|
ლარის კურსის გაუფასურებამ 1 ტონა ხორბალი 10 დოლარით გააძვირა
ლარის კურსის ცვლილების ფონზე საქართველოში პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის, _ აცხადებს როგორც საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა. მისი თქმით, პურის ფასის ზრდა არ იგეგმება, რადგანაც პურის მწარმოებლები საკმაოდ მაღალ მარჟაზე მუშაობენ.
სილაგავას განმარტებით, უცხოურ ვალუტასთან ლარის კურსის დაცემის გამო საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფასმა ტონაზე 10 დოლარით მოიმატა. დამატებით 10 დოლარით გააძვირეს მომწოდებლებმაც და, შესაბამისად, ახალი წლიდან დღემდე საქართველოში იმპორტირებული ხორბალი ტონაზე 20 დოლარითაა გაძვირებული. ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზით, თუკი ლარის კურსის რყევა კვლავ გაგრძელდება, ფქვილის ფასმა შესაძლოა, მაქსიმუმ 2-3 ლარით მოიმატოს, რაც დაახლოებით 1 თვეშია მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვის 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 35 ლარია. უფრო კონკრეტულად, რატომ არ არის პურის გაძვირება მოსალოდნელი, “პრემიერი” ლევან სილაგავას დაუკავშირდა.
_ ბ-ნო ლევან, ამბობთ, რომ ლარის გაუფასურების ფონზე პურის ფასი არ გაიზრდება. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ რომც გაძვირდეს, შეიძლება 1 ტომარა ფქვილის ფასმა რაღაც 2-3 ლარით აიწიოს, ისიც რაღაც მომენტში. პურს იმდენად დიდი მარჟა აქვს, ლარის კურსის ასეთი ცვლილება მის ფასზე გავლენას ვერ მოახდენს. შარშან 1 ტომარა ფქვილის ფასი 45-ლარიდან 35-ზე ჩამოვიდა, მაგრამ პური არ გაიაფებულა. ანუ მას აქვს 10-ლარიანი მარჟა.
_ ახლა ისევ 35 ლარი ღირს 1 ტომარა ფქვილი?
_ პირველი ხარისხის 1 ტომარა ფქვილი, რითაც ცხვება პური, ღირს 35 ლარი.
_ 1 ტონა ხორბალს რამდენად ვყიდულობთ?
_ ხორბალი მთლიანობაში გაძვირდა 20 დოლარით. ანუ 1 ტონა ხორბალს ვყიდულობთ 320-330 დოლარად. 10 დოლარით გააძვირა ლარის კურსის გაუფასურებამ, ხოლო 10 დოლარით _ მომწოდებელმა.
_ პანიკის საფუძველი არ არსებობს?
_ პურთან მიმართებაში პანიკის საფუძველი აბსოლუტურად არ არსებობს. ასევე, არ არის პანიკის საფუძველი ფქვილის ფასზე. წარმოიდგინეთ შარშან იანვარში, ფქვილის ფასი იყო 45 ლარი და იანვარშივე ჩამოვიდა 35 ლარამდე.
_ დაახლოებით რამდენი ლარით შეიძლება მოიმატოს?
_ როგორც გითხარით, 1 ტომარა ფქვილის ფასმა, შესაძლოა, 2-3 ლარით მოიმატოს, მაგრამ არა უახლოეს პერიოდში. ეს მოხდება სადღაც 20-30 დღის შემდეგ. ისიც შეიძლება მოიმატოს და შეიძლება _ არა. რაც შეხება პურს, ამასაც გავიმეორებ, იმხელა მარჟა აქვს, გაძვირებას არ ველოდებით.
თორნიკე ლაგვილავა, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |