|
“პრემიერი” უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, “ივერია.ბიზ”-ის დამფუძნებელს ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.
_ საახალწლო სიმშვიდის შემდეგ უკრაინაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და დაპირისპირება მშვიდობიან ფარგლებს გასცდა. რამდენად ადეკვატური იყო ოპოზიციის აქტივისტების რეაქცია პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც ამჟამინდელი ესკალაციის მიზეზი გახდა?
_ საკანონმდებლო ცვლილებები იმდენად ანტიდემოკრატიულია, რომ მათ, ბუნებრივად და კანონზომიერად გამოიწვიეს მწვავე რეაქცია და, სხვათა შორის, არამარტო უკრაინაში. თუმცა, პროტესტის ის რადიკალური ფორმა, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ბრბომ მიმართა, რამდენადაც ვიცით, სულაც არ იყო შემოთავაზებული ოპოზიციის ლიდერთა მიერ. დღეს უკრაინაში აქტიურად საუბრობენ პროვოკაციაზე და იმაზე, რომ პარლამენტისკენ მსვლელობა ხელისუფლების მიერ შეგზავნილი პროვოკატორების ინსპირირებულია. გადაჭრით საუბარი ამაზე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ ამის მაღალი ალბათობა არსებობს.
_ უკრაინის ოპოზიცია ალტერნატიული სახალხო რადის შექმნას აპირებს. ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს, ჯერჯერობით არც ხელისუფლება მიდის რაიმე სახის კომპრომისზე, რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ ვითარებას?
_ უკრაინა იმისთანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია შესული, რომ ის საბოლოოდ აუცილებლად თვისობრივად ახალი რეალობით უნდა დასრულდეს. დღეს უკრაინა დუღილის პროცესშია და ხვალ ის ვერანაირად ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინ. ეს არ ესმით იმათ, ვინც პოლიტიკურ პროცესებს როგორც ჭადრაკის კომბინაციებს, ისე უყურებს. ამ კომბინაციების მიღმა მოსახლეობაში ღრმა მენტალური ცვლილებები ხდება და შემდეგ სწორედ ისინი განაპირობებენ რეალობებს და არა იმ ადამიანების ჩანაფიქრები და ლოგიკა, რომლებიც პოლიტიკურ კომბინაციებს გეგმავენ. დღეს უკრაინაში კულმინაციას მიაღწია უკრაინელი ერის მრავალსაუკუნოვანი დილემის გარშემო არსებულმა ბრძოლამ დასავლურ და აღმოსავლურ გზას შორის. ჩემი აზრით, არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ, საბოლოო ჯამში, დასავლურმა გზამ გაიმარჯვოს, თუმცა ბევრ სირთულესა და უსიამოვნებას ამ გზაზე, ალბათ, ადგილი ექნება.
_ ევროკავშირმა დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. მხოლოდ ასეთი სახის მოწოდებებით არის შესაძლებელი რაიმე სახის ზემოქმედება ესკალაციის შესაჩერებლად?
_ საყოველთაოდ ცნობილი რეალობაა ის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში დასადგურებულმა სტაბილურობამ და ეკონომიკურმა კეთილდღეობამ, საბოლოო ჯამში, საგრძნობლად დააჩლუნგა ევროპელი პოლიტიკოსები და დააკარგვინა მათ ელემენტარული პოლიტიკური ინსტინქტები და საღი აზრი. ამ რეალობამ კიდევ ერთხელ და ძალიან თვალნათლივ იჩინა თავი ევროკავშირის მიერ უკრაინასთან მიმართებაში გატარებულ პოლიტიკაში. ევროკავშირმა თავისი უნიათო მიდგომის შედეგად საქმე დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა და ახლა მის მესვეურთ პოლიტიკური ნება და ფანტაზია მხოლოდ დიალოგისკენ ბანალურ მოწოდებაზე ჰყოფნით.
_ ვითარების კიდევ უფრო ესკალაციის შემთხვევაში რა გავლენა შეიძლება მოახდინოს უკრაინის მოვლენებმა რეგიონზე?
_ უკრაინა ევროპული მასშტაბებით ძალზე დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მასში პოლიტიკური პროცესების ესკალაცია გარემოცვაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. როცა პროცესები ტურბულენტურ ხასიათს იძენს, მათი პროგნოზირება შეუძლებელი ხდება. მთავარია, თავიდან იქნეს აცილებული მწვავე და ხანგრძლივი დაპირისპირება, რადგან ის ნეგატივსა და არაპროგნოზირებადობას ნიშნავს
_ არის მოსაზრება, რომ შესაძლოა, უკრაინა ორად გაიყოს. ზოგიერთები რეფერენდუმზე საუბრობენ. რა გამოსავალი არსებობს უკრაინის კრიზისიდან?
_ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი, განსაკუთრებით, აღმოსავლეთში, რუსულენოვანია, ეჭვი მეპარება, რომ ამ ხალხს, საბოლოო ჯამში, რუსეთში ან რუსეთის მსგავს სახელმწიფოში უნდოდეს ცხოვრება. ვფიქრობ, რომ მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, მთელი უკრაინელი ერი ერთ რამეში სოლიდარულია _ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიმინალურ-მაფიოზური სახელმწიფოს პირობებში ცხოვრება. ნორმალური სახელმწიფოს აღმშენებლობა კი დღეს მხოლოდ ევროპული არჩევანის პირობებშია შესაძლებელი და ეს გაგება თანდათან გახდება დომინანტური მთელ უკრაინულ საზოგადოებაში
_ მსოფლიოში არავინ დაობს, რომ უკრაინის მოვლენები კრემლის ინსპირირებულია. ეს იყო “პასუხი” ასოცირების ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებაზე. ჩვენ წელს ანალოგიური ამოცანის წინაშე ვდგავართ, საქართველოს პრემიერმა კი რუსეთისგან შესაძლო საფრთხეებზე საუბრისას თავად იკითხა, _ რა საფრთხეებზე საუბრობთო. ამის გათვალისწინებით, ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის რაიმე საფრთხის ნეიტრალიზებისთვის, თუ მართლაც არანაირ გამწვავებას არ უნდა ველოდოთ?
_ ჩემი აზრი კომბინაციებსა და რეალური პროცესების შესახებ მე უკვე გითხარით. საბოლოო ჯამში, კრემლს მის მიერ უკრაინაში ინსპირირებული პროვოკაციები, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, თავადვე მოუბრუნდება ბუმერანგივით.
რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, არც დღევანდელი მთავრობა, არც ჩვენი პრემიერი და არც პრეზიდენტი სერიოზული გამოწვევების გასამკლავებლად არ გამოდგებიან. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება ამაში უკვე დარწმუნდა. საკმარისია, იხილო პრემიერ ღარიბაშვილის პრესკონფერენცია, რომ შიშის გრძნობა გეუფლება, თუ ვის ხელში ხარ ამ უკიდურესად მნიშვნელოვან დროს.
ამიტომ დღეს, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია საზოგადოების საუკეთესო ძალების მობილიზაცია იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ ბევრ რამეში აიღოს ინიციატივა, მოახერხოს ამ გადამწყვეტ მომენტში ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება და სასწრაფოდ დაიწყოს მომავალი სახელისუფლებო ძალის ფორმირება.
ალექსი ნოზაძე, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |