|
ახალ ხელისუფლებაშიც არავის უნდა პატიმრების მოსმენა
გაზეთ “პრემიერს”, დაახლოებით თვე-ნახევრის წინ, ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი სამუდამოპატიმრობამისჯილი, თემურ (ბაჩო) შარაშენიძის საქმის მასალებზე ესაუბრა. გვითხრა, სრულიად უდანაშაულოა, მაგრამ ვერც ამ ხელისუფლების პირობებში, სიმართლე ვერანაირად ვერ გავიტანეთო. ახლა კი რედაქციაში შარაშენიძის დედა, ნათელა შარაშენიძე მოვიდა და შვილის უდანაშაულობაზე ახალი და უცნობი გარემოებების შესახებ მოგვიყვა.
ნათელა შარაშენიძე:
_ ჩემი შვილი დეკემბერში 46 წლის გახდა. 2004 წლის ნოემბრიდან ციხეში ზის. რაც მას დააბრალეს, ნამდვილად არ ჩაუდენია. ძალიან სპორტული და ვაჟკაცური ბიჭი იყო და უშიშროებაში, “ალფაში” მსახურობდა. იქიდან მოსკოვში გაგზავნეს სასწავლებლად. ჩამოვიდა თუ არა, მეორე კვირას საშინელება შეემთხვა და მინდა, ამაზე დეტალურად გესაუბროთ. ცოლთან გაცილებული იყო. იმ დღეს, მისი სახლიდან მოჰყავდა შვილი, მეზობლის ბიჭთან ერთად, მუხიანიდან გლდანში. გზაში შვილმა საღეჭი რეზინი მოსთხოვა და ჯიხურთან გააჩერა მანქანა. გახსოვთ, ალბათ, მაშინ რა არეულობაც იყო, პოლიციაც როგორ დაძრწოდა უფორმოდ და უცერემონიოდ. მათ გვერდით ვიღაცამ მანქანა გააჩერა და თემურს უთხრა, აქ რატომ დგახარ, ახლავე მანქანიდან გადმოდიო. ჩემმა შვილმა უშიშროების საბუთი აჩვენათ და სიტყვიერადაც უთხრათ, რომ ოფიცერი იყო, მაგრამ საბუთი ერთ ადგილზე გაირჭვეო, უთხრეს და მანქანიდან გადმოაგდეს. ამის მერე დაუწყეს დავა, იარაღი მოგვეციო. ჩემი შვილი მოკვდებოდა და იარაღს არავის მიცემდა. მანამდე ორი “ალფელი” დააყაჩაღეს და გიორგაძემ ორივე სამსახურიდან გაყარა, კინაღამ დააპატიმრა, რანაირი უშიშროების თანამშრომლები ხართ, იარაღს გართმევენ და ვერაფერს აკეთებთ, რომ მოგკლან, იარაღი არ დათმოთო. და ეს ორი ადამიანი სწორედ იარაღის წართმევას უპირებდა თემურს. მათ ჩემს შვილს მუცელზე დაადეს იარაღი, მოზარდ ბიჭს კი თავზე და ასე აძალებდნენ, რომ იარაღი ნებით გადაეცა მათთვის. მერე კი ერთმა მეორეს უთხრა, რას უყურებ, მოკალი და ისე წამოიღეო. ეს სიტყვები იყო და ჩემმა დაასწრო მათ, ორივეს ესროლა.
_ ორივე მოკლა?
_ სასწრაფომ ცოცხლები წაიყვანა. რაც მოგიყევით, ამის თვითმხილველებიც იყვნენ. სახლში რომ მოვიდა ჩემი თემური, მაშინვე მითხრა, ასეთი რამ შემემთხვაო. მეზობლის ბიჭი გაგზავნა ამბის გასაგებად და ისიც მერე გაიგო, რომ პოლიციელები იყვნენ. მათ თავად არ უთქვამთ ეს, თურმე თემურს ეძახდნენ, რა გინდა, ყაჩაღები ვართ, არ გაწყობსო?! დაყაჩაღება და იარაღის წართმევა მაშინ ხშირი იყო და ამათაც ეს უნდოდათ. გაირკვა ისიც, რომ ეს ბიჭები პოლიციელებად მუშაობდნენ ნავთლუღის ბაზარში, დასვენების დღეებში, გლდანში ჩამოდიოდნენ და ჯიხურის მეპატრონეებს ხან კონიაკს ართმევდნენ და ხანაც _ სიგარეტსა და სხვა პროდუქტს. ჩემმა შვილმა მათი გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო, სახლიდან წავიდა და მეც ვიმალებოდი, თუმცა პოლიციელები მოცვივდნენ და მეზობლები სცემეს. იმ მოზარდი ბიჭის მშობლებიც წაიყვანეს, რომელიც ჩემს შვილთან იყო იმ დროს და ორივეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიციაში ნაცნობი მოვნახე და ვუთხარი, პროკურატურაში ყველაფერს მოვყვები, რაც ჩემი შვილისგან ვიცი და სიმართლეა, მაგრამ უნდა მომცენ პირობა, რომ შეურაცხყოფას არ მომაყენებენ-მეთქი. პირობა რომ მივიღე, გლდანის პროკურატურაში მივედი და რაც ვიცოდი, ყველაფერი ვთქვი. ამასობაში თემურიც დააპატიმრეს. დაკითხეს იმ დროს ჯიხურში მყოფი ხალხი და მათაც დაადასტურეს, რომ ჩემს შვილს იარაღით დაადგნენ. თეთრებში ჩაცმულ ახალგაზრდას იარაღს ართმევდნენ, მერე კი უცებ მოხდა სროლაო. მხოლოდ ერთმა ადამიანმა თქვა სხვანაირად. ეს კაცი იმ დროს 50 მეტრის დაცილებით იმყოფებოდა ამ ადგილიდან და ამბობდა, დავინახე, რომ თეთრებში ჩაცმულმა ესროლა, სხვების იარაღი არ დამინახავსო. თეთრებში ჩაცმული ჩემი შვილი იყო. 9 თვე გაგრძელდა ძიება. გარდაცვლილი პოლიციელების პატრონებმა ისეთი ხალხი გამონახეს, ადვოკატი მეუბნებოდა, სიმართლის დამტკიცება გაგვიჭირდებაო. მაშინ “ალფას” უფროსი გელა პაპუაშვილი იყო. მასთან მივედი და ვუთხარი, იღუპება ჩემი შვილი, თქვენ ეუბნებოდით, იარაღი არავის წაართმევინოთ, თავი ყველანაირად დაიცავითო და ახლა რა ვქნათ-მეთქი?! პაპუაშვილი შემპირდა, რომ იგორ გიორგაძეს ეტყოდა. მართლაც გაიგო გიორგაძემ, მთავარ სამხედრო პროკურორს დაურეკა და უთხრა, თუ ჩემი თანამშრომელი დამნაშავეა, დაისაჯოს, მაგრამ თუ დამნაშავე არ არის და ამდენხანს განგებ ახანგრძლივებთ ამ გაურკვევლობას, ამას ასე არ დავტოვებო. ამის მერე, რამდენიმე დღეში, ისე გაათავისუფლეს თემური, სასამართლოც კი არ შემდგარა. აუცილებელი მოგერიება დაუმტკიცეს. ის 9 თვე, რაც მან პატიმრობაში გაატარა, პროკურატურას უკანონობაში რომ არ ჩასთვლოდა, წვრილმანი ხულიგნობის სასჯელად გაუფორმეს და დაწერეს, რომ დაკავების დროს გაუძალიანდათ. განთავისუფლების მერე ისევ “ალფაში” მუშაობდა თემური, მერე, როცა შევარდნაძის აფეთქება მოხდა, “ალფა” დაიშალა და უმუშევარი დარჩა.
ბებიამ თემქაზე ბინა დაუტოვა, ის გაყიდა და გლდანში, სამოთახიანი იყიდა მე-11 სართულზე. სადარბაზოში ლიფტი არ მუშაობდა. თემურმა ლიფტის აღდგენა ისე დაიწყო, მეზობლები მხარში არ დაუდგნენ. მაშინ ყველას ძალიან უჭირდა და ლიფტი აღარ ახსოვდათ. მასწავლებელი ვიყავი და ხელფასი 8 ლარი მქონდა. ამ ლიფტის კეთებამ გაუჩინა იდეა, რომ შეექმნა სისტემა, რომელსაც ლიფტებში დადგამდა და მხოლოდ თანხის ჩაგდების მერე იმოძრავებდა ლიფტიც. თემურს “გეპეი” აქვს დამთავრებული და ტექნიკა მისთვის უცხო ნამდვილად არ იყო.
_ როგორც ცნობილია, მას ამ საქმეში კონკურენტები გამოუჩნდნენ და ვინ იყვნენ ისინი?
_ აქედან დაიწყო ჩვენი უბედურებაც. ერთ-ერთი კონკურენტი იყო დავით ერაძე, რომლის შვილიც გახლდათ პროკურორი. ვაკეში პროკურორად მუშაობდა მამუკა გვარამია, რომელიც ერაძის შვილის ჯგუფელი და მეგობარი იყო. დავით ერაძეს ჰქონდა ლიფტების შეკეთების კერძო ფირმა და ფაქტია, ამ ახალი სისტემის ლიფტებში დამონტაჟება მათზე ცუდად მოქმედებდა. გარდა ამისა, სხვა ფირმებიც იყო, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ. ამ გამოგონებამ მათ ბიზნესი ჩაუგდოთ და დაიხურნენ, თუმცა ერაძემ და კიდევ რამდენიმემ, ჩემი შვილის განადგურება და თავიდან მოცილება გადაწყვიტეს. მერე რაც მოხდა ჩვენს თავს, ყველაფრის თავი და თავი ეს იყო. მოსახლეობა მიხვდა, რომ ეს იყო ძალიან კარგი რამ. ვისაც ფული ჰქონდა, აგდებდა ამ ყუთში და სარგებლობდა ლიფტით, ვისაც არ ჰქონდა, ფეხით დადიოდა. მანამდე თუ მეზობლებიც აიძულებდნენ უფულოებს, ფული საიდანმე ეშოვათ ლიფტისთვის, მერე მათ აღარავინ აწუხებდათ. ასე რომ, ხალხი კმაყოფილი იყო, ასეთი სისტემით რომ მუშაობდა ლიფტები. ჩემმა შვილმა ლიცენზიაც აიღო, დააპატენტა კიდეც ეს გამოგონება, რაშიც ყოველ წელს ფულს იხდიდა, მაგრამ ერაძისა და კლდიაშვილის ფირმებს მოუნდათ ამ დაპატენტებული სისტემის თავის სასარგებლოდ გამოყენება. ასეთ ყუთებს უკვე თავადაც დგამდნენ, რაზედაც ჩემს შვილთან კონფლიქტი ჰქონდათ. თემური ეუბნებოდათ, ამ ყუთებს თქვენ არ გაგაკეთებინებთო. კანონითაც უფლება არ ჰქონდათ. ვეხვეწებოდი, შვილო, დაანებე თავი, არ დაგღუპონ-მეთქი და ასეც მოხდა. ჩემი შვილი ერაძემ დააკავებინა იმის გამო, თითქოს ის იმ სადარბაზოების ლიფტებს აზიანებდა ამ ყუთების დაყენებით, რომელთანაც ხელშეკრულებები მათ ჰქონდათ დადებული. ჩემი შვილის მეგობარმა საკუთარი ყურით მოისმინა, როგორ გამოვიდა პროკურორი გვარამია და უთხრა ერაძეს, რაც მითხარი, გავაკეთე, დავიჭირე და ახლა მე ვიცი, რასაც ვუზამ, ცას არ დავანახვებო. ვერ დაუმტკიცეს ჩემს შვილს ლიფტების დაზიანება. წესით და რიგით, ის უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ეს არ აწყობდათ. ადგნენ და ის ძველი საქმე განაახლეს, რაზეც სასამართლოც კი არ ჩატარდა, ისე ჩათვალეს თემურის ქმედება აუცილებელ მოგერიებად. გამომძიებელმაც გვითხრა, რაში მჭირდებოდა, ერთი თვე ვირთხასავით მამყოფეს არქივში და თქვენი შვილის საქმეს იქ ვეძებდიო. მონახეს ის კაციც, რომელიც 50 მეტრის დაშორებით იდგა შემთხვევის ადგილიდან და ამბობდა, მხოლოდ თეთრებში ჩაცმული ბიჭის ხელში დავინახე ვერცხლისფერი იარაღიო. ამ კაცს უკანასკნელი სტადიის სიმსივნე ჰქონდა. მის მეუღლე, ვაკეში ფეხსაცმელების არტელს ამუშავებდა. იქ მიუცვივდნენ და უთხრეს, ამ არტელს დაგიხურავთ, გაგანადგურებთ, დაწერეთ, რომ თეთრებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ გაისროლა საკონტროლოო. მათ არ დაწერეს და ვერც დაკითხვაზე მიიყვანეს ეს მძიმე ავადმყოფი. მერე თქვეს, ტელეხიდს მოვაწყობთ ამ მოწმესთანო. 6 საათზე რომ უნდა გაეკეთებინათ ეს ტელეხიდი, სადაც ჩვენი ადვოკატიც უნდა მისულიყო, 4 საათზე მივიდნენ და მის 80 წლის დედას ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, სადაც ეწერა, ყველაფერი ისე იყო, როგორც მათ აწყობდათ. დედამისმა რა იცოდა, ან რა უფლება ჰქონდა, ჩემი შვილისთვის დაებრალებინა ის, რაც თავად არ დაუნახავს?! ფაქტი ის არის, რომ ასეთი მასალები დევს საქმეში. მერე ამ კაცის ცოლი მივარდა პროკურატურაში და განცხადება დაწერა, იქ არ ვიყავი, როცა სახლში მოვიდნენ და დედამისს ხელი მოაწერინეს, ასეთი რამ როგორ შეიძლებაო?! რადგან ხელმოწერა გაინაღდეს, ამის მერე არავინ აღარაფერი შეისმინა და 9 წელი მიარჭვეს ჩემს შვილს ამ საქმეზე. როგორც უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, ავჭალის ციხეში იჯდა. ეს ყველაფერი იყო კონკურენტებისა და მათი დამქაში პროკურორების ჩადენილი. თქვეს, ეს ბიჭი ციხეში თუ არ იჯდება, ჩვენი ბიზნესი ჩაიძირებაო და გააკეთეს კიდეც, რაც უნდოდათ. ყოველდღე რეკავდა ჩემი შვილი თავის ცოლთან, შეწყალებასაც ვაკეთებდით და ის-ის იყო, უნდა მოგვეხერხებინა მისი ციხიდან დახსნა, ერთ დღესაც არ დაგვირეკა, არც მეორე დღეს გამოჩნდა და რას ვხედავ, ვიღაც ზუბადალაშვილის მკვლელობას აბრალებდნენ ჩემს შვილს. ამ მოულოდნელობისგან გონება დავკარგე, დავვარდი და ნეკნები ჩამემტვრა. ვერც კი წარმოვიდგენდით, ასეთ სიბინძურეზე თუ წავიდოდნენ საკუთარი ბიზნესების გამო და ადამიანს სამუდამოდ გაწირავდნენ.
_ მაგ “სიბინძურეებზეც” მოგვიყევით..
_ 2003 წელს, იმ დროს, როცა ზუბადალაშვილი მოკლეს, ჩემი შვილი ბათუმში იყო. იქაც გახსნა ლიფტების შეკეთების ფირმა და ხშირად ჩადიოდა ხოლმე. მოკლედ, ამჯერადაც პროკურორისგან გაუბედურდა ჩემი შვილი. პროკურორი დავით ხიზანაიძე სპეციალურად ჰყავდათ პროკურატურაში, ასეთი საქმეები რომ ეკეთებინა. ამას წინათ გაზეთში თამაზ თამაზაშვილის წერილი წავიკითხე და ისიც ამბობდა ხიზანაიძეზე, სპეციალურად დადიოდა ციხეებში და ეძებდა ისეთ საქმეებს, საპროცესო გარიგებების დაპირებებით ვითომ ახალ საქმეებს რომ გახსნიდა და პიარს გაიკეთებდაო. თამაზაშვილისთვისაც ისეთივე რამ გაუკეთებია ამ ხიზანაიძეს, რაც ჩემს შვილს გაუკეთა. ამ პერიოდში ციხეში იჯდა ჭუმბურიძე, რომელიც ჩემს შვილს იცნობდა, რადგან პანტელეიმონ გიორგაძის დაცვაში იყო და “ალფას” წევრებთანაც ჰქონდა კავშირი. ამ ბიჭსაც ასეთი საქმე მოუწყვეს და უსამართლოდ მოახვედრეს ციხეში.
ჭუმბურიძის გამოჭერაც უნდოდათ ჩემი შვილის საწინააღმდეგოდ, თუმცა მანამდე სხვების გამოყენებასაც ცდილობდნენ. ისინი სასამართლოზეც ამბობდნენ, როგორ დავადოთ ხელი კაცს უსამართლოდ, კაცობა კი არ დაგვიკარგავსო. ზუბადალაშვილის მკვლელები, ფაქტობრივად, იყვნენ ყუფარაძე და დიღმელაშვილი, რადგან სწორედ მათ ჰქონდათ რამდენჯერმე ამ კაცის მოკვლის მცდელობები, მაგრამ სიმართლის დადგენა არავის უნდოდა. მათ შორის არ დაიჭირეს არც ზუბადალაშვილის ცოლი, რომელმაც ბევრი რამ იცოდა და ამ საქმეშიც გარეული იყო.
_ რატომ არ დაიჭირეს, ესეც იცით?
_ დიახ, ვიცი. ეს ქალი იყო გიგა ბოკერიას ყოფილი და პირველი ცოლი. გიგასგან მას შვილი ჰყავს. სწორედ ბოკერია დაეხმარა მათ ამ საქმის სხვისთვის გადაბრალებაში, თუმცა ცოლმა სასამართლოზე პირდაპირ აღიარა, მე და მამაჩემმა დავგეგმეთ ეს ყველაფერი, ერთხელ ღიაც კი დავტოვე კარი, რომ ყუფარაძე და დიღმელაშვილი შემოსულიყვნენ და ჩემი ქმარი მოეკლათო. მეტი რა უნდა ეთქვა იმისთვის, რომ ეს ადამიანები დაესაჯათ და სხვაზე არ შეეწმინდათ ხელი?! დააკავეს მამამისი და მათი ნათესავი, რომელმაც მონახა დიღმელაშვილი, რომ ზუბადალაშვილი მოეკლა. დიღმელაშვილმა კი მონახა ყუფანაძე, რომელიც იცით, ვინ არის? ორი აზერბაიჯანელი რომ მოკლეს თბილისში და მერე ჩააცემენტეს. ეს მან გააკეთა და 27 წელი ჰქონდა ამის გამო მისჯილი. პროკურორმა ხიზანაიძემ სწორედ მას შესთავაზა, რაიმე საქმე მიეცა გასახსნელად და თავად მას საპროცესოთი გაუშვებდა გარეთ. მათ სჭირდებოდათ კიდევ ერთი მოწმე, რომელიც იტყოდა, რომ მართლა ჩემი შვილის მოკლული იყო ზუბადალაშვილი. ამ კაცის კამერაში მყოფი ბიჭები ყვებოდნენ, როგორ მიდიოდა მათთან უკვე ყუფანაძე და ეუბნებოდათ, მოდით, შარაშენიძეს დავაბრალოთ ზუბადალაშვილის ამბავზე ყველაფერიო. უბრალოდ, თქვენ დამეთანხმეთ, რომ თემურმა მართლა თქვა თქვენთან, ზუბადალაშვილი მოვკალიო. ორმა პატიმარმა უთხრა უარი და მათ აღიარეს, რა სიბინძურესაც სთავაზობდნენ. მათ ისიც თქვეს, რომ კამერაში, მათთან ამ პერიოდში შევიდა ახალი პატიმარი, ვინმე ვასილი, რომელიც თავად გაეცნოთ. ყუფანაძემ ჰკითხა, რომელი უბნიდან ხარო?! ორივე გლდანელი აღმოჩნდა, მერე კი გააბეს ლაპარაკიო. კამერაში გაიცნეს მათ ერთმანეთი და მანამდე არ იცნობდნენო. თუმცა ყუფარაძემ სასამართლოზე თქვა, როცა ავდიოდი მოსაკლავად, ჩემი ძმაკაცი გოშაძე დავაყენე იქ ყარაულადო. ყველაფერი ცუდად შეთითხნილი იყო და სასამართლომ ეს არ გაიზიარა, მაგრამ მერე უკვე ჭუმბურიძესთანაც მისულა გოშაძე და უთქვამს, თქვი, რომ ზუბადალაშვილის მკვლელობის იარაღი ჰქონდა შარაშენიძესო. ამის გამო, მათ, პროკურატურის თანხმობით, ღამე გაიყვანეს ჭუმბურიძე, შეიყვანეს ცარიელ საკანში და “ნაბეღლავის” გაუხსნელი ბოთლებით ისე სცემეს, გონებაზე ვერ იყო. სულ სისხლიანი ყოფილა მთელი კამერა. მეორე დღეს ვიღაც ბიჭმა დამირეკა და მითხრა, რომ ჭუმბურიძეს ციხეში იმის გამო კლავენ, როგორმე თქვენი შვილისთვის რომ დაებრალებინა ზუბადალაშვილის მკვლელობაო. ჩვენი ადვოკატი მაშინვე წავიდა ციხეში, მაგრამ ჭუმბურიძე არ აჩვენეს. ისე იყო დაჩეხილი ეს ბიჭი, რომ არ შეახვედრეს. ერთადერთი, ვისაც თემურზე ხელი დაადებინეს, იყო დიღმელაშვილი. თუმცა მანაც ისეთი აბსურდული რამ თქვა, არათუ პროკურატურა და სასამართლო, რიგითი მოქალაქეც კი არ დაიჯერებდა. მან თქვა, რომ “მაკაროვის” იარაღი მისცა ჩაჩუამ, დამკვეთმა, მაგრამ ტყვიები “ბრაუნინგის” ჰქონდა. ეს მივეცი შარაშენიძეს, რადგან ამ ადამიანის მოკვლის მცდელობა ორჯერ მქონდა და ვერ მოვახერხე, ერთად წავედით ამ საქმეზე, იარაღიც გადავეცი და მაშინვე უკან წამოვედიო. მერე გავიგე, რომ მართლაც მოუკლავს მას ზუბადალაშვილიო.
_ თუ აბსურდული ბრალდებაა, რატომ დაიჯერა სასამართლომ, ამაზე თქვენ რას ფიქრობთ?
_ წინათაც ასე იყო და ახლაც ასეა, რასაც იტყოდა პროკურატურა, სასამართლო უსიტყვოდ “აპრავებდა” მას. სასამართლოში სამი გოგო არჩევდა ჩემი შვილის საქმეს. ჩაკუჭულები ისხდნენ, ერთმანეთს ეჭორავებოდნენ და ჩუმად იცინოდნენ. ეს რომ დავინახე, მაშინ ვიფიქრე, ამათ არ აინტერესებთ ჩემი შვილის არაფერი და გადაწყვეტილი აქვთ მისი დაღუპვა-მეთქი. მერე ახალი გარემოებებიც აღმოჩნდა. ჩემი ადვოკატი მეუბნებოდა, ეს საქმე დაიმსხვრევა და თქვენი შვილი გამართლდებაო, მაგრამ ჩემს შვილს მაინც არაფერი ეშველა.
_ რა ახალი გარემოება აღმოჩნდა?
_ მაგათ თქვეს, თითქოს მისცეს “მაკაროვის” იარაღი და “ბრაუნინგის” ტყვიები. ჩემი ბიჭი ამის სპეციალისტი იყო. ბევრი ფიქრის მერე ადვოკატი დაიბარა ციხეში და უთხრა, “მაკაროვის” პისტოლეტს არ შეუძლია “ბრაუნინგის” ტყვია გაისროლოს და ექსპერიმენტი ჩაატარეთო. ამის გამო იმდენი ფული დავხარჯეთ, ვერც კი გეტყვით. “გეპეიში” ყოფილა კერძო ექსპერტი და ის დავიქირავეთ, ვიყიდეთ 5 იარაღი, ტყვიები და გამოვცადეთ. მერე მოვიდა ეს ექსპერტი და თქვა, გამორიცხულია, ამ ფორმით ადამიანის მკვლელობა მომხდარიყოო. პროკურორმა რომ გაიგო ეს ამბავი, ჯერ სასამართლო გადაგვადებინა, მერე სასამართლოზე ექსპერტს ჰკითხა, იარაღს მაყუჩი გაუკეთეთ და ისეც თუ გამოსცადეთო?! ბავშვს რომ უთხრა, გეტყვის, რომ, თუ იარაღმა არ გაისროლა, ის მაყუჩამდე როგორ მიაღწევდა?! ასე რომ, მაინც მიუსაჯეს უვადო პატიმრობა. სტრასბურგშიც გავასაჩივრეთ, მაგრამ ესეც სისულელე ყოფილა. ერთ შემთხვევასაც ვერ მეტყვით, როცა სტრასბურგმა რაიმე ნორმალურად გადაწყვიტა, მაგრამ ჩემს შვილს გული რომ არ დასწყვეტოდა, მაინც გავაკეთეთ ეს. 2004 წელს შევიტანეთ რამდენიმე საჩივარი და არც ერთი არ განუხილავთ ჯერაც.
_ თუ თქვენი შვილი ახლა გამართლდება, წესით და რიგით, ეს პროკურორები ციხეში უნდა აღმოჩნდნენ, ასე არ არის? გამორიცხავთ, რომ სიმართლის გარკვევა ამიტომაც ფერხდება?!
_ ამას წინათ, პირველ არხზე, საუბარი იყო ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნაზე. იქ მეც მიმიწვიეს. ვიკითხე, გამაგებინეთ ხიზანაიძე სად არის-მეთქი და ნანა კაკაბაძემ მითხრა, ისევ პროკურატურაშიაო. როგორ შეიძლება ეს კაცი პროკურატურაში იყოს?!
“ოცნების” მომხრე ვიყავი და უკვე მათი იმედიც მაქვს დაკარგული, ისეთ რამეებს აკეთებენ. ჩემი შვილი მაინც არ კარგავს ოპტიმიზმს და ფიქრობს, რომ სამართალი იზეიმებს, მას გაათავისუფლებენ. მე კი ამას ვერ ვიტყვი. აღარც ის მგონია, ეს კომისია საერთოდ რომ შექმნან და სამართალი მართლაც აზეიმონ, რადგან ზოგს შეიძლება მართლაც ეშინია, რომ ამის შემდეგ მათი პასუხისმგებლობა დადგება. ახალი გარემოება გვქონდა და ისიც მოგვისპეს და რამდენი ახალი გარემოება შეიძლება გამოჩნდეს ერთ საქმეში?! ახალ ხელისუფლებაშიც არავის არ უნდა პატიმრების მოსმენა. ერთ-ერთი პატიმარი გაზეთშიც წერდა, მოვითხოვეთ ეკა ბესელიას შემოსვლა. ის მოვიდა და სიცილით გვითხრა, ადამ და ევადან სამართალი არასდროს ყოფილა და ახლა მოგინდათ ესაო?! რა აზრი აქვს, მითხარით, ამის შემდეგ ვინმესთან შესვლასა და ცრემლების ღვრას?!
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |