|
ინტიმური სცენების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები განადგურდება
ფარული ჩანაწერებისა და უკანონო მიყურადების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, 635 დისკიდან მხოლოდ ორი განადგურდება, რომელშიც ინტიმური ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა ასახული. რაც შეეხება დანარჩენ ვიდეოფაილებს, როგორც შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, ისინი პროკურატურას გამოსაძიებლად გადაეცემა.
“დაახლოებით 635 დისკზეა საუბარი, რომელიც 750 საათს მოიცავს და რომელშიც ასახულია პოლიტიკურ ოპონენტებზე ინფორმაცია. შესაბამისად, ეს ინფორმაცია მოსმენილი იქნა სამუშაო ჯგუფისგან. ასევე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ საზოგადოებისთვის ფართო ანგარიში მომზადდება და ამის პრეზენტაცია 31 იანვარს მოხდება”, _ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. დროებითი კომისიის წევრი კახა კახიშვილი “პრემიერთან” საუბარში აცხადებს, რომ აღიშნული საქმე პროკურატურამ კვალიფიციურად უნდა გამოიძიოს, რადგან ის საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს.
კახა კახიშვილი: მასალების დამუშავების შემდეგ გამოვლინდა, რომ მარტო ორი მასალა იყო ისეთი, რომელიც სექსუალურ სცენებს შეიცავდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ მასალების განადგურების შესახებ, ხოლო დანარჩენი მასალა 28 ათასი ფაილი, რომელიც 635 დისკზეა განთავსებული, პროკურატურას გადაეცემა. პროკურატურა ვალდებულია, გამოიძიოს ამ დანაშაულებრივი მოქმედების ყველა დეტალი. საუბარი არაა მხოლოდ შემსრულებლების გამოვლენაზე, საუბარია სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა პოლიტიკურ ოპონენტებზე ზემოქმედება.
_ დაზღვეულები ვართ, რომ ანალოგიურ ქმედებებს მომავალშიც არ ექნება ადგილი?
_ მინდა გითხრათ, რომ კომისიამ გასცა რეკომენდაცია სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 158-ე და 159-ე მუხლებში ცვლილებების შეტანის შესახებ. თუ პარლამენტი მიიღებს ამ ცვლილებებს კანონი ამ მიმართულებით უფრო გამკაცრდება.
_ მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ პარლამენტმა ამ სახის დანაშაულის ჩამდენთათვის ამნისტიაც გამოსცა.
_ დიახ, მართალი ხართ. თუმცა კომისიის სხდომაზე დაისვა საკითხი _ ისარგებლა თუ არა ვინმემ კანონით მინიჭებული უფლებით. როგორც აღმოჩნდა, არც ერთი პირს ამ ამნისტიით არ უსარგებლია. ანუ არავის არანაირი ჩანაწერი შს სამინისტროსთვის არ ჩაუბარებია.
_ თქვენ აცხადებთ, რომ პროკურატურად კვალიფიციურად უნდა გამოიძიოს ეს საქმე. დარწმუნებული ხართ, რომ ეს უწყება შეძლებს ამას, მაშინ როდესაც უამრავი საქმეა თაროზე შემოდებული?
_ დარწმუნებული ვარ, რომ უნდა შეძლოს. აქ საქმე ეხება ასობით ადამიანს. საზოგადოების ინტერესი საქმისადმი მაღალია. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს დანაშაულებრივი სისტემის ჩამოყალიბებასთან. ვიმეორებ, ამ ჩანაწერების მეშვეობით ხდებოდა პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეგავლენის მოხდენა, მათი დისკრედიტაციის მცდელობა და ხორციელდებოდა ზემოქმედების სხვა მეთოდები. შესაბამისად, საქმის კვალიფიციური გამოძიება, ისე, რომ არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩეს, პროკურატურის პრესტიჟის საქმეა. მას აქვს რესურსი, გამოიძიოს და შესაბამისად, ვალდებულებაც საზოგადოების წინაშე, რომ ფარული ჩანაწერების საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
თორნიკე ლაგვილავა, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |