![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
რუსეთმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ყოველგვარი საერთაშორისო ნორმა და გაგრასთან საზღვარი 11 კილომეტრით გადმოსწია. რუსეთის ხელისუფლების კეთილსინდისიერებაში დარწმუნებული ზოგიერთი ქართველი ჩინოვნიკი და ობივატელი მიიჩნევს, რომ მოსკოვი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კვლავ დაუბრუნდება პირვანდელ პოზიციებს, თუმცა ცხადი ხდება, რომ მოსკოვს სოხუმის დღევანდელი რეჟიმის წარმომადგენლებიც არ ეიმედება პარტნიორად. ორგანიზაცია “ადამიანი, კანონი, თავისუფლებას” აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ მაღალდაძე “პრემიერთან” საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთისთვის რუსეთი ვერ არის მშვიდობის გარანტი და აფხაზეთი მისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ნიკოლოზ მაღალდაძე: რუსეთის ხელისუფლების მიერ გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, სოჭის ოლიმპიადაზე ტერორისტული აქტების საფრთხე მაინც არსებობს. გასათვალისწინებელია ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერის, დოკუ უმაროვის მოწოდება ტერორისტებისადმი ოლიმპიური თამაშების პერიოდში დივერსიულ აქტებზე ფოკუსირებისკენ. საფრთხე მომდინარეობს როგორც ჩრდილოეთ კავკასიის რადიკალური ძალებისგან, ასევე ანტირუსული ჩერქეზული ორგანიზაციებისგან.
_ რამდენად შესაძლებელია, იგივე საფრთხეებმა საქართველოზეც მოახდინოს უარყოფითი გავლენა?
_ აღნიშნულ საკითხს ქართული ხელისუფლება დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით უნდა მოეკიდოს, რათა რუსეთს რაიმე ტერორისტულ აქტში ქართული მხარის თანამონაწილეობის, ან ხელშეწყობისთვის უცერემონიოდ დადანაშაულების საფუძველი არ მიეცეს.
_ ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს, ამ დროს ქვეყნის ტერიტორია კიდევ 11 კილომეტრით შემცირდა.
_ რუსეთის მიერ ფსოუზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 11 კმ-თ გადმოწევა, აფხაზების ნაცვლად რუსი მესაზღვრეების განთავსება და რეჟიმის გამკაცრება იმ მოტივით, რომ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების სამხრეთ ზღუდე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაა, ვფიქრობ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი ვერ არის მშვიდობის გარანტი და აფხაზეთი მისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
_ ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ამ ყველაფერზე “დამოუკიდებელი აფხაზეთის ხელისუფლება” არც კი რეაგირებს.
_ არამხოლოდ ეს. დააკვირდით, რუსეთის ხელისუფლების მიერ, თვითაღიარებული რესპუბლიკების მიმართ არასერიოზული დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოვლინება სეპარატისტული რეჟიმებისთვის ფინანსური დახმარების ორჯერ შემცირებაა. ვფიქრობ, აღნიშნული ორი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი, ეს არის გამოწვეული იმ უკმაყოფილებით, რომელიც თვითაღიარებული რესპუბლიკების მხრიდან თანხების ხარჯვის მიზნობრიობას უკავშირდება და მეორე, ის ფაქტი, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი რუსეთის ბიუჯეტისთვის შავი ხვრელია. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებები თავს დამოუკიდებლად მიიჩნევენ, მაგრამ რეალურად არ გააჩნიათ დამოუკიდებელი საგარეო, საშინაო თუ საფინანსო პოლიტიკის წარმოების საშუალება. მათ არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა და არც ერთი ისეთი სახელმწიფო, გარდა რუსეთისა, რომელთა პოზიცია საერთაშორისო პოლიტიკაზე გავლენის რაიმე ფაქტორს შეიცავს.
_ თუმცა ისიც თვალნათელია, რომ კრემლს ოკუპირებული ტერიტორიებისადმი სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს.
_ გეთანხმებით, ორივე რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა სფეროები იმართება მოსკოვიდან, თუმცა რუსეთის ინტერესი აფხაზეთისა და ოსეთის მიმართ რადიკალურად განსხვავდება. აფხაზეთის რეგიონის სტრატეგიული დანიშნულება და ეკონომიკური პოტენციალი გაცილებით აღემატება სამხრეთ ოსეთისას. ამდენად სამხრეთ ოსეთი რუსეთისთვის ზედმეტი ტვირთია, იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკური განვითარების პოტენციალი სამხრეთ ოსეთს, ფაქტობრივად, არ გააჩნია. მისი, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის სიცოცხლისუნარიანობა მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. თუმცა, აქვე რუსეთმა მშვენივრად იცის, რომ, თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებები თვითაღიარებული რესპუბლიკების ეკონომიკის აღდგენის ამოცანას ვერ გაართმევენ თავს, საქართველოს მოსაზღვრე რაიონებთან ეკონომიკური მიზიდულობა გაჩნდება. ამდენად, რუსეთი იძულებულია, ფინანსური დახმარება გაუწიოს როგორც აფხაზეთს, ასევე სამხრეთ ოსეთს, მაგრამ ამ ეტაპისთვის უკვე ორჯერ შემცირებული ბიუჯეტით. 2014 წელს რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარება დაახლოებით 53 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც თითქმის უტოლდება თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის ბიუჯეტს, მაშინ, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 124 მლნ ლარს აღემატება. ამდენად, ეს ფაქტორი ოსებისა და აფხაზებისთვის წინაპირობა უნდა გახდეს იმისა, რომ მათ მკაფიოდ დაინახონ საკუთარი ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის პოტენციალი საქართველოსთან თანაარსებობის პირობებში.
ალექსი ნოზაძე, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |