძულებს მას რამდენიმე ხანში ამბოხებასა და ღრიალს: “მოქალაქე” ღილი შემიხსენი!.. ჰო, სწორედ ის ადამიანი, რომელიც დღეს ამბობს, - მიშველეთ, გადამარჩინეთ ამ სიძულვილს! არა! არა! მირჩევნია ასევე დაუნდობელი წავიდე ამ ქვეყნიდან, ვერ შევუნდობ, ვერ ვაპატიებ! - იტყვის: რას შვრებით, ხალხო?! სწორედ ის ვერ აიტანს არა პოლიტიკური კლასის, არამედ ინტელექტის მოსპობისა და ხელოვნური ჩანაცვლების მცდელობას. სტურუამ და ნებისმიერმა გონიერმა ადამიანმა იცის - “მოქალაქეს” სხვა მოქალაქის მოსპობის უფლება არ აქვს, მით უფრო იმისთვის, რომ ახალი მოქალაქე გამოჩეკოს.
და ბოლოს, ვიდრე ამ მასალის წერას დავიწყებდი, სოციალურ ქსელში მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონის, ბესო მიქელთაძის პოსტს გადავაწყდი: იდიოტი ტახტზე რომ დასვა, კარგი მეფე იქნება თუ ცნობილი იდიოტი?
მეფის ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ, როდესაც ქვეყანაში უმრავლესობა იდიოტია, მანდ მეფედ გნებავთ სოლომონ ბრძენი იყოს და გნებავთ, უბრალო მოქალაქე.
გოჩა მირცხულავა, გაზეთი პრემიერი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |