![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
რას გააკეთებს “სახელმწიფო საინვესტიციო საბჭო”?!
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის” ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ, “ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის” ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა, ეკონომისტმა გიორგი აბაშიშვილმა და ცენტრი “მომავლის ინიციატივების” ხელმძღვანელმა, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ექსპერტები გამოვიდნენ ინიციატივით და ხელისუფლებას მოუწოდეს, შეიქმნას “სახელმწიფო საინვესტიციო საბჭო” საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების პირველი პირებისგან. “დღეს, სახელმწიფოს განვითარების უზრუნველყოფისა და სასურველი ეკონომიკური შედეგის მიღების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა სწორედ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა და მსხვილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით კი, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაა. ამ თვალსაზრისით, რიგი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობის ეფექტურობა ჯერ კიდევ საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებასა და სრულყოფას. რიგ შემთხვევებში, თავს იჩენს სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაციის, გადაწყვეტილების დროულად მიღების, პასუხისმგებლობის აღების პრობლემა. შედეგად, არცთუ იშვიათად ვიღებთ იმას, რომ მსხვილი და სტრატეგიული დანიშნულების მქონე საინვესტიციო პროექტს, სახელმწიფო უწყებების მხრიდან აქვს მხოლოდ მინიმალური ხელშეწყობა. ხოლო რიგ შემთხვევებში, ხელშეწყობის ნაცვლად საინვესტიციო პროექტი აწყდება ბიუროკრატიულ ბარიერებს”, _ აცხადებენ ექსპერტები.
რა ფუნქცია ექნება ახალ საბჭოს, ამ საკითხზე “პრემიერი” ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორს, ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილს ესაუბრა.
გიორგი აბაშიშვილი:
_ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება არა ჩვეულებრივი, რიგითი დამოკიდებულება, არამედ განსაკუთრებული დამოკიდებულება ინვესტორებისადმი, იმისთვის, რათა ისინი არ შეფერხდნენ. ინვესტორთა და ინვესტირების შეფერხება ქვეყანაში რეალურად ნიშნავს არსებული პრობლემების კიდევ უფრო მეტად გადავადებას, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მთავრობამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ინვესტორთა მოზიდვისა და მხარდაჭერის მიმართულებით.
- რატომ გახდა აუცილებელი საბჭოს შექმნა, ხომ არსებობს საინვესტიციო სააგენტო?
- საბჭოს, რეალურად ყველაზე მაღალი დონის ინსტანციად განვიხილავთ, შესაბამისად, გვგონია, რომ მისი გადაწყვეტილებები, ქმედებები იქნება ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი.
_ “სახელმწიფო საინვესტიციო საბჭო” რას გააკეთებს?
_ ამ ფორმატში მოხდება საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების საქმიანობისა თუ გადაწყვეტილებების მიღების კოორდინაცია, მსხვილი და სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობაზე თვალყურის მიდევნება და მსჯელობა. საჭიროების შემთხვევაში კი წინადადებების მომზადება სამთავრობო თუ საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მისაღებად. “სახელმწიფო საინვესტიციო საბჭო” არა მხოლოდ გადაწყვეტილებს უნდა იღებდეს მსხვილი და სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხზე, არამედ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი პროექტების სახელმწიფო უწყებების მხრიდან შეფერხებების გარეშე განხორციელებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმატი უზრუნველყოფდეს ინვესტორთა თანამონაწილეობას საკითხთა განხილვა-გადაწყვეტაში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეფექტურ კომუნიკაციას მთავრობასა და ინვესტორებს შორის.
_ ეს საბჭო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს?
_ ჩვენი ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით უნდა შეიქმნას “სახელმწიფო საინვესტიციო საბჭო”, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების პირველი პირებისგან. გამომდინარე აღნიშნულიდან, არანაირი დამატებითი საბიუჯეტო ხარჯი ამ ყველაფერს არ ესაჭიროება.
_ პროცედურა როგორი იქნება, თქვენ მოგმართავენ ინვესტორები, თქვენ მოიძევთ, თუ რა ფუნქცია გექნებათ?
_ არა ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩვენი მხოლოდ ინიციატივაა. ეს მთავრობასა და ინვესტორს შორის ხდება.
_ ინიციატივის მხარდაჭერას ელოდებით?
_ ვფიქრობ, მთავრობა მნიშვნელოვანწილად გაითვალისწინებს.
ლაშა ნოდია, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |