|
“სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული ფარმაცევტული და ნავთობპროდუქტების კომპანიები მონოპოლისტები არიან, რომლებსაც მხარს უჭერს ახალი ხელისუფლება”
აზერბაიჯანს ბენზინის ექსპორტის რესურსი არ გააჩნია და სახელმწიფო ნავთობკომპანია ბენზინს მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის აწარმოებს. წარმოქმნილი დეფიციტის გამო აზერბაიჯანმა საქართველოში საკუთარი ნედლეულით წარმოებული საავტომობილო ბენზინის ექსპორტი შეწყვიტა. აზერბაიჯანში ამ დროისთვის 1 ლ 95 ოქტანობის ტიპის ბენზინი 0,6 მანათიდან 0,8 მანათამდე (1,7 ლარამდე) გაძვირდა, 92 ოქტანობისა კი _ 0,55 მანათიდან 0,7 მანათამდე (1.5 ლარამდე). რაც შეეხება დიზელის ღირებულებას, მისმა ფასმა 0,6 მანათი (1,3 ლარი) შეადგინა, ნაცვლად 0,45 მანათისა.
აზერბაიჯანში შექმნილი დეფიციტის გამო საქართველოში საწვავის გაძვირებაზე ალაპარაკდნენ. ამასთანავე, საქართველოს სატრანზიტო შემოსავლების შემცირება ემუქრება, რადგან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნედლეულის ტრანზიტიდან ქვეყანამ ფინანსური ბონუსი, შესაძლოა, დაგეგმილი მოცულობით ვეღარ მიიღოს.
აზერბაიჯანი საქართველოში საწვავის იმპორტიორთა შორის სიდიდით მეორეა. 2013 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში შემოტანილი ბენზინისა და დიზელის 25,7% (193,3 ათასი ტონა) სწორედ აზერბაიჯანული იყო. პირველ ადგილზე, 34,5%-ით, რუმინეთია (259,0 ათასი ტონა), მესამეზე, 16,2%-ით _ ბულგარეთი (121,9 ათასი ტონა), ხოლო მეოთხეზე, 14,1%-ით _ რუსეთი (105,9 ათასი ტონა).
მოახდენს თუ არა საქართველოში საწვავის ფასებზე გავლენას აზერბაიჯანის მიერ ექსპორტის შეწყვეტა? “პრემიერი” ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძეს ესაუბრა:
_ არ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანში ნავთობის პრობლემას შეუძლია საქართველოშიც გააჩინოს პრობლემა, ვგულისხმობ დეფიციტს, ან ფასის ზრდას. საქართველოს ძალიან სწრაფად შეუძლია იმპორტის ჩანაცვლება. თუ ასეთი პერსპექტივა არსებობს, რომ აზერბაიჯანის პრობლემა ჩვენს ბაზარზე გავლენას მოახდენს, წესით, ამაზე უკვე უნდა ფიქრობდნენ. ყველაზე ახლოს რუმინეთია, სანამ რუსეთთან ურთიერთობა ოდნავ მაინც მოგვარდება. ასე რომ, თუ აზერბაიჯანში ნავთობის დეფიციტის გამო საქართველოში პრობლემა გაჩნდება, ამაში დამნაშავე მხოლოდ ქართული მხარე იქნება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ სწორედ ეს ხალხი უნდა დავადანაშაულოთ იმაში, რომ მათ გეგმაზომიერად მიიყვანეს საქმე აქამდე. რა პრობლემაა ნავთობის ყიდვა დღეს მსოფლიოში? მით უმეტეს, როცა საქართველოში ასეთი საცალო ფასებია _ არანორმალური. ეს ჯგუფები მონოპოლიური ჯგუფებია, რომლებიც ხელისუფლების მიერ არიან მხარდაჭერილები. არა მხოლოდ წინა ხელისუფლების, არამედ ახალი ხელისუფლების მიერ და ეს არის ძალიან ცუდია. ამ სექტორში საქართველოში ახალი ვერაფერი გაჩნდა. იმიტომ რომ ფული მხოლოდ ბანკებშია, ბანკები კი ამ მონოპოლისტებთან შეთამაშებულები არიან, ახალ ჯგუფებს ისინი არ აფინანსებენ. სანამ რეგულაცია არ იქნება ცივილიზებული, აქ იქნება, როგორც რუსები ამბობენ, “სრული ტრუბა”.
_ თუ საქართველოში საწვავის ფასი გაიზრდება და არგუმენტად აზერბაიჯანში წარმოქმნილი დეფიციტი დასახელდება, მაშინ რასთან გვაქვს საქმე?
_ მაშინ ნავთობიმპორტიორებს ჩვენ ყველანი ბრიყვები და სრული იდიოტები ვგონივართ. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ ჩავთვლით და დავამშვიდებთ მათ, რომ ჩვენ იდიოტები ვართ და მათ შეუძლიათ განუკითხავად იმოქმედონ, რასაკვირველია, ყველაფერი გაუვათ, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით მოქალაქეები, რომლებიც ხელისუფლებას ეტყვიან, კეთილი ინებეთ და ეს ბაზარი მოაწესრიგეთო, მაშინ... ყველა ქვეყანაში ეს სპეციფიკური ბაზარია. ეს არ არის უბრალო ბაზარი, ვერ იქნება მასობრივი, უბრალო მიზეზის გამო _ სპეციფიკურობის გამო, მაგრამ არსებობს ცივილიზებული რეგულაციის მეთოდები.
_ არაერთხელ გითქვამთ მონოპოლიური ჯგუფების შესახებ, თუმცა დასახელებისგან თავს იკავებთ...
_ მე შემიძლია ძალიან მარტივი რამ გითხრათ. ნავთობპროდუქტებში, კვების პროდუქტებში, ყველა იმ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანიებიდან, წამლის იმპორტიორები, სურსათისა და ა. შ. წარმოადგენენ მონოპოლიურ ჯგუფებს, რომლებიც მხარდაჭერილია არა მარტო ძველი ხელისუფლების, არამედ ახალი ხელისუფლების მიერაც. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოში არ არსებობს საბაზრო ეკონომიკა. აქ არის რაღაც ბოლშევიკური ეკონომიკისა და ტერმინ საბაზრო ეკონომიკაზე აგებული მუტანტური ეკონომიკა, რომელიც სულს ღაფავს. საქართველოს ეკონომიკა ერთი ამერიკული საშუალოზე სუსტი ფირმის შემოსავლებია.
_ ხელისუფლება, რომელიც მნიშვნელოვანი დაპირებებით მოვიდა ქვეყნის სათავეში, ცხადია, მიზანმიმართულად არ ქმნის პრობლემას, რადგან ეს მისავე საწინააღმდეგოდ იმუშავებს, მაშინ რა ხდება?
_ უბრალოდ, მაგალითს გეტყვით. 1 წელი და 2 თვე გავიდა და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის განხილვაც კი არ არის დაწყებული. ესე იგი, ვიღაცას ახალ ხელისუფლებაში, რაღაც ლობისტურ ჯგუფს არ აწყობდა ამ კანონის მიღება, იმიტომ, რომ, თუ სერიოზული კანონი იქნება, მაშინ მან უნდა დაანგრიოს ეს მონოპოლიური სუბიექტები და ყველამ კონკურენტულ გარემოში გააგრძელოს მუშაობა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომელიმე მათგანს ქონების ექსპროპრიაცია ან რაღაც ჩაუტარდეს. მე თუ ვაკრიტიკებ მათ, ერთადერთ რამეს მოვითხოვ, ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი თამაშის წესებით ითამაშონ, იგივე წესებით, რა წესებითაც ითამაშებს ნებისმიერი სხვა სუბიექტი. სანამ ამას არ გააკეთებს მთავრობა, არაფერი ეშველება ამ მონოპოლიას. მოდი, ვთქვათ, რა უჯდება მთავრობას ეს? ავტორიტეტის დაკარგვად. იმიტომ რომ შედეგი ჯერჯერობით არ არის. 400 მილიონზე მეტი მოგება დარჩათ კომერციულ ბანკებს და საქართველოს ეკონომიკა რა დღეშია, კი ვიცით. ლარის კურსის ცვალებადობით ვინ წააგო? წააგო ხალხმა, სახელმწიფომ და მოიგეს ბანკებმა და იმ ჯგუფებმა, რომლებიც ხელისუფლებასთან ახლოს არიან. ხელისუფლებას ეს დაუჯდა გარკვეული ადამიანების ნდობის დაკარგვად. ჯერჯერობით ნდობა რჩება, იმედები არსებობს, მაგრამ, თუ შედეგი არ იქნება, ხელისუფლება კრახის წინაშე დადგება. შედეგი არ არის ჯერჯერობით. მთავრობას უფრო ისეთი არგუმენტები მოჰყავს რაღაც ჯგუფების დასაცავად, რომ საერთოდ გაუგებარია. 17-მილიარდიანი ეკონომიკა გვაქვს. მოკალი, რაც გინდა, ის ქენი, რა უნდა გაკეთდეს 17-მილიარდიანი ეკონომიკით?
_ და როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებამ დაკარგა ავტორიტეტი?
_ ნაწილობრივ დაკარგა კიდეც, მაგრამ ეს არ აწყობს, უბრალოდ, ასე გამოდის. პერიფრაზს გავაკეთებ _ “გვინდოდა კარგად, მაგრამ გამოვიდა, როგორც ყოველთვის”.
_ ნაბიჯები იდგმება ამის გამოსასწორებლად?
_ ნაბიჯებს, ვფიქრობ, ვერ დგამენ.
ლაშა ნოდია, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |