![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარება საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს. რამდენიმე ხნის წინ საპატიმროებში 1000-ზე მეტი მსჯავრდადებული შიმშილობდა. უწყებაში არსებულ გარკვეულ პრობლემებზე მეტყველებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე სამინისტროს რეაგირება. ექსპერტები აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ძირეული რეფორმები არ ხორციელდება და, შესაბამისად, პრობლემა უფრო სიღრმისეულად უნდა იქნეს განხილული. ექსპერტი კახა კახიშვილი კი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო იმ სახით, რა სახითაც არსებობს, უნდა გაუქმდეს და ის დეპარტამენტის სახით იუსტიციის სამინისტროს შეუერთდეს.
კახა კახიშვილი: როცა ვაცხადებ, რომ არ მიმდინარეობს ძირეული და სიღრმისეული რეფორმები, ეს ეხება ციხეებსაც, კერძოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაც.
_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?
_ დღეს რომ აცხადებენ, ჩვენ პატიმრებს არ ვცემთ, ისე როგორც სცემდნენო, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ პენიტენციარულ სისტემაში მინისტრს ასე უნდა და რეფორმა ჩაატარა. ეს იმიტომ ხდება, რომ სხვა დროა. მაგრამ განვლილ პერიოდში არ გაკეთებულა იმაზე მეტი, რომ მომავალში, თუ ვინმეს მოუნდება, კვლავ ისე არ მოექცეს პატიმრებს, როგორც ადრე ექცეოდნენ.
_ ანუ თქვენ საუბრობთ, რომ სისტემური ცვლილება სამინისტროში არ მომხდარა?
_ მოდით, ასე გეტყვით, საერთოდ არ მესმის, რა საჭიროა დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს არსებობა, მაშინ როდესაც შეგვიძლია, ეს ორი დეპარტამენტი, რომლისგანაც შედგება სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიყვანოთ.
_ ეს უწყება ადრე იყო იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში.
_ დიახ, ასე იყო 2008 წლამდე. ამ სამინისტროს შექმნის იდეა გამომდინარეობდა იქიდან, რომ 2008 წელს გენერალური პროკურატურა შევიდა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. წარმოიქმნა ინტერესთა კონფლიქტი პროკურატურასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის და ამის საფუძველზე პრობაციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტები გამოეყო იუსტიციის სამინისტროს, რასაც დაემატა იურიდიული დახმარების დეპარტამენტი და შეიქმნა ცალკე სამინისტრო. ამჟამად იურიდიული დახმარების დეპარტამენტი კვლავ გამოეყო სასჯელაღსრულების სამინისტროს. იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებელი გახდა პროკურატურა და სწორედ რომ უპრიანი იქნება სამინისტროს გაუქმება და დეპარტამენტების იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში დაბრუნება.
_ თუნდაც აღნიშნულის მაგალითზე, თქვენ აცხადებთ, რომ მთავრობამ უნდა გადახედოს სამინისტროების რაოდენობას?
_ ზოგადად, ქვეყანას სჭირდება ეფექტური მთავრობა და არა ცალკეული სამინისტროების შექმნა ან შენარჩუნება იმისთვის, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ დაიკავოს პოლიტიკური თანამდებობა _ გახდეს მინისტრი. ამიტომაც კარგი იქნება, თუ მთავრობა მიმდინარე წელს იმსჯელებს სამინისტროების გამსხვილებაზე, მით უფრო არსებული საბიუჯეტო კრიზისის ფონზე.
_ პოლიტიკური შემადგენელი ამ ყველაფრისა გასაგებია, მაგრამ რეალურად რა ხდება ციხეებში და რამდენად შეიძლება იქიდან მომავალმა საფრთხეებმა პრობლემები შეუქმნას მთავრობასა და ქვეყანას.
_ საერთოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ყველაზე რთული დეპარტამენტია. სამწუხაროდ, ჯერ არაა მიღწეული ის ვითარება, რომ ნაპოვნი იქნას ოქროს შუალედი. 2003 წლამდე ამ დეპარტამენტს მართავდნენ კრიმინალური ავტორიტეტები. დანარჩენი მმართველი რგოლი, უბრალოდ, წარმოადგენდა ფორმალურ მმართველ რგოლს. 2003 წლის შემდეგ წამოვიდა ტენდენცია, როდესაც ადამიანებს მორალურად და ფიზიკურად ანადგურებდნენ. 2012 წლის შემდეგ კი ვერ იქნა ნაპოვნი ის ოქროს შუალედი, როდესაც რეალურად დაცული იქნება პატიმრის უსაფრთხოება და იქნება დისციპლინაც. რაც მთავარია, ისე, რომ ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოში მოექცევა და მართვა არ განხორციელდება იგივე კრიმინალური ავტორიტეტების მიერ.
_ ამ ვითარებიდან რა არის გამოსავალი?
_ ამის მიღწევას სჭირდება სერიოზული კონცეფციის შემუშავება მეცნიერებთან და პრაქტიკოსებთან ერთად _ საკითხის სიღრმისეული შესწავლა. ჩვენ უნდა გავატაროთ ისეთი რეფორმა, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არ იქნება ასოცირებული უკანონო დასჯასთან ან რაიმე სახის ანარქიასთან. მნიშვნელოვანია რესოციალიზაციის საკითხიც. ადამიანები, რომლებსაც მისჯილი ჰქონდათ 10-15 წელი და ერთ ეპოქაში ჩაჯდნენ ციხეში, თავისუფლებზე გამოდიან საერთოდ სხვა სოციალურ გარემოში და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მათთან მუშაობა რესოციალიზაციის კუთხით, რაც ასევე სასჯელაღსრულების სამინისტრომ უნდა იკისროს. ანუ ადამიანები უნდა მომზადდნენ თავისუფლებაზე ცხოვრებისთვისაც, რათა გარეთ აღმოჩენილებს უკან დაბრუნების ცდუნება არ გაუჩნდეთ, თავიანთი სოციალური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო.
გეგა სილაგავა, გაზეთი "პრემიერი"
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |