|
მიხეილ მაჭავარიანი: “ისინი პარტიაში ახლა მოვიდნენ”
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი _ გიორგი ვაშაძე პარტიაში ახალი სახეების გამოჩენის შესახებ საუბრობს. როგორც ვაშაძემ განაცხადა, ახალი სახეების გამოჩენა პარტიაში საკადრო ცვლილებების ხარჯზე მოხდება. “ნაციონალურ მოძრაობაში” სიღრმისეული ცვლილებები აუცილებელია. აუცილებელია ის, რომ ჩვენ შევძლოთ პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება. მე ვემხრობი სწრაფ და რადიკალურ ცვლილებებს პარტიაში, ვფიქრობ, რომ ამ ჭიდილის შედეგად ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი პროცესი და შედეგი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მიმზიდველი იქნება ჩვენი მხარდამჭერებისთვის და გაგვიჩენს ახალ მხარდამჭერებსაც. ახალ ლიდერებს გამოკვეთს, რომლებსაც სრულფასოვანი შესაძლებლობა ექნებათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების. მათ შორის მალე გამოვაჩენთ პარტიაში ახალ სახეებსაც”, _ განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ვაშაძე-საყვარელიძის გუნდს პარტიაში რეფორმატორებად ასახელებენ. თუმცა ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს გუნდი იქნება ნაციონალების ძველი სახეების თავის ტკივილი. ექსპერტების ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ვაშაძე-საყვარელიძის აქტიურობა მომავალ თვითმმართველობის არჩევნებსაც უკავშირდებოდეს. პრაიმერისის იდეის ლობირება, რომელსაც “ერთი ფანჯრის პრინციპის” დამნერგავი ვაშაძე უწევს პოპულარიზაციას, სულაც არ არის გამორიცხული, დედაქალაქის მერად უგულავას კანდიდატურის ჩასაგდებად ხდებოდეს. არც ის არის გამორიცხული, რომ თავიდან “სტატისტის” როლში, როგორც ეს საპრეზიდენტო კანდიდატის პრაიმერისის დროს მოხდა, ნაციონალების ცნობილი სახეები ვიხილოთ, მათ შორის თავად ვაშაძეც. ცხადია, რომ რეფორმები პარტიაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს და ყველაფერი სწორედაც რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა დალაგდეს.
“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი და გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ მაჭავარიანი “პრემიერთან” საუბარში აცხადებს, რომ პარტიაში მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება.
_ ბატონო მიხეილ, რა ხდება პარტიაში?
_ ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ არც ერთ რაიონში ჩვენი მხრიდან არ იქნება ესა თუ ის კანდიდატურა დასახელებული.
_ ანუ?
_ ჩატარდება პრაიმერისები და პარტიის წევრები თავად აირჩევენ გამგებლის კანდიდატურას და ასე იქნება ნებისმიერ არჩევით თანამდებობასთან დაკავშირებით.
_ მოკლედ, ადგილებზე მართვის პროცესში არ ჩაერევით?
_ კანდიდატურების ცენტრიდან შეთავაზების პრაქტიკა არ იქნება. ჩვენ არ ჩავერევით. პარტიის წევრები არჩევენ კონკრეტულ პიროვნებებს. ეს არის აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესი. ჩვენ საბოლოოდ ვყალიბდებით დასავლური ტიპის, პასუხისმგებლობის მქონე პარტიად. პარტიის პასუხისმგებლობა თავისთავად ნიშნავს მისი წევრების პასუხისმგებლობასაც.
_ გიორგი ვაშაძის მხრიდან ახალ სახეებზე იყო საუბარი. ვინ არიან ისინი?
_ მერწმუნეთ, ესენი არიან საინტერესო ადამიანები და პროფესიონალები.
_ სად გყავდათ აქამდე დამალულები ეს საინტერესო ადამიანები და პროფესიონალები?
_ ისინი პარტიაში ახლა მოვიდნენ.
_ რისკი? თქვენთან მოსვლა ახლა საკმაოდ სარისკოა.
_ სულაც არა, მერწმუნეთ. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს შეცდომებს. რეალურად ვაფასებთ ვითარებას და გვაქვს მოტივაცია, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული. სწორედ ამას ემსახურება ყველა ცვლილება პარტიაში და ჩვენ კვლავაც წავალთ ამ გზით.
თორნიკე ლაგვილავა, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |